Wednesday, May 20, 2009

ერაზმუს როტერდამელი - სისულელის ქება


მალხაზ ხარბედია
სიბრძნე სისულელისა
ანუ, რატომ უნდა გამოვტოვოთ წიგნის კითხვისას შესავალი


ერაზმუს როტერდამელი. სისულელის ქება. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო ლალი კოჭლამაზაშვილმა. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. "ლოგოსი", 2002.


წაკითხვა, თარგმანება და შროშანთა შრიალი

თავად ერაზმუსი ბრძანებს, "რაც უფრო ფართოდაა გავრცელებული ესა თუ ის მოვლენა, მით უფრო დასაფასებელიაო". ჰოდა, მოდით დავაფასოთ ჩვენში ასე გავრცელებული სისულელე და მივუძღვნათ ერთი პატარა ხოტბა მასა და მის "განმადიდებელს", ერაზმუს დეზიდერიუს როტერდამელს.
წიგნის მთარგმნელმა თავისი წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგის სიტყვებით დაასათაურა - "დიადი მივიწყებული", რომელიც მართალია მხოლოდ ერაზმუსს მიემართება, მაგრამ ამ ცნების ქვეშ ბევრი ის "უიღბლო" ავტორიც უნდა ვიგულისხმოთ, ვისაც დღემდე არ გაუმართლა და ვერ ეღირსა გადმოქართულებას. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, თუმცა ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ქართველების უმრავლესობას ესა თუ წიგნი უკვე თარგმნილი ჰგონია ხოლმე და მისი პირველად გამოცემისას გაკვირვებულები კითხულობენ, "კაცო, ეს წიგნი ხომ თარგმნილი იყო?!". ასე დაემართა ჩვენს სარეცენზიო წიგნსაც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფაქტი ერთი მხრივ გულგრილობასა და ინტელექტუალურ ამნეზიაზე, მეორე მხრივ კი გარკვეულ კულტურულ თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.
ჩემი აზრით, ეს წიგნი გამონაკლისია უკანასკნელი წლების გამოცემებს შორის და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი შესაბამისი სამეცნიერო აპარატითაა აღჭურვილი (თუმცა, როგორც დავინახავთ, ამ გამოცემის სამეცნიერო ხასიათი გარკვეულ მიზეზთა გამო ეჭვს იწვევს). "სისულელის ქება" სათარგმნად ერთ-ერთ ურთულეს ტექსტს წარმოადგენს, ლათინური და ბერძნული ენების ფლობის გარდა იგი ისტორიულ-კულტურული კონტექსტის ღრმა ცოდნასაც გულისხმობს და მისი გადმოქართულება, ბუნებრივია, მთარგმნელისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ქალბატონმა ლალი კოჭლამაზაშვილმა მშვენივრად თარგმნა ეს წიგნი და ამომწურავი კომენტარებიც დაურთო, სადაც ვრცლად განმარტა ერაზმუსის ურთულესი ალუზიები. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა წიგნისა და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად განვრცობილია ეს შენიშვნები (ამგვარი განვრცობა ხშირად ვნებს ხოლმე ტექსტს), არამედ იმის გამო, რომ კომენტარები არ შემოიფარგლება მხოლოდ მითოლოგიურ გმირთა სახელების უფერული და არაფრისმთქმელი განმარტებით, რითაც ასე ვართ "განებივრებული" ქართველი მკითხველი (ვთქვათ ასე: "ჰერაკლე - ზევსისა და ალკმენას ვაჟი, სასწაული ძალის პატრონი, დაიბადა თებეში და ა.შ.").
ძველი ლიტერატურის მოყვარულებს შევახსენებ პეტრონიუსის 20-იანი წლების შესანიშნავ, იარხო-პიოტროვსკისეულ გამოცემას (ამ წიგნის რეპრინტი, თუ არ ვცდები, 1990 წელს გამოვიდა), სადაც კომენტარები თავად ტექსტზე არანაკლებ საინტერესოდ იკითხება და საერთოდაც, კლასიკური ლიტერატურის ხშირად ფრაგმენტული, ან ბუნდოვანი ტექსტების ხარვეზებს სწორედ განმარტებათა სიმწყობრე გამოასწორებს ხოლმე.
მთარგმნელმა წინასიტყვაობაც წარუმძღვარა ტექსტს, თუმცა სამწუხაროდ იმდენად "გააფართოვა" კონტექსტი, რომ მასში ერაზმუსისთვის ლამის არც დარჩა ადგილი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ისევ თარგმანს მინდა დავუბრუნდეთ.
ქალბატონი ლალი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე და შესაბამისად თარგმანსაც ეტყობა ამ მრავალწლიანი და მრავალჯერადი წაკითხვა-თარგმანების კვალი. თუმცა მხოლოდ გარჯას ვერ მივაწერთ ასეთ წარმატებულ შედეგს, აშკარაა, რომ აქაც საქმე გვაქვს მთარგმნელისთვის აუცილებელ, თანაშემოქმედების იმ "დანაშაულთან", რომლის გარეშეც ვერც ერთი კარგი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა.
არ შემიძლია არ დავიმოწმო სიტყვათა თამაშზე აგებული ერთი არაჩვეულებრივი ალუზიის თარგმანი, რომელსაც ჰომეროსთან მივყავართ: "ტროას კედელთან მოხუცები მიმსხდარან და მუსაიფობენ, მათი ხმა კი შროშანთა შრიალს მოჰგავს". მაინც რაში მდგომარეობს ამ ალუზიის არაჩვეულებრიობა და რითაა ამ მონაკვეთის თარგმანი განსაკუთრებული. მოგეხსენებათ, ერაზმუსის ეს ტექსტი სავსეა ძველბერძნული ფრაზებითა და გამოთქმებით (ქართულ თარგმანში ბერძნული ფრაზები განსხვავებული შრიფტითაა დაბეჭდილი) და ეს შედარებაც ძველბერძნულადაა მოყვანილი დედანში - "ტენ ლეირიოესან" (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - "შროშანივით"). ჰომეროსის მთარგმნელთა უმრავლესობა გაურბის ამ უცნაური სიტყვის თარგმნას (ჰომეროსთანაა "ოპა ლეირიოესან", რომელიც დაახლოებით ითარგმნება როგორც "შროშანთა შრიალის ხმა") და იგი გადმოაქვთ როგორც "ჭიკჭიკი". ჩემი აზრით, ქალბატონმა ლალიმ ძალზე ზუსტად თარგმნა ეს ფრაზა (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიზუსტე თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა პოეტურ თარგმანში) და ორი თანამჟღერი სიტყვის შეხამებით აღადგინა იმ კალამბურის მოხდენილობა, რომელიც ერთ სიტყვაში გულისხმობს "ლერონ"-საც (შროშანი) და "ლეირიონ"-საც (ჭკუასუსტობას).
მეორე მაგალითი: დედანშია - Adde, quod suos ad immortalem vitam destinatos, oves appellat. როგორც ხედავთ, ლათინური ტექსტი არანაირი განსაკუთრებული კეთილხმოვანებითა და ალიტერაციულობით არ გამოირჩევა, აქ მხოლოდ რიტმი იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ნახეთ, როგორ გადმოაქართულა მთარგმნელმა ეს წინადადება: "გავიხსენოთ ისიც, რომ უფალმა თავის რჩეულებს, მარადიული ცხოვრებისთვის რომ გამოარჩია, უწოდა ცხოვარნი".
ასეთი მაგალითები საკმაოდაა წიგნში, მაგრამ ახლა, მოდით ისევ ერაზმუსს მივხედოთ.

რა საერთო აქვს თვალთმაქცობასა და ღვთისმეტყველებას

ერაზმუსს რომ დიუმას ან მელვილის დროში ეცხოვრა, თავისი წიგნის შესავალ ნაწილს აუცილებლად თარიღის დასახელებით დაიწყებდა, დაახლოებით აი ასე: "1508 წელია და მივემგზავრები იტალიიდან ინგლისში....", მაგრამ იგი თავისი ეპოქის ნამდვილი შვილი იყო და მას არაფერში სჭირდებოდა ამგვარი დაზუსტებები. მაშინ ხომ სხვანაირად იწყებდნენ ნაწარმოების წერას, მისალმებით, და სხვაგვარადვე ხედავდნენ დროს, რომელშიც წერდნენ. მაგალითად, თომას მორუსი თავის წიგნში პეტრე ეგიდიუსს ესალმებოდა, თავად ერაზმუსი კი....
მაშ ასე, 1508 წელს, იტალიიდან ინგლისში გამგზავრებული ერაზმუსი "საერთო საქმეებზე" ფიქრით იმოკლებს გზას და გულს იმ მეგობრების გახსენებით იხალისებს, ვინც უძვირფასეს და უგანათლებულეს ადამიანებად მიაჩნია. ამ ფიქრსა და "ხალისობაში" კი ახალი წიგნის წახნაგები იკვეთება, რომელიც მომავალში ასევე ხალისითა და ლაღობით დაიწერება და ამ წიგნით, "სისულელის ქებით", იგი ერთ-ერთ უძვირფასეს მეგობარს, თომას მორუსს მიესალმება. მორუსის წარმოსახვით კითხვაზე კი, "ეგ აზრი რომელმა პალასმა შთაგაგონაო" (სისულელისადმი ხოტბის შესხმა იგულისხმება) - უპასუხებს, "უპირველეს ყოვლისა მორუსთა საგვარეულო ზედწოდებამ, რომელიც ჟღერადობით იმდენად წააგავს სიტყვა "მორიას", რამდენადაც პირადად შენ მისგან განსხვავდებიო." აი, ასეთი პარადოქსით იხსნება ეს შესანიშნავი წიგნი და მთელს ნაწარმოებსაც სწორედ ეს დახვეწილი ირონია გამსჭვალავს. მართლაც პარდოქსულია ერთ წინადადებაში სიბრძნის ქალღმერთის, ათენასა (პალასი) და სისულელის (მორია) ეს უცნაური, ტკბილი მეზობლობა. ასეთი თვალთმაქცობა მკითხველსაც სათამაშოდ, სამღერელად განგვაწყობს და ძველბერძნულადაც, ირონია ხომ სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, თავის მოჩვენება.
"თუმც სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად", გვეუბნება ავტორი და კიდევ ერთ ხაფანგს გვიგებს, შემდეკ კი, როცა "გაუჩალხავ და შეუწონელ, მაგრამ სანაცვლოდ მართალ სიტყვას" უწოდებს თავის წიგნს, თითქოს ყველაფერი ნათელი ხდება: რომ ესაა წიგნი სისულელის სიბრძნისა, წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიცრუითა და აჩრდილით, ანუ სატირული გამონაგონით, ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო სიმაღლეების წვდომა.
"სისულელის ქებაში", პროტაგონისტი, ქალბატონი სისულელეა და იგი თავიდანვე პლატონურ და საღვთისმეტყველო ცნებების აურაში გვხვევს, როცა გვეუბნება: "რა ძალა მადგას, ჩემი აჩრდილი და ხატი წარმოგიდგინოთ, როცა თავად მე ვდგავარ თქვენს თვალთა წინაშეო". თუ მეხსიერება არ მღალატობს, umbra (აჩრდილი) იგივეა რაც პლატონის "ეიდოლონი", "რესპუბლიკის" მეშვიდე წიგნის გამოქვაბულის ანალოგიის ცენტრალური ცნება, imago (ხატი) კი სხვა არაფერია თუ არა ბიბლიური "ეიკონი": "და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ და ხატად თვისად". მოგვიანებით, ტექსტში ეს ცნებები რამდენჯერმე დაზუსტდება და ბოლოს უკვე თავად სისულელე წარმოგვიდგება სიბრძნედ და სიქველედ: "...რამხელა სიქველეა სისულელე! ჩემდამი მობაძვა, ჩემს ცრუ აჩრდილად თავის გასაღებაც კი რაოდენ საპატიოა და განსწავლულთაგან რა ქებას იმსახურებს!"
როგორც ხედავთ, აქ უკვე ყველაფერია, imitatio dei (ღვთის ბაძვა, ოღონდ ამ შემთხვევაში ინვერსიული), პლატონისეული ცრუ აჩრდილი და ის ზემოხსენებული თვალთმაქცობაც (ირონია), რის შემდეგაც ქალბატონ მორიას ეკლესიასტეს სიტყვები მოყავს: "როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელეო" და იქვე დასძენს, "გულისხმაჰყავით, სისულელეს აქ სიბრძნის მომდევნო ადგილი უჭირავს... და იმედი მაქვს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესიური წესის თანახმად ის, ვინც ღირსებით პირველია, იკავებს უკანასკნელ ადგილს, რათა მუდამ ახსოვდეს სახარების მცნება".
ცხადია ავტორი აქ მათეს სიტყვებს გულისხმობს, "ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა", ანუ ხდება ადგილების შეცვლა, ირონიულ-სატირული და საღვთისმეტყველო, სიბრძნე და სისულელე უკვე ერთი ხმით გვესაუბრება და უფრო მეტიც, პლატონის სახელის ხსენებით ჩვენი, მკითხველის ჩათრევასაც აპირებს ამ თვალთმაქცობაში: "სიტყვებს ამ თავიდან (ზირაქის ერთ-ერთი თავის ერთ-ერთ მუხლს გულისხმობს (41. 15): "სჯობს კაცი, თავის სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს მალავს."), ჰერაკლეს ვფიცავ, მოვიყვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ჩემს მიერ დასმულ კითხვებს სათანადოდ უპასუხებთ და ხელს შემიწყობთ, როგორც სჩადიან ამას პლატონის დიალოგებში ისინი, ვინც სოკრატეს ემსჯელებიან" - არადა მართლაც, "სათანადო პასუხის" გარეშე შეუძლებელია ერაზმუსის სიტყვების გაგება. პლატონთან ხომ პირიქითაა: მისი პროტაგონისტი, სოკრატე სწორედ თავის სიბრძნეს მალავს, თვალთმაქცობს, თავს გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის, მაშინ როცა მორიას მიხედვით, ადამიანები ყოველთვის სისულელეს ვმალავთ ხოლმე, ვუფრთხილდებით, როგორც რამე განძს. მასთან სისულელე მიამიტია, ხოლო ბრძენს თავის სწორად არავინ მიაჩნია; უგუნური მთვარესავით იცვლება - ბრძენი კი მზესავით უცვლელია. ხოლო ამას ერთ დასკვნამდე მივყავართ - "ადამიანთა მოდგმა ერთიანად სულელია, ოდენ ღმერთს შეჰფერის, იწოდებოდეს ბრძენად".
აი თურმე რაშია საქმე, თურმე რომელი საღვთისმეტყველო სიმაღლეებისკენ მივყავდით ჩრდილოელი ბრძენის ბილიკებს და საით მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას ერაზმუსის სატირული კალმის ფხაჭუნი. მაგრამ სისულელე რისი სისულელეა, თუკი ისევ თავგზა არ აგვიბნია და არ გაგვიფანტა მოპოვებული სიცხადე: "ვშიშობ, ვინმემ ბრალი არ დამდოს, ვითომც იდუმალ გამეძარცვოს ჩვენთა მოძღვართა ზანდუკები, რაკი თეოლოგიური საკითხების ასეთ ღრმა ცოდნას გავამჟღავნებ. ნურც ძალიან გაიოცებენ, რამეთუ ამდენი ხნის მანძილზე მათთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა; ჰოდა, მათი ჩვეულებანიც შევითვისე ისევე, როგორც იმ ლენჩმა პრიაპუსმა დაიზუთხა ზოგიერთი ბერძნული სიტყვა, უსმინა რა თავის პატრონს; ანდა ლუკიანეს მამალივით, ადამიანებთან ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ლაპარაკში რომ გაიწაფა."

ვისი ზანდუკები გაძარცვა ერაზმუსმა

რა თქმა უნდა, არავისი. იმათ, ვისაც ერაზმუსის ბასრი კალამი მიემართება, ვერაფერს მოპარავ, ძარცვით ვერაფერს დააკლებ. ამ ხალხს იგი ბრძენთუსულელესთ (მოროსოფუს) უწოდებს. ეს ის ტუტუცები არიან, ვინც ბრძენკაცებად და თალესებად მოაქვთ თავი, მაშინ, როცა ათეულობით წელი ღვინის სარდაფში, "შემსრუტავი ღრუბლის ცხოვრებით" გაატარეს. "ფუჭსიტყვაობენ იმ თავიანთ სკოლებში, თავი მოაქვთ მსოფლიო ეკლესიად, რომელიც თუმცაღა დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ ესენი სილოგიზმების ბიჯგს, ვითარცა დედაბოძს, შეუყენებენ, მსგავსად ატლასისა, პოეტთა თქმით, მხრებით ცის თაღს რომ შესდგომია".
ახლა კი პოეზიისაც ვთქვათ, რადგან ერაზმუსი პოეტური შთაგონებით ანგრევს ზემოხსენებულ სილოგიზმებს და ამბობს კიდეც, "მუზების შემწეობით დავარღვიოთ" ესა თუ ის სილოგიზმიო. ამ მახინათა შემოქმედნი კი ისინი არიან, ვინც საიდუმლოს, ვითარცა ცვილს, სურვილისამებრ ფორმას უცვლიან; ვინც რამდენიმე სქოლასტიკოსის მოშველიებით გამოწურულ დასკვნებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, ქვეყნიერების კანონმდებლად მიიჩნევს თავს და განკვეთს ყველას, ვინც კი გადაუხვევს მათ მიერ ნათლად თუ ჩახლართულად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს. ერაზმუსი "ოქროს საუკუნის" ალალ მოდგმას გვახსენებს, როცა არც გრამატიკის ცოდნა იყო საჭირო, არც დიალექტიკისა და არც რიტორიკისა, რადგან სხვის საქმეში არავინ ერეოდა. აწმყოსთვის კი ერაზმუსი შემდეგ "რეცეპტს" იძლევა: "მე თუ მკითხავთ, ქრისტიანები ერთობ გონივრულად მოიქცეოდნენ, უკეთუ თურქებისა და სარკინოზების წინააღმდეგ ჩასკვნილ ჯარისკაცთა რაზმების ნაცვლად, რა ხანია, ცვალებადი და საეჭვო წარმატებით რომ იბრძვიან, გააგზავნიდნენ მყვირალა სკოტისტებს, უჯიათ ოკამისტებს, უძლეველ ალბერტისტებს და მთელ ამ სოფისტურ მხედრიონს. ვფიქრობ ვიხილავდით ყველაზე მზაკვრულ ომს და ჯერაც არნახულ გამარჯვებას. განა ვინ უნდა იყოს ისე სისხლგათოშილი, რომ არ აანთოს მათმა უიშვიათესმა გონებამახვილობამ? ან ისე ჩლუნგი, რომ ამ ნესტარივით მჩხვლეტავმა ენამ არ ააღელვოს? ან ისე თვალგამჭრიახი, რომ ასეთ უკუნ წყვდიადში მართლა გაარჩიოს რამე?"

"არც ცას შეეხება და არც მიწას"

ერთი სიტყვით, სრულიად ნათელია თუ საითაა მიმართული ერაზმუსის მახვილი მზერა და ბასრი კალამი, თუმცა მთარგმნელის წინასიტყვაობის მიხედვით სხვა სურათი იხატება. წერილი, უხვი პუბლიციზმების გამო, სცილდება ერაზმუსს. ექსკურსი, რომელსაც 30 გვერდი აქვს დათმობილი (წინასიტყვაობის 54 გვერდიდან), ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ერთ რამეს ისახავს მიზნად, რათა მკითხველის ყურადღება ტექსტიდან გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, სამეცნიერო გამოცემის სტატუსს უკარგავს წიგნს.
საბჭოთა პერიოდის გამოცემებიდან ხშირად გვახსოვს ასეთი მაგალითები, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგივე პათოსი აღმოჩნდა წამყვანი ამ გამოცემისთვისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ერაზმუსის დასაცავად (მომხვდური სქოლასტიკოსებისგან) მართლმადიდებელი ავტორიტეტების ნაცვლად მარქსიზმის მამებს მიმართავდნენ.
ხსენებულ შესავალშიც ხშირად შეხვდებით იმდროინდელ ლექსიკას, საეჭვო წარმოშობის ცნებებს (მაგ. "პაპიზმი") და მოძველებულ შეფასებებს, რომელიც ხან "მოჩვენებით სამყაროდ" წარმოგვიდგენს დასავლურ ქრისტიანობას, ხან კი ჰუმანიზმს მიაწერს რაღაც წარმართულ ვნებებს: "პირველ რიგში, ეს ადამიანები - ჰუმანისტები, თავად წარმოადგენენ თითქმის უკვე გარდასული დასავლური შუასაუკუნეების, ანუ გაყალბებული ქრისტიანული სწავლების პროდუქტს. ხოლო მათ ბედისწერად იქცა, პაპიზმთან და სქოლასტიკასთან ბრძოლის მოტივით, საზოგადოდ ეკლესიისა და რწმენის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი სამუშაოს ჩატარება."
ძალზე საინტერესოდ ჟღერს ანტიკურობის დაისის ქ-ნ ლალი კოჭლამაზიშვილისეული ვერსიაც: "ძველ ბერძნებს, მიუხედავად მათი რაციონალიზმისა, გრძნობათა და ვნებათა სინაღდე ახასიათებდათ. გულწრფელი იყო აქილევსი, როცა მეგობრის მკვლელს გაენთო რისხვით შეპყრობილი; იმდენად გულწრფელი, რომ ნაწინასწარმეტყველები გარდუვალი სიკვდილიც არად ჩააგდო და ომში შევიდა. თვით მოხერხებული ოდისევსიც კი გრძნობათა სიმართლეს სცემდა პატივს. აკი ერთგულ პენელოპესაც ამისთვის მოუწყო გამოცდა. სოკრატემ ნამდვილი შხამით სავსე ფიალა გამოსცალა და ოიდიპოსმაც საკუთარი ხელით დაითხარა თვალები. ძველბერძნულმა კაცობრიობამ თავისი ნებით დათმო თვალთა ჩინი, რათა მოეპოვებინა მხედვარეობა სულისა, რათა დარღვეულიყო ძველი ტაძარი და მის ნაცვლად ახალი აღმართულიყო." ანუ ავტორი აქ ლიტერატურულ პერსონაჟთა გარკვეულ ქმედებებს სახავს მიჯნად და განმსაზღვრელად ცნობილი მოვლენებისა და საერთოდაც, შესავლის ზოგად ინტონაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ხელში რაღაც ქადაგებისმაგვარი ოპუსი შეგვრჩება.
შესავლის ბოლოს, ქალბატონი ლალი აღნიშნავს: "ერაზმუსს სწავლობენ, მის შესახებ იწერება და იბეჭდება მეცნიერული სტატიები, მონოგრაფიები. ყურადღებას იმსახურებს მისი ბიოგრაფია, მისი სტილი, მისი ლათინურის დახვეწილობა, მისი შეუდარებელი იუმორი, მისი სამშვიდობო მოწოდებები, ერაზმუსი და რეფორმაცია, მისი ურთიერთობა დოქტორ ლუთერთან, ანტიკური სამყაროს რემინისცენციები მის შემოქმედებაში და ა.შ. მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ერთი სიტყვით, იგი აქციეს წარსულის რელიქვიად. კულტურის ისტორიაში კი ერაზმუსი ძირითადად ერთი წიგნის - "სისულელის ქების" ავტორად მოსჩანს." არადა ასე ნამდვილად არაა, უფრო პირიქით, ერაზმუსის ყველა სერიოზული მკვლევარი რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ტექსტს. მათ, როგორც წესი, ერაზმუსის სხვა წიგნები აინტერესებთ ხოლმე. ხოლო რაც შეეხება ფრაზას, "მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს", აქ აშკარად ინფორმაციულ სიმწირესთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი რჩეული ბიბლიოგრაფიის გადათვალიერება საკმარისი აღმოჩნდება, რათა მივხვდეთ, რომ ერაზმუსის შესახებ დაწერილ წიგნებში სწორედ ეს თემატიკა ჭარბობს, დილთაიდან და ტრელჩიდან დაწყებული - მარგოლენითა და კოლსით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიაზროთ "სისულელის ქება" იმ უზარმაზარი კონტექსტის გარეშე, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ტექსტის საზიანოდ, რადგანაც ქალბატონი ლალის შესავალ წერილში სულ სხვა პათოსია წამყვანი, სხვა დისკურსის ხმა ისმის, რომელიც, როგორც თავად ერაზმუსი იტყოდა, ამ შემთხვევაში, "არც ცას შეეხება და არც მიწას".

"ტელოს"

ეს სიტყვა ძველბერძნულად დასასრულს ნიშნავს, ამ სიტყვით მთავრდება "სისულელის ქება" და მეც იძულებული ვხდები დროებით დავემშვიდობო მის ავტორს და დავხურო წიგნი, გვერდზე გადავდო, მაგრამ იმ იმედით, რომ ასეთ მკაფიო დასასრულს სხვა, ახალი დასაწყისები მოჰყვება. ჩვენს გულისყურიან მკითხველსაც ამ იმედით დავემშვიდობები და ერაზმუსის პერიფრაზით დავამთავრებ წერილს - მაშ ჯანმრთელად ბრძანდებოდე, იცოცხლე, იხარე და ილხინე ლიტერატურის დიდებულო, ღირსეულო მრევლო.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: