Thursday, April 3, 2008

ახალი წიგნები (მაისი, 2007)

პეტერ ჰანდკე

“კალიუმი” ზამთრისპირა ამბავი

Peter Handke

“Kali” Die Vorwintergeschichte

160 გვ, Suhrkamp

მომღერალი ქალი დამღლელი ტურნეს შემდეგ გადაწყვეტს, განტვირთვისთვის სამოგზაუროდ წავიდეს. ასე აღმოჩნდება ის მეტად უცნაურ ადგილას - იქ, სადაც ნიადაგი კალიუმის მარილებითაა გაჯერებული და, ამიტომ, ზაფხულშიც კი მთების კალთები თოვლივით თეთრია; აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ზამთარია და აქვე ხვდებიან ერთმანეთს სამყაროს ყველაზე უცნაური ბინადრები - “მესამე მსოფლიო ომგადატანილები” - იმ ომისგან გადარჩენილები, რომელიც უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, ფარულად, თუმცა დიდძალი მსხვერპლით. ჰანდკე ქმნის სამყაროს, რომლის გარემოცვაშიც ახერხებს თხრობის სპეციფიკური, ორიგინალური მანერით ჩამოაყალობის საკუთარი შეხედულებები. “ჰანდკეს სამყარო - ის განზომილებაა, რომელში შეღწევაც დღემდე სხვა ვერც ერთმა ავტორმა ვერ გაბედა”, - ასე შეაფასა ციურიხის “ახალმა გაზეთმა” წიგნი.

ნორმან მეილერი

“ციხე-სიმაგრე ტყეში”

The Castle in the Forest

by Norman Mailer

496გვ, Little, Brown

მომხიბვლელი, ჭკვიანი და დახვეწილი დიტერი ხომალდზე ელიტარული სერვისით სარგებლობს, მაგრამ სრული კომფორტისთვის მას სულ სხვა რამ სჭირდება - არცაა გასაკვირი, დიტერი ხომ თვით სატანაა. თავისი განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იგი გამოსავალს პოულობს - წერას იწყებს, თანმიმდევრულად გვიყვება, თუ როგორ შექმნა ადოლფ შიკლგრუბერისგან მიზანთროპი და შეუბრალებელი ფიურერი - ჰიტლერი. ნორმან მეილერის წიგნი ეშმაკეული ბუნების თვისებრივი კვლევაა, მწერალი გვაჯერებს, რომ “ბოროტებად” და “ცუდებად” არ იბადებიან; როდესაც ახალშობილი ქვეყანას ევლინება, მას არ დაჰყვება მოძალადისა და მკვლელის უნარები. ამ თვისებებს იგი მშობლების ზეგავლენისგან, გარემოსგან და სხვა ფაქტორებისგან იძენს.

ფილიპ დელერმი

“არენბერგის ღრმული და სპორტისგან მიღებული სხვა სიამოვნებანი”

La tranchée d'Arenberg et autres voluptés sportives

Philippe Delerm

110გვ, Panama

აქამდე, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლიათ თავში, აღმოგეჩინათ რამე ელეგანტური და მიმზიდველი ჩოგბურთის ფეხსაცმელების წყვილში, კორპის ბურთებსა ან სავარჯიშო სპორტულ ტანსაცმელებში; არც არასდროს გიფიქრიათ, რომ სპორტი მთელი თავისი არსით შეიძლება ესთეტიური ტკბობის ერთ-ერთი საშუალება იყოს და “სპორტული კულტურა” არსებობდეს... მაშინ, დროა, ახალი განცდებისთვის მოემზადოთ და ფილიპ დელერმის ბოლოდროინდელ ტექსტებს გადაავოთ თვალი. წიგნი მხოლოდ დელერმისთვის დამახასიათებელი ენითა და მანერულობით გამოირჩევა, მას სრულყოფილებამდე აჰყავს სპორტი, თანაც ამ ყველაფერს გამჭვირვალეობის, მსუბუქი იუმორისა და პატარა, კეთილი თავგადასავლების ფონზე ახერხებს.

დერეკ უელკოტი

რჩეული ლექსები

Selected Poems

by Derek Walcott

400გვ, Faber

ლექსების ახალმა კრებულმა კიდევ ერთხელ დაასტურა, რომ დერეკ უოლკოტი ტყუილად არ არის აღიარებული “ფორმების ოსტატად”. მეოცე საუკუნის ინგლისურენოვანი პოეზია ავტორების არც თუ ისე მცირე რიცხვს ითვლის, მაგრამ მხოლოდ ცოტამ თუ შეძლო, შეწინააღმდეგებოდა მიღებული და ათასგზის გადაღეჭილი კონვენციების დინებას, გადაელახა თვითდამკვიდრების სურვილი, ექცია ცხოვრება პოეზიის ექოდ და არა - პირიქით. სენტ-ლუისელი პოეტი 1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია.

ჰენრი ჯეიმსის წერილების სრული კრებული, I და II ტომი, 1855-1872.

The Complete Letters of Henry James Volumes 1 & 2: 1855-1872

391გვ/524გვ, University of Nebraska Press.

25 წლის ჰენრი ჯეიმსმა ამერიკიდან ლივერპულში სრულიად მარტომ ჩააღწია. ოკეანის გადალახვის შიშსა და ნერვიულობას შეიძლებოდა სხვა ნებისმიერზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა, მაგრამ ჯეიმსის შემთხვევაში ჭკვიან, დაკვირვებულ ახალგაზრდასთან გვაქვს საქმე - იგი წერილების წერას იწყებს. ავტორი თხრობისას ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს ზუსტ ფაქტებსა და ფანტაზიის ნაყოფს, ლიტერატურულ ენას და ჟარგონებს. მისი პროდუქტიულობა კოლოსალურია - როდესაც რედაქტორებმა წერილებს სრულად მოუყარეს თავი, აღმოჩნდა, რომ მათი გადანაწილება 140 წიგნად შეიძლება. თქვენ წინაშე ტომეულის პირველი ორი ნაწილია, რედაქტორები ჯერ არ რისკავენ იმ თარიღის ზუსტად დასახელებას, როცა წერილების 140-ვე ტომის გამოცემა დასრულდება.

“იგი პოპი: გაიხსენი და სისხლი გამოუშვი”

პოლ ტრინკა

Iggy Pop: Open Up and Bleed

by Paul Trynka

431გვ, Sphere

რისი ბრალია იგი პოპის ბოლო წარუმატებლობა, ან რატომ ვერ აუწყო ფეხი ერთ დროს რეიტინგულმა მომღერალმა თანამდეროვე მუსიკალურ ტენდენციებს? იქნებ ასაკმა იმოქმედა? - პოპს ხომ მალე 60 წელი უსრულდება... - მსგავს შეკითხვებზე პოლ ტრინკა ზუსტ პასუხებს ვერ იძლევა, სამაგიეროდ, იგი თავს უყრის ამ არაპროგნოზირებადი არტისტის ქაოტური ცხოვრების ისტორიებს და ერთ წიგნში აერთიანებს ყველა გარყვნილებასა და ამორალურ საქციელს, რომელთა წარმოდგენაც კი შესაძლებელია როკის ისტორიაში: მცირეწლოვანთა გარყვნა, ნარკოტიკებით ბოროტად სარგებლობა, ძალადობა, ჰომოსექსუალისმი. წიგნი ასევე შეიცავს ილუსტრაციებს, სადაც მომღერლის სხვადასხვა ეპატაჟური სურათის გარდა ადრეული საარქივო მასალებიც არის.

© ”ცხელი შოკოლადი”

No comments: