Sunday, August 1, 2010

კარლოს ფუენტესი – აჩრდილთა კავშირი


ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ისე მოხდა, რომ ჩემი სამივე შვილის დაბადებას დავესწარი. ჩემი პირველი ქალიშვილი, ჩეჩილია, 1962 წელს, მეხიკოში დაიბადა. ჩემი პირველი ცოლი რიტა მაკედო, მეტისური გარეგნობის მქონე ულამაზესი მსახიობი იყო, შავგვრემანი, დიდი ნუშისებრი თვალებით და წინ წამოწეული ყვრიმალებით. ლუის ბუნიუელის El Angel Exterminador-ში გადაღება ახალი დაწყებული ქონდა, როცა ფეხმძიმობა დაუდგინდა და ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს: გართულებული მშობიარობა იყო მოსალოდნელი. რიტა ფილმის ბოლო ეპიზოდებში მონაწილეობდა, რომლებშიც მონასტერში დამწყვდეული ადამიანები გაქცევიდან მალევე საბოლოოდ რწმუნდებიან, რომ ტყვეობას თავს ვერასოდეს დააღწევენ. კინოში ასე ხშირად ხდება: პირველად ფილმის დამაბოლოებელ სცენას იღებენ. სწორედ ამის გამო ჩნდება რიტა ფილმის ბოლოს.
M მაგრამ ჩეჩილიაზე მშობიარობა რთული სულაც არ გამოდგა. ეს ბუნებრივი, უნივერსალური მოვლენა, როგორც ყოველთვის, როგორც ნებისმიერ ადამიანს დედამიწის ზურგზე, მეც უნიკალურ ამბად, სასწაულად მეჩვენებოდა. შვილის შეძენისასYყოველი მამა საოცარ თვისებათა ნაკრებსაც იძენს, რომლებიც უცხო ადამიანისთვის ძნელი გასაგებია. ნებისმიერმა მამამ იცის ისიც, რომ საკუთარი შვილის ამ ქვეყნად მოსვლას გარკვეულ უნიკალურ შეფერილობას თავადაც ანიჭებს. ჩეჩილიას დაბადება მეხსიერებაში მუსიკალურ მოვლენად ჩამრჩა. ხომ შეიძლებოდა, სიტყვები, ყვავილები, ცხოველები ან ფრინველები, მდინარეები, ოკეანეები დამხსომებოდა. მე კი მარტო მუსიკა მახსოვს. ამის ახსნა არ შემიძლია. ახლაც კარგად მახსოვს: მომენტი, როცა ჩეჩილია იშვა და პირველად იტირა. იმ წუთებშივე ვიცოდი, რომ ბუნების განაცხადს, უძველესსა და ამავე დროს, იმ საიმწუთო განაცხადს ვისმენდი, ადამიანის ხმას, რომელიც ამ ქვეყანაზე პირველად მოვიდა, ყოველი არსის დასაბამის ექოს, ცხოვრების ჟინით სავსე სიმღერას. პატარა გოგო რომ იბადება, განა მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ ტირილი მისთვის ყველაზე ბუნებრივი რამაა. მისი ნამდვილი ბუნება თავის დამკვიდრებას იმ წუთებიდან იწყებს, მისი ხმით, ქცევის იმ თავისებურებით, რომელსაც მერე საზოგადებისკენ მიმავალ გზაზე გამოამჟღავნებს. ქვეყნად მოვლინების სასწაული სხვა არც არაფერში მდგომარეობს.
ჩეჩილია რომ გაჩნდა, პირველივე წუთებში თავისი ხმით საკუთარი სინაზე შემაგრძნობინა; ხელში რომ დავიჭირე, ვიგრძენი, რამდენად სრულად და ლაღად ამობდნენ მისი და ჩემი სხეული თავ-თავიანთ სათქმელს. მამას და ქალიშვილს, ერთმანთისგან განსხვავებულ, მაგრამ იმ წუთების სიმშვენიერით გაერთიანებულ ადამიანებს შეუბოჭავი სექსუალობა გააჩნდათ, ისეთი, რომელშიც სურვილი და სიყვარულიან-გრძნობიერი ურთიერთობა ერთმანეთს იყო გადაჭდობილი.
,,La Fuentecita”, ,,La Gordita”, ,,La Ex Gordita” – პატარა გოგო-ფუენტესი, პატარა დიდლოყება გოგო, ყოფილი დიდლოყება გოგო – ამ მეტსახელებს ჩეჩილიას ბუნიუელი არქმევდა და ასაკის მატებასთან ერთად უცვლიდა, მერე მისთვის ვითომ-და ფეხბურთის სათამაშოდ თავის გრეხვის ჩვევაც დაივიწყა. ჩეჩილია დაძაბულობის ატმოსფეროში, მიტოვებული ბავშვის გრძნობით იზრდებოდა, უკიდურესად კრიტიკული ხასიათი ჰქონდა და საგნების მიმართ კრიტიკული ხედვა გააჩნდა. დღესაც კი, როცა 40 წელს უახლოვდება, სინაზესთან შეზავებული ეს ძალა ემატება, თორემ არ აკლდება. საკუთარი თავითაც და სხვებითაც მუდამ უკმაყოფილოა; თუმცა, მე მისი ეს სიმკაცრე ამცდა და ასე თუ ისე, მის წმიდათამწიდაშიც ჩამეხედება.
A ამის მიუხედავად, ახლა, როცა ჩემი ქალიშვილის ცხოვრება ხელისგულზე მიდევს, განცდა, რომელიც მისი დაბადებისას დამეუფლა, ჯიუტი რეალობის და სურვილის მაშინდელი მუსიკა ჩემში ისევ ცოცხალია. მუდარის, ბედნიერების, ნაღველის ხმები საბოლოოდ თვალსა და ხელს შორის მიქრება, რადგან სიტყვის და მუსიკის ბგერები ერთანირად არასოდეს ჟღერს. ცხოვრების პრაქტიკული ასპექტებია ამის მიზეზი. დაბადებისთანვე ნაბოძები პრივილეგიაა, ამ ქვეყანაზე სიმღერასთან ერთად მოხვიდე. ამიტომ იყო, რომ ჩემს ქალიშვილს ჩეჩილია დავარქვი, მუსიკის მფარველი წმინდანის სახელი, რომელსაც საკუთარ სააბაზანოში გამოკეტვა და უჰაერობაში გამოხრჩობა მიუსაჯეს. რომაელმა ჯარისკაცმა მისი დახსნა სამჯერ სცადა, მაგრამ მცდელობა წყალში ჩაეყარა და ტუსაღი სამი უსასრულო დღე, ნელი აგონიით კვდებოდა. როცა მშობელი ბავშვს სახელს არქმევს, იმ სახელით მისგან მძიმე ხვედრის განდევნა სურს.
1972 წელს ჩემს მეორე ცოლთან, სილვია ლემუსსთან ვიქორწინე. მეორე ქალიშვილი, ნატაშა ვაშინგტონში დაიბადა, 1974 წელს. სიცოცხლით სავსე, ბედნიერი ბავშვი იყო, ცოცხალი წარმოსახვითა და მხიარულების საოცარი ნიჭით დაჯილდოებული. ყოველი მამის სურვილია, საკუთარი ქალიშვილი სინაზის ამოუწურავ წყაროდ ჰყავდეს.Mმაგრამ ფოტოსურათები ხუნდება, ძვირფასი ქსოვილი იცრიცება, მაქმანს დროთა განმავლობაში სიყვითლე ეპარება. არც პირველი ზიარებაა უსასრულო დღესასწაული.
,,მელანი”, მიუბრუნდა ერთხელ ჩემს კაბინეტში შემოსული ნატაშა თავის ტოლ მეგობარს. პატარა გოგონებს ოთხ-ოთხი წელი ახალი შესრულებული ჰქონდათ. ,,ეს მამაჩემია. მამა ასი წლისაა’. სიბერეს ყოველი ჩვენგანი საკუთარი სისწრაფით უახლოვდება. განშორებებსა და ხელახლა შეყრას შორის ხშირად კონფლიქტები მწიფდება ხოლმე. თუ დაშორების ძალამ იმარჯვა, მართლისა და მტყუანის ძებნას აზრი ეკარგება, მხოლოდ ძველი გაუგებრობების მოგვარებისა და საკუთარ თავში წონასწორობის აღდგენის მცდელობები რჩება, ასე ხდება მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობაშიც.
M მე და ნატაშას დიდი სიახლოვის წლებიც გვქონია და დაშორების პერიოდებიც, როგორც ერთმანეთთან, ისე საკუთარ თავთან. ახლა ნატაშა ხანდახან თავისი ბავშვობის ,,სევდიან ზამთარზე” ლაპარაკობს, ქალად ქცევის დაუსრულებელ მცდელობებზე, როცა საკუთარ თავს მუდამ თავიდან ,,იგონებდა”. მას ადამიანების გაოგნება, მოხიბვლა სურდა. ხანდახან ოჯახშიც კი განრისხებულ შინადევნილად ცხოვრობდა. ამბობდა, რომ უკაცრიელ კუნძულზე წიგნებით სავსე ყუთი იპოვა; ამ ამბით მასწავლებლების გაოცება უნდოდა. მათზე გაცილებით წინ იყო წასული, იმდენად, რომ მათ უკვე აღიზიანებდა: ,,მეტისმეტად ბევრს კითხულობთ, გოგონა”.
ძალიან ბევრი იცოდა, და თავს კულტურით იცავდა, მისი ბრწყინვალე და დაწყევლილი სიდიადით. მაგრამ არ იცოდა, როგორ ,,გამოეგონებინა’’ თავი სცენაზე, ქაღალდის ფურცელზე. ნისლიანი ეფემერულობიდან გასვლა და ისეთი სივრცის პოვნა ჭირდებოდა, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა – წერა, თამაში, საკუთარი ნიჭისთვის გზის მიცემა შეეძლო, ისეთი ადგილის მიგნება, სადაც იმად ქცევა, რაც ადამიანს სურს, რომ იყოს, სიქველედ ითვლება.
ნატაშა ,,ომის და მშვიდობის’’ მშვენიერი ნატაშას როსტოვას გამო დავარქვი, თუმცა, დოსტოევსკის ნასტასია ფილიპოვნასადმი პატივის მიგებაც მინდოდა.
,,ჩემი ვაჟი ახლაგაზრდა მხატვარი იყო, და ამ ხვედრს ვერავინ ააშორებდა, რადგან მხატვრობა, ხელოვნება, ნამუშვრები, რომლებიც ადამიანს სიცოცხლეს სიკვდილის მერეც უგრძელებენ, ხვედრად ერგო.‘’ შვილის სიცხისგან გახურებულ საფეთქლებს რომ ეხებოდა, დედა საკუთარ თავს ეკითხებოდა, ამ ახალგაზრდა მხატვარმა, რომელიც განგების ძალით მისი შვილიც იყო, ცხოვრების ათვლის ხაზი და განგების ნება ერთმანეთს მეტისმეტად ხომ არ დაუახლოვა. ნაწამები, ეროტიკული ფიგურები მის ნახატებზე უკანასკნელი დასკვნა იყო, და არა საზარელი მოლოდინი. არც მისი ნახატები იყო დასაწყისი, არამედ - უეჭველი და გარდაუვალი დასარული. ამის გააზრება დედამისისთვის საშინელება იყო, რადგან საკუთარ ვაჟში იმ პიროვნების სრული რეალიზაციის ხილვა უნდოდა, რომლისთვისაც სიხარულის ერთადერთი წყარო შემოქმედება და ნიჭი იყო. უსამართლობად ეჩვენებოდა, რომ შვილის სხეული მას ღალატობდა, რომ მის ნებას სრულებით აღარ ემორჩილებოდა.
შვილს მუშაობის დროს თვალს ადევნებდა და აღფრთოვანება ერეოდა: ,,ჩემი შვილი მალე ნიჭს სრულად გამოავლენს, მაგრამ გამარჯვებებით დაპყრობის დრო აღარ დარჩება, უნდა იმუშაოს, საგნები ჭვრიტოს, მაგრამ ქმნის დრო არ დარჩება. მისი მხატვრობა გარდაუვალია – ეს ჯილდოა, ამბობდა დედა, არის რაღაც, რაც მხოლოდ ჩემი შვილის გასაკეთებელია, ვერც ის შეცვლის სხვებს, და სხვა მხატვრით მისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დრო აქვს ნაბოძები, მუშაობაში იმედგაცრუება ჯერ არ ჰქონია, იმის მიუხედავად, რომ მისი სიცოცხლე ხანმოკლე უნდა იყოს...’’.
ოდესღაც, ,,ლაურა დიასსთან გატარებულ წლებს”, და მასში ამ სტრიქონებს რომ ვწერდი, ეგზორციზმის აქტად მქონდა ჩაფიქრებული, და არა წინათაგრძნობების განდევნის ხერხად. ჩემს ვაჟზე ვფიქრობდი, კარლოს ფუენტეს ლემუსზე, რომელიც 1973 წლის 22 აგვისტოს პარიზში დაიბადა, და 1999 წლის 5 მაისს ხალასკას შტატში, პუერტო ვალარტაში გარდაიცვალა. როცა ის პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე და დედამისი, სილვია ვირჯინიაში ფერმაზე ვცხოვრობდით. ჩემს ბიჭს მთელს ტანზე სილურჯეები გაუჩნდა და სახსრები დაეკრუნჩხა. მიზეზი მალე შეივიტყვეთ: გენური მუტაციის შედეგად კარლოსი ჰემოფილიით დაავადებული დაიბადა, სენით, რომლის დროსაც ადამიანის სისხლს შედედების უნარი დაკარგული აქვს. ასეთი ადრეული ასაკიდან ინექციებს უკეთებდნენ, რომელიც სისხლის შესადედებლად აუცილებელ აგენტს, ,,ფაქტორ რვას’’ შეიცავს. ფუჭი ოცნება იყო, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ მოსალოდნელი საფრთხისგან მთელი ცხოვრება ამ პროცედურებით დავიცავდით. მაგრამ შიდსის ვირუსის გავრცელების გამო სისხლის ბანკებში დასნებოვნებული სისხლიც იპარებოდა და ჰემოფილიით დაავადებული ადამიანები მაშინ სრულიად დაუცველები აღმოჩნდნენ – ხან სამედიცინო შეცდომების, ხანაც ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლებების დანაშაულებრივ ქმედებათა გამო.
A ამ ყველაფრის გამო ჰემოფილიკოსები ამ და იმუნური სისტემის დამქვეითებელი სხვა ინფექციებისგან დაუცველები დარჩნენ.
K კარლოსის ბავშვობა ტკივილითა და ტანჯვით იყო სავსე, მაგრამ ძალიან ადრევე, იმ ასაკში, როცა ასეთი რამეები ინტუიტიურად ხდება, სიკვდილისაგან თავის შესაფარებლად - ეს მისი შემოქმედებითი ბუნების გამოვლინებაც იყო - საკუთარი ბოლოს წინასწარმეტყველური განცდა გაუჩნდა. სიტყვის, მუსიკისა და ფორმის ხელოვნებას საათობით ეძლეოდა. ხუთი წლის იყო, ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ საბავშვო ნახატების კონკურსზე შანკარის პრემია რომ მიანიჭეს. ჩვენს უჩუმრად იმ ბაღის მასწავლებლებლებმა, სადაც კარლოსი პრინსტონში ჩვენი ცხოვრების დროს დადიოდა, მისი ყველაზე ძველი ნახატები კონკურსზე გაგზავნეს.Kკარლოსმა ხატვა ფანქრით დაიწყო და მერე ხელიდან აღარ გაუშვია, ფუნჯითაც ადრეული ბავშვობიდან ხატავდა. მუდამ თან სდევდა იმ მხატვრების გავლენა, რომლებმაც მასზე პირველი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს: ვან გოგის და ეგონ შილესი. ერთი ჩვენი მოგზაურობა მახსენდება, ზაფხულში, ანდალუზიაში: ყოველ ორ წუთში ერთხელ მანქანას გვაჩერებინებდა, რომ ფოტო გადაეღო, ხედებით აღფთოვანებული იყო, მერე მოულოდნელად გვირლების დაკრეფვა დაიწყო, ისე კრეფდა, თითქოს მიწიდან დიდი ჰოლანდიელის ნახატებს იღებდა. ის თაიგული თან წამოიღო. კემბრიჯში, ჩვენი სახლის ბაღში გვირილის თესლები დაფლა. გვეგონა, ინგლისური ზამთრის სუსხი თესლს გაყინავდა, მაგრამ გაზაფხულზე, შინ რომ დავბრუნდით, გვირილები ტანამოყრილები და გადაშლილები დაგვხვდა, ისე, როგორც ვან გოგის ნახატზე...
მერე, წარსულში ჩაღრმავების ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, კარლოსმა რენესანსის ხანის დიდოსტატი, ჯოვანი ბელინი და იაპონელი მხატვრის, უტამარუს ექსპრესიული ფორმალიზმი აღმოაჩინა. ასეთი იყო მემკვიდრეობა, რომელიც მას, როგორც მხატვარს, წარსულიდან ერგო. სახეებმა კარლოსის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავა. ჯერ პიქტორული სახეები იყო, შემდეგ ლიტერატურული, ამ ყველაფრის მერე – უძრავმა ფოტოგრაფიულმა სახეებმა გაიტაცა, ბოლოს კი – კინოსახეების უწყვეტმა მდინარებამ. თითქოს ესმოდა, რომ სახე რედუქტიულ განსაზღვრებებს არ ემორჩილება, მის შედგენაში, როგორც სასიყვარულო აქტში, ყველა გრძნობა და შეგრძნება მონაწილეობს... მხედველობა, ბგერა, ყნოსვა, გემო... მენინგიტი, რომელიც 1984 წლის იანვარში შეეყარა, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მტკივნეული გამოდგა - მხედველობა და სმენა – მისი სხეულის ყველაზე ინტიმური და სენსუალური შეგრძნებების წყარო, თითქმის მთლიანად წაერთვა. მისი მუსიკალური მიდრეკილებები და გემოვნება ელვის პრესლის, ბობ დილანს და ,,როულინგ სთოუნზს’’ გამოარჩევდა, ყველაზე მეტად მაინც ელვისს: ყოველ წელს, 16 აგვისტოს, მისი გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მემფისში ჩადიოდა. ელვისის ფოტოების მისი კოლექცია ცალკე არქივი იყო, მეფის უკვდავების კიდევ ერთი მოწმობა.
ბევრი იმ მშობლის მსგავსად, რომლებსაც თავიანთ მუსიკალურ გემოვნებაში ხოსე ალფრედო ხიმენესს და ელა ფიტცჯერალდს ერთგულებდნენ, საკუთარი ვაჟის მუსიკალური ძიებებისთვის თვალის გასადევნებლად დრო არასდროს დამნანებია. მაგრამ მის გემოვნებასთან ნამდვილი გატოლება ლიტერატურის სფეროში დამემართა. კიტსის, ბოდლერის და რემბოს პოეზია, ოსკარ უალდის პიესები, ჯეკ კერუაკის რომანები, ნიცშეს ფილოსოფია – წარმომიდგენია: როცა კარლოსი ამათ კითხულობდა, მისი გონება სახეებიდან ტრანსცენდენციას ახენდა, მეტაფორის საძიებლად – თუმცა, არა აუცილებლად საპოვნად – მიემართებოდა, ამქვეყნიური ურთიერთკავშირების ინკარნაციის, მათი ყველაზე იდუმალი ფორმის საძებრად, რომლებიც, მართალია, შორს იყო, მაგრამ მეტი სიზუსტე გააჩნდათ.
სასწაულებრივი გამოჯანმრთელების ძიებაში საავადმყოფოდან საავადმყოფოში, საწოლიდან საწოლში გადაჰყავდათ, მხედველობა და სმენა აღუდგინეს, მაგრამ – ზოგი ექიმის უპასუხისმგებლობითა თუ მავანთა უპატიებელი ქირურგიული შეცდომების გამო, სხვა სასიცოცხლო ფუნქციები დაკარგა. ფანქარი და ქაღალდი ხელიდან მაინც არ გაუგდია, წერისათვის თავი არ დაუნებებია, ციებ-ცხელებიან ძიებაში სინჯავდა საგანთა იმ არსსა და მნიშვნელობას, მის სიცოცხლეს რომ გზას უნათებდნენ, შემდეგ კი იგივე სიცოცხლე წაართვეს.
ზემოთ ვთქვი, სასწაულებრივი გამოჯანმრთელების ძიებაში-მეთქი. სასწაულს სახელი აღმოაჩნდა: ცნობილი მექსიკელი ეპიდემიოლოგი, დოქტორი ხუან სიერა, რომელიც კარლოსს შემოქმედებითი ცხოვრებისკენ მიბრუნების ძალას აძლევდა. და კარლოსი უბრუნდებოდა, სულსწრაფად, ხარბად, სიხარულით და ტკივილით, მაგრამ დაუჩივლელად. მისი ღრმა, ხან წამონთებული, ხან ჩამქრალი თვალების შემხედვარეები ვხვდებოდით: სხვა სხეულში დაბუდებული ტკივილისა არც გაზიარებაა შესაძლებელი, და როგორც სჩანს, არც წარმოდგენა. და თუ ლექსად ან მხატვრობად არ გადაიქცა, ნატანჯ სხეულში ტკივილი მარტო რჩება, ჩუმათდება, გარეთ სხვაგვარად ვერ გამოაღწევს. ,,მტკივა’’-სა და უპირო ,,ტკივილს’’ შორის ძალიან დიდი და საფრთხილო განსხვავებაა. ტკივილისათვის ხმის მინიჭება ენიგმაა, რომელზეც ელენ სქერი თავის ბრწყინვალე წიგნში ,,მტკივანი სხეული’’ წერს. ჩემმა ბიჭმა ეს გზა ვიზუალური და სიტყვიერი სიშმაგით გაიარა.
,,ვიქნები კი ხვალ ცოცხალი ?’’ – კითხულობდა ერთ თავის ლექსში.

ვიქნები კი ხვალ ცოცხალი? პასუხი არ მაქვს,
მაგრამ უბრძოლველად არ დავნებდები.
ეს ოთახი ჩემი ნაჭუჭია,
საბანწახურულ თავში ჩემი ფიქრი – ჩემი გაქცევა,
თვალებს ვხუჭავ
და სიჩუმეში ჩემი შიშის ხმა მესმის.
რა არის ჩემი შიში, როცა იმსხვრევა
და შეუცნობელ ბოროტებად გადაიქცევა.
იდუმალებავ, მოდი, გზას გიხსნი.
ოღონდ როგორი დაგხვდები, ეგ აღარ ვიცი
ეგებ არც იყოს შიში, თუ იქნები მოულოდნელი. თუ უცებ მოხვალ
შიშზე ფიქრის დრო არ ექნება.
მშვენიერების სავსება
წაიღებს ჩემს სულს.
რაც მაბადია, ყველაფერს ვმალავ,
შიშით კი არა,
უძლურ გონებასთან კამათის შიშით.
,,არას მცოდნეს არაფერი მოეთხოვება’’,
მანახე თავი, მინდა გნახო
ცრემლიანი და მობუზული,
როცა უძლური ჭირისუფალი
არ გყავდა გვერდით.
,,კაცი იმას კლავს, რაც გულით უყვარს’’.
ქალი - სასიკვდილო სიყვარულის ნებას იძლევა.
მაგრამ ის სიყვარული რომელია,
სიკვდილს რომ წვდება?
ნუთუ შეუცნობელ მსგავსებათა შორის
ყარიბად დაეხეტება?

ჩემი ვაჟი თავს მუდამ იმ ხელოვანებს ადარებდა, ვინც ადრეულ ასაკში წავიდა: კიტსს, შილეს, ჯეიმს დინს, ანრი გოდიე-ბჟესკას... ,,ამათ დრო არ ჰქონდათ,’’ მეუბნებოდა კარლოსი, ,,რომ საკუთარი თავისთვის ეღალატნათ.’’ ერთხელ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ნათესავის, მამაჩემის ბიძის, კარლოს ფუენტეს ბოტიგერის ამბავი მოვუყევი, რომელიც სულ ახალგაზრდა, 21 წლისა ტიფით გარდაიცვალა, სწორედ იმ დროს, როცა მეხიკოში სწავლა უნდა დაეწყო. ჩემი ვაჟის, კარლოსის მსგავსად, წერა ბიძაჩემმა კარლოსმაც ადრე დაიწყო, და პირველი ნაწერები ვერაკრუზში პოეტ სალვადორ დიას მირონის დახმარებით გამოაქვეყნა. საოცარი მსგავსებაა 25 წლის ასაკში წასული ჩემი ვაჟისა და 25 წლის ასაკში გარდაცვლილი ბიძაჩემის ლექსს შორის. ამ ლექსს რომ წერდა, კარლოს ფუენტესი 14 წლის იყო:

სიჩუმე მაშინებს, მძაგს მოსვენება,
ღამე თავზარს მცემს.
ჩემი ცხოვრება დანანებით თავზე წამომადგება
აუჩქარებლად დამხედავს, მერე საზარელ აჩრდილს -
სიბერის და უძლურების მოახლოებას მაჩვენებს.

,,სიბერის და უძლურების’’ ასაკს ვერცერთმა ვერ მიაღწია, ვერც ბიძაჩემმა, ვერც ჩემმა ვაჟმა, მაგრამ შეუცნობელის შიში გამოდგა ის ძალა, რამაც მე და ჩემი ცოლი, კარლოს ფუენტეს ლემუსის მშობლები ტკივილს მიგვაახლოვა, ჩვენთვის იქამდე უცნობ ტკივილს, რომელიც არაერთ ჩვენი მეგობარს ბავშვის დაკარგვით გამოუცდია და რომელიც მერე ჩვენც განვიცადეთ. აჩრდილთა კავშირი, ბედისა და სიკვდილის ხაზის გადაკვეთა, ადამიანები და უკან მოტოვებული წარსული, წარსული რომელიც უძრავად - უჯრებში, კარადებში, ცარიელ ტილოზე და თეთრ ფურცელზე განისვენებს. მაგრამ არ ვეპუებით, ვიბრძვით, გვინდა ფუნჯის მონასმი, ხედვის კუთხე, ნაკვალევი, რომელსაც ცოცხალი ადამიანის კვალივით მივყვებით, სამუდამოდ თან დავიტოვოთ. რა ნუგეში იყო, როცა შევიტყვეთ, რომ კარლოსს, რომელსაც ინტუიცია მეტისმეტად განვითარებული ჰქონდა (რაც ერთსა და იმავე დროს არაჩვეულებრივიც იყო და შემზარავიც) თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, პუერტო ვალარტადან მთელ მსოფლიოში გაფანტულ თითქმის ყველა მეგობრისთვის დაურეკავს, უყვებოდა, როგორ ძალიან მალე დაასრულებდა დაწყებულ ფილმს, გამოსცემდა ლექსების კრებულს, გამოფენას მოაწყობდა - ბედნიერი, მხნეობით სავსე, შემოქმედებითი ჟინით ანთებული. მეორე დილას ფილტვის ინფარქტით გარდაიცვალა. მე და სილვია მარტონი დავრჩით. თუ როგორი იყო დედის და ვაჟის ურთიერთობა, ყველაზე უკეთ ჩვენმა თბილმა, არაჩვეულებრივმა მეგობარმა, კარმენ ბალსელსმა გაიგო.
,,ყველაზე მეტად მაინც სილვიაზე მეფიქრება. თქვენი ბიჭის მიმართ უზომოდ ერთგული იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივ შიშში ცხოვრობდა. ისე კარგად მახსოვს დღე, როცა კარლოსს ნიუ-იორკში ვესტუმრე, როგორ დამამძიმა მისმა ძლიერმა სისუსტემ და სილვიას დაქანცულობამ – დედაზე მეტად შეყვარებულს ჰგავდა, ან უახლოეს მეგობარს, რომელიც სულიერი ძალების უზომო დაძაბვით გვერდში ედგა ბიჭს, ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელებას რომ ცდილობდა, თუმცა, ეს მხოლოდ ბავშვის ჟინიანი ოცნება იყო და ახდენა არ ეწერა..’’.
სიკვდილის განდევნის მცდელობები ხანდახან იმ წინასწარმეტყველებად გვექცევა ხოლმე, რომლებიც ახალი სიცოცხლის დაბადებას გვაუწყებენ. კარმენ ბალცელსი მართალი იყო. ,,ლაურა დიასსთან გატარებულ წლებში’’ ბიძაჩემის, კარლოს ფუენტესის სიკვდილი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების გასაყარზე გადავიტანე, მაგრამ წერის პროცესში ჩემი კარლოსის სიკვდილის გაგდებას ვლამობდი და ამიტომ ლაურა დიასის გენეოლოგიურ შტოში მეორე, სხვა სანიტიაგო გაჩნდა: ,,სიჩუმე. სიმშვიდე. მარტოობა. აი რა გვაერთიანებს, ფიქრობდა ლაურა, როცა სანტიაგოს მხურვალე ხელი ხელში ეჭირა. არ არსებობს იმაზე მეტი სინაზე და პატივისცემა, ვიდრე ერთად ყოფნისას, სიჩუმეშია შესაძლებელი. ერთად ცხოვრება, საკუთარის მაგიერ მისი ცხოვრებით სულდგმულობა, ოღონდ ისე, რომ ამაზე ერთი სიტყვაც არ იქნას თქმული. როცა ამის თქმა არც ერთისთვის არაა საჭირო. სიტყვამრავლობა შეიძლება დიდი სინაზის ღალატად იქცეს... ლაურამ და სანტიაგომ ეს მაშინ იგრძნეს, როცა სანტიაგო კვდებოდა, როცა ორივემ იცოდა, რომ ის კვდებოდა...’’.
როცა ადამიანს მუშაობა ღამ-ღამობით უხდება, თავს როდესმე ქვეყნიერების შემოქმედად წარმოიდგენს: თუ ერთხელ მაინც მთელი ღამე არ იმუშავა, მეორე დილას მზე აღარ ამოვა. დასაძინებლად რომ ვემზადებოდი, კარლოსი ჩემს ოთახში შემოდიოდა, ტკბილი ძილი რომ ესურვა. ძველი სააბაზანო ხალათი ეცვა ხოლმე. ერთხელ მძინარე ვეგონე, და კარებისკენ რომ მიბრუნდა, მისი ჩურჩული გავიგონე: ,,დაწყევლილი ვარ’’. მაგრამ მერე მოვიდა ღამე და შეახსენა ყველაფერი, რის ცოდნაც ჭირდებოდა. ღამე მისი მეტაფორა იყო. ღამე მოვიდა და წინ ვერავინ აღუდგა. სწორედ ღამეა იმ ქმნილების დრო, რომელიც სიბნელეს და სიკვდილს ებრძვის.
კარლოსის სიკვდილმა მე და დედამისი იმ რეალობის პირისპირ დაგვტოვა, სადაც ყველაფერი ხელშეუხებელია, სადაც აღარაფერი განადგურდება. კარლოსი ისედაც ჩვენში ცოცხლობდა, იმის მიუხედავად, რომ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდით. არ ვიცი, გამოდგება თუ არა ეს ნუგეშად, ასეთი დანაკარგის შემდეგ. ადამიანები სპონტანურ, სასიამოვნო მოვალეობად ვთვლით გარდაცვლილი ადამიანისთვის ისეთი რაღაცის გაკეთებას, რაც თავად არ დასცალდა. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ყველამ კარგად უნდა დავიხსომოთ, რომ ჩვენს შვილებს, ცოცხლებს თუ გარდაცვლილებს, ბედნიერებს თუ უიღბლოებს, მებრძოლებს თუ უმოქმედოებს, ისეთი რამ აქვთ, რაც მშობელს არ გააჩნია. ისინი თავიანთ მშობლებზე, საკუთარ თავზე უფრო მეტნი არიან. შვილები ჩვენი უკან მოუხედავად წასული, გასრულებული დროა. მათ გამო მშობელი საკუთარი ნებით უკან იხევს, უხილავი ხდება, ოღონდ კი საკუთარი ქმნილების ღირსება არ გადაფაროს, ბავშვს მის საკუთარ თავისუფლებაში გაზრდის, საკუთარი თავის და ბედის ბატონ-პატრონობის საშუალება მისცეს. ჩვენი ბავშვები ჩვენს ყველა შთამომავალს იტევენ. და ბოლოს, როგორც უორდსუორთი მოხდენილად ამბობს, ,,ბავშვი კაცთა მოდგმის მამაა’’.
კარლოსის დები სიკვდილის შემდეგაც მასთან დარჩნენ. ნატაშამ მასზე დაწერა: ,,კარლოსი რომანტიკოსი იყო და ასე მგონია, მისი სამყაროში, მისი გონებისთვის – რომლებიც ბევრ სხვისაზე საღი იყო – საკუთარი სიკვდილი უფრო ლამაზი ჩანდა, ვიდრე საავადმყოფოში გატარებული ორი თვის სიცოცხლე. პრინცო კრეოლო, არავინ ვიცი ისეთი, ვისაც შენ არ უყვარდი’’. ჩეჩილიამ, რომელსაც ამ გზაზე ერთხელაც არ მივუტოვებივართ, თავისი ძმის ცხოვრების ყველა წუთი, რომელიც ოდესმე ვიდეოკამერით ყოფილა გადაღებული, ერთ ფირად გააერთიანა. როცა ჩემი ერთადრთი ვაჟის სიცოცხლეს კადრებად ვუყურებდი, რომელთაც ჩემმა ქალიშვილებმა ძმის მოსაგონრად თავი მოუყარეს, მივხვდი: ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღითაც რომ მოვიდეს, შვილი მამისგან მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს.

2004

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: