Sunday, May 3, 2009

ზვიად რატიანი - ლექსები



* * *

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.


* * *

შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
არაფერი წერია შენზე.

და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
გამეცინა საკუთარ თავზე.

* * *

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.


* * *

არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
დამინდო ღმერთმა.

მაგრამ,
რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

მომცა მეორე:
წარსულის ნიჭი.

წარსულის,
სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

დღეს მახსოვს:
მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

ხვალ მეხსომება:
დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

ზეგ კი მოვყვები:
მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.


* * *

1

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –

ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.


* * *

აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ცურვა გამორიცხულია –
გული ისედაც ძლივს მუშაობს
და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
დღევანდელი ამბების შემდეგ,
ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
ნაპირი, სიცოცხლე,
ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
წყალი. წყალს კი
სიტყვები:
ხმა,
რომელიც შემოდის ჩემში,
რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
რომ ჩემი გული დამშვიდდება
და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: