Sunday, May 23, 2010

დიანა ვაჩნაძე - ნატა ანუ ახალი ჟიული

მარსიანი
ანდროგინში გაერთიანებისაკენ
დიანა ვაჩნაძე. ნატა ანუ ახალი ჟიული. ყდის დიზაინი მართა თაბუკაშვილი. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2003.

დიანა ვაჩნაძის რომანი "ნატა ანუ ახალი ჟიული", გაგრძელებებით რომ იბეჭდებოდა გაზეთ "ალტერნატივაში" და სხვადასხვა კრიტიკოსების რეცენზიებიც ახლდა ბეჭდვის პროცესში, წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა. წიგნი იხსნება შოთა იათაშვილის წინათქმით, სადაც განმარტებულია, თუ რატომ ერთვის წიგნს ბოლოში კრიტიკული ტექსტები ნაირა გელაშვილის, გია ბენიძის, თამარ კოტრიკაძის, ხათუნა ხაბულიანის, ნუგზარ მუზაშვილის და ლევან ბრეგაძისა; და რატომ არ ერთვის გიორგი გვახარიას ტექსტი (რადიო "თავისუფლების" ეთერში წარმოთქმული), რომელიც თურმე ფიზიკურად ვერ მოიძებნა; საინტერესოა ავტორის (დიანას) მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს კრიტიკული ტექსტები უკვე რომანის შემადგენელი ნაწილებია, რადგან რომანის თხზვის პროცესში ისინი გავლენას ახდენდნენ ავტორზე. რეცენზენტთაგან ერთი (ხათუნა ხაბულიანი) უკვე იქცა რომანის პერსონაჟად; შესაძლოა დანარჩენებსაც, რომანის თანაავტორებად მიჩნეულ რეცენზენტებსაც იგივე ბედი ეწიოთ და მომავალში (თუ რომანი გაგრძელდება, როგორც წინათქმაშია ნავარაუდევი), ეს "თანაავტორებიც" პერსონაჟების ამპლუაში მოგვევლინონ; არაა გამორიცხული, რომ თანაავტორთა თუ პოტენციურ პერსონაჟთა ამ გუნდში ურთიერთდაპირისპირებებმაც კი იჩინოს თავი: მაგალითად, რაკი თქვენი მონა-მორჩილი, წინამდებარე სტატიის ავტორი მოელის, რომ სამომავლოდ რომანის ახალ, შევსებულ-გაზრდილ გამოცემაში მისი სახელიც ("მარსიანი") გაიჟღერებს, ანუ წინამდებარე სტატიასაც მიიერთებს რომანი, ალბათ გარდაუვალია ამ აქტთან დაკავშირებული კონფლიქტიც, რაკი მარსიანი და რომანის ერთ-ერთი რეცენზენტი გია ბენიძე ვერ არიან ერთმანეთთან იდეალურ თანხმობაში (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სულაც დანასისხლად არიან ერთმანეთთან); ყურადღება მიაქციეთ, ამ სიტყვების წერისას უთუოდ მოქმედებს მაპროვოცირებელი იმპულსი: იქნებ მომავალში თვით რომანის ავტორსაც, დიანა ვაჩნაძესაც შეექმნას მსგავსი პრობლემა, ვთქვათ, საავტორო უფლება გაუხდეს სადავო, რაკი მადა ჭამაში მოდის და ამდენი თანდართული ტექსტის (რომანის თავში იქნება თუ ბოლოში) ავტორთა, ანუ "თანაავტორთა" შორის, ვინ იცის, ტახტის მაძიებელიც ურევია...
რომანი რომ პოსტმოდერნული ტექნიკითაა დაწერილი (უფრო სწორად, იწერება), უკვე ერთი-ორჯერ აღინიშნა რეცენზიებში. ეს ტექნიკა სულ ახალ-ახალ მეტასტაზებს ავლენს და თუნდაც "დაუკრეფავში გადასვლაზე" არ იტყვის უარს. "თანაავტორთა" შორის ჟან ბოდრიარიც უნდა დავასახელოთ, რაკი მისი ესეი "დევნა ვენეციაში" რომანის ტექსტშია ჩართული; ვფიქრობ ამით არამარტო კიდევ ერთი პოსტმოდერნული სვლა, არამედ საერთოდ პოსტმოდერნზე პაროდიაც განხორციელდა; დიანას "ქალური მიმღებლობის" ამბავი რომ ვიცით, ანუ ის, რომ მის ტექსტთან ყოველი შეხება ამ ტექსტში "ჩაფლობას" ნიშნავს, სავარაუდოა, იგი (დიანა) რომანთან მიმართებაში უდავოდ უმაღლესი ინსტანცია არც აღმოჩნდეს. "თანაავტორთა" გუნდი წარმოდგენილია როგორც მამრი, ასევე მდედრი სუბიექტებით, მათ შორის გარკვეული ბალანსიც უნდა არსებობდეს, როგორც წიგნის გმირებს - ნატას და ლეოს შორის. სასწორის პინა დროდადრო ერთ რომელიმე მხარეზე შეიძლება გადაიხაროს, მაგრამ მდედრობით და მამრობით ინგრედიენტთა სინთეზირება და ანდროგინიზაციაც მოსალოდნელია.
ყოველივე ამისგან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიყვანოთ: ავტორის მიერ შერჩეული ფორმა ნაწარმოებისა იმდენად მოქნილი, ელასტიური გამოდგა, რომ მართლაც უსასრულო პერსპექტივას ქმნის, გადასწვდეს სრულიად სხვადასხვა განზომილებებსა თუ პლასტებს, პრინციპულად დაუმთავრებელი იყოს და ნებისმიერი სახის "საკვები" მოინელოს, ანუ უაღრესად ჰეტეროგენული მასალისაგან სულ ახალი და ახალი კონფიგურაციები აწარმოოს. ეს არის ერთგვარი რომანი-ლაბირინთი, სადაც ავტორი თავისთავს "ეკარგება" და რაღაც გაგებით "ქრება", რათა ისევ (არაერთგზის) აღმოაჩინოს თავისთავი სულ სხვა განზომილებასა თუ რაკურსში; რომანში "ქვათა მიმოფანტვისა" და "ქვათა შეკრების" სინქრონული პროცესი მიდის, აქ ყოველივე ქუცმაცდება, იშლება და იმავდროულად რაღაც ახალ სტრუქტურაში ერთიანდება; პერსონაჟები თითქოს მრავალგზის "იბადებიან" და "გარდაიცვლებიან", ანუ რომანის გამუდმებით ლავირებადი, წყლის მსგავსად ნებისმიერ "ჭურჭელში" მოქცევის უნარის მქონე ფორმა პერსონაჟებსაც თავის ნებაზე უცვლის სულიერ ჰაბიტუსს (სხვათაშორის, ფიზიკური ჰაბიტუსით არც არიან ეს პერსონაჟები ავტორის მიერ დახატული, თუ რომანის ეპიგრაფში, ქართულ ხალხურ ლექსში აღწერილ სატრფოს პორტრეტს არ მივიჩნევთ რომანის ქალ-პერსონაჟის გარეგნობაზე ირიბულ მინიშნებად). თუ უკიდურესობამდე მივიყვანთ ამ აზრს, იქნებ რომანის მთავარი პერსონაჟი თვით ეს ფორმაა, "ნატალეო" სუბსტანციით ნაქსოვი ფორმა, ხოლო როცა პერსონაჟებზე ვმსჯელობთ კონკრეტულად, ამით ფორმის ცალკეულ შემადგენელ ინგრედიენტებზე ვაკეთებთ რეფლექსირებას...
რომანის ბოლოს დართულ ერთ რეცენზიაში, რომელსაც გია ბენიძე აწერს ხელს, ლაპარაკია თავისებურ ლიტერატურულ ნევროზზე, რომელიც კრიტიკოსს თავის სტიქიადაც ესახება და ამ პუნქტში ავტორთან სულიერ თანაზიარობაზე მიუთითებს. აქ შეიძლება დავამატოთ, რომ სწორედ ეს ნევროზული აურა გახლავთ ზემოთ ნახსენები ჰეტეროგენული მასალის ერთ ფორმაში თავმომყრელი იმპულსის წყარო. და, რასაკვირველია, ამ მასალაში უპირველეს ყოვლისა ენა იგულისხმება: "ნატა ანუ ახალი ჟიული"-ს ენა სტილური თვალსაზრისით საკმაოდ ჭრელია: ლეოს მეცნიერულ ტერმინოლოგიაზე აქცენტირებული მეტყველება თავისი პალინდრომ-კალამბურებითა და ინტელექტუალური შაყირით; ნატას მიდრეკილება ძველქართული, ამაღლებული სტილისაკენ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცის დასაწყისის პრეტენციოზულ, მაღალ-დაბალი სტილის აღმრევ, ბარბარიზმებით (რუსიზმებით) დანაგვიანებული მეტყველებისაკენ ლტოლვასაც მოიცავს და ორივეს პაროდირებადაც წარმოგვიდგება: "რეტროს" სტილში წარმოდგენილი ადრეული ჩანაწერები შეყვარებულთა სიზმრებისა თუ წერილებისა, სადაც ჯერ კიდევ არ არის შეჭრილი პაროდიის შხამიანი ბაცილა და რომანტიკულ-სენტიმენტალურ წიაღსვლებს ყავლი არ გასვლია; შემდეგ "ნიუ-იორკული დღიური" ნატასი და ლეოს მხატვრული ოპუსები, სადაც ხდება "ფორმის პოვნა", ანუ უკანასკნელ დროს ქართულ ახალგაზრდულ პროზაში ფართოდ მოდებული და ხშირ შემთხვევაში თვითმიზნურად ეკლექტური ენისგან, სტილური სიჭრელისგან გამიჯვნა; "ნატა, ანუ ახალი ჟიულის" ფორმა ამ მოდური ტენდენციის პაროდიადაც შეიძლება მივიღოთ, რადგან იგი იმდენად ლაღი და მოწაფური პედანტურობისაგან თავისუფალია, რომ უდავოდ გულისხმობს გარკვეული "სკოლის" გამოცდილებას და ამ გამოცდილების ფარგლებიდან გასვლას.
ნატას და ლეოს "შორით დაგვა" ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ რაკი მათი მიმოწერა უკვე ცალკე წიგნად, რომანის სახით დაისტამბა, შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც ეტაპი უკვე განვლილია, ქალ-ვაჟმა, მათივე თქმით, "ფორმას მიაგნო" და ეს ფორმა ნაყოფიერი აღმოჩნდა მათი ურთიერთობის სულ უფრო მზარდი "სპირიტუალიზაციისათვის": სექს-შოპში ნაყიდი ერთი პიკანტური ნივთი ლეოს ფალოსის ქანდაკებად, ძეგლად რომ "აღმართა" ნატამ (ფალოსის ქანდაკება ნაყოფიერების სიმბოლოა მითოსურ ცნობიერებაში), ამგვარი პაროდიული კულტივირებით მის ფსიქიკაში მოიხსნა ხორციელ ეროტიკაზე ემოციური მიჯაჭვულობის მტანჯველი განცდა და სხვა სივრცეები თუ სიღრმეები წარმოჩნდა; სინტიას სახის შემოყვანით ტექსტი თავისებურ მისტიკურ განზომილებას იძენს: სინტია ნატასთვის ხდება ერთგვარი "სუპერ-ეგო" და მის კვალში ჩადგომით, ჩუმად ფოტოსურათების გადაღებით ნატა თავისთავს უდგება კვალში, საკუთარი შინაგანი არსებისაკენ იღებს გეზს. როგორც ვთქვით, ტექსტში ჩართულია ჟან ბოდრიარის ფილოსოფიური ესეი "დევნა ვენეციაში", რომელშიც ამგვარი "კვალში ჩადგომის" ფსიქოლოგიური მექანიზმია გაანალიზებული. რომანის ბოლოს, ლეოს მიერ შეთხზული ლიტერატურული ოპუსის მიხედვით ნატა არსებითად იდენტიფიცირდება სინტიასთან, რომელიც ჩემს აღქმაში ერთგვარ ეთერულ ანდროგინად წარმოსდგება. ლეო ამგვარ ნატას ქმნის თავისი წარმოსახვით, თან სახელსაც უცვლის ("რიტას" არქმევს), როგორც უკვე საკუთარი თხზულების პერსონაჟს; და ეს ნატა-სინტია-რიტა უკვე ლეოს "ალტერ-ეგო" თუ "სუპერ-ეგო"-ც ხდება, ეს კი ნიშნავს, რომ საკუთარ ფალოსზე მედიტაციით "თვითკასტრირებული" ლეო და იმავ ფალოსის ძეგლად აღმმართველი და ამით ლიბიდოსგან "თავდახსნილი" ნატა ვინძლო სინტია-ანდროგინში გაერთიანდნენ, ერთსულ და ერთხორც იქმნენ ოდესმე...
4.VI. 2003

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: