Saturday, May 15, 2010

ალბერ კამიუ - გადასახლება და სამეფო


ალბერ კამიუ - ნუ ეძებ ცხოვრების აზრს
ნინო ცინცაძე
ალბერ კამიუ. გადასახლება და სამეფო. თარგმანი გიორგი ეკიზაშვილისა. გამომცემლობა "სანი". თბილისი 2003.


კრებული "გადასახლება და სამეფო" პარიზში პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. იმ წელს, კამიუმ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია მიიღო, სამი წლის შემდეგ კი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. "უცხო", "მითი სიზიფოსზე" "კალიგულა", "შავი ჭირი", "დაცემა" უკვე დაწერილი იყო, ანუ ყველა ის ტექსტი, რომლითაც კამიუმ საკუთარი პროტესტის მიუხედავად, ფილოსოფოსის, მორალისტის, ეგზისტენციალისტის, აბსურდისტის სახელი დაიმკვიდრა, უკვე შექმნილი იყო. კრებულში შესული ნაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემდეგი ეტაპია: მოთხრობები, რომლებიც ისეთი მძაფრად ცოცხალი აღარ არის, როგორც მისი თუნდაც ზემოთნახსენები სამი ნოველა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი მათგანი ვირტუოზული წერის ტექნიკით გამოირჩევა.
კამიუს მოთხრობებში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ იმ საგნებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ტექსტების სივრცეს ინტენსიურად ავსებენ და ურთიერთქმედებენ, განსაკუთრებულად არ ჩავთვლით. მის მოთხრობებში ხდება ცხოვრება. რას დავარქმევთ ცხოვრებას - რაიმე განსაკუთრებულს თუ ჩვეულებრივ აბსურდს - ეს უკვე რიტორიკული შეკითხვაა. ხოდა, რადგან კამიუ ცხოვრებას წერს, მასთან ორი თემა - აბსურდი და მორალი - ყოველთვის ეჭიდება ერთმანეთს. და, რა თქმა უნდა, არასდროს არც ერთი არ იმარჯვებს. უბრალოდ კამიუს ზოგიერთი გმირი იმის გაცნობიერებით, რომ ცხოვრება აბსურდულია, მაინც მორალური ღირებულებებით ცხოვრობს, მაგრამ ამისთვის არც ჯილდოს იღებს და არც სასჯელს, არც ჯოჯოხეთში ხვდება და არც ცხონდება. კამიუს ნაწერები ერთობ ელიტარული, დახვეწილი და არისტოკრატიულია იმისათვის, რომ რაიმე რეცეპტი გამოგვიწეროს ან რაიმენაირი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცეს. "შენ არასოდეს იქნების ბედნიერი, თუ დაიწყებ იმის კვლევას რა არის ბედნიერება. შენ ვერასდროს იცხოვრებ, თუ ცხოვრების აზრს დაუწყებ ძებნას" – აი, კამიუს რეცეპტი.
"გადასახლება და სამეფო"-ში შესული ტექსტების ერთ-ერთი მთავარი თემა მარტოობაა. ჟანინი და მარსელი ("მოღალატე ცოლი") დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილი არა ყავთ. მარსელი ქსოვილებით ვაჭრობს და ომის დასრულების შემდეგ ცოლს ნაჭრების შესაძენად სამოგზაუროდ წაიყვანს. ამ მოგზაურობისას ჟანინი ქმარს უღალატებს, ოღონდ ასეთი ღალატი მხოლოდ ერთ განზომილებაში - ადამიანის სულში ხდება ხოლმე. ჟანინისთვის ცხოვრება უაზრობაა. თავის დროზე იმიტომ გათხოვდა, რომ მარტოობაში არ აღმოხდენოდა სული, მაგრამ მაინც მარტოა. იცის, ქმარს სჭირდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ამ სიმარტოვის გამო "შურის საძიებლად" ქალი ქმარს უღალატებს, თუმცა ისე, რომ სხვა კაცს არ მიჰყვება, არც სამუდამოდ, არც დროებით: ჟანინი მისი და მისი ქმრის საცხოვრებელი სივრციდან, მათი სამეფოდან საკუთარ სამეფოში გადასახლდება. სამეფოში, რომელიც პატარა არაბული ქალაქის კედლის გალავნიდან დაინახა და სადაც ფიზიკურად ვერასოდეს მივა.
საკუთარ სამეფოში გადასახლდება მხატვარი იონაც ("იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას"). ამ სამეფოს იგი საკუთარი ვიწრო ბინის კედელზე ხარაჩოთი ააგებს და იქ მრავალი დღე მარტო ყოფნის შემდეგ ერთადერთ ნახატს შექმნის: "ტილო სულ მთლად თეთრი იყო, მხოლოდ შუაში იონას პატარა ასოებით ერთადერთი სიტყვა მიეწერა. გარჩევით კი გაარჩევდი, მაგრამ ზუსტად ამოკითხვა გაგიჭირდებოდა: solitaire (მარტოხელა, მარტოსული) თუ solidaire (სოლიდარული, თანამდგომი)". ამ მდგომარეობისაკენ მწერალი პერსონაჟს საოცარი ვირტუოზულობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოზიტიურობისა და უარყოფის გზით უბიძგებს. მთელი ტექსტი იონას წარმატებული ცხოვრების გზის აღწერაა. პოზიტიური მოვლენები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით მისდევენ, მაგრამ ისინი როგორღაც უცებ, მკითხველისათვის თითქმის მოუხელთებელად უარყოფით მოვლენებად გადაიქცევიან - ავტორი თავისივე თეზისებს შეუმჩნევლად, მაგრამ დაბეჯითებით, თანაც საოცარი ოსტატობით უარყოფს ხოლმე. ეს ხდება როგორც მაკრო დონეზე – მოთხრობის დასაწყისში მხატვარს "საკუთარი ბედის ვარსკვლავის სწამს", დასასრულსისას კი ეს მნათობი უხმაუროდ ჩაესვენება – ასევე მიკრო დონეზე – იონას ყველაფერში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უმართლებს, მაგრამ გზადაგზა, ნელ-ნელა ეს გამართლება დაბრკოლებად ექცევა ხოლმე.
იონას ძალიან გაუმართლა, მშვენიერი, გამრჯე ცოლი შეხვდა, რომელიც ცდილობდა ყველა წვრილმანი თავად მოეგვარებინა, რომ ქმარს ხატვაში ხელი არ შეშლოდა. მაგალითად, როდესაც იონა ხატავდა და ტელეფონი დარეკავდა "სხვა ბავშვით დაკავებული ლუიზა, წამსვე შვილს აიტაცებდა და აქლოშინებული მივარდებოდა ტელეფონს, მაგრამ გვიანღა, - იონას უკვე მოესწრო ცალი ხელით (უმცროსი) ბავშვი მკერდზე ყავდა მიხუტებული, მეორეში ფუნჯი და ყურმილი ეკავა და ვიღაცისგან მეგობრულ საუზმეზე მიპატიჟებას იღებდა". წარმატებამ იონას ბევრი მეგობრები გაუჩინა, სტუმრები თითქოს უყვარს კიდეც, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარს. შემდეგ შეგირდებიც გამოუჩნდნენ, მათთან ურთიერთობა თითქოს მოსწონს, მაგრამ უცებ ისე ხდება, რომ ისინი აქეთ დაუწყებენ ჭკუის სწავლებას. იონა გამუდმებით ხატავს, გარდა ხატვისა "სხვა ყველაფერი ერთნაირად საინტერესოც და მოსაბეზრებელიც ეჩვენება", მაგრამ ეს საინტერესოც და მოსაბეზრებელიც თანდათან მისი ცხოვრების, ანუ ხატვის პროცესის განუყოფელი, მუდამ თანმდევი ნაწილი ხდება და ბოლოს იონას ვარსკვლავს, მის სამეფოს მთლიანად ისრუტავს. მისი საარსებო სივრცე ნელ-ნელა იწურება და ვიწროვდება. დასასრულს იგი ისე პატარავდება, რომ მხოლოდ თეთრ ტილოზე გაურკვეველი ხელით მიწერილ წარწერად რჩება.
"ვინც ღმერთს მორალური განსჯისათვის მოიხმობს, ის მას საკუთარ თავში კლავს." წერს კამიუ თავის ერთ-ერთ რომანში. იგი მორწმუნე ქრისტიანი არასდროს ყოფილა (ამას "რენეგატის" მძიმე თავგადასავლის მსუბუქი პაროდიაც ადასტურებს). თუმცა, ეს სულაც არ უშლის მას ხელს იმაში, რომ მაღალი მორალური ღირებულებების ადამიანები მისი მოთხრობების გმირები იყვნენ. შეიძლება მათ მიერ ჩადენილი საქციელი პრაქტიკული შედეგის თვალსაზრისით აბსურდულიც კი იყოს, როგორც ეს სკოლის მასწავლებლის დარიუს შემთხვევაში ხდება ("სტუმარი"), მაგრამ ეს ქმედებები თავისთავადი მორალური ღირებულებაა, რომელსაც სიტუაციის აბსურდულობა სულაც არ აკნინებს. კამიუს გმირები ცხოვრობენ მდუმარედ (თუნდაც "მუნჯებ"-ში) – არ ფიქრობენ იმაზე თუ რა არის ბედნიერება, არ ეძებენ ცხოვრების აზრს, არ სვამენ კითხვებს. უბრალოდ, ხანდახან რეალობასა და მათ მიერ ჩადენილ საქციელს შორის შეუსაბამობა აჩენს ხოლმე რაიმე შეკითხვას. მაგრამ ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, სხვა თუ არაფერი bon ton ვერ იქნებოდა.
"გადასახლება და სამეფოს" მოთხრობათა გმირები განსაკუთრებული სულიერი ვნებათაღელვითა და დიდი ემოციებით არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, მათი მიმართებები გარემოსა და ამ გარემოს შემავსებელ საგნებთან საოცრად დამუხტულია. ამ მიმართებების გამო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექსტში გარემოს ქსოვილი ძალიან მჭიდროა - სახელი და ზმნა, საგანი და ქმედება განუწყვეტელ ინტენსიურ ურთიერთობაში არიან. ზოგან ეს ინტენსიურობა იმდენად მძაფრია, რომ გარემო მოთხრობის პერსონაჟადაც კი შიძლება აღიქვა.
ასეთი ტექსტის თარგმნა, დამეთანხმებით, ერთობ ძნელია. მაგრამ, ჩემი აზრით ქართული თარგმანი ამ სირთულეს წარმატებით ძლევს და კამიუს თხრობის დახვეწილ სტილს და მოთხრობათა შინაგან რიტმს კარგად გადმოგვცემს. მკითხველს მხოლოდ ზოგან, ისიც ძალიან იშვიათად თუ შეეშლება ხელი გარემოსა და ადამიანების ურთიერთქმედების ადეკვატურ აღქმაში: მოთხრობაში "მოღალატე ცოლი" ჟანინის სულიერ სამყაროზე გავლენას სწორედ ის სივრცე ახდენს, რომელშიც იგი უეცრად მოხვდება. ზემოქმედება ავტობუსშივე, თავშეხვეულ არაბ მამაკაცებთან გვერდით ყოფნით იწყება და შემდეგ ყოველ ახალ ადგილას მოხვედრისას გმირისათვის დადებითი ან უარყოფითი ემოციების მოგვრით ძლიერდება. არაბი, რომელიც ცოლ-ქმარმა ქალაქის მოედანზე ნახა, შთაბეჭდილებათა ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია: "მოედნის ბოლოდან მათკენ ვიღაც არაბი მოდიოდა. კაცი მაღალი და აღნაგი იყო, ცისფერი მოსასხამი ემოსა და ყვითელი, რბილი წაღები ეცვა. ხელთათმანები ემოსა და მზედაკრულ, არწივისებურ სახეზე ამაყი და გამომწვევი მზერა დასთამაშებდა". ამ კაცის მიმართ რამოდენიმე წინადადების შემდეგ ზმნა მოიზლაზნებოდას (გვ.24) ხმარება ამაყი არაბის აღქმის ეფექტს აშკარად ანელებს. მოთხრობისათვის გადამწყვეტია ჟანინისა და გალავანს იქით მდებარე სივრცის პირველი შეხვედრა. ცოლ-ქმარს შორის არსებული სულიერი გაუცხოება ამ მომენტში კულმინაციას აღწევს: "გალავანზე გადაზნექილი ჟანინი თვალს ვერ აშორებდა მის წინ გადაჭიმულ სიცარიელეს. გვერდით მარსელი ფუსფუსებდა. მას სციოდა და ქვევით ჩასვლა უნდოდა." (გვ. 26.) მარსელი გალავანზე ალბათ მოუსვენრად იდგა. მართალია ფუსფუსი ქართულ ენაში მოუსვენარ მოძრაობას აღნიშნავს, მაგრამ ეს სიტყვა მაინც რაიმე საქმის კეთებასთან, ძირითადად კი ოჯახში მოტრიალე დიასახლისებთან ასოცირდება. გალავანზე მდგომი მარსელი ვერანაირი საქმით ვერ დაკავდებოდა. ჩემი აზრით, მისი მოქმედების გამოსახატავად ზმნა წრიალი ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა და სრულიად უადგილოდ სახლში მოფუსფუსე დიასახლისებთან ასოციაციებს არ გაგვიჩენდა. წამების საშინელების ოდნავ პაროდირებულ, მაგრამ ამავე დროს საოცრად იმპრესიულად დახატულ სცენას მოთხრობაში "რენეგატი" სიტყვა ვაი-ვიში (გვ.48) ნამდვილად არ უხდება. როცა ასე გაწამებენ, შეიძლება ღრიალებდე, ყვიროდე, ხაოდე, მაგრამ არა ვაი-ვიშობდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტში ამგვარი სემანტიკური უზუსტობები მინიმალურია.
P.S. დაბოლოს, სიტყვების არე და ფერნანდა ნათესაობით ბრუნვაში არესა და ფერნანდის-ად მოხსენიება ალბათ კორექტურულ უზუსტობას უნდა დავაბრალოთ. გამოტოვებული და შეცდომით დაბეჭდილი ასოები სხვა ადგილებშიც გვხვდება. რას იზამ, სამწუხაროდ, მე ჯერ არ შემხვედრია ისეთი ქართული გამომცემლობა, რომლის მიერ გამოცემულ ტექსტებში კორექტურული შეცდომები არ გაპარულიყოს.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: