Thursday, May 7, 2009

რაინერ მარია რილკე - ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს


თორნიკე მოდებაძე


მარტოობის წიგნი


რაინერ მარია რილკე. ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს. გერმანულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა. "აფრის" ბიბლიოთეკა ¹1. თბ. "კავკასიური სახლი", 2002.

რაინერ მარია რილკესთვის სიტყვა-ცნება "მარტოობა" თავისებური შინაარსის შემცველია. ერთი რამ ცხადია, მის მიერ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებული ეს სიტყვა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ან სულიერ სიმარტოვეს, ის უფრო მეტაფიზიკური, უნივერსალური, მრავლისმომცველი, იქნებ იდუმალი და ბოლომდე დაუდგენელი მნიშვნელობის მქონეცაა.
ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებშიც არაერთხელ გაიელვებს ეს სიტყვა და გარემომცველ მნიშვნელობას, როგორც მთრთოლვარე შარავანდედს, ისე გაიყოლიებს. ვფიქრობ, რომ თვითონ რილკეს ესეისტიკაში გამჟღავნებული სტილია კანონზომიერი იდუმალებით მოცული. ეს სტილი ერთგვარ დაუმუშავებელ მასალას ჰგავს, რომლისგანაც, როგორც თიხისგან, პოეტური ნაწარმოებები უნდა გამოიწვას. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებს ესეისტიკა პირობითად შეიძლება ეწოდოს. წერილები თითქოს გარდამავალი ფაზაა პროზიდან პოეზიაში. მე პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რილკეს ყელში ჰქონდა მობჯენილი სათქმელი, თვითონვე სურდა გაეშიფრა თავის უაღრესად ღრმა მსოფლშეგრძნების წიაღიდან მომდინარე დინებები და საბაბიც მიეცა - ფრანც ქსავერ კაპუსმა მას საინტერესო და ამაფორიაქებელი კითხვები დაუსვა.
რილკე პასუხობს: "შეიყვარეთ თავად კითხვები. შეიყვარეთ ისინი დალუქული ოთახებივით და უცნობ, იდუმალ ენაზე დაწერილი წიგნებივით. ახლა ნუ ეძებთ პასუხებს, რომლებსაც ვერ იპოვით, რადგან თქვენი ცხოვრებით არ მისულხართ ამ პასუხებთან. საქმე ის გახლავთ, ვიცხოვროთ, გამოვცადოთ ყველაფერი, საკუთარი ცხოვრებით გავცეთ პასუხები საკუთარ კითხვებს. ამჟამად კი იცხოვრეთ საკუთარი კითხვებით და იქნებ ერთ შორეულ დღეს, თქვენმა ცხოვრებამ შეუმჩნევლად შეგიყვანოთ პასუხის სიღრმეში".
რილკე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივ სულიერ წრთობას, გამოცდილებას შინაგანი სამყაროს ფსკერზე დალექილ განცდებს ანიჭებს. მხოლოდ ხაზგასმით იმასაც დასძენს, რომ ეს გამოცდილება პიროვნულ-ინდივიდუალური, უნიკალური, საკუთარი უნდა იყოს. თითქოს არაფერია აქ საკვირველი, დელფოსის სამისნოზე ამოტვიფრული წარწერა "შეიცან თავი შენი" რილკეს სათქმელსაც იტევს. მაგრამ რილკე არასოდეს არავის არ ჰგავს და სხვასაც არ იმსგავსებს. მისი თვითშემეცნებაც მეტად თავისებურია, უაღრესად სუბიექტური, პიროვნულ-ინტიმური. რილკე კი არ აგებს, თითქოს სახელდახელოდ ქმნის ლირიკულ-აღსარებითი ტონალობით შეფერილ ტექსტს, რომელშიც მისი მსოფლშეგრძნების და მსოფლმხედველობის ნაზავია განფენილი. ეს ტექსტი მისივე პოეტური შთაგონების ცოცხალი ანაბეჭდია, მისი პირველსახეა, აზროვნების ის ფაზაა, როცა გამჭვირვალედ იკვეთება ქაოსიდან კოსმოსი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშესახებ ფორმას იძენს მხატვრულობა. რილკე თეორეტიკოსი არ არის, მისი მსოფლმხედველობა მხატვრულია, ის "დაბადებიდანვე" მხატვრულ სამოსელშია გახვეული. რაც, რასაკვირველია, ბედნიერების ნიშანია.
და მაინც, რატომ გასცა ავსტრიელმა პოეტმა ფრანც ქსავერ კაპუსს ასეთი გულისხმიერი პასუხები?
რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის მახვილი გრძნობა გააჩნდა. მას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო ამქვეყნიურ შეჭირვებათა ლაბირინთში ხელისცეცებით მავალი ახალგაზრდა კაცის მხურვალე აღიარებების მიმართ. მაგრამ, ვფიქრობ, იყო სხვა მიზეზიც: კაპუსის წერილებში აღძრული ვნებათაღელვა თვითონ რილკეს სულიერ ფორიაქს დაემთხვა. რილკეს მთელი პოეტური მოღვაწეობა მუდმივი თვითრეფლექსიაა, სადაც ყველაფერს სრული წესრიგისკენ სწრაფვის ნიშანი ატყვია. ამ წესრიგისკენ სწრაფვის ყველაზე უფრო დრამატული აკორდები "დუინურ ელეგიებში" გახმიანდა. ამავე ციკლში რილკე თითქოს ეძებს ჩახლართული გორდიასის კვანძის ბოლოს, რათა ჩვენს ყოფიერებას ნათელი მოჰფინოს.
შტეფან ცვაიგი თავის წიგნში "ევროპელის მოგონებანი" გულდაწყვეტით დასძენს, რომ გაივლის დრო და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ბრწყინვალე ლირიკოსების ბადალი შემოქმედნი აღარ იარსებებენ. ის იხსენებს რილკეს, სიყვარულით და მოწიწებით ხატავს მის პორტრეტს. რილკე ხმადაბლა და მკაფიოდ წარმოთქვამდა საკუთარ ლექსებს, დინჯად ანაწილებდა აქცენტებს. ის უფაქიზესი ინსტრუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ უყვარდა საზოგადოების შუაგულში ტრიალი, ყოველნაირად ცდილობდა გარიდებოდა ხალხმრავლობას. უჩვეულო კრძალვა და თავმდაბლობა გამოარჩევდა ყველგან, წვეულებებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებზე.
ცვაიგი იხსენებს, როგორ შეესწრო ერთხელ რილკეს გამგზავრების მომენტს. და აქაც წესრიგისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება იჩენს თავს. რილკე ფრთხილად, ფაქიზად აწყობდა ნივთებს ჩემოდანში და მთელი მისი არსება წესრიგს და წესიერებას განასახიერებდა. ეტყობა, შინაგანი შფოთის გრძნობას გარეგნული წესრიგი უქარვებდა. სხვათა შორის იგივეს წერს კორნეი ჩუკოვსკი ალექსანდრ ბლოკზე. ბლოკი ვერ ეგუებოდა უწესრიგობას და ქაოსს. ის გამუდმებით ალაგებდა თავის საწერ მაგიდას, თავ-თავის ადგილს უჩენდა წიგნებს, რვეულებს, სხვადასხვაგვარ ნივთებს. შეიძლება გაგვახსენდეს გალაკტიონიც, რომლის დღიურებშიც გარეგნულ ქაოსთან გაუთავებელი ბრძოლის "ბატალიებია" დაწვრილებით აღწერილი.
რილკესთვის წესრიგი გამოცდილების, სულიერ და გონებრივ მიღწევათა კონცენტრირების გარკვეული საფეხურია. ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი თავის ინდივიდუალური სწრაფვის გამოისობით აღწევს. ამ სწრაფვის გარეშე ყოველი პიროვნება უწესრიგობისთვის და აპათიისთვისაა განწირული: "ახალგაზრდები ხშირად და მწარედ ცდებიან, ფიცხი და დაუთმენელი ბუნებისანი, მყისვე ერთმანეთს მიაწყდებიან ხოლმე, როგორც კი სიყვარული ეწვევათ. იფლანგებიან და იფანტებიან, რაც საერთოდაც სჩვევიათ თავიანთ აღგზნებულ თუ აპათიურ, უწესრიგო და ქაოტურ ცხოვრებაში".
ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებში განსაკუთრებით ამაღელვებელია სიყვარულზე შეთხზული პასაჟები. აქაც რილკესეული, უაღრესად თავისებური ანალიტიკა იჩენს თავს.
სიყვარულიც ავსტრიელი პოეტის მთლიანი მსოფლმხედველობის კონტექსტში თავსდება. რილკე ტრადიციულ-რომანტიკული ტრფიალის ბანალურ თემას ოდნავადაც კი არ ეხება. მისი მხედველობის არეში ეს თემა საერთოდ არ ფიგურირებს. ის თავიდანვე სქესთა ურთიერთმიმართების საიდუმლოებაზე ფიქრობს. რილკეს ფიქრი იმთავითვე უჩვეულო სიღრმისეულობით არის აღბეჭდილი. სიყვარული მისთვის სამყაროს საფუძველში ჩადებული უხილავი ნების განხორციელებაა. ამიტომ რაც ზედაპირულია და გარეგნული, ის ნაკლებად საინტერესოა, ბუნების მიერ სიღრმეში ჩადებული და კანონზომიერი კი ცხოველ ინტერესს აღძრავს. ვთქვათ, რილკესთვის ამ წერილებში გამოთქმული თვალსაზრისის თანახმად არ არსებობს ულამაზო და ლამაზი ქალი. ასეთი კონკრეტიკა მისთვის უცხოა, ის უფრო ზოგად, არსისმიერ ნიშან-თვისებებს ეძიებს. აი, რას წერს პოეტი: "შესაძლოა ყველაფერზე მაღლა დგას და ძლიერია დიადი დედობა - ეს საერთო ურთიერთლტოლვა. ქალწულის სილამაზე, იმ არსების სილამაზე (როგორც თქვენ მშვენივრად ბრძანეთ), რომელსაც ჯერ არაფერი მოუმოქმედებია - მომავალი დედობაა, მის წიაღში რომ მწიფს, ემზადება, შიშობს, წინასწარ გრძნობს და ესწრაფვის თავის მომავალს; ხოლო მოხუც ქალში ეს სილამაზე დიდ მოგონებად ქცეულა. და მე მგონია, რომ ფიზიკურ-სულიერი დედობა მამაკაცშიც არის; ჩასახვა - ეს ერთგვარი სახეა შობისა, ხოლო როცა მამაკაცი თავისი შინაგანი სისავსიდან ქმნის და წარმოშობს, ესეც ერთგვარი შობაა და დაბადება. შესაძლოა, ეს ორი სქესი უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჰგონიათ". ცოტა ქვემოთ კი მართლაც განსაცვიფრებელი სტრიქონებია: "მამაკაცი და ქალი, ყოველგვარი მცდარი მორიდებისა და ქვენა ზრახვათაგან თავისუფალნი მოძებნიან ერთმანეთს, არა როგორც საპირისპირო არსებანი, არამედ როგორც და და ძმა, როგორც მეზობლები; მოძებნიან და შეერთდებიან, როგორც ადამიანები, რათა ერთად, უბრალოდ, მკაცრად და მოთმინებით ატანონ სქესის სიმძიმე, საერთო უღელი, მათ რომ დაეკისრათ".
რაინერ მარია რილკეს "წერილები ახალგაზრდა პოეტს" არა მხოლოდ მწერალმა უნდა წაიკითხოს, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც იწყებს ცხოვრების რთულ და ძნელადგასაგნებ გზას.
დაბოლოს, რითაც დავიწყე, იმის დავამთავრებ. სიტყვა "მარტოობას" რილკეს ლექსიკონში ძალიან ღრმა, მრავალწახნაგოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვს. მარტოობა სხვა ყველაფერთან ერთად ის მდგომარეობაა, რომლის წიაღში შემოქმედებითი ნაპერწკალი ღვივდება. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილი წერილებიც, როგორც პოეტი იტყოდა, "უსასრულო მარტოობით" არის დაღდასმული. ეს მარტოობის შემცველი წიგნი ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: