Saturday, May 30, 2009

ანდრო ბუაჩიძე - გამოთხოვება ანა კალანდაძესთან

ანდრო ბუაჩიძე

სახსოვარი
გამოთხოვება ანა კალანდაძესთან


ანა კალანდაძემ მართლაც სასწაულებრივი რამ შეძლო: მან სამშობლოს სიყვარული, საქართველოსადმი აღძრული გრძნობა ყველაზე ღრმად პიროვნულ, ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ გრძნობად აქცია. ეს ხომ მანამდეც უიშვიათესი იყო ქართულ პოეზიაში. მისი სამშობლოზე დაწერილი ლექსები არც თემატური ნიშნით არის აღბეჭდილი და არც აპოლოგეტური პათეტიკით.
რთულია ისეთ თემაზე წერა, რომელიც უკვე ტრივიალურად არის ქცეული. ხშირად თვითონ თემა ირგებს ტრივიალურობის სამოსელს და აღარც უნდა მისგან განძარცვა. მაგრამ მოდის პოეტი და წერს ასეთ ლექსს:

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო,
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...

თუ აქამდე სამშობლოზე დაწერილი ლექსები ხმამაღლა ითქმებოდა, ახლა არათუ ხმადაბლა, არამედ ჩურჩულით წარმოითქმის.
ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ლოცვაა, ფსალმუნია, რომელიც ცისკენ თავაღერილმა უნდა წარმოთქვა. ასეთ სათქმელს მოწამეობრივი მუზა კარნახობს ადამიანს.
ანა კალანდაძემ საქართველო - სიყვარულის საყოველთაო საგანი, თავის სისხლხორცეულ, პიროვნულ, თითქოს ჯერ ხელუხლებელ უინტიმურეს საგნად აქცია. ასეთი რამ კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა ნაუცბათევად, ბუნებრივი თავისთავადობით იღვიძებს შემოქმედებაში. ხშირად სამშობლოზე ფიქრი სხვა გრძნობებთანაა შერწყმული. პოეტმა საქართველო მარადისობის ფონზე დაინახა და ამიტომაც ახლავს ამ ხატს ცის პეიზაჟი:

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები...
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი... მიდიან...

ამ ლექსში თითქოს სასხვათაშორისოდ არის ნახსენები "ქართული მინდვრები", არადა, უმთავრესი ხომ პოეტისათვის ქვეყნიერების ის წერტილია, საიდანაც უმზერს მარადისობას. ანა კალანდაძის მუზას საქართველოს ხნიერი ფესვების შეგრძნება ახალისებს, მის წარმოდგენაში სამშობლო მარადისობის თანამდევია. პოეტი გამუდმებით ეძებს ათასწლეულთა იმ ნიშას, რომელშიც კულტურულ სიძველეთა კვალია შენახული. ეს არის იყალთო, დავით გარეჯი, შიომღვიმე, ზედაზენი. ოღონდ აქ ყველაფერი საუკუნეთა საბურველშია გახვეული. ეს არის არა პირქუში, არამედ სხივთა მომფენელი, სიცოცხლის ცხოველი ნიშნით აღბეჭდილი ხანიერება:

ზედაზნის ტყეებზე
ციმციმებს ვენერა,
ციმციმებს ვენერა,
ლურჯ სხივთა მფენელად,
ნაზ სხივთა მფენელად,
მკრთალ სხივთა მფენელად....

მარადიულობიდან გამოღწეული იდუმალების გარეშე ანა კალანდაძის პოეზია არც არსებობს. მისი ლექსები წამიერების ჩრდილში შეყოვნებული მარადიულობაა. და ასე გრძელდება მუდმივად - აწმყოს მოხელთება, მარადიულობის შეჩერება წამიერების ჩრდილქვეშ:

რკინის აივანს, მყუდრო აივანს
იშვიათად თუ ეწვევა კაცი...
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია....
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?

XX საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში ჯერ კიდევ არსებობდნენ ევროპაში ლირიკოსები, რომელთა ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატი იყო შენარჩუნებული. მაგრამ მათ ლირიკულ სუნთქვას უკვე ეტყობოდა ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ფორიაქი. ისინი თითქოს შეგნებულად გაურბოდნენ დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებს და ბუნების ნირვანას აფარებდნენ თავს. ეს იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა. მათ სურდათ შეენარჩუნებინათ მუდმივი ფიქრი მარადიულზე და წარუვალზე. პიროვნების, ამ შემთხვევაში პოეტის, ლირიკული წყობა თავის თავდაპირველი მნიშვნელობით სწორედ მარადიულის ფონზე ფიქრს გულისხმობდა. დუინოს სასახლის სიახლოვეს მოსიარულე რაინერ მარია რილკეც ამ საფიქრალით იყო გარემოცული.
ვფიქრობ, გალაკტიონთან ერთად ანა კალანდაძეც ამგვარ ლირიკოსთა ძველი მოდგმის ნაშიერია. ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური გაუცხოების ხანაში ის მომეტებული თავდავიწყებით ესწრაფვოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადად ადამიანურ პირველსაწყისებს. ანა კალანდაძეს სურდა ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა. ის წერდა ლექსს იაზე:

ია სავსეა ფშავის ტყეებში
ხატისხევაზე...

ანას პოეზიის გეოგრაფია საქართველოთია გარშემოწერილი და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია, რადგან ყველა კუთხეს მოიცავს - გურია, ქართლი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი... მაგრამ პოეტის წარმოდგენაში საქართველოს, ამავე დროს, თავისი კუთვნილი უღრმესი და დაუსაბამო ცა ჰქონდა. ეს ცა ანასთვის ისეთივე მეტყველია და ცხოველმყოფელი, როგორც მიწა, მიწიერი სითბო.

ჩამოშვებულ
კლდეებზე მაღლა
ვინ დადგა სახლი?
ნისლმა? ღრუბლებმა?
წვიმამ? ქარებმა?
იდუმალებამ!
იდუმალებამ!

ასეთი იდუმალთმეტყველება მთელი ის პოეზიაა, რომელიც ანამ გვისახსოვრა.
ეს სახსოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მერკანტილურ საუკუნეში ზოგჯერ დაუსაბამო სიმაღლესაც უნდა ავაპყროთ თვალი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: