Saturday, April 5, 2008

ახალი ამბები (მაისი, 2007)

ჰემინგუეი და დიტრიხი - ერთი ნახვით შეყვარება

ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის და გერმანელი მსახიობის, მარლენ დიტრიხის რომანტიული ურთიერთობების ისტორია ახლა უკვე ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი. ბოსტონში, პრეზიდენტ კენედის ბიბლიოთიეკაში, გამოფენა გაიხსნა, რომელიც სწორედ ამ გამორჩეულ წყვილს მიეძღვნა. მალე წიგნად გამოიცემა წერილებიც, რომლებიც 12 წლიანი მიმოწერის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა. ერნესტი და მარლენი ერთმანეთს 1934 წელს ფრანგულ ლაინერზე, “ილ დე ფრანს”-ზე, შეხვდნენ. ჰემინგუეი პარიზის გავლით აფრიკაში ბრუნდებოდა, მარლენი კი ჰოლივუდს მიემგზავრებოდა - იგი ნათესავების მოსანახულებლად იყო ჩასული სამშობლოშო, რაც მისი უკანასკნელი ვიზიტიც აღმოჩნდა ფაშისტურ გერმანიაში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, თუმცა, შეყვარებულებს შორის მიმოწერა მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწყო, როცა ერნესტი - 50-ის, ხოლო მარლენი 47 წლის გახდა, და მწერლის თვითმკვლელობამდე - 1961 წლამდე გაგრძელდა. როგორც ამბობენ, ჰემინგუეისა და დიტრიხს შორის ინტიმური კავშირი არ ყოფილა.

ლიტერატურული პრემია საზოგადოებრივი აქტიურობისთვის

გორ ვიდალი წიგნის მაღაზიათა ქსელის, “ბორდერსისლიტერატურული პრემიის პირველ მფლობელი გახდა. ჯილდო ფულად პრემიას არ მოიცავს და იმ ამერიკელი მწერლებისათვისაა დაწესებული, რომელთა ნაწარმოებებიც კრიტიკოსების მიერ დადებითად არის შეფასებული, ორიგინალობით გამოირჩევა და მკითხველს დამაჯერებლად გადასცემს ადამიანური ბუნების სხვადასხვა მხარეს. “ნაწარმოებების სიღრმისეულობა და ფართო მასშტაბები, გამოხატვის სითამამე, მაშინ, როცა ჩვენს ეპოქაში დიდი რისკია თავისუფალი სიტყვის თქმა; ცხოვრების დიდი ნაწილი დამოკრატიის, სამართლიანობის დაცვაში - ყველაფერი ერთად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ ჯილდოს ღირსეულ მფლობელად გორ ვიდალი დაგვესახელებინა,” - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფმა. 81 წლის ვიდალი ცნობილია რომანებით “ხმაური”, “ლინკოლნი,” “მირა ბრეკენრიჯი”, ასევე თავისი უკომპრომისო და მოურიდებელი კომენტარებით სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებზე.

რუსეთი ბელა ახმადულინას იუბილეს აღნიშნავს

ბელა ახმადულინას 10 აპრილს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად პოეტესას ლექსები რუსული ლიტერატურის ოქროს ფონდში იქნა შეტანილი, თავად ბელას კი “პოეზიის დედოფალი” უწოდეს. ახმადულინა გააკვირვა და გაახარა მის მიმართ ასეთმა ყურადღებამ, თვითონ თავი არასოდეს ჩაუთვლია ასეთ ცნობილ და გამორჩეულ ფიგურად, ის კი არა და, მისი ვარაუდით, ეს საიუბილეო თარიღი არც უნდა შემდგარიყო პოეტის ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში, 80-იან წლებში ბელა თვლიდა, რომ ის უკვე ვეღარც ახალი წიგნების გამოცემას შეძლებდა და ვერც შემოქმედებით საღამოებს ჩაატარებდა. მისი ქმარი, ფოტოგრაფი ბორის მესერერიც, ამავე აზრზეა: “ვერავინ იფიქრებდა, რომ ამდენი დევნისა და შეურაცხყოფის შემდეგ ასეთ დღესასწაულებს მოვესწრებოდით, მაგრამ რახან ეს მოხდა, უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის”.

ვინ გახდება 2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი

ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე წარდგენილი 15 მწერალი ჟიურის ვერდიქტს ელოდება. ნომინანტების სია უკვე გამოცხადდა. მარგარეტ ეტვუდი, იან მაკიუენი, დორის ლესინგი, ჯონ ბენვილი, კარლოს ფუენტესი, მიშელ ტურნიე, ფილიპ როტი, დონ დელილო, მაიკლ ონდაჩე, ელის მონრო, ამოს ოზი - ისრაელიდან და ჩინუა აჩებე - ნიგერიიდან. ერთ-ერთი მათგანი ლიტერატუტულ გვირგვინს მოირგებს და საპრიზო ფონდს - 60 ათას ფუნტ-სტერლინგსაც მიიღებს. ბუკერის საერთაშორისო პრემია 2004 წელს დაარსდა. ბრიტანული ბუკერისგან განსხვავებით, დაჯილდოება წელიწადში ორჯერ ტარდება; ჯილდოვდებიან ინგლისურ ენაზე თარგმნილი ავტორები შემოქმედებისთვის და არა კონკრეტული რომანისთვის. 2007 წლის ლაურეატის ვინაობა ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ფრანგული ჯილდო სამხრეთ აფრიკელს

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ნადინ გორდიმერი, რომლიც ცნობილია თავისი ნაწარმოებებით რასობრივი იზოლაციის სისასტიკესა და ვანდალიზმზე, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სამხრეთ აფრიკელთაგანი გახდა, რომელმაც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. გორდიმერის დაჯილდოების ცერემონიალი პრეტორიაში შედგა, სამხრეთ აფრიკაში საფრანგეთის ელჩის - დენის პიეტონის სახლში. პიეტონის თქმით, საფრანგეთმა პატივისცემა და მოწიწება გამოხატა მწერლის მიმართ, რომლის ღვაწლიც ძალიან დიდია მსოფლიოს წინაშე. 83 წლის გორდიმერი გაეროს განვითარების პროგრამის მისიონერია. მისი რამდენიმე რომანი ერთ ხანს სამხრეთ აფრიკაში აკრძალული იყო, თუმცა კი 1991 წელს მწერალს ნობელის პრემია მიანიჭეს. გორდიმერი ცნობილია წიგნებით “სიცრუის დღეები”, “ივლისის ადამიანები” და “გარემოს დამცველი”.

ევროპაში მთარგმნელებს წაახალისებენ

გერმანელი ბარბარა ქლაინერი 2007 წლის საუკეთესო ევროპელი მთარგმნელის ჯილდოს მიიღებს. ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის (EÜK) ჟიურიმ 55 წლის ქლაინერი იტალიელი მწერლის, იპოლიტო ნიევოს წიგნის - “იტალიელის აღსარებანის” - თარგმნისთვის წლის საუკეთესო მთარგმნელად აღიარა და 25 ათასი ევროთი დააჯილდოვა. ბარბარას ჯილდო 25 ივნისს გადაეცემა. ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის (EÜK) დაარსებას ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, საბოლოო და ჩამოყალიბებული ორგანიზაციის სახე 1992 წელს მიიღო. დღეს კი უკვე მისი რეზიდენცია 2500 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს ლიტერატურის სფეროში, მთარგმნელებს იდეალურ სამუშაო პირობებს უქმნის - აქ არის ბიბლიოთეკა, 30-მდე მყუდრო ოთახი, სამზარეულო, სტუმრების მისაღები - და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მთარგმნელებისთვის.

IMPAC-ი ქალ მწერლებს არ ცნობს

IMPAC-ის ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორებმა კონკურსანტთა 138-კაციანი გრძელი სია რვა ნომინანტამდე შეამცირეს, და თანაც ისე, რომ სიიდან ამოიღეს მდედრობითი სქესის ყველა მონაწილე. 100,000 ევროიანი ჯილდოსათვის ერთმანეთს სამი ბრიტანელი მწერალი – ჯულიან ბარნსი, სელმან რუშდი და პიტერ ჰობსი - ეჯიბრება. ლიტერატურის სფეროში IMPAC-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ ფულად პრემიას გასცემს (ნობელის შემდეგ), მაგრამ ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადია. ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ისეთი სახელებიც, როგორებიცაა კაზუო იშიგურო, ჯონ ბენვილი, იან მაკიუენი და ჰარუკი მურაკამი. 2007 წლის 14 ივლისს გამარჯვებულს ჟიურის საერთაშორისო ჯგუფი გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მთავარი მოსამართლე - იუჯინ სალივანია. სხვადასხვა დროს IMPAC-ის ლაურეატები იყვნენ ორჰან პამუკი და მიშელ უელბეკი.

“ფრანკენშტეინის” სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ

მკვლევარის, ჯონ ლაურიტსენის გამოძიებამ ბოლო ხანებში ჩამკვდარი დავა გამოაცოცხლა. ლაურიტსენის მტკიცებით, “ფრანკენშტეინის” ავტორი სულაც არ არის მერი შელი. მკვლევარის ახალი წიგნი - “კაცი, რომელმაც “ფრანკენშტეინი” დაწერა”, მხოლოდ შემდეგ თვეში იხილავს დღის შუქს, თუმცა, საუბრები მის გარშემო უკვე დაიწყო. ლაურიტსენის აზრით, “ფრანკენშტეინს” ვერ დაწერდა თვითნასწვლი, არაკომპენტენტური გოგონა და, შესაბამისად, რომანის ავტორი მერის მეუღლე, პოეტი პერსი ბიში შელია. ლაურიტსენის რწმენით, “ფრანკენშტეინის” თემა სინამდვილეში მამაკაცებს შორის სიყვარულია, პერსიმ კი წიგნში ამ სიყვარულის თავისებური ინტერპრეტაციის კოდირება ჩადო და, რა თქმა უნდა, თავისი სახელით ეს ვერ გაბედა. აღსანიშნავია, რომ თავად ჯონ ლაურიტსენი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის აქტივისტია.

ფილიპ როტი გარდაცვლილი მეგობრის სახელობის ჯილდოს იღებს

ფილიპ როტის გაკვირვება ლიტერატურული პრემიებით, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ მისი ბოლო ჯილდო მაინც განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსი გახდა: მწერალი პირველია, ვისაც სოლ ბელოუს სახელობის პრემია მიენიჭა ამერიკული მხატვრული ლიტერატურის განვითარებისთვის. ნობელიანტი მწერლის სახელობის ჯილდო 40 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ბელოუ როტის უახლოესი მეგობარი იყო. “ჩემი აზრით, ბელოუ და ფოლკნერი 20-ე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ღერძს ქმნიან”, - ამბობს როტი. 74 წლის მწერალი უკვე არის პულიცერის, წიგნის ნაციონალური პრემიისა და კრიტიკოსთა წრის ნაციონალური ჯილდოს მფლობელი. ასევე პირველია, ვინც ზედიზედ სამჯერ გახდა ფოლკნერის სახელობის პრემიის ლაურეატი.

© “ცხელი შოკოლადი”

No comments: