Friday, May 22, 2009

ერეკლე დეისაძე - მამა

მამაჩემი ყოველდღე უთენია დგება, ძველ რადიომიმღებს რთავს, ღია ფანჯრიდან ნისლიან ქუჩას აკვირდება და ფინჯან ჩაის სულმოუთქმელად ხვრეპს.
"ამჯერად ხელისუფლება დათმობაზე მიდის, ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს" - ღრიალებს რადიომიმღები.
მამას ეღიმება, თითქოს მოცარტის მეორმოცე სიმფონიას უსმენს და ესთეტიკური ორგაზმის ტყვეა.
მაგიდაზე წინა დღის შავი პური და რამდენიმე ნაჭერი ყველი დევს.
- არ გშია? - მეკითხება ახალგაღვიძებულს.
- არა, - ვპასუხობ გულგრილად და თბილ საბანში ბოლომდე ვიმალები.
საწოლის თავზე დედა შავ-თეთრი ფოტოდან მიღიმის.
დაორთქლილ ფანჯარასთან, სადღაც ახლოს, შეციებული მტრედი ღუღუნებს.
"სპეცრაზმი ისევ მობილიზებულია, მოსახლეობა კი პანიკაშია... მათი რაოდენობა თანდათან მატულობს".
მამა პურის ნატეხს ფშხვნის და მტრედებს აივნის ღია კარიდან მშვიდი იერით აპურებს.
"მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ნატო-ში შედის, დღევანდელი ვითარება სრულიად წარმოუდგენელია", - არ ცხრება რადიომიმღები.
- ნატოში არა, ნაწყლში შევალთ, – ამბობს მამა და თავისთვის ხითხითებს.
90-ანებში მხედრიონელი იყო მამა...
ზვიადი... კიტოვანი... იოსელიანი... ზვიადს რო უღალატეს... მიტინგი დახვრიტეს და ა.შ. ეს ამბები არასდროს მაინტერესებდა; რაც ვიცი, ისიც მამაჩემისგან. სიმთვრალეში ყოველთვის იხსენებს მაშინდელ ისტორიებს და პატრიოტიზმს თავისებური ჟესტებით გამოხატავს.
"სნაიპერის ნასროლ ტყვიას დღემდე ხერხემლით დავატარებ და ეგ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო ასე ძალიან მიყვარს," - იტყვის და ხელებს განზე შლის, შუბლს ოდნავ შეკრავს და "საქართველო ლამაზოს" ბოლო ხმაზე ღნავის.
მამას სამხედრო ფორმა და ომისდროინდელი “ბათინკები” აცვია, ამინდის მიუხედავად, თავზე ყოველთვის ბერეტი ხურავს, ცხვირზე კი შავი "რეი-ბანები" დაუკოსებია.
გარეგნულად გარეწარის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად ორმაგად გარეწარია.

* * *
ერთ დღეს დამიძახა და მკითხა: "როგორ გგონია, ცოდვა ყოველთვის ბოროტებიდან გამომდინარეობს?" ჯერ კაიფში მეგონა, მაგრამ, სახეზე რომ დავაკვირდი, მივხვდი, სერიოზულად მეკითხებოდა.
- არ ვიცი-მეთქი.
გაბრაზდა. სირი ხარო, მითხრა. შენხელა რო ვიყავი, უამრავ რამეზე ვფიქრობდი, შენ და შენი თაობა კი სექსს და ნარკოტიკებს ვერ გაცდითო...
მერე დამშვიდდა...
იცოდა ხოლმე გაფრენები, ყველას და ყველაფერს აგინებდა, შემდეგ ხელისგულებს თავზე დაიწყობდა და მონოლოგის კითხვას იწყებდა:
"ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია, რომლითაც იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუთვიცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად.
ერესი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გონებრივი ერექცია განვიცადოთ, შევიყვაროთ ისეთი ღმერთი, როგორიც ბიბლიაშია, და არა ისეთი, სასულიერო პირები რომ ცდილობენ თავზე მოგვახვიონ და თვითონ გაბატონდნენ ჩვენზე, დღევანდელ ეპოქაში რელიგიამ უხეში ევოლუცია განიცადა, რის შედეგადაც მივიღეთ აგრესიული ორთოდოქსების ფრთა, რომლებმაც ჯვარი საბრძოლო იარაღად აქციეს, ყალბ პათეტიკაზე გაზრდილებს უჭირთ ამ წმინდა აქსიომასთან შეგუება, იგი უარყოფს ყოველგვარ სექტას და რეალურად გვიჩვენებს გზას მარადისობამდე...
რაც შეეხება ცოდვას, ის შეიძლება არა მარტო ბოროტებამ, არამედ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილმაც გამოიწვიოს".
მაგალითად წმინდა გიორგის ხატს ასახელებდა, რომელზეც ამბობდა, ამ ხატის დანიშნულება და ძალა ჩემთვის მიუწვდომელიაო.
რატომ-მეთქი, ვკითხე. გაეხარდა ჩემი დაინტერესება. მარტივად აგიხსნიო, დამაიმედა. ჯერ "გიყვარდეს მტერი შენიო" მითხრა, შემდეგ ხატზე მიმითითა, აქ მტერი კი არ უყვარს, სძულს და შუბით კლავსო, ამიტომ ეს ხატი და ქრისტეს სიტყვები ურთიერთგამომრიცხავიაო.
ვერაფერი ვუპასუხე.
მისი აზრებისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ბოლომდე იგივე პოზიციაზე დავრჩი...

* * *
თოთხმეტის ვიყავი, დედა რომ დავმარხეთ.
მამა ჯერ გალოთდა, მერე წამალზე შეჯდა. ეგ და რაფიკა დოზას დოზაზე ამატებდნენ, მთელი ქალაქის ძაღლობა ამათ დასდევდა.
უბანში მამას ყველა პატივს ცემდა, თითქოს მათ გვერდით ყოფილი მხედრიონელი კი არა, ცით მოვლენილი სასწაული იდგა, შეიძლება შიშის ამბავიც იყო, იმიტომ, რომ თუ გადაეკეტებოდა, ყველაფერი ეკიდა.
ერთხელ სამოქალაქო ომის დროს ბიჭებმა გაიჩხირეს. მერე ქაშუეთის ეკლესიასთან მღვდელი დაინახეს. აუშარდნენ, ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და შენ რა პონტში დადიხარო, მღვდელმა თოვლის ბაბუა კი არა, მამა ვარო, მამა ბასილი. ბიჭებმა მაგრად ჩასცინეს, შენ ბოროტი თოვლის ბაბუა ხარ და შავი წვერიც ამიტომ გაქვსო. მამაოს პირჯვრის გადაწერის შემდეგ მუხლებზე დამდგარს დაუწყია ლოცვა, მამამ კი საჩუქრების ხურჯინი ითხოვა და მღვდელს თავი გადაპარსა.
კაიფიდან გამოსულებს გზად მომიტინგეები გადააწყდნენ, ჩვეულებრივი მოსახლეობა, უმეტესად მოხუცები და ბავშვები. "ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი!" - გაჰყვიროდნენ ერთხმად. მამას ჯერ გინება დაუწყია, შემდეგ ეროვნული დროშებით აღჭურვილებისთვის ავტომატის ჯერი გადაუტარებია და მანქანით ათესილა.

* * *
სავარძელში ზის მამა...
სიგარეტს ღერი ღერზე ეწევა, ღრმა ფიქრებშია წასული.
ერთი საათის წინ გაიგო რაფიკას ამბავი. არავინ არაფერს ამბობს, ყველამ იცის, რომ გაიპარა.
დაბოღმილია მამა.
პირდაპირ კედელზე წმინდა გიორგის ხატს უყურებს, ესეც ომისდროინდელია, საკმაოდ ძვირფასი და ოქროსფრად მოჩუქურთმებული.
- ეჰ, რაფიკ, შე ბოზო, – ოხრავს მამა. მზერა ჩემკენ გადმოაქვს,
ერთხანს დაჟინებით მაშტერდება, მერე ისევ ახალ ღერს უკიდებს და ნამწვებით
სავსე საფერფლეს ადგილს უნაცვლებს.
- ისე, რას შვები, ახალი რა არის? - მეკითხება.
მხრებს ვიჩეჩავ. ვგულისხმობ, რომ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველებურადაა. ვატყობ, უხმო ჟესტი არ აკმაყოფილებს.
- სკოლაში რა ხდება?
- არაფერი.
- როგორ “არაფერი”, ტყუილად დადიხარ?
- უფრო სწორად, ყველაფერი ძველებურად მიდის, – ვცდილობ, არ გავაღიზიანო.
- ძველებურად რო მიდის, იმიტო გენძრევათ, ელასტიკიანი ბიჭების თაობა, ბალერონები ბლიად!
მგონი ნასვამია.
- თქვენი სკოლები ინკუბატორებია, ზომბებად გზრდიან, და, ჩვენი არ იყოს, თქვენც ვერაფერს ხვდებით.
- რას უნდა მივხვდეთ?
- სკოლებში არარსებულ პატრიოტიზმს და არარსებულ სიყვარულს ქადაგებენ, ჩემი თაობა დააყლევეს, ერთ იდეოლოგიაზე გაზარდეს, წითელი ყელსახვევებით დანომრეს... ერთ დღეს კი ყველაფერს თვითონ მივხვდით და ის ყელსახვევები სირზე შემოვიხვიეთ, აი ყოველივე ამან მიგვიყვანა სამოქალაქო ომამდე, ბოროტებამდე და დედისტყვნამდე...
- ჩვენ რა შუაში ვართ?
- თქვენც იგივე გელით, გაიზრდებით და უფრო ნათლად დაინახავთ ყველაფერს.
მისი რჩევა-დარიგებები ხშირად ბოდვაში გადადიოდა... ამჯერად ხატთან გააგრძელა საუბარი და გავიგონე, როგორ შეიგინა.
ქურთუკი ჩავიცვი და კარი გავიხურე.
ქალაქი შიშველი იყო, გრილოდა...

* * *

საღამოს მეზობლებმა მამაჩემის გვამი ხატის წინ იპოვეს. შუბი თვალში ქონდა გარჭობილი. გამომძიებელმა ორჯერ დამკითხა. ყველაფერს გულახდილად ვპასუხობდი. არც ის დამიმალავს, რომ მამაჩემის სიკვდილს დიდად არ განვიცდიდი.
"შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ვერავითარი სამხილი ვერ აღმოაჩინა, საქმე პარანორმალურ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, რის საფუძველსაც გარდაცვლილის ოთახში არსებული წმ. გიორგის ხატი იძლევა, საიდანაც ნახევარი სიუჟეტი გაქრა. ნახატზე მხოლოდ გველეშაპი ჩანს..."

* * *
ღამით, როცა ქალაქს ეძინა, ფანჯრიდან დავინახე, მხედარი როგორ მიაჩაკჩაკებდა თავის თეთრ ცხენს ცარიელ ქუჩაში...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

9 comments:

Anonymous said...

რაებს ბოდიალობ გაფიცებ??:):))ვაიმე რა ვიცინე,,რა ხელონურობაა...

matti said...

... მამა ნახე, შვილი ისე გამონახე

Anonymous said...

mtavaria satqmels ase tu ise tavs abams, gaizrdeba uket dacers...:)

Katieé.Ge said...

მდაჰ
კაცს პრობლემა აქვს, უჭირს, ასე რომ გეძულება საკუთარი მშობელი, იმას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდება და არ ჰყავს გულშემატკივარი.
ამათ კიდევ დაუშინეს ქვები.
აცალეთ, თავისი გასჭირვებია.

Katieé.Ge said...

p.s. მთავარი დამავიწყდა, შინაარსს იქეთ წერის სტილით და ნიჭითაც ვერ აღვფრთოვანდი.
რამდენიმე წლის შემდეგ გადავიკთხავ, თუ გავიზარდე, იქნებ მოვიდეს ეს მოთხრობაც ჩემამდე ;)

Anonymous said...

zalian magari moTxrobaa! isviatad iwereba chvenSi egetebi! deisaze uniWieresia (es mis zogiert leqszec zalian kargad cans), es unda ariarot imat, visac ar gsurt, anda ar unda agiarot da azrze ver moxvidet. uketesi varianti ubralod araa.
sagol,am biws!

Anonymous said...

gavgijdiiiiiii. sauketesoaaaaaaaaa. dzalian, zdalian, dzalian momeconaaaaaaa. dzalian minda yvela txzuleba cavikitxo da sad sheidzleba rom vnaxo?

tamtavar said...

me momecona... da ra vici

Anonymous said...

განსხვავაებულ აზრს ასეთი ისტერიკით რატომ ხვდებით? (ფროიდის პაციენტები):))

ჯერ დაკვირვებით წაიკითხეთ რას წერს ადამიანიიიი..თქვენი ფსევდო პატრიოტიზმი მარაზმში გადაგეზარდათ უკვე...