Saturday, August 15, 2009

გაგა ლომიძე - აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი


Lost in Translation

იმპერიების ნანგრევებზე ყოველთვის ახალი ლიტერატურა აღმოცენდება ხოლმე. და მხოლოდ ასეთი სიახლის გამო შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, სოციალურ კატაკლიზმებსა და ადამიანების გაუბედურებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის თან სდევს იმპერიების დაისს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნგრევამ კაფკა და მუზილი გვაჩუქა, ბრიტანეთის იმპერიის დაშლას კი ასპარეზზე რუშდისა და «ბუკერის» პრემიის ლაურეატი მწერლების მთელი კოჰორტის გამოსვლა მოჰყვა. საბჭოთა იმპერიის დემონტაჟიც, ახლო მომავალში, იმედია, თავის შედეგს გამოიღებს: უკრაინული ლიტერატურა დღეს არნახულ აღმავლობას განიცდის. მხოლოდ ჩვენს გამომცემლობაში გასულ წელს სამი უკრაინელი და ერთი ბელორუსი ავტორის წიგნი გამოიცა. ბოლოს და ბოლოს, ზაზა ბურჭულაძის წიგნი «მინერალური ჯაზი»-ც დავსტამბეთ. მოსკოველი მკითხველისთვის ეს თითქმის ისტორიული მოვლენაა – თანამედროვე თბილისის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ ვიცით. “მინერალური ჯაზი” კი თანამედროვე ქართველი ავტორის პირველი თარგმანია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. როგორც მოგახსენეთ, ძალიან ცოტა რამ ვიცით საქართველოს კულტურული კონტექსტის შესახებ, მაგრამ იმ მცირედის გამო, რაც ზაზას და საქართველოში მისი რეპუტაციის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან დავინტერესდით.
ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც თბილისში სკანდალისტის სახელი აქვს, მუდამ ვიღაცას ეკამათება და ეჩხუბება, მოსკოვში – პირიქით, თავს უყრის და არიგებს სრულიად განსხვავებულ მწერლებს - მაგალითად, ლიმონოვსა და გრიშკოვეცს, რომლებიც მოსკოვის ვერცერთ კონტექსტში ერთმანეთს ვერაფრით შეხვდებოდნენ, მაგრამ ზაზა თავის ჟურნალისტურ ესსეში მათ გვერდიგვერდ მოიხსენიებს. ედუარდ ლიმონოვი, რომელიც უკანასკნელ წლებში არცერთ რუს ჟურნალისტს არ თანხმდება ინტერვიუზე, ზაზასთან ინტერვიუს ჩასაწერად მზადაა. ვლადიმირ სოროკინი კი, რომელიც ახალგაზრდა მწერლებს იშვიათად წყალობს, ზაზას თავის აგარაკზე იწვევს. სკანდალისტი ზაზა ბურჭულაძე რუსეთში თავდადებულ კულტურტრეგერად, მშვიდობისმყოფლად მოგვევლინა, რომელმაც კულტურათაშორისი დიალოგის წარმმართველის მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისრა.
ზაზა ბურჭულაძის წიგნის რუსულ ენაზე გამოცემის გამოცდილება უაღრესად საგულისხმო და პროდუქტიულია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ზაზა პირველი მერცხალია იმ ახალი ლიტერატურისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდება. ამ ლიტერატურას არ ექნება ეროვნება და პასპორტი, მისთვის არც ვიზები იქნება საჭირო, ვინაიდან კულტურა სულ სხვა სასაზღვრო კანონებს ემორჩილება. ზაზა ბურჭულაძე კი ერთ-ერთი პირველი ქართველი მესაზღვრეა, ვინც თბილისში კონტრაბანდულად შეიტანა რუსული ლიტერატურა და პირველი მოხვდა ლიტერატურულ მოსკოვში.

ალექსანდრ ივანოვი
გამომცემლობა Ad Marginem-ის დირექტორი




გაგა ლომიძე

აღმნიშვნელთა მინერალური ამბოხი

Заза Бурчуладзе. Минеральный джаз (перевод: Майя Бирюкова). Ad Marginem. 2008


“მინერალურ ჯაზში” ავტორი თავის ნაწარმოებს ქარვას ადარებს, ვინაიდან რომანი, ისევე როგორც ქარვა, თავისთავში საუკუნეების ”გამოცდილებას” აერთიანებს – იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძველი ქარვა დაახლოებით 30-90 მილიონი წლისაა და მასში უხრწნელი სახით, ჩაკირულია ყველაზე ძველი ორგანიზმები – მცენარეები თუ მწერები. ”მინერალური ჯაზი”, თავისი ბრიკოლაჟური ტექნიკით, რომელიც ლიტერატურული თუ ვიზუალური ხელოვნების ინტერტექსტებით თუ ციტატებითაა გაჯერებული, იმაზე მიუთითებს, რომ ის მსოფლიო კულტურის გამოცდილებას მოიცავს და ქარვის კვალად, ”გამომაფხიზლებელი”, სამკურნალო დანიშნულება აქვს. სწორედ აქედან მომდინარეობს რომანის სათაურის ავტორისეული დეფინიციაც - ”მინერალური ჯაზი”: ”მინერალური”, რაც სამკურნალო თვისებებს გულისხმობს; ხოლო ჯაზი - ”სეირი, დარდის გაქარვება, ზურნა-დუდუკი, სასეირო”-ს მნიშვნელობის მატარებელია. აქედან უკვე სემანტიკური თვალსაზრისით წყვილდება ორი ცნება: საწადელი და სასეირო.
იმავდროულად, ქარვა ერთგვარად უკავშირდება თაფლსაც, რაც რომანში არაერთგზისაა მოხსენიებული და იკვრება მეტაფორული წყვილები – გოლეული/ფუტკარი და მწერალი/ტექსტი, რაც თავის მხრივ, უკვე პირდაპირ უკავშირდება ტექსტის, როგორც ქარვის გაგებას. ახლა, თუკი ავტორის სიტყვებს გავიხსენებთ, რომ ყოველი დიდი ქმნილება უნდა იყოს საზოგადოც და ვიწროდ ნაციონალურიც, მაშინ ფუტკრისა და თაფლის კონტექსტში სრულიად სამართლიანად შემოვა რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი – დათვი – დიადი რუსეთის ხატი. მით უმეტეს, მისი ტამბოვური წარმოშობა გვიბიძგებს ამისკენ. ახლა უკვე რომანი პოლიტიკური პამფლეტის სახეს იღებს და ასეთ შემთხვევაში ასოციაციური ცდუნებისთვის თავის დაღწევა ძნელია: შამუგიას ”კისერზე ძაღლის მძორი” ხომ იგივე თეიმურაზ ხევისთავთან გვაგზავნის ”ჯაყოს ხიზნებიდან”, ხოლო ”ქართველობა, როგორც დიდი ტვირთი” – თეიმურაზის და ივანეს დიალოგს მოგვაგონებს იმავე რომანიდან; ან თუნდაც ფრაზა - ”წამოვწვებოდი ჩემთვის ლეღვის ჩეროში და აღარაფერზე არ ვიფიქრებდი... ზაფხულია და მისი დადგომისთანავე ჭერში იმოდენა ბუზი ჩნდება, შეგიძლია თვალო და შემოდგომამდე მაინც ვერ დათვლი”, რომელიც ილიას ”კაცია-ადამიანს” შეგვახსენებს. თვით ”შემოქმედებითი კრიზისიც” – რომანის ალტერნატიული სათაური თითქოს მიგვანიშნებს, რომ ”გურჯისტანში” არაფერი შეცვლილა. მით უმეტეს, რომ ავტორისეული festina lente-ც ამის ერთგვარი დადასტურებაა, როცა თითქოს რომანი ვერ სრულდება (როგორც პრუსტის გმირი, რომელიც რომანის დაწერას აპირებს, მაგრამ არ გამოდის და რომანიც მაშინ მთავრდება, როცა პერსონაჟი უკვე წერას იწყებს), რასაც ავტორი გამუდმებით გვიმტკიცებს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტორის ნიღაბია და რომანის დაუსრულებლობა მხოლოდ ხერხია – კარნავალური ხერხი. ყოველივე ამის გათვალისწინებით დათვი-პერსონაჟი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შთაბეჭდილებას, როცა ავტორი უნებლიედ, თითქოს სასხვათაშორისოდ, ახსენებს ”ოლიმპოელ კნეინას” – ჰერას, რომელმაც ხსენი დაღვარა, საიდანაც რძიანი გზა, ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედი გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, ვისკონტის ”დიდი დათვის დანისლულ ვარსკვლავს” შეგვახსენებს და გზის გამოუვალობაზე მიგვანიშნებს. და ბოლოს, მდგომარების გამოუვალობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოჩიგავების სახლში დათვის სტუმრობა და ამ ჩაკეტილ სივრცეში ექსტატიური როკვა. მით უმეტეს, პერსონაჟები ამ დროს ჯაჭვურ გერანოსს ცეკვავენ, რაც თეზევსისა და ლაბირინთიდან შვიდი ქალწულის გათავისუფლების მითს უკავშირდება.
თუმცა, თუ უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველაზე რთული, ზოგადად, ადამიანის ხვედრია სამყაროში, სადაც ბიბლია, ფელინი და ზოლებიანი კბილის პასტა თანაბარმნიშვნელოვან ცნებებად იქცნენ; სადაც ჩვენს ჰიპერრეალურ სამყაროში ომი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შუალედებში ჰიგიენური ტამპონების რეკლამებით; სადაც მასობრივი კვლავწარმოების ხანაში სულიერი კულტურა მეორეხარისხოვნად იქცა, რაც გაცხადებულია რომანის ბოლოს ტყავის სავარძლებში ჩაფლული პრეზიდენტებისა და ანდაზის, როგორც სულიერი კულტურის ნიმუშის დაპირისპირების მეტაფორაში. ადამიანის მიერ საკუთარი ბედის მოწყობის მცდელობა თვითნებურად ან ღმერთთან შეთანხმების გარეშე – უღმერთობის ხანის ნიშანია, რაც კიდევ უფრო ცხადად ჩანს შამუგიას ხილვაში – თავისი ვალპურგის ღამეებით თუ ჰომუნკულუსებით (გოეთეს ”ფაუსტის” ციტირებით და ფაუსტურ ცივილიზაციაზე მითითებით). იქნებ ამიტომაც ახსენებს ზაზა ბურჭულაძე პითაგორასეულ სიყვარულს, რომელზეც თითქოს უნდა გვესაუბროს და ავიწყდება. იქნებ ამიტომაც გვრის ნოსტალგიას ტამბოველ დათვს ქოლთრეინის კომპოზიციის, ”აფრიკას” შემთხვევითი გაგონება.
თუკი, როგორც ავტორი ამტკიცებს ერთგან, ”დღევანდელ დღეს, საბაზრო ეკონომიკის ჯუნგლებში... ლიტერატურა, როგორც დარგი, მალე ისევე ამოწურავს თავისთავს, ვით, ვთქვათ, სქოლასტიკამ ამოწურა”, რაღა საჭიროა – ავტორის, როგორც მთავარსარდლის და სასვენი ნიშნების, როგორც ალყის მილიტარისტული მეტაფორა? ასეთ დროს სწორედ ტროპული ხერხები და მნიშვნელობები იქცევა ”ხელი-ხელ შეკოწიწებული ფასეულობათა წესრიგის” დეკონსტრუქციის იარაღად. ამგვარი ტექნიკა კი უხვადაა ”მინერალურ ჯაზში” – უპირველესად, პრუსტისეული მეტატექსტით თუ მკითხველთან ინტერპოლაციით, აღმნიშვნელთა თამაშით (ერთი და იგივე საგნის ან მოვლენის დასახასიათებლად ბინარული ოპოზიციების ჩამოთვლით, მათ შორის პოლარული სხვაობის გაგება უქმდება) თუ აპორიულობით; კულტურის კოდების ირონიზებით (სადაც მყარი გამოთქმების, ერთგვარი გნომური კოდების ეროვნული საუნჯიდან ავტორი ცდილობს სიკვდილის შესატყვისი გამოთქმა შეარჩიოს) თუ უნებლიე ეტიმოლოგიით (შენობა/შეჩემობა, სადაც ”შეჩემობა” ეტიმოლოგიური თვალსაზრისით სექსუალურ კავშირთან წილნაყარ სიახლოვეს, როგორც ჭეშმარიტ სიახლოვეს მოგვაგონებს); მოლოდინის ჰორიზონტის გაცრუებით (ფრაზით - ”აქ ალბათ მკითხველი ელოდება, რომ...”) თუ ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებზე პაროდიით (როდესაც ”მინერალურ ჯაზში” სამაშველო რგოლი ჩნდება, რომ შამუგია სხვა რომანების პერსონაჟებივით წყალში არ დაიხრჩოს).
თუმცა აქ ყველაზე მთავარი მაინც ჯაზის ცნებაა, ვინაიდან ის ”თავისუფლების პოსტულატია” და ”ახლა და აქ” იქმნება. ამდენად კავშირი იკვრება როგორც რომანის საერთო სტრუქტურასთან, ისე კარნავალურობის გაგებასთან – ტექსტთან იერარქიის გარეშე და ეს აშკარაა თუნდაც იმიტომ, რომ ”მინერალურ ჯაზში” არ არსებობენ მთავარი და არამთავარი გმირები, ტრადიციული გაგებით. მაგრამ არსებობს ტექსტი, რომლისთვისაც ”დროის არავითარ ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა” და თანმიმდევრული, ხაზოვანი თხრობის სისტემა მის თავისუფლებას ვეღარ შეზღუდავს. მისთვის მხოლოდ ”მარადიული აწმყოა”; და რაც მთავარია – არსებობს ავტორი, რომელიც თავის ტექსტთან ერთად ”იბადება” და ევოლუციას განიცდის; რომელიც თანამედროვე რომანში ”ავტორის სიკვდილის” მიუხედავად, კვლავაც აგრძელებს არსებობას და წინააღმდეგობას გამძაფრებული ”მე”-ს შეგრძნებით უპირისპირდება. აქედან მომდინარეობს ”მინერალურ ჯაზში” გალაკტიონისეული ინტერტექსტი - ”მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა”, რაც იმავდროულად, სისტემისგან და კანონიკისგან გათავისუფლებული ავტორის განუზომელ თავისუფლებას გულისხმობს; მეორე მხრივ, ისევ გალაკტიონისეული ”ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა” – თავის თავში მოიცავს ჰიპერტროფირებულ ”მე”-ს და შემოქმედებით პოტენციას ითვალისწინებს.
როგორც დერიდა იტყოდა, ყველაფერი ტექსტობრივია და არაფერი არსებობს ტექსტს გარეშე. მათ შორის, ჩვენი ცხოვრებაც. ჩვენ კი, მკითხველთ, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ნიშნებს შორის ქვეტექსტები ვიკითხოთ და ვიოცნებოთ; ვიოცნებოთ სოდომამდელ სამყაროზე, სადაც აღარ იქნება იერარქიული წესრიგი; არც მნიშვნელობების სისტემა შეზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და აღარც მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად დაყოფენ ადამიანებს – სწორედ ისე, როგორც ”მინერალურ ჯაზში”. ან, სულაც გავიღიმოთ – რომანს ხომ თითქოს რეფრენივით გასდევს ავტორის უწყინარი (თუ ირონიული) სიცილი - ”ეხე-ხე”, რომელიც თავისი ბუნებით დიონისურია, ან, გნებავთ, კარნავალური და თავის თავში აერთიანებს იმავე ბინარულ წყვილებს: ქებას და ლანძღვას, დაცინვას და აღტაცებას, კვდომას და აღდგომას.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: