Sunday, May 3, 2009

მზია სამადაშვილი - უცნობი ნიკო სამადაშვილი


ანდრო ბუაჩიძე

საყდრის ჩიტი

მზია სამადაშვილი. უცნობი ნიკო სამადაშვილი. რედაქტორები თინათინ ბოლქვაძე, ანა ჭაბაშვილი. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილი. თბ. "დიოგენე", 2002.

სამოცდაათიან წლებში შემთხვევით ჩამივარდა ხელში ლექსების თხელი კრებული "ბეთანია". ნიკო სამადაშვილის სახელი მაშინ არც კი გამეგონა. წიგნი უბრალოდ იყო გამოცემული, მაგრამ ეს უბრალოება თითქოს შეეფერებოდა კიდეც ლექსებს. ლექსებმა კი მართლაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ლექსებს თითქოს სიძველის ელფერი გადაჰკრავდა. იქნებ ეს, სიძველესთან ერთად, ქართლის მკაცრი და პირქუში პეიზაჟების ცივი ციმციმიც იყო. დაუდევრად მოსროლილი რითმა, მჭიდრო, ერთმანეთზე მიბჯენილი ფერწერული სახეები, უცნაური ლექსიკა ისეთ მთლიანობას ქმნიდა, რომლის წარმოდგენაც გაგიჭირდებოდა.
ის ოცდახუთივე ლექსი, რომელიც კრებულში იყო მოთავსებული, თანაბრად მკაფიო და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ახლა, როცა ხელთა მაქვს მზია სამადაშვილის წიგნი "უცნობი ნიკო სამადაშვილი", ინტერესით ვეცნობი გერონტი ქიქოძის ნიკოსადმი მიწერილ ბარათს, სადაც რამდენიმე შტრიხით უაღრესად საგულისხმო თვალსაზრისია გამოთქმული: "თქვენ მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ბაძავთ. მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემის აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სულ სხვანაირად გადმოსცემს".
ისეთი ავტორიტეტისაგან, როგორიც გერონტი ქიქოძე იყო, ამგვარი შეფასება ალბათ მოულოდნელობას წარმოადგენდა. ამ ტექსტის მიღმა აზრის და შთაბეჭდილების ფაქიზი მოძრაობა იკვეთება. მართლაც, რაც უპირველეს ყოვლისა სამადაშვილის ლექსების წაკითხვის შემდეგ მკითხველს თვალში ეცემა, აბსოლუტური არალიტერატურულობაა. მისი არც ერთი ფრაზა, ინტონაცია, მეტაფორა არ იწვევს უკვე ნაცნობი ლიტერატურული სამყაროს შორეულ ასოციაციას. და ცოტა არ იყოს, იბნევა კიდეც კაცი, ვინაიდან იცის, სიცარიელეში არაფერი არ იბადება, ყოველივეს აქვს თავის თავდაპირველი, დასაბამიერი წიაღი და გარემო. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს გერონტი ქიქოძის მიერ ზუსტად შენიშნული "კოსმიური ტრაგედიის" და "სამყაროს დაშლის" შეგრძნება. ნიკო სამადაშვილის ლექსების სიღრმისეული ინტონაცია ამ შეგრძნებებთან ერთად ერთგვარი შფოთის, იდუმალი განგაშის შეგრძნებასაც აღძრავს. XX საუკუნის ქართული პოეზიისთვის ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, ნეგატიური ნიშნით აღბეჭდილი სულისკვეთება უცხოა და დღეს უკვე გასაკვირი არც არის, რომ ამ ლექსებს იმთავითვე გადაეკეტა გზა მკითხველისაკენ.
ნიკო სამადაშვილის ლექსებში კოსმიურია, უკიდეგანოა, დაუსაზღვრელია ლირიკული სუბიექტის მოქმედების არეალი. ეს განუზომლობა არა მხოლოდ სივრცისმიერია, არამედ დროითიც. ამ ლექსების შიგნით განფენილ სივრცეში, როგორც პოეტი იტყოდა, "ფეხმძიმე ნისლებია" ჩამოწოლილი, რაც ამძაფრებს უჟამობის და უსივრცობის შთაბეჭდილებას. ამავე დროს აქ ყოველი საგანი თუ სულდგმული მარადისობის პირქუშ ფონზეა წარმოსახული. აი, ვთქვათ მესაფლავე, რომელსაც "უცნაური ხელობა" აქვს, გათხრილ საფლავთან სეირნობს და "უცქერის ქვეყნის სეირებს". ეს კაცი არის "ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული". მესაფლავის აღმწერი შტრიხები გროტესკულ ელფერს სძენს მის მრუდე სახეს. აბსურდულობა ერწყმის მარადისობას და გაქვავებული პეიზაჟის უძრაობაში იწერება. მარადისობის ხატია მეტწილად აღბეჭდილი ნიკო სამადაშვილის პოეტურ ფრაზებში: "მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე დაოსებული შემოქმედებით", "საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი ისე ყიოდა", "დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა, პირქუში, როგორც ამაოება", "სად მიგვაკლავდი? ავდრების ცოდვით / კივილი ედგათ უდაბურ ველებს / ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით / ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს".
ნიკო სამადაშვილისთვის თითქოს არ არსებობს კონკრეტული ნივთი და ადამიანი, და თუ არსებობს, წერტილივით ჩანს უაღრესად ხელშესახები, საგნობრივი, მეტაფორულად განსხეულებული მარადისობის ფონზე. პოეტი წერს ადამიანზე და არც ერთი წამით არ ავიწყდება, რომ ეს ადამიანი "მარადისობის კონტექსტში" მოიაზროს. მისთვის არაფერი არ არსებობს მარადისობის გარეშე, არც უახლოესი მეგობარი, არც უსაყვარლესი სოფელი და ცხადია, არც საკუთარ არსებაში გაღვიძებული პოეტური "მე". მეგობარი ერეკლე ტატიშვილი იყო, რომელსაც ნიკომ კაცი-ფასკუნჯი უწოდა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა და ერთი შესანიშნავი ლექსიც უძღვნა. ამ ლექსში ნიკოსთვის სათაყვანო, კონკრეტული ნიშნების მქონე, მომხიბლავი კაცი დროისა და სივრცის ისეთ სიღრმეშია გადასროლილი, რომ მკითხველისთვისაც დაუსაბამო და უსასრულო სამყაროს ნაწილად აღიქმება: "რა საოცარი იყო შენი მარადისობაც / დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა, / დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება / და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა".
ნიკო სამადაშვილის მიძღვნითი პოეზია სრულებით არ განსხვავდება მისი დანარჩენი ლექსებისგან, ვინაიდან აქაც კოსმიური ტრაგედია ტრიალებს. ნიკო ზოგჯერ სასტიკიც კი არის თავის ადრესატისადმი, რითაც საფუძველშივე უპირისპირდება პოეზიაში მიძღვნითობის ბანალურ-პანეგირიკულ სენტიმენტალობას. აი, რას წერს ის იგივე ლექსში ერეკლე ტატიშვილზე: "ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები, / ხან არც კი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი / ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რომ დაბერდები, / ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი. / და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს / არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი, / სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს, / გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი".
ამგვარივე გრანდიოზული მარადისობის ფონზეა აღბეჭდილი მისი ორი შედევრის ლირიკული სუბიექტი. ეს ლექსებია "ჩემი სოფელი" და "ნიკო სამადაშვილს". პირველში თითქოს სიყმაწვილეში აღქმული სოფლის პეიზაჟები და ნატურმორტებია ტილოზე ზეთის სქელი საღებავებით შესრულებული, მეორე კი ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარ არსებაში გაღვიძებულ პოეტურ "მეს" ეძღვნება: "შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, / შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი, / სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი, / გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი".
პოეტმა თავისი პიროვნების წიაღში პირველად ავარდნილ ცეცხლის ალს, პირველად ამეტყველებულ შთაგონებას საყდრის ჩიტი უწოდა. ამ მოჟღურტულე საყდრის ჩიტის გახმიანებულ ექოს ნიკო სამადაშვილის მთელი არსება გამოსცემდა. საყდარი კი ქართლის რომელიმე მივარდნილი სოფლის მარადიული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული...
მზია სამადაშვილის წიგნმა "უცნობი ნიკო სამადაშვილი" "კოსმიური ტრაგედიის" მხატვრის პიროვნული სახე გააცნო მკითხველს, რომელსაც შეუძლებელია არ ჰქონოდა ამგვარი ცნობისწადილი. ამ ლექსების ლირიკული გმირი, როგორც უკვე ვთქვით, ისეა მარადისობაში გათქვეფილი, რომ მისი პიროვნულ-ადამიანური ნიშნების დანახვა ჭირს. ამიტომაც გვაინტერესებს, ვინ იყო ის კაცი, ვისაც "ბინდების ჭრიჭინს" ადარებდნენ, ვისაც "ლექსების ჯღაბნა წამებად ექცა" და ვინც თავის თავს დაღუპული და ადრე დაღამებული პოეტი შეარქვა.
უაღრესად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ტოტალიტარულ ქვეყანაში ნიკო სამადაშვილი, როგორც შემოქმედი, მაინც არსებობდა, მაგრამ არსებობდა როგორც არაოფიციალური პოეტი. იქნებ სწორედ ამან შეუნარჩუნა მის პოეზიას სრული, განუმეორებელი თვითმყოფადობა? აკი თურმე ერეკლე ტატიშვილი ეუბნებოდა კიდეც, შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო, როგორც პოეტი, ამქვეყნიდან აღიგვებიო. იგივე აზრის იყო გალაკტიონიც. და ნიკოსაც აღარ უცდია ლექსების გამოქვეყნება, თუმცა, რომც ეცადა, ძნელი წარმოსადგენია ამ ცდას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. თვითონვე გამოუტანა განაჩენი თავის შემოქმედებას, სადაც სევდაც იგრძნობა და სინანულიც: "ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა..."
და კიდევ: მზია სამადაშვილის წიგნი გვაცნობს პოეტის გაუხარელი, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული ცხოვრების გზას დაბადებიდან გარდაცვალებამდე. აქვეა ჩართული ნაცნობ-მეგობრების მოგონებები პოეტზე. ცალკე განყოფილებაში "წერილები", ნიკოსადმი და თვითონ ნიკოს სხვადასხვა ადრესატისადმი გაგზავნილი ბარათებია გამოქვეყნებული. ეს ვრცელი მონათხრობი მდიდარ ფოტომასალასთან ერთად არა მხოლოდ უნიკალური პოეტის პორტრეტს გვიხატავს, არამედ მთელ ეპოქას შთაბერავს სულს. წიგნს აგვირგვინებს ნიკო სამადაშვილის ლექსები, რომელთა პირველქმნილება და ბუნებრიობა მართლაც საყდრის ჩიტის ჟღურტულს წააგავს.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: