Saturday, July 24, 2010

ვახო მოსიაშვილი - ზღვის გაუჩინარება

დღე პირველი

როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.

დღე მეორე ან მერამდენიღაცე

ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.

დღე მესამე ან მერამდენიღაცე

კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.

დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე

ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.

დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე

ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.

დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე

რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.

დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე

დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით... რემონტს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: