Thursday, August 26, 2010

შალვა რამიშვილი - უსათაურო


დეკორაციები ანუ მოქმედების ადგილი:
რომელიმე უკაცრიელი ადგილი, რათა მისტერიას შემთხვევითმა გამვლელმა არ შეუშალოს ხელი. ვისურვებდი რომ მოხდეს უკაცრიელ, უდაბნო ადგილას, სადაც ორგანული სიცოცხლე არაა წარმოდგენილი და ფლორას და ფაუნასაც მე განვანსახიერებ მხოლოდ. მაგალითად მარადი თოვლით დაფარული მთის მწვერვალი ურიგო არ იქნებოდა.
მოქმედების დრო:
შევარჩიოთ დღის ბოლო. ბინდ-ბუნდი. ეს ის დროა, როდესაც სამყაროებს შორის ნაპრალი ჩნდება. მზეც უნდა სტყორცნიდეს პეიზაჟს მქრქალ სხივებს და მის საპირისპირო მხარეს მთვარეც უნდა ანათებდეს.
მოქმედი გმირები:
მე და ის. მხოლოდ მე და ის.
კოსტიუმები:
რთული საკითხია. მაინც როგორ გამოიყურება враг рода людского. ამ საკითხზე ბევრი მითი არსებობს. ზოგს ის თხისფეხება პანად წარმოუდგება, ზოგს მომხიბლავი და დემონურად მომნუსხველი გარეგნობის ჭაბუკად. მაგრამ ეს მეტად დრამატიზებული ხატებებია. მე მას ჩემს ორეულად ვსახავ. ერთი შეხედვით ზუსტად ჩემგვარი გარეგნობის მქონე არსებად. თუმცა უფრო გულმოდგინე დაკვირვებისას იმის გარჩევაც უნდა შემეძლოს, რომ ის მე არ მგავს და მე მას არ ვგავარ. ის ხომ კონცენტრირებული ბოროტებაა, რომელიც ნამდვილ “მე” –ში ანუ ჩემში მცირედ სიკეთესთან განზავებულია. მზერა ეშმაკური, მაგრამ არქტიკულად ცივი უნდა ჰქონდეს. მოძრაობები – პლასტიკური და მოზომილი. ხმის ტემბრი და სიტყვების პრონონსი ჩემი, მაგრამ გაცილებით უფრო მელოდიური და ჰიპნოტური ძალის მქონე. თავის ჭერის მანერა ამაყი და შინაგანი ძალის მასხივოსნებელი. ერთი სიტყვით, ის არის “მე”, ოღონდ ამა სოფელთან ათასჯერ უფრო მორგებული. უფრო სწორად კი ის სამყაროში (იგივე ესე სოფელში – მიყვარს ეს სიტყვა) ისე შინაურულად უნდა გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ ტილოში მხატვარი, საკუთარ ფილმში – რეჟისორი, მწერალი – თავის ფანტაზიის ძალით შექმნილ რომანში. იგი უნდა ჰგავდეს კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს, რომელიც სტრატეგიულ თამაშს თამაშობს თავისსავე აგებულ ვირტუალურ სამყაროში. აი ზუსტი მიგნება! ეს არის “მე” რომელიც “სტრატეგიას” მსოფლიო კომპიუტერში თამაშობს. კოსტიუმები ერთნაირი გვაცვია, ამასთან ისინი თბილი უნდა იყოს, მთებში ხომ ცივა.
ის: – მოგესალმები და ბოდიში, რომ შეხვედრა ოდნავ დაგვირგვიანდა, მაგრამ როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა:”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.
შემდეგ ის პოზას იცვლის, მხიარულად მიღიმის და უკვე მიმნდობი ტონით აგრძელებს:
- ყველაზე რთული ნაწილი უკვე გადავლახეთ, მეგობარო. რომ იცოდე, როგორ არ მიყვარს მნიშვნელოვანი საუბრების პროლოგი. ყოველთვის არის რისკი, რომ ან ბანალურობაში გადავვარდე ან ზედმეტად სიტყვაუხვი გავხდე. მაგრამ ახლა ეს ყოველივე უკან დაგვრჩა და შენს განკარგულებაში ვარ. სანამ ვაჭრობას შევუდგებით, მინდა ახლავე გაუწყო, რომ ფინალისაკენ რაიმე გაუგებრობანი არ წარმოიშვას. თუ ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება (არა მგონია ეს ასე მოხდეს, მაგრამ მაინც), დაბლა ბარში საკუთარი ფეხით მოგიწევს ჩასვლა. ჩვენი კორპორაცია ტრანსპორტით მხოლოდ ერთ გზობაზე უზრუნველყოფს. უკან, ადამიანთა სამოსახლოში ჩვენ ხარჯზე დაბრუნება კი ერთგვარი ბონუსია, რომელსაც წარმატებული გარიგების შემთხვევაში ვთავაზობთ კლიენტებს. აქვე დავამატებ, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ამ წერტილიდან სამი დღის სავალია. ნუ გაბრაზდები... შენ თვითონ არ ისურვე ცოტა ხნის წინ, რომ შეხვედრის გამართვა უკაცრიელ მთის მწვერვალზე მსურსო?!
მე: - ვინ ხარ?
- ოჰო, გამოდის, რომ ჯერ ჩვენი დისპოზიცია არ გაგვირკვევია არა?! კი ბატონო, იყოს ნება შენი, წარმოგიდგები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე გახლავართ ჩვენი სამყაროს შემოქმედი.
- ნუ ცრუობ, როგორ შეიძლება შენ, ბოროტება, იყო სამყაროს შემქმნელი?
- ისტორიული სინამდვილე მცირედად დამახინჯდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. სინამდვილეში იყო ასე: უზენაესმა სიკეთემ შვა ერთეული ღვთაებრივი გეგმა სამყაროსი. მან მოიაზრა დრო და სივრცე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. სივრცისა და დროის მანიპულაციებით განავითარა მათემატიკა, როგორც ფუძე ჯერ არ შექმნილი სამყაროსი. მოიფიქრა რიცხვის ცნება და დააწესა, რომ A=A ხოლოAA+B>A და A-B
-მაგრამ სად არის ღმერთი? მე ვერ დავინახე აქ მისი ადგილი. შენი მოდელი სცოდავს იმით, რომ მთავარი არქიტექტორი არ ჩანს მასში.
- ეს მოდელი არაა, ჩემო მეგობარო. მოდელი ანუ სამყაროს იდეა, ღმერთთან დარჩა. იგი იყო სიტყვა, როგორც ეს ბიბლიიდან გახსოვს. სიტყვას კი საქმედ ქცევა სჭირდება. მას შემდეგ რაც გალაქტიკები ერთმანეთისაგან გაიქცნენ, ღმერთმა დატოვა ეს სამყარო. ჭეშმარიტი მეტაფიზიკა დიდ აფეთქებამდე არსებობდა. ამ სამყაროში კი ფიზიკის დროა. ღმერთი მაშინ გაქრა სცენიდან, როდესაც მათემატიკა ფიზიკად გადაიქცა.
- მაგრამ სად არის ის კულისები, რომლებშიც ღმერთი გაუჩინარდა ან საერთოდ, რა არის ღმერთი?
- გაგიკვირდება, მაგრამ მეც არა მაქვს პასუხი ამ შეკითხვაზე. აბა ერთი კარგად დამაკვირდი, განა მეც შენსავით ხორციელ არსებას არ ვგავარ?! მე თქვენი ვნებისაგან მომქსოვეს. თქვენი სურვილებისაგან შექმნეს ჩემი სხეული. თქვენი გონება ჩემი სისხლია, ხოლო თქვენი სული - საკვები. მე იმ ევოლუციის ნაყოფი ვარ, რომელიც თავად ვშვი. ჩემს ხელთაა შევცვალო მატერიის იგივე სივრცისა და დროის ნებისმიერი კინტინუუმი. მაგრამ ღმერთი მარადიული და ყველგან მყოფი არსია. მასთან სავალი გზა არც დროსა და არც სივრცეში არ გადის. ამიტომ მე არ ვიცი რა არის ღმერთი. მე უბრალოდ არ ვიცი ეს.
- შენ ხომ არსებობდი სამყაროს შექმნამდე.
- იქნებ არც ვარსებობდი. იქნებ სხვა ვინმე ვიყავი. უზენაესმა ჯერ გამოყო ჩემგან ყოველი კეთილი და ჩემი არსი ატომებს მისცა საჯიჯგნად. იქნებ სწორედ ამიტომ მიწოდებთ ზნედაცემულ ანგელოზს?!
- გამოდის, რომ შენ მხოლოდ ფრიად განსწავლული და მოხერხებული ილუზიონისტი ხარ.
- როგორც გინდა ისე იფიქრე, თუმცა ერთსაც გეტყვი: ჩემი ხელობა იმდენად დახვეწილია, რომ იგივე საქმე თავად ღმერთს რომ ეკეთებინა - ვერ გაარჩევდი ნახელავის მიხედვით. ასე რომ ხანდახან რაც პოეტებს და მხატვრებს ღმერთების საჩუქარი ჰგონიათ და მუზას უწოდებენ, ჩემი ოინებია მხოლოდ.
- მალიარი ხარ, ბიჭო.
-კარგი ფილმი გაიხსენე... ეს ადგილი კი განსაკუთრებით მომწონს. მაგრამ იყავ გულწრფელი. იმ მალიარს ჩემოდანი რომ არ გახსენებოდა, ეს ფრაზაც არ ითქმებოდა. მე რომ ხუთთავა დრაკონად გადავქცეულიყავი და ამ მთებით ჟონგლიორობა დამეწყო ხომ შეძრწუნდებოდი და მსგავსი ზუსტი, მაგრამ ირონიული სიტყვებით არ დამცინებდი. თუმცა მე ვარ ყველაფერში დამნაშავე... გაგიბი აქ ფილოსოფიური ბაასი. დიახ, მალიარი ვარ, მაგრამ ამით ჩემი უპირატესობა თითქმის ყველა შენს თანამოძმესთან შედარებით იოტისოდენად არ მცირდება.
- თითქმის ყველა თანამოძმესთან შედარებით, ამბობ. მაგრამ მე ხომ მივხვდი, რომ სინამდვილეში მასხარა ხარ!
- აი ასე, ჩემო კარგო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამპარტავნების სასუფეველში. ეს ამპარტავნება ტალღებად ამოდის შენი სხეულიდან და ფრიად კარგ ხასიათზე მაყენებს. შენ გინდა ჩემგან მიიღო დასტური იმისა, რომ უნიკალური არსება ხარ?! დიდი სიხარულით ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, გაარღვიე ყოველდღიური ამაოების ილუზორული ბადე, რომელიც ჩემი მოქსოვილია და რეფლექსიის სარკეც დაამსხვრიე. დგახარ ზღვართან, რომლის მიღმა დრო და სივრცე ქრება, იშრიტება მატერიად და პრაიდეების შენნაირ კლიენტთან პირადად მივიდეთ და ჩვენი მომსახურების ექსკლუზიური პაკეტი შევთავაზოთ. კონკრეტულად შენს კუთვნილ ნივთს - შენს სულს, უდიდესი მიმზიდველობა გააჩნია ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ ასე პერსონალურად მხოლოდ მსგავს უიშვიათეს შემთხვევებში ვატარებთ მოლაპარაკებებს. დანარჩენი ადამიანები აბიჯებენ რა რეფლექციის სამყაროში, ასე 14-15 წლიდან (ზოგი უფრო ადრეც), თავისდაუნებურად და დაუზარებლად აწერენ კონტრაქტზე ხელს, ისინი ჩვენი მრევლის წევრები არიან და თავიანთ არაფრისმთქმელ არსებას დედამიწის ზურგზე მუდმივ ცოდვაში ატარებენ. ამიტომ აღსასრულამდე მათი სული ენერგეტიკულად სულ უფრო და უფრო მწირი ხდება. ჩვენთვის მსგავსი სული ნაკლებად მიმზიდველია. რა თქმა უნდა, რელიგიური ყაიდის ისეთმა მისტერიამ, როგორიცაა გულწრფელი მონანიება, ნებისმიერი ჩვენი ქვეშევრდომი და ადეპტი - საშუალო სტატისტიკური სავლე - შეიძლება წმინდან პავლედ გადააქციოს. მაგრამ ეს უაღესად იშვიათად ხდება. ამრიგად, სულ სხვა საქმეა ამაოებით ცდუნება ისეთი ინდივიდისა, რომელიც მზადაა ამა სოფლიდან, იგივე ამაოებიდან გასაქცევად და რომლის სულიც ძალ-ღონით სავსე მსუყე ლუკმაა.
- რა შეგიძლია შემომთავაზო?
- აი ეს უკვე საქმიანი საუბარია. ჩვენი კორპორაციის მომსახურება ყოველთვის იყო ცნობილი თქვენთვის. ერთი წინადადებით ის შემდეგნაირად ჩამოყალიბდა. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი შენი სურვილი.
- ანუ აბსოლუტურად ყველა სურვილი, რომელსაც დაგისახელებ?
- ნუ ონავრობ, ხომ ხვდები, რომ როცა ვამბობ ყველა მეთქი – ვგულისხმობ ამ სამყაროში განხორციელებად ყველა სურვილს. ტრანსცენდენტული რამე-რუმეები ჩემთვისაც ისევე აკრძალულია, როგორც ნებისმიერი ძეხორციელისათვის.
- მაშ მხოლოდ ქონდრისკაცი-ობივატელის დაკმაყოფილება შეგიძლია.
- უჰ, რა სასიამოვნოა, ოდნავ მადროვე შენი ამპარტავნების შხაპქვეშ დგომა... მოდი გაგიიოლებ ამოცანას. წარმოიდგინე, რომ მე ის კი არა ვარ, ვინც სამართლიანად ახლა გგონივარ, არამედ 50-ე საუკუნიდან შენს დროში მოხვედრილი მეცნიერი, რომელსაც ხელთ არნახულად წინ წასული ტექნოლოგია უპყრია. დაუშვი, რომ მე შენთვის იგივე როლს ვთამაშობ, რასაც შენ – ნეანდერტალელისათვის ითამაშებდი. ასე, მაგალითად, თუ მთხოვ მუდმივ სიცოცხლეს – მე ჩემი საუკუნის გენეტიკოსებს დავესესხები და ორგანიზმის ავტოგენეზიის, თვითგანახლების აბებს მოგცემ. თუ ყველა შენს მიერ ნათამაშებ აზარტულ თამაშში უეჭველი იღბალი მოგინდება, სხეულში მოგითავსებ ხელსაწყოს, რომელიც მოვლენათა წინასწარჭვრეტის უნარის გენერირებას მოახდენს. ქალთა სქესში წარმატებას თუ ინებებ სუპერმზერით დაგაჯილდოვებ, რომელიც სხვა არა არის თუ არა ფლუიდების გამომასხივებელი მანქანა.
- ასე სატანური მაგია მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესამდე დაიყვანება.
- რა თქმა უნდა, ჰოდა შენც განმიხილე როგორც ყველაზე ხელმარჯვე ოსტატი და ნუ მომთხოვ იმას, რაც ლოგიკას სცილდება, თუნდაც შენი ეპოქისათვის სრულიად ფანტასტიკურ ლოგიკას. გაიგე, “მე”- იგივე “შენ” ვარ, ოღონდ უფრო მოდერნიზებული.
- დაგაგვიანდა! მაშინ მთავაზობ საქონელს, როცა მას ჩემთვის ყავლი გაუვიდა.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გარდა ამისა, მართალია რთველის დროს მოსავალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაზის ყვავილობისას, მაგრამ ვინ ყიდულობს ყურძენს მაისში... არავინ... ჰოდა დაფიქრდი და თქვი რა გინდა.
- გარიგება არ არის პატიოსანი, სანამ არ მეტყვი, თუ რის ფასად მაძლევ შენს ჭიან საქონელს.
- ჭიანიო? სინდისი იქონიეთ, ყმაწვილო! ამ, როგორც თქვენ უწოდებთ, ჭიანი საქონლისათვის მილიონები ხოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ თუ მხატვრული ჰიპერბოლებისაგან განვზოგადდებით, შენი მოთხოვნა უსამართლო არ უნდა იყოს. რა გსურს რომ იცოდე?
- რა მელის თუ დაგყაბულდი?
- ვითომ არ იცი... თუმცა, არა. ვიღაც-ვიღაცეებმა დაგაბნიეს და მითქმითა და კბილთა ღრეჭით შეგაშინეს. ჯოჯოხეთი, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით, მღვდლების მიერ საბრალო ცოდვილთა წინააღმდეგ მოფიქრებული გრანდიოზული PR ღონისძიებაა. სინამდვილეში, კუპრით სავსე ქვაბები და სამკაპა ეშმაკუნები ჩვენი კორპორაციისათვის სრულიად უსარგებლო რამაა. შენ გელის ის, რაც მილიარდობით სხვა ადამიანს. უბრალოდ ერთ დღეს მოკვდები და გაქრები. დასრულდები, აღარ იარსებებ. ის, რასაც ასე ძლიერ ეპოტინები, ანუ შენი ინტელექტი, დადნება როგორც შარშანდელი თოვლი.
- თუ ეს ისედაც ელის ყველა ადამიანს, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ შენს საქონელს ჩალის ფასად ვყიდულობ.
- კვლავ თვალთმაქცობ, ჩემო მეგობარო. მე ზუსტად ვიცი ერთი რამ - შენ უკვე მიხვდი, რომ ჩემს ჩრდილს მიღმა არსებობს მარადი ნათელი. ვიცი ისიც, რომ ცდილობ საუკუნო სიცოცხლე დაიმსახურო, რომ გინდა ჩემი მარწუხები გაარღვიო და სამუდამოდ გამექცე. აი ამ დროს, ჩემთან გარიგებით, შენ თმობ შანსს, იქონიო შანსი. ეს ვაჭრობა მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია შენთვის. რას იზამ?! დაუბრუნდები შენთვის ყავლგასულ ქვეყნიერებას და აიტან ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს, თუ ამ ყოფის მბრძანებელი გახდები?! ან იქნებ ჩემი საქონელი არ გხიბლავს. გინდა მთელს ჩემს უნარებს შენ გადმოგცემ.... დაიწყებ ქროლას პლანეტიდან პლანეტამდე. შენი თვალით იხილავ სამყაროს ათას საოცრებას. იგრძნობ ენით აუწერელ სიამოვნებებს... როგორც ხორციელ, ასევე ინტელექტუალურს
- სად არის ბილიკი, რომელიც აქედან ჩამიყვანს?
- გაფრთხილებ! ჩემს იქით ამ ქვეყანაზე არაფერი დარჩა შესაცნობი. მე ვარ ალფა და ომეგა სამყაროსი. მე ვარ ყოველი სურვილი და ვნება. რას ჩადიხარ?! სხეულს ჯოჯოჯხეთისთვის სწირავ მაშინ, როდესაც არც კი იცი, ჯილდო რა არის. იქნებ ღმერთი შენი ფანტაზიის ნაყოფია. დაფიქრდი, თვით სატანაც კი გულწრფელი გეუბნება, რომ არ იცნობს ღმერთს. იქნებ მთელი შენი მომავალი ტანჯვა და ბრძოლა ამაოებასთან - ქიმერების დევნაა და შენ მაინც მოკვდები. მოკვდები ისე, როგორც ჩემთან თანხმობის შემთხვევაში გაქრები, ოღონდ მილიონ სიამოვნება გამოვლილი. დათანხმდი ადამიანო. მე შენში ჩემს გერებს, გონებას და განსჯას ვუხმობ! იქნებ მე ვარ ღმერთი! მე ვარ თქვენი სამყაროს შემოქმედი და განმგები. მატერია არ არის ის, რასაც თქვენ აღიქვამთ და შემდეგ გონების მეშვეობით აყალიბებთ ცნებებად. რომც ისურვოთ, აპრიორული ემპირიკის სფეროდან ვერ გახვალთ. არც გახსოვს რას გიმტკიცებდა ბებერი კანტი. ჭეშმარიტება, სინამდვილით და სუბიექტივიზმით შეურყვნელი წმინდა იდეა, მატერიალურ საგნებს გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც თავად სუბიექტს შეაქვს ეს ინგრედიენტი მატერიალურ საგნებში. ესე იგი გამოდის, რომ ეს იდეები ადამიანთა ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. ხომ შეიძლება, მთელი ფილოსოფიური აბდა-უბდა, რომლითაც შენ ხარ გატაცებული, შარლატანი იდეალისტების ბოდვაა და სხვა არაფერი. ნუ გაცვლი შენს ფერხთით განფენილ მსოფლიოს ლანდებთან თამაშში. შენ იმსახურებ იმას, რასაც მე მოგცემ. თუ მერკანტილური ჯილდონი არ გაკმაყოფილებს, მე მზად ვარ ქვეყნიერების ყველა საიდუმლო გაგანდო. განგაცდევინო მსოფლიო შედევრით ტკბობა, როგორც აწ უკვე აქამდე შექმნილით, ისე მომავალში რომ ხორცს შეასხამს ჯერ არდაბადებული გენიოსი. და რას იხდი ამ სიმდიდრეში?! უბრალო სიკვდილს, გაქრობას, გახსნას მატერიაში შენი სულისა. მაშ, დაფიქრდი და საბოლოო პასუხიც მითხარი.
ამ დროს მე უხმოდ ვტრიალდები დ თვალებით ვეძებ მწვერვალიდან ბარისაკენ ჩამავალ ბილიკს. აი ისიც... ამ დროს უკნიდან შემზარავი ქუხილის ხმა მესმის. ვტრიალდები და ვხედავ, რომ ჩემი ალტერ ეგო გიგანტურ კუპრისფერ ჩრდილად ქცეულა. მისი კონტურები იცვლება, როგორც ვულკანის კრატერიდან ამომავალი ბოლის ქულები. უგულველყოფილი სატანა მგვრგვინავი ხმით მიხმობს.
- ო უგუნურო, ამაყო და თავხედო მოდგმავ. რომ იცოდე როგორ მეზიზღები, რადგან ზეცას, ჩემს სამშობლოს მომაგონებ. მას შემდეგ, რაც ბერიკაცმა წამართვა სიკეთე და თავისი საცხოვრებლის მოდარაჯე ფინიად დამაყენა, მე შევიძულე ის და მისი ხატი - ადამიანი. მართალნო, განა რომელიმე თქვენთაგანი ფიქრობს იმაზე, რას გრძნობს მოდარაჯე ძაღლი. თქვენს კერპს, იესოს ადიდებთ და მას, როგორც უსაზღვრო და მარად სიკეთეს ელტვით. ხოლო იუდას, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად შექმნა ქრისტე, საუკუნოდ წყევლით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ ბოროტება იცავს თქვენი სასუფევლის კარებს უწმინდურებისაგან, რომ მე-სატანა-ჩემი ჩრდილით გამოვყოფ ნათელს ბნელისაგან. ო, როგორ მძულხართ თქვენც, ადამიანებო, ეს მთებიც, მზეც, ჰაერიც მძულს, თვითოეული ატომი და მოლეკულა ხრწნადი მატერიისა. ყოველი ნივთი წარმავალია და მისი კვდომა ჩემს ხელთაა, მე მემორჩილება. მე კი მძულს ეს მორჩილება და ეს საგნებიც. ოო, უმადურო კაცობრიობავ, წყეულიმც იყავ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
აქ მეორე “მე” ეფექტურად იწვევს საშინელ ქარბუქს, ელვას და ქუხილს და ხელმოცარული ტოვებს მთის მწვერვალს. მე კი, ჩანჩალ-ჩანჩალით მოვუყვები საცალფეხო ბილიკს, რომელიც უკან ადამიანებთან მაბრუნებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: