Saturday, August 21, 2010

წინასიტყვაობა ჰანს მაგნუს ენცენსბერგისადმი მიძღვნილ თემატურ ნომერში


ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს, XX საუკუნის გერმანული პოეზიის ოქროს წლების (50-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 70-იანი წლების ბოლომდე) ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ წარმომადგენელს, 80 წელი შეუსრულდა. მისი შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ ლირიკას, რომლის გავლენა გერმანულენოვან პოეზიაზე თავისი მასშტაბით შეიძლება ამერიკულ პოეზიაზე ალენ გინზბერგის გავლენას შევადაროთ, არამედ – უმდიდრეს ესეისტიკას, თარგმანს, საგამომცემლო საქმიანობას, აკადემიურ სამეცნიერო კვლევას, რადიოპიესებს, სოციალური კრიტიკის ხელოვნებას.
იყო დრო, როცა ენცენსბერგერის პოეტური სიტყვა და თეორიული დაკვირვებები, მისი სოციალურად ანგაჟირებული ცხოვრება და პრაქტიკული გადაწყვეტილებები გერმანული კულტურის განვითარების არსებით მომენტებს განსაზღვრავდა. მიჩნეულია, რომ ბრეხტის მერე ენცენსბერგერის რანგის პოლიტიკური პოეტი გერმანიას არ ჰყოლია. ეს სახელი მას პირველმავე პოეტურმა კრებულმა – „მგლების დაცვა კრავებისგან“ – მოუპოვა. უნიკალური აღმოჩნდა მის მიერ 1960 წელს გამოცემული „მოდერნული პოეზიის მუზეუმი“. თექვსმეტი ენიდან თარგმნილი ასამდე ავტორიდან, რომელიც ამ ანთოლოგიამ გააერთიანა (ლექსების დიდი ნაწილი თვით ენცენსბერგერის მიერ იყო თარგმნილი), უმრავლესობა მხოლოდ ამ წიგნის გამოცემის მერე იქნა აღიარებული, როგორც მოდერნული პოეზიის კანონიკური წარმომადგენელი, მანამდე კი უცნობი იყო ან ჩრდილში რჩებოდა.
ენცენსბერგერმა დააარსა და 1965-1975 წლებში გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „Kursbuch“ (სიტყვა აღნიშნავს წიგნად შეკრულ სარკინიგზო მოძრაობის განრიგს), რომელიც გერმანიაში მემარცხენე ლიტერატურის და თეორიული აზრის ეპიცენტრი იყო და უდიდეს გავლენას ახდენდა ლიტერატურულ და თეორიულ აზრზე და სოციალურ კრიტიკაზე. დებატები, რომლებიც ამ ჟურნალის ფურცლებზე ფიქსირდებოდა, აყალიბებდა ლიტერატურისგან, ხელოვნებისგან შორსმყოფი ადამიანების პოლიტიკურ კულტურას. ენცენსბერგერის (და მისი ამ ჟურნალის) სახელი 60-იანი წლების გერმანიაში სტუდენტური მოძრაობის და რადიკალური სოციალური პრაქტიკების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
1967 წელს ენცენსბერგერი იყო ბერლინში არასაპარლამენტო ოპოზიციური მოძრაობის, „რესპუბლიკური კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თეორეტიკოსი. მთელი გერმანიის ტერიტორიაზე ამ კლუბის უამრავი ანალოგის შექმნამ დააჩქარა სოციალური აქციები (თეორიული დისკუსიები, დემონსტრაციები, სახელოვნებო პროტესტების პერმანენტული სერიები), რომლებიც ერთგვარი საორიენტაციო პლატფორმები იყო სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი მოქალაქეებისთვის. სტუდენტური მოძრაობის ბაზაზე აღმოცენებული გაერთიანების „კომუნა I“ წევრები თავიდან სწორედ ენცენსბერგერის ბერლინურ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა, თვით ენცენსბერგერი თავიდანვე გაემიჯნა საკომუნო პრაქტიკებს.
ენცენსბერგერი გერმანიაში მედიის თეორიის ერთ-ერთი მამამთავარიც არის. მის სახელს უკავშირდება გერმანული პრესის მემარჯვენე ენის პირველი კრიტიკული წაკითხვა და ამასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატები, რაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვებით და მედიის სემიოტიკის გაღრმავებით, აკადემიურ საუნივერსიტეტო კურსებს შორის მისი უჩვეულო პოპულარობით დაგვირგვინდა. ვიზუალური და აკუსტიკური მედიის დარგში ენცენსბერგერის ესსეებში ნაცადია ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებისა და ბრეხტის რადიოს თეორიის ურთიერთდაკავშირება.
მსგავსად ნებისმიერი დიდი ინტელექტუალისა, არც ენცენსბერგერის ნააზრევი და ცხოვრებაა მოკლებული წინააღმდეგობებს. მათ შორის ყველაზე მწვავე რეაქცია გერმანელ ინტელექტუალებსა და მისი შემოქმედების დამფასებელ მილიონობით ადამიანში ენცენსბერგერის მიერ ერაყში ამერიკის ჯარების შეჭრის გამართლებამ გამოიწვია. ჰუსეინის დაპატიმრების საბაბით ერაყზე თავდასხმა, რაც გერმანელი ინტელექტუალების მიერ ერაყის ნავთობის მიტაცებისთვის ბრძოლად შეფასდა, ენცენსბერგერმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებად მიიჩნია, რამაც მის ავტორიტეტს მთელ ევროპაში სერიოზული დარტყმა მიაყენა.


დათო ბარბაქაძე

წინამდებარე პრეზენტაციისთვის ავტორის ესსეები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger. Nomaden im Regal. Frankfurt am Main: Suhrkamp 2003.
ლექსები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger: Gedichte 1955–1970. Frankfurt am Main: Suhrkamp 1971.
ენცენსბერგერის აქ წარმოდგენილი შედევრი „ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში“, რომელიც უხუცესი ქართველი მთარგმნელის, ბესიკ ადეიშვილის მიერ თითქმის 30 წლის წინ არის თარგმნილი.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: