Monday, June 7, 2010

თეა თოფურია – ლექსები



* * *

სიყვარული ხანდახან ასეთიც არის,
ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს.
დილით გამოაღებ არაფერია,
შუადღეს გამოაღებ – ისევ არაფერი.
საღამოსაც არაფერი იქნება,
მაგრამ მაინც გამოაღებ,
დგახარ,
უყურებ,
სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი...
არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?!
ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!

* * *

იმ უცნაური ჯვრისწერის შემდეგ
ყოველ ღამე იგივეა:
იკეტება ქალაქის კარი,
აქრობენ შუქს, წევენ ხიდებს,
და ნესტიან ქუჩებში მოძრაობას იწყებენ ჩრდილები,
რომელთაც ადამიანები არ ახლავთ.
გადავდივარ ერთი ფანჯრიდან მეორესთან,
გადავყურებ მოედანს გილიოტინით,
დიდ მდინარეს გავსებულს სისხლით,
და მასხენდება, მარიგებდნენ ბავშვობაში,
ნუ შეიყვარებ საკუთარ თავს,
მას ყოველთვის სხვა ეყვარება.
იმ უცნაური ჯვრისწერის შემდეგ
ყველა ღამე, რომელიც უნდა ყოფილიყო შენი,
ბართლომესია.

* * *

მთელი ხელოვნებაა ბონსაი,
აქციო დიდი პატარად,
ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.
ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,
რომ ვერ მოგეფეროს,
მერე მოაწყურებ,
არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.
წლები უნდა, თორემ ისე,
გამოცდილია,
უსათუოდ გახდება ჯუჯა.
გავა დრო და
გექნება ბაღი ჯუჯა ხეების,
სადაც ბევრმა დაივიწყა,
ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,
როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,
დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,
იმის იქით სიცარიელე...
მორიგი ნერგი ივიწყებს ამას...
მერე კი,
როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,
როცა მოგშივდება, იმდენად რომ წყალსაც შეჭამდი,
როცა მიხვდები,
რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილი
შენ გაიხსენებ,
იმას, რასაც ის ივიწყებდა.

* * *

ვინ იყო ის სტუმარი
ჩვენს ქორწილში რომ მოვიდა
და ღვინო წყლად გადაგვიქცია?
ნაპირები გაიკეთა ამ წყალმა,
ხიდები ჩაიტანა ზღვაში.
შევეჩვიე ზღვაზე სიარულს,
ველოდები,
ლოდინის მერეც კი ველოდები,
იქნებ, ერთი ხიდი მაინც გამოირიყოს ნაპირზე...
გადმოვიდოდი
და იმ ადგილს გიჩვენებდი,
სადაც ეს მდინარე თევზით ხსნილია.


* * *

ძვირფასო, ჩემო,
ადრე უნდა შემხვედროდი.
როცა ჯერ კიდევ ნეკნი ვიყავი,
როცა ჯერ კიდევ ჩაგეტეოდი გულთან.
ახლა რაღა დროსია,
ძვალი ვარ,
ცხოვრებისთვის სახრავად მიგდებული.
არ შემოვეჭამო-მეთქი, ზრდა დავიწყე,
რაღას მოძებნი პატარა ნეკნს სრულყოფილ ჩონჩხში...

ძვირფასო, ჩემო,
საფლავივით ღრმა უნდა იყო,
ამდენი ძვალი რომ ჩაიტიო.
მთელი ძალით უნდა ჩამიკრა გულში,
იქნებ გეცნოს ჩემი სხეულის რაღაც ნაწილი.
მომისინჯო ხერხემალი, მუხლისთავები,
ეს ყველაფერი ერთმა ნეკნმა გამოიბა,
როცა მოხრას, გაქცევას ვსწავლობდი...

ძვირფასო, ჩემო,
იმდენს ვტირი, ასე მგონია,
დაბადებისას რომ ვიტირე, არც გავჩერებულვარ.
რა ატირებთ ბავშვებს,
როცა მათ მშობლებს აძინებენ და
გასისხლიანებულები მუცლიდან ამოჰყავთ?
ეს ატირებთ!
მანამდე მშვიდად, თბილად იყვნენ,
გულისცემას მიყურადებულნი.
მე დღემდე ვტირი,
რადგანაც ერთხელ,
უსაშველოდ დიდი ხნის წინ,
დაგაძინეს და ჩემი თავი ამოგაჭრეს...

ძვირფასო, ჩემო,
დაღამებამდე ორი საათით ადრე,
როცა ძვლები ტკაცუნს წყვეტენ,
მზე კი ისე ჩადის, რომ ვერც ვხედავ,
ვიხსენებ, ოდესღაც,
იმ უსაშველოდ დიდი ხნის წინ,
თბილ, სისხლიან გულთან ვიყავი,
მერე კი, რაღაც მოხდა
და გაღვიძებულს უკვე გაზრდილი გამოგეცხადე.
მას შემდეგ სულ ვტირი
და ვხვდები, რომ ქალებს და ბავშვებს
ტირილისთვის ერთი მიზეზი აქვთ.

ძვირფასო, ჩემო,
რაღა დროსია,
ახლა რაღა აზრი აქვს მკითხაობას,
და სულის ძებნას.
ადრე უნდა შემხვედროდი,
როცა ჯერ კიდევ ნეკნი მერქვა,
როცა ჯერ კიდევ ჩაგეტეოდი გულთან.
ახლა უკვე ის სიცარიელეც შეგიხორცდა
და მეც ხერხემალი გამოვიბი,
თავის ქალა, მუხლის თავები...

ძვირფასო, ჩემო,
სანამ შენ მომაგნებდი,
სანამ შენ გეძინა,
ძვლებად ვიქეცი.

* * *

გზები რომ რუ იყოს
ქალაქამდე არ ჩასული დაიწრიტებოდა.
ეზოებივით რომ იღობებოდეს,
ძაღლი ებას ყველა გზის პირას
ავი და დაგეშილი.
ფეხის ხმაზე გვცნობდნენ
და ვიწროვდებოდნენ,
ან პირდაპირ გვეუბნებოდნენ,
სად მიგვიყვანენ,
ავუშვებდით ფრანებს ზეცაში
და ქაღალდის გველებს
(ცაში გველი უვნებელია,
შხამს ქვაზე ტოვებს)
და აღარ შევიძენდით
ნერვიულ ჩვევას ბოლთის ცემის
ერთი ქვეყნიდან მეორემდე.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:

Dianiko said...

აი, უძალიანმაგრესია... მომწონს დაა აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.