ნანა კობაიძე
გამომცემელს, რომელსაც დღეს შეგახვედრებთ, ბოლო დროს მასმედიის ყურადღება ნამდვილად არ აკლია. მიზეზი - ერთი თვის წინათ გახსნილი მაღაზია "პარნასია," რომელიც უკვე თბილისელ ბიბლიოფილთა საყვარელ ადგილად იქცა. "ლევანმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი გამოცემლობა, ახლა კი პირველია, ვინც კერძო წიგნის მაღაზია გახსნა" - გვითხრა "პარნასის" პრეზენტაციაზე ზურაბ კიკნაძემ.
კომუნისტების შემდეგ თბილისის წიგნის მაღაზიებში რიგი აღარ ყოფილა. უამრავ მიზეზთა შორის ერთ-ერთი და ალბათ, უმთავრესი ისიც იყო, რომ ისინი ფიზიკურად აღარ არსებობდა. ზოგი - დაიხურა, ზოგი - გაიყიდა, რაც გადარჩა, წიგნები ერთ დახლზე მიკუჭეს და გულითაც რომ გდომოდა, სასურველ გამოცემას ვერ მოძებნიდი. თუმცა, ლევან თითმერია მიიჩნევს, რომ იმ რთულ პერიოდში წიგნის გადარჩენა გარკვეულწილად ამ ადამიანთა დამსახურებაცაა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მოვედით იმ დღემდე, როცა თბილისში წიგნის მაღაზია გაჩნდა და ევროსაბჭოს ექსპერტების მოხსენებაში პუნქტი, რომელიც გვამცნობს, რომ საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სატანდარტების არცერთი წიგნის მაღაზია - გარკვეულწილად გაბათილდა. გარკვეულწილად, რადგან ჭეშმარიტად თანამედროვე სტანდარტებამდე ჯერ ბევრი გვიკლია და ამას კარგად ხვდება ჩვენი დღევანდელი სტუმარიც.
ლევან თითმერიასთვის საგამომცემლი საქმიანობა დღესდღეობით წარმატებულია, თუმცა, აქამდე მოსასვლელად უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა. გამომცემლობა "საარი," რომელსაც იგი დღეს ხელმძღვანელობს, ისევე, როგორც მთლიანად საგამომცემლო საქმიანობა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, 1996 წელთან შედარებით, როდსაც სულ პირველად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს, წინსვლა საგრძნობია. "იმ პერიოდში ყოველგვარი საქმიანობის წამოწყება ძალზე სარისკო იყო. არ იშოვებოდა მასალა, არ ასებობდა საკანონმდებლი ბაზა, ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა" - იხსენებს ლევან თითმერია.
ლევანმა სტამბა თავდაპირველად პოლიგრაფიული მიზნებისთვის გახსნა. "ჩემი ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან გამომდინარე, საგამომცემლო საქმიანობა თავიდანვე "იდო" გეგმაში, თუმცა ამ კუთხით მუშაობის საშუალება წარმატებულმა პოლიგრაფიულმა საქმიანობამ მომცა" - თქვა მან. პირველად მეგობრის, გაგა ნახუცრიშვილის ლექსების კრებული გამოსცა. "მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ეს წიგნი რომ დავინახე - მანამდე მეგონა, წიგნი თავისით გამოდიოდა" - იხსენებს ლევანი. დღევანდელი გადასახედიდან კრებული პოლიგრაფიულად არაფრად ვარგა, მაგრამ ლევანს იგი ძალიან უყვარს, რადგან პირველია. წიგნი მეგობრებში გავრცელდა - გაყიდვა არც უფიქრიათ, რადგან იმ დროს წიგნები არ გამოდიოდა და შესაბამისად - არც იყიდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა დგება კალაპოტში, თუმცა დღესაც ძალზე ბევრი ხელისშემშლელი მიზეზია. ლევან თითმერიას ძალზე აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს რეალობაში ყველაფერი თბილისით შემოიფარგლება - დანარჩენი საქართველო თითქოს არ არსებობს. კი ბატონო, თბილისში გაიხსნა წიგნის მაღაზია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სხვაგან? საბედნიეროდ, ბოლო დროს ამ საკითხით რეგიონებშიც ინტერესდებიან. ლევან თითმერიას რამდენიმე ადამიანმა მიაკთხა - მათ შორის საგარეჯოსა და ოზურგეთის გამგებლებმა, რომელთაც ამ რაიონებში წიგნის მაღაზიის გახსნის სურვილი გამოთქვეს. თავად ის ფაქტი, რომ წიგნზე მოთხოვნილება გაჩნდა, უკვე ბევრს ნიშნავს. ლევანმა ასეთი ფაქტი გაიხსენა: ცოტა ხნის წინათ "პარნასში" ახალგაზრდა კაცი მისულა, რომელსაც მეგობრისთვის საჩუქრად წიგნის ყიდვა უნდოდა. როგორც ჩანს, თავად ლიტერატურაში ვერ ერკვეოდა და მაღაზიის კონსულტანტებს სთხოვა დახმარება. ეს ყველაფერი რეკორდით დასრულდა - ამ ახალგაზრდამ 400 ლარის წიგნები შეიძინა. სხვათა შორის, არა ძვირფასი ალბომები, არამედ მხატვრული ლიტერატურა - თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები. სხვათა შორის, თანამედროვე ქართველ მწერლებზე დღეს დიდი მოთხოვნილებაა. ლევან თითმერიას აზრით, ეს ძალიან კარგია, რადგან თავად ავტორებსაც აძლევს წერის სტიმულს, თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რაც მას ცოტა არ იყოს, აშინებს - ამ ფონზე არ დაიჩრდილონ კლასიკოსები.
ბოლო დროს ზოგიერთი ქართველი გამომცემელი ინტერესდება "ძველი" ავტორების ხელახალი გამოცემით, მაგრამ საქმეს მხოლოდ ეს არ უშველის. "დღეს მაღაზიებში ვერ ნახავთ ვაჟას, ილიას, აკაკის. სამარცხვინოა, მაგრამ კომუნისტების შემდეგ "ვეფხისტყაოსანი" აღარ გამოცემულა. გია დარსალიამ ("პარნასის" მეორე მეპატრონემ - ნ.კ.) "ვეფხიტყაოსანი" სახლიდან მოიტანა და ვიტრინაზე დადო - ასე მაინც იდოს, ვინმემ რომ იკითხოსო" - გვითხრა გამომცემელმა. მისი თქმით, "საარი" სერიოზულად აპირებს ხელი მოჰკიდოს ამ სფეროს. სულ მალე გამოვა ანა კალანდაძის ლექსების კრებული, სხვათა შორის, საკმაოდ ორიგინალური ფორმით - ლექსები თავად ავტორის კალიგრაფიით დაიბეჭდება. გამოვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, უკვე გამოიცა გურამ რჩეულიშვილის ხუთტომეულის ორი ტომი.
"საარი" სერიოზულ მუშაობას აპირებს თარგმანის მიმართულებითაც. ეს არის სფერო, რომელსაც დღეს ნაკლები ყურადღება ექცევა. "ხშირად საუბრობენ, რა საჭიროა თარგმნა, როცა შეიძლება ესა თუ ის ნაწარმოები რუსულად წაიკითხო. ჩემი აზრით, რუსულად მხოლოდ რუსი ავტორების კითხვაა კარგი, დანარჩენი - უნდა ითარგმნოს" - ამბობს გამომცემელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც "საარი" განახორციელებს, ქართველი მწერლების საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა. არის თუ არა დაინტერესება იმათგან? ჯერჯერობით - არა და არც იქნება, თუ არ გავაცანით. რამდენიმე ხნის წინათ ქართველი გამომცემლები რუსეთის ელჩს შეხვდნენ და ამ საკითხზეც ისაუბრეს. სამომავლოდ დაგეგმილია გამომცემლებს შორის ურთიერთობის გაღრმავება - რუსი გამომცემლების ჩამოყვანა, ერთობლივი სემინარების გამართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, დროა, ჩვენი ნაჭუჭიდან გამოვძვრეთ და სხვებსაც დავანახოთ - ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ჯერჯერობით ქართველმა გამომცემლებმა გვიჩვენეს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ თანამედროვე სტანდარტებით წიგნის გამოცემა - ზოგს მეტად, ზოგს - ნაკლებად. სამომავლოდ საგამომცემლო საქმე კიდევ უფრო დაიხვეწება, თუმცა, ლევან თითმერიას აზრით, წიგნის გამოცემა მხოლოდ საქმის ნახევარია. ასევე მნიშვნელოვანია მისი მკითხველამდე მიტანა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, დღესდღეობით ასეთი ადგილი "პარნასია." "ჩვეულებრივ პრეზენტაციებზე მხოლოდ ავტორისა და გამომცემლის ნაცნობ-მეგობრები იკრიბებიან, ჩვენ კი ქუჩაში გამოვდივართ და ყველას ვეპატიჟებით" - თქვა მან. ეს რამდენიმე კვირის წინათ გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად გამართულმა "ავტოგრაფის" აქციამაც დაადასტურა. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულის - "აღმოსავლურ-დასავლური დივანის" შესაძენად და ავტორის ავტოგრაფზე მონადირე მკითხველ-მყიდველთა რიგი მაღაზიის ტერიტორიას საკაოდ სცდებოდა. მის მოსაწესრიგებლად დაცვის სამსახურის გამოყენებაც კი გახდა საჭირო. ამხელა რიგში კომუნისტების დროსაც არ ვმდგარვართო - ხუმრობდა ხალხი. სამაგიეროდ, რა ბედნიერი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც ამდენ თაყვანისმცემელს, განსაკუთრებით, ახალგაზდრებს, არ ელოდა! როგორც ჩანს, ხალხს მოენატრა ლიტერატურა, პოეზია და ასეთი აქციებიო - ამბობდა ავტოგრაფების დარიგებით დაქანცული ავტორი და მხოლოდ იმაზე დარდობდა, ფართის სიმცირის გამო თავის თაყვანისმცემლებს ლიტერატურაზე რომ ვერ ესაუბრა.
ამ აქციით ლევან თითმერია ძალზე კმაყოფილია და სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას აპირებს. ცოტა ხანში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად აკა მორჩილაძის ახალი რომანის "ძორს სიმინდის რესპუბლიკა" - პრეზენტაციას აპირებენ, შემდეგ კი რატი ამაღლობელს შეხვდებიან. "სულ ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, ეს მაღაზია არ არის მხოლოდ ჩემი, მისი კარი ღიაა ყველა გამომცემლისთვის, ვისაც სურს საკუთარი პროდუქცია მკითხველამდე მიიტანოს" - ამბობს იგი და თანამშრომლობის მსურველებს "პარნასში" ეპატიჟება. გამომცემელს აქციების კიდევ ერთი - ძალზე მნიშვნელოვანი "სერია" აქვს გეგმაში - საბავშვო აქციები, რომელთა "პრეზენტაცია" ორიოდე კვირის წინათ უკვე გაიმართა. ერთ-ერთი გერმანული სკოლის, "ანი-ცეტის" მოსწავლეებმა მაღაზიის წინ, ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს გერმანული ზღაპარი "დუდელდაი და თოვლის პაპა," მაღაზიაში კი მსურველებს ამ წიგნის შეძენა შეეძლოთ. ლევან თითმერია ამ აქციით ძალზე კმაყოფილია, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებს. თუმცა, ტექნიკური ხარვეზები ვერ შეედრება იმ ბედნიერებას, რაც იმ დღეს ბავშვებმა წიგნებთან უშუალო კონტაქტით განიცადეს. სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც წიგნს სათოფეზე არ ეკარებოდა, იმ დღის შემდეგ კითხვა დაიწყო. დამეთანხმებით, ეს აქცია თუნდაც ამად ღირდა.
და ბოლოს, საკითხი, რომელიც, არ ვიცი, ჩვენდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ბოლო დროს მომრავლებული წიგნების პრეზენტაციებმა "ააგორა." გახსოვთ, ალბათ, ის პერიოდი, რელიგიურობა რომ შემოვიდა მოდაში - სწამდათ თუ არა, უნდოდათ თუ არა, ყველა ეკლესიას მიაწყდა. დღეს ასეთივე ბუმია წიგნის სფეროში - წიგნის ყიდვა, განსაკუთრებით, "პარნასში," მოდურად იქცა. ძალიან მინდა დავიჯერო, მაგრამ მეეჭვება, რომ ყველა, ვინც წიგნს ყიდულობს, მათი მკითხველია. მავანი იტყვის - დალოცვილო, არ ვყიდულობდით და გვიკიჟინებდით, რატომ არ ყიდულობთო; ვყიდულობთ და ახლა იმას ამბობთ - ნეტავ, რისთვის ყიდულობთო. არის ამ სიტყვებში ლოგიკა. ალბათ, მაინც, სჯობს, იყიდონ, თავად თუ არა, მათი შვილები, მეგობრები, მეზობლები წაიკითხავენ და ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ძალიან ბევრნი, ხალხი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან გვიყვარს.
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment