Tuesday, May 5, 2009

ჯეიმს ერლი – წიგნების კითხვა, როგორც სიამოვნების წყარო



ცხრა წლის ვიქნებოდი, დიდი კარადიდან წიგნი რომ ავწაპნე და მის წასაკითხად სადღასაც მივიმალე. დედამ მომძებნა და შენიშვნა მომცა, საშენო წიგნი არ აგიღიაო, მაგრამ ამით რაღას შემაჩერებდა. ეს იყო ცხოვრების ერთ-ერთი იმ გარდამტეხ მომენტთაგანი, რომელთა მნიშვნელობას მრავალი წლის შემდეგღა იცნობიერებ. წიგნის სათაურმა მიმიზიდა: "სად იყავი? - არსად. რას აკეთებდი? - არაფერს". იგი წარმოადგენდა რჩევების კრებულს მშობლებისათვის, რომელშიც, კერძოდ, ეწერა, რომ ზოგჯერ ბავშვს უჩნდება სავსებით ბუნებრივი მოთხოვნილება, უბრალოდ, წამოწვეს ბალახზე და უცქიროს ღრუბლებს, ცაზე რომ მიიზლაზნებიან. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ეს სავსებით ნორმალური სურვილია და როცა ბავშვი კითხვაზე - "რას აკეთებ?" - გიპასუხებს - "არაფერსო", - ამაში არაფერია საძრახისი.
ამ ცოდნით შეიარაღებული ეზოში გავედი, ბალახზე წამოვწექი და კითხვა განვაგრძე. წიგნმა მომანიჭა კანონიერი უფლება, მეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაკეთებდი, ოღონდ ისე, რომ ჩემი უფლებები ამ სფეროში გაცნობიერებული არ მქონდა. მან, თითქოსდა, გარკვეულწილად წამართვა უცოდველობა, მოსპო უოდსუორთისეულად უშუალო კავშირი ჩემსა და ღრუბლებს შორის და ნეტარი უსაქმობა ერთგვარ პოზად გადამიქცია.
დამოკიდებულება უქმი ოცნებებისადმი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ სულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, რომ ეს არცთუ უსარგებლო საქმიანობაა. ბავშვისთვის ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ისწავლოს აზროვნება. მახსოვს, ღრუბლების ცქერამ მეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამაგებინა, მაგალითად ის, რომ ცვლილებები ნელა და ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ხდება. დღეს, საწერ მაგიდასთან რომ ვიჯექი და სარკმელში უმიზნოდ ვიყურებოდი, გამახსენდა, როგორ გვიკითხავდა უნივერსიტეტში ბერძნული ფილოსოფიის ისტორიას პროფესორი ფელი. ისიც ხშირად შეგვაქცევდა ხოლმე ზურგს და დაფიქრებული იმზირებოდა ფანჯარაში, ვიდრე ჩვენ სუნთქვაშეკრულნი ველოდით პასუხს მის მიერვე დასმულ კითხვაზე. შესაძლოა, დოქტორი ფელის ამ საქციელსაც მნიშვნელოვანწილად პოზა განაპირობებდა. შესაძლოა, მას სურდა, მიმსგავსებოდა სოკრატეს, ქუჩაში რომ შეჩერდებოდა ხოლმე და ხანგრძლივად შესცქეროდა ზეცას.
დორზეს ეთიოპური ტომისადმი მიძღვნილ წიგნში ანთროპოლოგი დენ სპერბერი მოგვითხრობს ერთ ამბავს, რომელიც მე ძალიან მიყვარს: "ბავშვობაში ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთმა სცენამ: მამაჩემი ვერანდაზე სავარძელზეა მიწოლილი; უძრავად ზის - ხელები უსიცოცხლოდ ჩამოუყრია და სივრცეში რაღაცისთვის მიუციებია თვალი; ჩამესმის დედის ჩურჩული: "ხელს ნუ შეუშლი, მამა მუშაობს". გავიდა დრო, მე ეთნოგრაფი გავხდი და პროფესიამ ეთიოპიაში ჩამიყვანა; და ერთხელ აქ, საველე დაკვირვებების დროს, ჩემი ყურით გავიგონე, როგორ გადაუჩურჩულა დედამ პატარა ბიჭს: "ხელს ნუ შეუშლი, მამა წინაპრებს აპურებს".
სპერბერის მსგავსად, მეც პროფესორი გავხდი. ახლა ჩემი ღრუბლებიცა და ჩემი წინაპრებიც ჩემივე წიგნებია. შემიძლია, სრულ სიჩუმეში, ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებული, საათობით ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე. მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების ტემპი განუწყვეტლივ ჩქარდება და ჩქარდება, კითხვის ეს ასპექტი, - სიჩუმე და განმარტოება, - უდიდეს თავისთავად ღირებულებას იძენს.
უცნაურობა კითხვის პროცესისა, ღრუბლების ჭვრეტას რომ მიაგავს, სწორედ განმარტოებისა და ნელი ტემპის აუცილებლობაში მდგომარეობს. ვიცი, რომ, შეიძლება, ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროსაც იკითხო რამე და დილაობით ძუნძულით სირბილისას ან მანქანის საჭესთან ჯდომისასაც ისმინო პლეერით მოთხრობები. მაგრამ აქ სხვაგვარ კითხვაზე გესაუბრებით - ძველმოდურ, არაეფექტურ, ანტისოციალურ საქმიანობაზე, უამრავ დროს რომ მოითხოვს. მინდა დავწერო წიგნი: "სად იყავი? - არსად. რას აკეთებდი? - წიგნს ვკითხულობდი... თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ თავს ამის უფლება მისცეთ?" ეს შრომა განკუთვნილი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც (წიგნის მაღაზიების მზარდი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), პოულობს დროს, რათა იკითხოს. არა, მის ადრესატად უფრო ვიწრო წრე წარმომიდგენია, კერძოდ - უნივერსიტეტების პროფესორები. მე ხომ ყოველდღიურად ვისმენ, როგორ შესჩივიან ისინი ერთმანეთს, წიგნების წასაკითხავად ვეღარ ვიცლითო.
იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: "საღამოობით, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ".
ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. ოცდახუთი წლის წინ ჩემი პირველი საპროფესორო შვებულება ამგვარ კითხვაში გავატარე. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი სკოლასა და უნივერსიტეტში დამრჩა წაუკითხავი. აი, მაშინდელი ავტორები და წიგნები: პლატონი, კანტი, შექსპირი, მილტონი, შელი, "დაო დე ძინი", "უპანიშადები", "ბჰაგავატგიტა", ლაიბნიცი, ბეკონი, მონტენი, უაიტჰედი, ბერგსონი, კასირერი, ფროიდი, შოუ, იეიტსი, ჰაიდეგერი, ლევი-სტროსი და... დენ სპერბერი. კითხვას გვიანობით, ღამით ორ ან სამ საათზე ვწყვეტდი საოცარი მღელვარებით მოცული. თავს ეზეკიელივით ვგრძნობდი, როცა უფალმა უთხრა მას: "ადამის ძევ!.. შეჭამე ეს გრაგნილი... აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში".
ვათვალიერებ იმდროინდელ ჩანაწერებს, - ერთიანად შენიშვნებით აჭრელებულ გაყვითლებულ ფურცლებს, თავბრუდამხვევ აღმოჩენათა ამბავს რომ მოგვითხრობენ, - და შეცბუნება მიპყრობს: იმ დროს მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების არსი შევიცანი და ყოფიერების ყველა საიდუმლოს ჩავწვდი! და თუმცა შემდგომში აღარასოდეს გამიმეორებია ასეთი ექსპერიმენტი, ეს იყო მეტად ფასეული გამოცდილება. დროდადრო ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას: განუცდია კი ჩემს რომელსამე სტუდენტს (ან მომავალში თუ მოელის) ეს ენით აუწერელი მღელვარება - კითხვის ვნებით მანიაკალური შეპყრობილობა?
ახლა, როცა ბევრად უფრო მოწიფული კაცი მეთქმის, მივხვდი, რომ მაკიაველის დამოკიდებულებაც კითხვისადმი და ჩემი უძილო ღამეებიც მნიშვნელოვანწილად ეგოიზმის გამოვლინებას წარმოადგენდა. მაკიაველი თავდაჯერებული ადამიანი იყო და ფიქრობდა, რომ ძალა შესწევდა ისე გასაუბრებოდა პლატონს, ტიტუს ლივიუსსა და ციცერონს, როგორც ტოლი ტოლებს. კითხვამ, შესაძლებელია, შეგიქმნათ იმ ავტორებთან თანასწორობის მცდარი შეგრძნება, რომელთა აზრის გაგებაც მოახერხეთ. ასეთი კითხვა თანამედროვე აბსტრაქტული მხატვრობის თვალიერებას ჰგავს, როცა დიდია ცთუნება განაცხადო: "ამის დახატვას ხომ მეც შევძლებდი!" ჰო მაგრამ, ეს სურათები ხომ თქვენ არ დაგიხატავთ და, რომ არ გენახათ, აზრად არასოდეს მოგივიდოდათ, რაღაც მსგავსის შექმნა შემიძლიაო.
პირველ ლექციაზე სტუდენტებს ასე მივმართავ ხოლმე: "ჩემი კურსის დამუშავება კლასში არ ხდება. უნდა იშრომოთ შინ ან სადმე სხვაგან, სადაც განმარტოებას შეძლებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხე, სხვენი ან ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელსაც თქვენს დროებით თავშესაფრად - წიგნის კითხვისთვის განკუთვნილ ადგილად - აქცევთ. ჩემთვის ასეთი თავშესაფარი არის ჩემი ბინა ღამის საათებში, როცა ბოლოს და ბოლოს ყველა დაიძინებს და მთელი სახლი ჩაბნელდება ხოლმე. მაშინ შემიძლია ავიღო წიგნი და მოვკალათდე სინათლის მაგიურ წრეში, სადაც ვარსებობთ მხოლოდ მე და წიგნი; ან უფრო სწორად ვარსებობთ მე და ავტორი, წიგნი კი, უბრალოდ, შუამავალია ჩვენ ორს შორის".
გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო; და მათ რიცხვში თვით სიტყვიერების შემსწავლელი სტუდენტებიც კი გამოერევიან ხოლმე. ეს გასაგებიცაა - კითხვა ხომ ჯოჯოხეთურად ნელი საქმიანობაა. დღეს, როცა უკვე კომპიუტერის ეკრანის ორწამიან გაშეშებასაც კი ძალუძს მოთმინებიდან ჩვენი გამოყვანა, კითხვა ადამიანისგან სრულ შეჩერებას მოითხოვს - საჭიროა, უბრალოდ, შევჩერდეთ და სხვას ვუსმინოთ.
ბოლო დროს კითხვას სწორედ სხვისი ხმის სმენად აღვიქვამ. პირველ ლექციას რომ განვაგრძობ, სტუდენტებს ვეუბნები: "სინათლის მაგიურ წრეში წიგნით ხელში რომ შეაბიჯებთ, არ უნდა იფიქროთ, თითქოს თქვენი ამოცანა ამ წიგნის დამორჩილება, მოთვინიერება, გაკრიტიკება ან თუნდაც გარჩევა-გაანალიზება იყოს. წიგნის კითხვას იმიტომ კი არ იწყებთ, რომ შეიყვაროთ ან შეიძულოთ ის; და არც იმიტომ, რომ დაამტკიცოთ, თითქოს ავტორზე უფრო ჭკვიანი ბრძანდებით. არა, წიგნს უწინარეს ყოვლისა იმიტომ კითხულობთ, რომ მოისმინოთ, რას გეუბნებათ იგი".
ასეთი მიდგომა კითხვისადმი ნაკლებეგოისტურია, ვიდრე მაკიაველისეული. ადამიანი, ვინც წიგნისადმი ეს ბევრად უფრო თვინიერი დამოკიდებულება მასწავლა, ზიგმუნდ ფროიდი იყო. დამწყები ფსიქოანალიტიკოსებისათვის განკუთვნილ მის რჩევებს რომ ვეცნობოდი, სადაც ფროიდი მოძღვრავს მათ, როგორ უნდა უსმინონ პაციენტებს, მე აღმოვაჩინე კავშირი კითხვასა და ღრუბლების ჭვრეტას - არაფრის კეთების ხელოვნებას შორის. სწორად სმენის წესი, ამბობს ფროიდი, "უბრალოდ, იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებით არაფერზე მოახდინოთ კონცენტრირება და გულისყური მუდამ თანაბრად გქონდეთ მიპყრობილი ყველაფრისკენ, რასაც პაციენტი მოგითხრობთ. რადგან როგორც კი რაღაც ერთზე გაამახვილებთ ყურადღებას, მაშინვე მასალის დახარისხებას იწყებთ... თქვენ კი სწორედ ამას უნდა გაურბოდეთ. როცა შერჩევას დაიწყებთ, თქვენ უკვე საკუთარი მოლოდინის ტყვე ხდებით და, მაშასადამე, დიდია შანსი, ვეღარაფერი გაიგონოთ გარდა იმისა, რაც ისედაც იცით... ექიმის კანონი ასე უნდა იქნას ფორმულირებული: "საჭიროა, უბრალოდ, ვუსმინოთ".
რთული სასწავლია, უბრალოდ, უსმინო ადამიანს: არც მისი სიტყვების დაუყოვნებლივ ინტერპრეტირება სცადო, არც ნაუცბათევი დასკვნები გააკეთო, არც საკუთარი რჩევებით ჩაეჩარო საუბარში.
ბედის ირონიით, არაფრის კეთების ხელოვნება, რომლის სრულყოფას ყრმობიდან მოყოლებული ამდენი ძალა შევალიე, ჩვენს უნივერსიტეტებში დიდად არ ფასობს. ჩემმა კოლეგებმა მგონი დაივიწყეს, რომ ჩვენი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხშირად სწორედ იმ სახის შრომის შედეგად მიიღება, როგორითაც პატარა დენ სპერბერი მამამისმა გააოცა. ჩვენს დღეებში უნივერსიტეტებში მთავარ საზრუნავად იქცა ფონდები და კანონმდებლობა, ბაზარი და კონკურენცია, ტექნოლოგიები და მოდის ბოლო კაპრიზების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი განათლებაც ხომ ბიზნესია.
მწვანე მდელოები და კორომები პასტორალურ საუნივერსიტეტო ტრადიციებს გვახსენებს. ეს კორომები დასაბამიდანვე მოწყვეტილი იყო კომერციული სულისკვეთებითა და ყოველდღიური საზრუნავით სავსე გარემომცველი სამყაროს ფუსფუსსა და ამაოებას. უნივერსიტეტი იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ადამიანს შეეძლო შეჩერებულიყო, ეკითხა, ესმინა, ესწავლა. ჩემი პროფესორობის ოცდაათი წლის განმავლობაში კი აკადემიურმა სამყარომ ნელა, მაგრამ არსებითად იცვალა სახე (აი, კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რაც ბავშვობაში მასწავლეს ღრუბლებმა - სამყარო თანდათანობით და შეუმჩნევლად იცვლება). დღეს გვარწმუნებენ, რომ ისტორიამ სვლა ააჩქარა, ხოლო საზოგადოება ყოველდღიურად სულ უფრო სწრაფად იცვლება; რომ თუკი ჩვენ წამით მაინც შევჩერდებით, მომავალი ჩაგვიქროლებს და უნივერსიტეტებს სადღაც შორეულ წარსულში ჩატოვებს; რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ მომავლის უნივერსიტეტებად, კომპიუტერების ეპოქის უნივერსიტეტებად, XXI საუკუნის უნივერსიტეტებად...
სჯერათ კი ამის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს უნივერსიტეტებს განაგებენ? დევიზი - "დროს არ ჩამოვრჩეთ" - სარეკლამო მოწოდებასავით ჟღერს. და მართლაც, უნივერსიტეტები ცდილობენ ბაზარზე გაყიდონ საკუთარი თავი. კაცმა არ იცის რა მიზეზით, მათ მიიჩნიეს, რომ ამერიკას სურს ისინი ზეთანამედროვე, სუპერტექნოლოგიურ, ეფექტიან კორპორაციულ დაწესებულებებად იქცნენ, რომლებიც შეძლებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების ბატონობის ეპოქაში თავიანთი კლიენტები, კურსის დამთავრების შემდეგ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყონ.
ვფიქრობ, ამერიკა უკეთ ერკვევა თავის საჭიროებებში. ამერიკას არაფერში სჭირდება განუწყვეტელი და სულ უფრო აჩქარებული ცვლილებები; ისინი სჭირდება ბაზარს, რომელიც ცდილობს გამუდმებით გაუჩინოს მომხმარებელს სულ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის სურვილი. ხოლო ამერიკას კი სჭირდება უნივერსიტეტები და კოლეგები, რომლებიც მოდის კაპრიზებს არ აჰყვებიან და ყოველწლიურად არ იცვლიან სახეს. ვისურვებდი, უნივერსიტეტები ნამდვილად განსაზღვრავდნენ მომავალს, ნაცვლად იმისა, რომ თავქუდმოგლეჯით მისდევდნენ აწმყოს. ცხადია, სინათლის მაგიურ წრეში ჯდომით და ძველ ავტორებთან დინჯი საუბრით, მათი ხმის აუჩქარებლად სმენით ჩვენ მომავალს ვერ დავეწევით. ლამპის შუქი სხვა მაგიურმა ნათებამ შეცვალა - ციმციმმა სარეკლამო დაფისა, რომელიც გიგანტური საინფორმაციო ჰაივეის გასწვრივ არის დაყენებული, უნივერსიტეტის მწვანე კორომს რომ სერავს.
გამორიცხული არ არის, მომავალი მართლაც კომპიუტერებს დარჩეს, მაგრამ წარსული ხომ უეჭველად წიგნების იყო. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს წიგნების კითხვა და წინაპართა ხმების აუჩქარებლად სმენა, სწორედ ამიტომ ვეუბნები მათ: "თუ ჩვენ არ გვეხსომება წარსული და პატივს არ ვცემთ მას, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მომავალი თაობები პატივისცემით მოგვიგონებენ. არადა, ჩვენ ხომ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალ თაობებს ეხსომებათ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, საგნები, რომლებიც ჩვენ გვიყვარდა, წიგნები, რომლებიც ჩვენ დავწერეთ?

The Cronicle of Higher Education

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: