Sunday, August 9, 2009

ახალი წიგნები – 2008 – ივლისი


ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი
“ჰამერშტაინი ან შეუპოვრობა”
Hans Magnus Enzensberger
“Hammerstein oder Der Eigensinn”
375გვ. Suhrkamp


ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ახალი ნაშრომი ერთგვარი ბიოგრაფიული რომანია ისტორიულ-დოკუმენტური ელემენტებით. კურტ ფონ ჰამერშტაინი რაიხსვერის არმიის გენერალური შტაბის უფროსი იყო, თუმცა, მისი მცდელობა, შეენარჩუნებია პოლიტიკურად ნეიტრალური რაიხსვერი, უშედეგო აღმოჩნდა და 1933 წელს, როდესაც საიდუმლო კრებაზე ჰიტლერმა თავისი ნაცისტური გეგმები განაცხადა, ჰამერშტაინმა პოლიტიკური მოღვაწეობა მიატოვა. ენცენსბერგერიც სწორედ ამ უცნაური და საინტერესო ბიოგრაფიის მქონდე ადამიანზე გვიამბობს და თან მიმოიხილავს გერმანიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს. ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი არაერთი საბავშვო წიგნის, პოეტური კრებულისა თუ რომანის ავტორია. 1963 წელს იგი ბიუხნერის პრემიის ლაურეატი გახდა.

მარტინ ემისი
“მეორე თვითმფრინავი”
Martin Amis
“The Second Plane”
211 გვ. Alfred A. Knopf


”მეორე თვითმფრინავი” ბრიტანელი მწერლის, მარტინ ემისის ესსეებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულია, სადაც იგი საკუთარ თვალსაზრისსა და პოზიციას გამოხატავს მსოფლიო ტრაგედიიდან 7 წლის გასვლის შემდეგ. ემისი თავის ერთ-ერთ ესსეში უკმაყოფილებას გამოთქვამს თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიის სტენოგრაფიული სახელწოდების გამო, ამბობს, რომ მისთვის ზედმეტად უხეში და გაუმართლებელი ტონია ციფრებით იმის გამოხატვა, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორიზმს მოჰყვა მსხვერპლად. მწერლის ეს განწყობა მთელ წიგნს გასდევს - მეტი ჰუმანიზმი, თანაგრძნობა, ადამიანურობა და ნაკლები პოლიტიკა. ”მეორე თვითმფრინავი” მწერლის ესსეების მეშვიდე კრებულია.


მელვინ ბრეგი
“გახსოვდე”
Melvyn Bragg
“Remember Me”
551 გვ, Sceptre


ჯოზეფი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა მან ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ფრანგი სტუდენტი, ნატაშა გაიცნო. ნატაშა საყვარელი მამაკაცის დაკარგვის გამო დეპრესიაში იყო, ჯოზეფს კი ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა. მკაცრი მამის და ბოროტი დედინაცვლის გარცმოცვაში აღზრდილმა, მორცხვმა და მიტოვებულმა გოგომ, შეიყვარა ჯოზეფი, ახალგაზრდები დაქორწინდნენ და საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ. რატომ და როგორ მთავრდება ეს უცნაური ურთიერთობა - მელვინ ბრეგი თავის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში გვიამბობს; პროტაგონისტი ცდილობს, საკუთარ თავზე აიღოს მთელი პასუხისმგებლობა და დანაშაული; სასიყვარულო თავგადასავლის დასასრულის მიზეზები თავის თავში ეძებოს. ”გახსოვდე” ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის მეოცე რომანია.

კურტ ვონეგუტი
“სამყაროს აღსასრულის რეტროსპექტივა”
Kurt Vonnegut
“Armageddon in Retrospect”
232 გვ G. P. Putnam’s Sons


კურტ ვონეგუტის თაყვანისმცემლებისათვის ”სამყაროს აღსასრულის რეტროსპექტივა” ნამდვილი სიურპრიზია - წიგნში თავმოყრილია მწერლის აქამდე გამოუქვეყნებელი 12 წერილი მსოფლიო ომისა და მშვიდობის თემებზე. აქვეა ესსე, რომელიც დრეზდენის დაბომბვას ეხება და სადაც მწერალი ჩვეული იუმორით, თხრობის ლაღი და ხალასი სტილით იხსენებს ომის სისასტიკეს. წიგნში ასევე შესულია ვონეგუტის გარდაცვალების წინ ერთი თვით ადრე დაწერილი სიტყვა, რომელიც მას ინდიანაპოლისის აუდიტორიისთვის უნდა წაეკითხა. წინასიტყვაობის ავტორი კი მწერლის ვაჟი - მარკ ვონეგუტია. კურტ ვონეგუტი 11 აპრილს ნიუ იორკში გარდაიცვალა. 84 წლის მწერალი საკუთარ სახლში დაეცა და ტვინის ძლიერი ტრავმა მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.


ვინსენტ რავალეკი
”15 წელიწად-ნახევარი”
Vincent Ravalec
”15 ans et demi”
206გვ. Flammarion


როგორ უნდა გაუმკლავდეს მოზარდი გოგონას მამა თავისი შვილის უცნაურ ახირებებს, ან როგორ უნდა შეეგუოს სხვადასხვა მეტალის ნივთებს მის სხეულზე, აქამდე გაუგონარი და გაუგებარი მუსიკით გატაცებას, გამოსათრობად გამართულ წვეულებებს, წითელ თმას, თავით ფეხებამდე ინტერნეტში გადაშვებასა და ბიჭებს მის გარშემო, აუარება ბიჭებს. ან კი როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და კიდევ რამდენი ხანი აქვს მისჯილი მამას, უყუროს მოზარდი შვილის უცნაურ საქციელს? ვინსენტ რავალეკის ახალი რომანი ჩვეული იუმორითა და ხალასი ისტორიით მკითხველს არ მოაწყენს. ”15 წელიწად-ნახევარი” მწერლის 31-ე წიგნია.

დიკლან ჰიუზი
”მომაკვდავი ჯიში”
Declan Hughes
”The Dying Breed”
320გვ, John Murray


“მომაკვდავი ჯიში” თანამედროვე ირლანდიელი მწერლის, დიკლან ჰიუზის მეოთხე რომანია. ისევე, როგორც მის წინა ნაწარმოებებში, აქაც ნახავთ აგრესიის, ადამიანურ ურთიერთობათა დაძაბულობის, კრიმინალისა თუ სხვადასხვა უაროყოფითი მუხტის დიდ დოზას; სამყარო, რომელსაც ჰაგისი გვიხატავს, ამჯერად ერთი მატერიის გარშემო ტრიალებს, და ეს მატერია ფულია. რას აკეთებენ ადამიანები იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ, არსებობს თუ არა სხვა, ფულზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები მათთვის, ვისაც ეს მიზანი დაუსახავს - მთავარი გმირი, ედ ლოი, ამის გარკვევას საკუთარ თავში ცდილობს და მასთან ერთად მკითხველიც კიდევ ერთ საინტერესო სამყაროს ეცნობა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: