Wednesday, July 21, 2010

უმბერტო ეკო – კალიგრაფიის დაკარგული ხელოვნება


ამას წინათ ორმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხელწერის კულტურის დაკნინების პრობლემას სამგვერდიანი (ვაგლახ, ნაბეჭდი) სტატია უძღვნა. დღეს ყველამ კარგად იცის: იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებიც კომპიუტერს და ტექსტურ გზავნილებს შესანიშნავად იყნებენ, თანაბარი ზომის მთავრული ასოებით თუ არ აწერინეს, ხელით ვეღარ წერს.
სტატიაში მოტანილ ინტერვიუში ერთი მასწავლებელი აცხადებდა, რომ მოსწავლეებს უამრავი გრამატიკული შეცდომა მოსდით, ეს სხვა, არანაკლებ მძიმე პრობლემაა: ექიმებმა გრამატიკის წესები იციან, მაგრამ ნაწერი მაინც არ უვარგათ; ადამიანი შეიძლება კალიგრაფიის ექსპერტი იყოს, და სიტყვებს სწორად ვერ წერდეს.
რა თქმა უნდა, მშვენიერი ხელწერის მქონე ბავშვებსაც ვიცნობ. მაგრამ სტატიაში იტალიელი ბავშვების 50%-ზეა საუბარი – როგორც ჩანს, ბედი მწყალობს, რომ სხვა, მეორე 50%-ს უფრო ხშირად ვხვდები (რატომღაც პოლიტიკაშიც ასე მემართება ხოლმე).
ტრაგედია კომპიუტერის და ფიჭური ტელეფონების გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
ჩემს მშობლებს ოდნავ დახრილი ხელწერა ჰქონდათ, რადგან წერისას ქაღალდს ირიბად იმარჯვებდნენ. მათი წერილები, დღევანდელი გადასახედიდან მაინც, ხელოვნების მცირე ნიმუშები იყო. ეტყობა, ჯერ კიდევ მაშინ ვიღაცამ ბრძანა (იმ ადამიანს კალიგრაფია უთუოდ არ უვარგოდა), რომ ნატიფი ხელწერა ხელოვნებად მარტო სულელს ეჩვენება. გასაგებია, რომ გაწაფული ხელი გონების გაწაფულობის ნიშნად ვერ ჩაითვლება, მაგრამ იმდროინდელი წერილების და დოკუმენტების კითხვისას თვალს უხარია.
ჩემი თაობის ბავშვებს საგანგებოდ წვრთნიდნენ, რომ უნაკლო ხელწერა ჰქონოდათ, და სკოლაში შესულები პირველი რამდენიმე თვე ასოების კოხტად გამოყვანას ვსწავლობდით. ის ვარჯიში მოგვიანებით დამთრგუნველ და უგუნურ საქმიანობად ჩაითვალა, მაგრამ, მისი წყალობით, მრგვლოვანი ფორმების და ბმულების გამოყვანისას ბავშვი მტევნის სწორად ჭერის ჩვევას იძენდა. რა თქმა უნდა, მელანი, რომლითაც უნებურად მერხებს, რვეულებს, თითებს და ტანსაცმელს ვილაქავებდით, კალამსაც გვითხვრიდა და მის გაწმენდას ხანდახან ათ წუთს ვანდომებდით.
ბურთულიანი კალმისტრების გამოგონებამ ყველაფერი შეცვალა. მოთხვრა ამ კალმისტრებითაც შეიძლებოდა: თუ ახალი ნაწერის უკანაკსნელ სიტყვებზე თითი გადაგესმებოდა, მელანი ქაღალდზე იდღაბნებოდა. ადამიანებს ხელით წერის ხიბლი მაშინ დაეკარგათ, რადგან კალმისტრის წვერში ჩასმული ბურთულით ნაწერს არც სული შერჩა, აღარც სტილი და პიროვნულობა.
მაინც რატომაა ასეთი დასანანი ხელწერის კულტურის დაკარგვა? კლავიატურაზე ასოების სწორად და სწრაფად აკრეფვა სწრაფად აზროვნებას უწყობს ხელს, საგანგებო პროგრამა კი გრამატიკულ შეცდომას არ გამოგვაპარებს.
ფიჭურმა ტელეფონებმა ახალგაზრდა თაობა ისეთი შემოკლებებით წერას დააჩვია, როცა ერთი ასო ხანდახან მთელ სიტყვასაც კი აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს წინაპრებს თავზარი დაეცემოდათ, რომ ენახათ, როგორი მარტივი გრამატიკული შეცდომები მოგვდის დღეს. ,,Respondeum dicendum quod’’, იტყოდნენ შუა საუკუნეების თეოლოგები; ამ სიტყვებს ციცერონის დაზაფვრაც კი შეეძლოთ.
კალიგრაფიის ხელოვნება ხელის სიმტკიცეს და თვალისა და ხელის შეთანხმებულ გამოყენებას გვაჩვევს.
სამგვერდიან სტატიაში, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, ისიცაა აღნიშნული, რომ ხელით წერა აზრის გამოქნას მის ქაღალდზე გადატანამდე გვასწავლის. ქაღალდთან გაჯიუტებული კალმის წყალობითაა, რომ ადამიანი წერისას სიდინჯეს და დაფიქრებას ეჩვევა. კომპიუტერთან გაშინაურებულ ბევრ მწერალსაც კი ხანდახან წერილის წერა ხელით ურჩევნია, ალბათ ხვდებიან, რომ მშვიდი განსჯისთვის ასე სჯობს.
დიახ, მართალია, ბავშვებს სატელეფონო გზავნილების და კომპიუტერის გამოყენებას ვერავინ აუკრძალავს. მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ კაცობრიობა სპორტს, ესთეტიკურ სიამოვნებებს, ცივილიზაციის მიერ არასავალდებულოდ მიჩნეულ ზოგ საქმიანობას ვერ შეელია.
დიდი ხანია, ადამიანები ცხენზე ამხედრებულები აღარ მოგზაურობენ, მაგრამ ზოგი საცხენოსნო სკოლაში დადის; მართალია, მოტორიანი იახტები გვაქვს, მაგრამ ისეთიც რამდენია, ვისაც ნიჩბის მოსმა ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც ძველ ფინიკიელებს 3 000 წლის წინ; გვირაბები და რკინიგზები გავიყვანეთ, მაგრამ ვიღაცას ალპური მწვერვალების დალაშქვრა სჭირდება; ელექტრონული ფოსტის ხანაში ადამიანები მარკებს მაინც აგროვებენ; ჯარები კალაშნიკოვის იარაღით ომობენ, მაგრამ მშვიდობიანი ტურნირები და პაექრობებიც ხომ გვაქვს.
რა კარგი იქნება, მშობლები ბავშვებს კალიგრაფიული ხელოვნების სკოლებში აბარებდნენ, ხელწერის ასპარეზობებზე და შეჯიბრებებზე გზავნიდნენ, მარტო იმისთვის კი არა, რომ ბავშვმა მშვენიერების შეგრძნება არ დაკარგოს, - მისი ფსიქომოტორული გაწაფულობისთვისაც. ამგვარი სკოლები უკვე არსებობს; სცადეთ, დაძებნეთ ინტერნეტში ,,კალიგრაფიის სკოლები’’. ვინ იცის, იქნებ კარგი სამსახურის უქონელმა, მაგრამ ხელგაწაფულმა ადამიანებმა შემდეგ ამ ხელოვნებას სხვები აზიარონ, თან თავის გასატანად მშვენიერ საქმესაც მიაგნონ.

ნიუ-იორკ თაიმსი, აგვისტო 2009.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



No comments: