Saturday, May 15, 2010

ლაშა ბუღაძე - კარიკატურისტი


სატირიდან იდეურ სიბერწემდე

ტარიელ უნაფქოშვილი

ლაშა ბუღაძე, კარიკატურისტი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.


ლაშა ბუღაძეს თავის შემოქმედებაში საბაბი თუ მიეცა, ყოველთვის სიხარულით ატრიზავებს სასულიერო პირებსა და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ახალმიქცეულ ადამიანებს. საბაბის პოვნა კი იოლია - ლაშა ბუღაძე თხზავს, თხზვაში თავისუფალია და საიდანაც უნდა, იქიდან გამოაძვრენს გასამასხრებელ პერსონაჟსა თუ სიტუაციას.
ლაშა ბუღაძის მღვდლები აკურთხებენ დისკოთეკებს (რომანი ”ბოლო ზარი”); მრევლის წევრებად ჰყავთ ნარკომანები, რომელთა სულში არავითარი ძვრა არ ხდება (ამდენად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უნაყოფოა ამ უკანასკნელისათვის); ლაშა ბუღაძე იჩხრიკება მისი იმ პერსონაჟების ინტიმურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი (მოთხრობა ”პირველი რუსი”). აშკარაა მწერლის სატირული დამოკიდებულება ქართველთა გამოღვიძებული სულიერებისადმი. ეს მიმართება ლაშა ბუღაძემ უფრო დახვეწა თავის ბოლო რომანში ”კარიკატურისტი”.
თბილისში ზედიზედ კლავენ სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს: მინისტრს, თეატრის რეჟისორს, გენერალს, მომღერალს, საქართველოს ელჩს რუსეთში. საქმეს იძიებს პროკურატურის ხუთი რგოლი. რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მეოთხე რგოლის წევრია. ძიება დიდმარხვისას მიმდინარეობს. გვესმის, რომ მხატვრული შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისთვის დაჭირდა ავტორს, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი რამ - ძალისხმევა მკვლელების მისაგნებად, როგორც პროფესიული ვალდებულება და მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლების, უფალთან მიახლოების, ცოდვათაგან განწმენდის, ლოცვისა და სინანულისათვის გამიზნული მცდელობა?
სწორედ იმისთვის, რომ მკითხველი დააეჭვოს მარხვის მნიშვნელობაში თანამედროვე ქართველთათვის, შეაპაროს, რომ ჩვენ გვიჭირს, ფაქტიურად, არ შეგვიძლია შევუდგეთ ჭეშმარიტ რწმენას, ამაოა ჩვენი ძალისხმევა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს. ეს ყველაფერი - მარხვის მნიშვნელობაში დაეჭვების გარდა - შეიძლება ითქვას თანაგრძნობით, გულისტკივილით, გამხნევებით... მაგრამ არა - ლაშა ბუღაძე სხვა გზას ირჩევს: ის იცინის, მეტიც, დასცინის, და ცდილობს, მკითხველიც თავის მხარეს გადმოიყვანოს.
ვნახოთ, როგორ ცდილობს ამას ავტორი: გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მარხულობს. ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე. ჰყავს ცოლი ნინო. შვილი არ ჰყავთ. ცოლი ე.წ. სულის მეცნიერებით არის გატაცებული. ლექციებს ესწრება, კავშირი აქვს შვეიცარიაში მცხოვრებ ამ დარგის ”ექსპერტთან”. ცოლ-ქმარს უშვილობა აფიქრებს. მარხვის დროს გიორგი სამარხვო კერძებს მიირთმევს (თუმცა, ჩანს, რომ ყელში ამოსდის) და თავს იკავებს ცოლთან ცხოვრებისაგან. ნინო ამას გაგებით ეკიდება. ისედაც, ცოტა უნდილი და უვნებო ქალია. გამოძიება წინ ვერ მიდის, გიორგი ნერვიულობს. მიაჩნია, რომ მისი ვერსია (სინამდვილეში მცდარი) არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამას არც სხვა იჯერებს და არც წარმატება მოაქვს. გიორგის ფსიქიკა ერღვევა და ფსიქოლოგს მიაკითხავს. ის ჰიპნოზის სეანსს უტარებს და ჰიპნოზის დროს, ავტორის, ანუ ლაშა ბუღაძის აზრით, მარხვისას შეკავებული ვნება პერსონაჟის სიზმარში ამოხეთქავს: გიორგის ესიზმრება, რომ ორალური სექსი აქვს 40-ანი წლების ქართველ კომუნისტ ქალთან, რომელიც ამავე დროს (სექსის დროს!) სიყვარულს უხსნის.
როცა ვაცხადებთ, რომ ლაშა ბუღაძემ ამ რომანში უფრო დახვეწა სატირული დამოკიდებულება რელიგიური ცხოვრებისადმი, ვგულისხმობთ ცინიზმთან მომიჯნავე ამ სატირის შებურვას სხვადასხვა ეპიზოდში. მარხვა სულიერი შრომაა, რომელიც სულიერ მოძღვართან ურთიერთობით, მონანიებითა და აღსარებით უნდა წარიმართოს. დიდმარხვის დროს გიორგის მოძღვარს განკვეთენ. ამდენად, შეგვიძლია ახალგაზრდა გამომძიებლის სულიერი არამდგრადობა და შფოთი სწორედ უმოძღვროდ დარჩენით ავხსნათ. ბოლოში აღმოჩნდება, რომ გიორგის სულიერი მამა, ავთანდილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა სწორედ იმ მკვლელობებში, რომელთაც პროკურატურა იძიებდა. ხოლო განკვეთეს მამა ავთანდილი იმის გამო, რომ ეკლესიამ პროკურატურაზე ადრე იცოდა ამ მკვლელობათა ამბავი. ავტორს ალბათ, ჰგონია, რომ აქ ირონიის მწვერვალზეა, რადგან სამართალდამცავთა ხუთ ბრიგადას საქართველოს საპატრიარქო აღემატა დანაშაულის შეტყობაში დასწრებით. ბუღაძე უკან იხევს, საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ წიაღს განაწმენდინებს მკვლელთაგან და პროკურატურასთანაც ათანამშრომლებს მკვლელთა შესაპყრობად. მაგრამ მთავარი ”კარიკატურისტში” სასულიერო პირთა სახეები კი არ არის, არამედ საერო პირთა რელიგიურობის გაშარჟება.
რომანს არ ჰყავს არც ერთი პერსონაჟი - სამოქალაქო პირი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით იქნებოდა შემოსილი. არადა, მთელი ინტრიგა მსუბუქად არის გაჯერებული რელიგიური მოტივებით. რწმენაზე თავს დებენ მკვლელები (მღვდლები და მათი სულიერი შვილები), სადისტები (გენერალური პროკურორის ზედამხედველობით აწამებენ უდანაშაულო კაცს, რის შემდეგაც პროკურორი მობილურიდან VIP ადრესატებს მილოცვას უგზავნის: ქრისტე აღსდგა); მორწმუნეობას ასახიერებენ ფარისევლები - რომანის დასაწყისში მოკლული მინისტრი უოპერატოროდ ეკლესიაში არ მიდის. მარხვას ინახავენ მრუშები (დიდმარხვის შემდეგ პირველი, რასაც პროკურორთა ჯგუფი აკეთებს, აბანოში მიდის მეძავებთან. ეს აბანოს მეძავები ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ტექსტში გადადიან). სულიერი სიმშვიდისათვის მეგობარ მონაზონს აკითხავს ისტერიული ქალი, რომელსაც უსიყვარულობისა და ავი ზნის გამო ქმარი გაექცა (თავის მხრივ, ეს მონაზონი საკუთარ მძღოლს მოლაპარაკე ვირს უწოდებს და სხვა მონაზონთან საუბრისას – თუ არ ეთანხმება – სახეზე შეუფარავი ზიზღი ეხატება. ალბათ, ავტორს სწორედ ასეთი შტრიხების მოფიქრება მიაჩნია საჭიროდ სასულიერო პირის სისხლავსე პორტრეტის დასახატად).
ჩვენ გვგონია, რომ ქართულ მწერლობას აკლია ნამდვილი ქრისტიანი პერსონაჟი. ცხადია, არ ვლაპარაკობთ ახალ აგიოგრაფიაზე, მაგრამ პორნოგრაფიის ელემენტებით ვერ მივუახლოვდებით პერსონაჟს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ თავს ან მოისურვებდა მასთან მსგავსებას პერსონაჟის ქრისტიანული რწმენისა და პიროვნული სიძლიერის გამო. ”კარიკატურისტის” ავტორს, ჩანს, სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს წესიერად და უღმერთოდ, არ მოსწონდეს სხვისი არაგულწრფელობა რწმენაში და ეს კრიტიციზმი ამართლებდეს მას. რწმენის, ეკლესიის წესების მიხედვით ცხოვრებისა და სამოქალაქო ყოფის შეთავსების ძალისხმევა სიგიჟეა და სიგიჟე მოაქვს - აი, რა იკითხება ”კარიკატურისტის” პერსონაჟის, გიორგი ნოზაძის ბედიდან. ეკლესია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ განა მორწმუნე მოქალაქეთა ასეთი გზააბნეულობა, მრევლის წიაღში მხოლოდ ფარისევლების, მკვლელების, ფანატიკოსების, მრუშების, დაბოღმილი და შერყეული ფსიქიკის ადამიანთა თავმოყრა - ეკლესიის სისუსტეზე ლაპარაკს არ ნიშნავს? რა სურს ლაშა ბუღაძეს, გვითხრას: რომ საქართველოში მოქმედი ყველაზე სანდო, სულიერად ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია სინამდვილეში ვერ წარმართავს თავისი მრევლის წევრთა სულიერ ცხოვრებას? თუ კიდევ უარესი, ისე და იქით წარმართავს, სადაც ბუღაძის გმირები მოქმედებენ?
არა მხოლოდ ქრისტიანები – ნამდვილი ლაშა ბუღაძესთან არც არავინაა. ვითომ მასონური რიტუალები, კუს ტბის მიდამოებში რომ ტარდება, ისეთი კარიკატურულია, კარგად ვერც ხვდები – მასონებსაც აშარჟებს ავტორი თუ მისმა ფანტაზიამ ვერ წარმოსახა უკეთესი სურათი, ვიდრე ეს “ფართოდ დახუჭული თვალების” ცნობილი ეპიზოდის მწირი პაროდიაა? ზემოთ ხსენებული სულის მეცნიერებიც უფრო აფერისტებს ჰგვანან. ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტყვა კარიკატურისტი წიგნის ყდას სათაურის კი არა, ავტორის გვარ-სახელის ადგილას უნდა ეწეროს – იმდენად მსუბუქი (ამ კონტექსტში კარგს არ ნიშნავს), ზედაპირული მონასმებითაა “დაფერილი” მთელი რომანი, იმდენად დაუხვეწავი და გამიზნულად დამახინჯებულია პერსონაჟთა სახეები. ჩვენი აზრით, ამ რომანის სულ ცოტა, ერთი მოტივი - მარხვა - რბილად რომ ვთქვათ, არ იმსახურებს ასე დამუშავებას. ქრისტიანული ეკლესიის წესი, რომლის მიზანია მწედ ეყოს ქრისტიან ადამიანში სულიერ და ზნეობრივ მისწრაფებათა ბატონობას ხორციელ ვნებებზე, არ არის მართებული მკითხველის გასართობ თემად იქცეს და პერსონაჟის ამგვარ “შინაგან მონოლოგამდე” დახურდავდეს: “სულ ტყუილად უჭამია მთელი ორმოცი დღის განმავლობაში სოიოს კატლეტი და მლაშე ნამცხვრები!” სულიერი და პროფესიული ცხოვრების უნაყოფობა ადამიანისთვის დრამაა, ეგებ ტრაგედიაც. ლაშა ბუღაძე კი ამაზე ეპიკურ კარიკატურას ხატავს.
გვესმის, რომ ვერ გამოვდგებით პროზაიკოს ლაშა ბუღაძის ოსტატობის ჯეროვან შემფასებლებად, მაგრამ გვგონია, რომ ლიტერატურა, კაზმული სიტყვა უკეთეს სათქმელს უნდა გვიზიარებდეს, ვიდრე ბუღაძემ გაუზიარა მკითხველს რომანში ”კარიკატურისტი”.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: