Monday, August 31, 2009

გიგა ზაალიშვილი - დელ მარში - ერთი წელი ჩეჩნეთის ტყვეობაში.

მიქელ ირემაძე
მთელი ცხოვრება, როგორც ტელეშოუ და სიკვდილის მიჯნიდან დანახული ვარსკვლავები
გიგა ზაალიშვილი, დელ მარში - ერთი წელი ჩეჩნეთის ტყვეობაში. რედაქტორი ვანო ამირხანაშვილი. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2001.


ლიტერატურისმცოდნეობაში ხშირად და ერთგვარი გადაჭარბებითაც უყვარდათ საუბარი იმ სასიკეთო გავლენაზე, რომელიც კავკასიის მთიანეთის ზღაპრულმა სილამაზემ, - კავკასიის "ზედაპირმა", - მოახდინა ერთფეროვანი ტრამალების ჭვრეტას თვალმიჩვეულ რუს მწერლებზე.
არ მახსოვს, ვინმეს აღენიშნოს, რომ ქართული ლიტერატურისთვის ასევე მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კავკასიის ქვესკნელ-"ქვედაპირი" - ლეკეთ-ქისტეთის ჯურღმულები: ლეკების მიერ დავით გურამიშვილის დატყვევებამ ჩვენს მწერლობას შესძინა რამდენიმე გენიალური ლექსი და, ფაქტობრივად, განსაზღვრა ამ უნივერსალური პოეტის ბედისწერა. ილია ორბელიანის შამილთან ტყვეობამ შვა მისი მრავალმხრივ საინტერესო ჩანაწერები და ბარათაშვილის გენიაში დაადუღა "მერანი" (გავიხსენოთ: მერანი დატყვევებული "ილიკოს ნაცვლად ფიქრს" წარმოადგენს - ცხოვრების საზრისი თითქოსდა ილია ორბელიანის თვალით არის დანახული). ასეთი იყო საზღაური, რომელიც მიიღო მარადიულმა საქართველომ იმ მრავალრიცხოვან უბედურებათა წილ, რომლებიც ჩრდილოკავკასიელებმა გაუთავებელი ყაჩაღური თავდასხმებით დაატეხეს XVIII-XIX საუკუნეების ქართლ-კახეთს.
ჩვენს დროში "პანკისის პრობლემამ" ლამის გააცოცხლა "ლეკიანობის აჩრდილი". ოღონდ იგი, სწორედ წარმოუდგენელი არქაულობის გამო, ქართველი საზოგადოების მიერ სრულად ვერც კი იქნა გააზრებული საშინელ საფრთხედ, რასაც თავისი არსით წარმოადგენდა. პირიქით, როგორც შეჰფერის კიდეც აჩრდილს, ის დარჩა რაღაც შორეულ, ნახევრად ზღაპრულ საშიშროებად, რომელიც თითქოსდა სულ სხვა სივრცეში არსებობს და, ყოველ შემთხვევაში, პირადად შენს ცხოვრებას, შენს საარსებო გარემოს არაფრით ემუქრება.
ასეა თუ ისე, ნახევრად ზღაპრულ იერს ხელი არ შეუშლია "პანკისის აჩრდილისათვის" სავსებით რეალურად დაესახიჩრებინა მრავალი ადამიანის ბედი და, ამასთან ერთად, მოეცა პირველი ლიტერატურული ნაყოფი: "დელ მარში" - 1998 წელს პანკისიდან ჩეჩნეთში გატაცებული მხატვრის, გიგა ზაალიშვილის წიგნი ერთწლიანი ტყვეობის შესახებ, რომელიც, უნდა ვაღიარო, როცა სარეზენციოდ გადმომცეს, ერთგვარი უნდობლობით ავიღე ხელში. ეს იყო უხვი და მრავალფეროვანი ინფორმაციით გულამსუყებული ადამიანის, იქნებ ბუნებრივი, მაგრამ ეთიკურად არცთუ მთლად უზადო რეაქცია: რით შეიძლება დამაინტერესოს წიგნმა პრობლემაზე, რომლის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი (ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, რისი გაგებაც ასე უხიფათო სიშორიდან არის შესაძლებელი); მე ხომ პრესით და ელექტრონული მედიით ამდენჯერ წამიკითხავს, მომისმენია, მინახავს ამიერკავკასიის გაცილებით უფრო დრამატული და მასშტაბური მოვლენების სანიმუშო ანალიზიცა და უშუალო მონაწილეთა მონათხრობიც, დოკუმენტური ვიდეომასალაცა და ემოციურად საკმაოდ შთამბეჭდავი რამდენიმე მხატვრული გააზრებაც. დაახლოებით ამგვარი განწყობით გადავშალე "დელ მარში" და... თავაუღებლად წავიკითხე, ხოლო ზოგ ადგილს რამდენჯერმე მივუბრუნდი.
ძლიერმა შთაბეჭდილებამ უარი მათქმევინა წინდაწინ შემუშავებულ გეგმაზე (ვიდრე წიგნი რამდენიმე დღე გადაუშლელად მედო მაგიდაზე) - ამავე თემაზე შექმნილი დოკუმენტური და მხატვრული ნაწარმოებების ფონზე განმეხილა "დელ მარში", აგრეთვე ერთმანეთისთვის შემედარებინა ტყვეობის პირობებიცა და ყაჩაღისა და ტუსაღის მენტალიტეტიც წინა საუკუნეებში და ჩვენს დროში (ასეთი გეგმის შედგენისას, ახლაღა ვხვდები, ალბათ, ერთგვარი ეგოისტური ინსტინქტი მამოძრავებდა - როგორმე საინტერესო სარეცენზიო გამეხადა, როგორც ვვარაუდობდი, არცთუ საინტერესო საკითხავი). შთაბეჭდილებათა დაწმენდის შემდეგ, იმ განზრახვაზეც კი უარი ვთქვი, რაზეც კითხვისას განუწყვეტლივ ვფიქრობდი და ბევრი ადგილი მოვნიშნე კიდეც - დამეხასიათებინა თხრობის მანერა და მეჩვენებინა, რაოდენ ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს საშინელი დამცირებისა და გვემა-დასახიჩრების შთამბეჭდავი, არასენტიმენტალური ასახვა და უბოროტო, ვაჟკაცური იუმორი.
არსებითად, მე მთელ წიგნს არც კი მიმოვიხილავ: იმის აღნიშვნით შემოვიფარგლები, რომ წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაც, იგი ბოლო წლებში ქართულ ენაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია და სულ რამდენიმე მომენტზე შედარებით ვრცლად შევჩერდები.

სიცოცხლე და სიკვდილი, როგორც კინოსანახაობა ან ტელეშოუ


გიგა ზაალიშვილის წიგნი ერთი ადამიანის (ავტორის) ცხოვრების ტრაგიკულ მონაკვეთს აღწერს, მაგრამ მასში სხვა, ბევრად უფრო მასშტაბური, მე ვიტყოდი ყოვლისმომცველი ტრაგედიის "ფრაგმენტებიც" იკითხება - ვგულისხმობ თანამედროვე ადამიანური ცნობიერების ტრაგედიას, რომელიც რეალობის გაქრობასა და ილუზიური სტერეოტიპებით მის ჩანაცვლებაში მდგომარეობს: ხდება მთელი ფიზიკურ-სულიერი ცხოვრების, სიცოცხლისა და სიკვდილის ტოტალური აღქმა კინოსანახაობად თუ ტელეშოუდ, რაც ტელევიზიის მიერ ცნობიერების სივრცეების სულ უფრო ენერგიული ოკუპაციის შედეგია.
ავტორი წიგნის დასაწყისშივე გულწრფელად მოგვითხრობს, რომ დატყვევებისას, როცა სოფელ დუისში ჩასული, ავტომატიანმა ჩეჩნებმა სახლში შეაგდეს და ოთახი უცებ გაიძეძგა შეიარაღებული ადამიანებით, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა უაღრესად სახიფათო და საგანგაშოც კი იყო, მას შიშის გრძნობა არ გასჩენია, რადგან "რატომღაც თვალწინ სულ ამერიკული ფილმების ის დრამატული ეპიზოდები წარმომიდგებოდა, სადაც სხვადასხვა ჯურის მაფიოზები შუა ოთახში სკამზე მიჯაჭვულ რომელიღაც პროგრესული გაზეთის ჟურნალისტს ემუქრებიან ან აწამებენ, ის კი გმირულად იტანს ტანჯვა-წამებას".
ამას მოსდევს მეტად მნიშვნელოვანი ფრაზა: "საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წელი კინემატოგრაფიული პარალელების გახსენებაში გავატარე, ძალზე ხშირად რეალური ფაქტები გახმაურებული ფილმების კადრებს ემსგავსებოდნენ".
და მართლაც, წიგნი ადასტურებს, რომ თანამედროვე ადამიანის ცნობიერება ვერ ახერხებს თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, ამ ილუზიური შტამპების გარეშე, უშუალოდ დაეუფლოს რეალობას. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ეპიზოდი, როცა მორიგი დამამცირებელი ცემის შემდეგ ტუსაღს ნერვები უღალატებს და, ტყვეობის პერიოდში პირველად, არაადამიანურ ღრიალს იწყებს. ის დარწმუნებულია, რომ ოთახში შემობრუნებული მცველები მოკლავენ და იმასღა ნანობს, რომ აქ ყოფნისას თავს უკრძალავდა დიდხანს ეფიქრა თავისიანებზე და საქართველოზე; ახლა ამას უკვე ვეღარ მოასწრებს - ჯალათებმა კარი შემოაღეს და უახლოვდებიან. და აქაც, აღქმის იგივე თავისებურება: "ყველაფერი ფილმებში ნანახ შენელებულ კადრებს ჰგავდა" (შემოსული ყაჩაღები გიგას გონის დაკარგვამდე გუდავენ აბაზანაში, ელექტროდენით აწამებენ, კეტით თავს გაუტეხავენ და კბილებს ჩაუმსხვრევენ).
გაივლის დრო და ტყვე უკვე პირდაპირ ჩახედავს სიკვდილს თვალებში - მას დასახვრეტად გაიყვანენ: "ყველაფერი ძალიან ჰგავდა ფილმებში ათასგზის ნანახს, ოღონდ, ამჯერად, მე თვითონ ვიყავი ტრაგიკული სცენის მთავარი პერსონაჟი... ჩემ წინ ჩამწკრივებულ მცველებს უკვე მოემზადებინათ ავტომატები... ერთ წამში კინოკადრებივით ჩაირბინა სხვადასხვა სურათებმა - სახლი, ახლობლები, საქართველო თუ რაღაც ფრაგმენტები" (მერეღა გაიგებს, რომ ვაზნა მომაკვდინებელი ლითონის ნაცვლად მაწამებელი დენთით დაუტენიათ; ტყვია მუცელში მოხვდება და ირგვლივ ყველაფერს ამოწვავს).
ავტორის თქმით, ვიდეოფილმების როლი ჩეჩნების ცხოვრებაშიც მეტისმეტად აშკარაა: ზოგ შემთხვევაში მათ ადამიანთა გატაცების ტექნიკა ისესხეს და პრაქტიკულ მოთხოვნათა შესაბამისად გააუმჯობესეს, სხვა შემთხვევაში ქცევის მანერა გადმოიღეს და ა.შ.
ცხოვრების სანახაობასთან ტოტალური შერწყმის კულმინაცია კი არის ვითარება, როცა თანამემამულეების, მეტიც - თანამებრძოლების სიკვდილიც კი ერთგვარ გასართობ-გამამხნევებელ ტელეშოუდ იქცევა, რაც გ. ზაალიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, გროზნოში ნახა, სადაც ვაჰაბისტების არხი "კავკასია" მთელი დღის განმავლობაში არ წყვეტდა პირდაპირ რეპორტაჟს იმ დროს დაღესტანში მიმდინარე ბრძოლებიდან: "ნაჩვენები იყო ბრძოლის რეალური ეპიზოდები, ვაჰაბისტების იარაღი. რეპორტაჟის დროს ჩვენს თვალწინ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ყველაფერს შიგადაშიგ კომენტირებას ვიღაც, ჩემთვის უცნობი პიროვნება უკეთებდა, ხსნიდა, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე. იგი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს კომენტატორი ბრძოლის ველიდან მომხდარ ამბებს კი არ განმარტავდა, არამედ საფეხბურთო მატჩს გადმოსცემდა. თითქოს ეს იყო თამაში და არა ნამდვილი ომი, რეალური სიკვდილი... ნანახმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, აუტანელი იყო ადამიანთა სიკვდილის ყურება, რომელიც ისე იყო მოწოდებული, როგორც გასართობი შოუ".
ცნობიერების ამგვარი გატელევიზიურების (იქნებ, უფრო ადეკვატური იყოს გამოთქმა - გატელეუპატიურების) შედეგი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ადამიანი ზნეობრიობისთვის მეტად სახიფათო დოზით ეჩვევა სხვათა ტანჯვის ჭვრეტას და ოდნავადაც აღარ აღელვებს რეალურ-დოკუმენტურია ეს სისასტიკე თუ წარმოსახვითი; უფრო საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ იგი საერთოდ კარგავს ადამიანობას - ე.ი. ყველაფერს, რაც, ეთიკური თვალსაზრისით, წმინდა ბიოლოგიური ეგოიზმის საზღვრებს გარეთ გადის და რის გარეშე homo sapiens-ი ძნელია მიჩნეულ იქნას ადამიანურ არსებად. დროდადრო მსოფლიოს შეაძრწუნებს ხოლმე ტელესანახაობის უშუალო გავლენით, მეტწილად მოზარდების მიერ, ჩადენილი დანაშაულის უკიდურესად არაადამიანური ხასიათი, მაგრამ ტელევიზიის უფრო ფარული და ათასჯერ უფრო სახიფათო ზემოქმედების შესწავლა გლობალური არაადამიანური ფსიქიკის ფორმირებაზე თითქმის შეუძლებელია.
და მაინც, წიგნში დგება "ჭეშმარიტების მომენტი", როცა, ჯოჯოხეთური წამების შემდეგ, ავტორის ცნობიერება ილუზიებისგან განიწმინდება, იბრუნებს რეალობას და ეს დაბრუნებული რეალობა მასში ყველაზე უფრო მოულოდნელი სახით - ვარსკვლავიერ ცად შემოდის...
თუმცა, ამის შესახებ ბოლოს, მანამდე კი ადამიანური ცნობიერების კიდევ ერთ ანომალიას - სენტიმენტალურ ჯალათობას - შევეხები ძალიან მოკლედ.


ჯალათური სენტიმენტალიზმი


სენტიმენტალობა, როგორც სულიერი მდგომარეობა, ალბათ ყოველთვის არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მსოფლმხედველობრივ პოზიციად - სენტიმენტალიზმად - იგი მაშინ გადაიქცა, როცა სტერნმა მოულოდნელი მიმართულებით განავრცო მისი საზღვრები და განსაზღვრება სენტიმენტალურით დაახასიათა... მოგზაურობა, რაც, არსებითად, სხვა არაფერი იყო, თუ არა აღნიშვნა სენტიმენტალიზმის ყოველმხრივ გაფართოების ტენდენციისა.
და მართლაც, მას შემდეგ სენტიმენტალიზმი სულ ახალ-ახალ ტერიტორიებზე იჭრებოდა. XX საუკუნემ ამ ცნებაშიც შეიტანა თავისი არაადამიანური ხასიათი და გვაჩვენა, რომ სენტიმენტალური შეიძლება იყოს ყაჩაღობა და მკვლელობაც.
"დელ მარშში" დაფიქსირებულია ამ პროცესის, ვფიქრობ, უკიდურესი ზღვარი - ჯალათური სენტიმენტალიზმი, რაც ეგოისტური ნევროზის ერთ-ერთ სახეობას უნდა წარმოადგენდეს და ერთობ უცნაური ფორმით ვლინდება: "მეპატრონეები" ტუსაღისგან არა მხოლოდ ქედმოხრილი მორჩილების ყოველწამიერ გამოხატვას მოითხოვენ ("სულ მიჩიჩინებდნენ, რომ ძალიან უდარდელი სახე მქონდა, რომ ჩემი ხმა მეტად ამაყად ჟღერდა... ჩემი სახის კუნთები, ზოგჯერ ჩემდა უნებურად, ვერ იდრიკებოდა საკმარისად მათთვის სასურველი სულიერად განადგურებული ადამიანის გამომეტყველების მისაღებად"), ისინი მოითხოვენ... თანაგრძნობასაც: ერთ-ერთმა მცველმა, სერიოზულმა, თავშეკავებულმა კაცმა, რადიატორზე მიბმული გიგა წიხლით სცემა: "შენს გამო ეს ნაომარი და გადაღლილი ხალხი იძულებულები არიანო, მოწყდნენ საკუთარ ოჯახებსო, მეტად მძიმე და სახიფათო სამუშაო იკისრონო. შენი გულისთვის ეს კავკასიონი გადმოიარეს, ასობით კილომეტრზე აღმა-დაღმა დაეხეტებოდნენ შენისთანა უპასუხისმგებლო მძევლის მოსატაცებლადო".
"სულისშემძვრელ" მონოლოგებს ტუსაღის "უგულობის" გამო წარმოთქვამს თვით გამტაცებელიც, ხოლო როცა, ბოლოს, სიკვდილის შიშით იგი იძულებული ხდება გაათავისუფლოს მძევალი, გიგა მისი დედის მოთქმასაც მოისმენს: "ტიროდა თავისი უბედური, საცოდავი, კეთილი შვილის ბედის გამო, რომ მე საკუთარ სახლში ვბრუნდებოდი, მისი შვილის ბედი კი სრულიად გაურკვეველი იყო... რომ მე ასე მშვენივრად გამოვიყურებოდი (მტერს ვუსურვებდი ჩემს იმდროინდელ გარეგნობას), მისი შვილი კი ძლივს დალასლასებს მუდმივი ნერვიულობისაგან, შეწუხებული ჩემი და ჩემი საზიზღარი ნათესავების უმადურობისაგან, რომ ქვეყანაზე ცოტა არაა ჩემისთანა მტარვალი, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სიბრალულის არავითარი გრძნობა".
ეს ჯალათური, მაგრამ მაინც სენტიმენტალიზმი ზოგჯერ თანაგრძნობას მსხვერპლსაც გადააწვდენს ხოლმე და უკვე სრულ იდიოტიზმად იქცევა: გამტაცებელი, რომელმაც, კაცმა არ იცის რა მიზნის მისაღწევად, დენთით მუცელგამოსაბუგად გაიმეტა ტყვე, ისე, რომ ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ცოტა ხნის შემდეგ, მზის დაბნელების საყურებლად (1999 წლის აგვისტო) გამურულ შუშას მიუტანს ავადმყოფს და მზრუნველად გააფრთხილებს - მზეს პირდაპირ არ შეხედო, თორემ... თვალებს დაიზიანებო.
მართალია, ჯოჯოხეთური წამებით ძალაწართმეულ ადამიანში არანაირი ინტერესი არ გამოუწვევია შავ მზეს, სამაგიეროდ, სწორედ ჯოჯოხეთიდან იხილა მან ვარსკვლავები.

ვარსკვლავები


"სულიერების დაბნელება" და "ბუნებისადმი დაყრუება" - აი, ორი "დანაშაული", რომელსაც ფილოსოფოსები თუ რელიგიური მოღვაწეები ჟამდაჟამ კაცობრიობას უსაყვედურებენ. ზოგჯერ ამ ორი მოვლენის ურთიერთკავშირსაც აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ არ მახსოვს ამ კავშირის უთვალსაჩინოეს ილუსტრაციად ვინმეს ვარსკვლავებისადმი დამოკიდებულება მოეყვანოს.
მწერები, ცხოველები და... პირველყოფილი ადამიანები გარემოში ორიენტირების უზუსტეს მონაცემებს ბუნებისგან იღებენ. ცნებითი აზროვნების განვითარება მგრძნობელობის ამ წახნაგს აჩლუნგებს - ბუნების ზოგიერთ მოვლენას (ვთქვათ, დედამიწის მაგნიტურ ველს) ჩვენ საერთოდ ვერ შევიგრძნობთ; სხვა მოვლენები გრძნობათა ორგანოებით აღიქმება, მაგრამ არაფერს ეუბნება ჩვენს არსებას. და მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრის შემდეგ, როდესაც ბუნების პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი, შიმშილითა და ხეტიალით ქანცგაცლილი ადამიანი ცნებებით აზროვნების უნარს კარგავს, მას უბრუნდება გარემოში ორიენტირების, ერთი შეხედვით, მხოლოდ ცხოველებისთვის დამახასიათებელი უნარი.
თუმცაღა, ვარსკვლავიერი ცა მეტისმეტად მაღალი დიადი და მშვენიერია საიმისოდ, რათა რაღაც ეტაპზე იგი საერთოდ ვეღარ შეამჩნიო და, ცნებით აზროვნებასთან ერთად, ცნობიერების ჰორიზონტიდან მთლიანად გაქრეს. სულიერების ნათელ ეპოქებში იწყება ახალი დონის ურთიერთობა ვარსკვლავებთან და პოლ ვალერი ასე აოქროპირებს პითაგორას: "სამყაროსათვის უცხოა სიჩუმე... თითოეული მოძრავი ვარსკვლავი თავისი სიჩქარის მიხედვით არხევს ეთერს და მისი რიცხვისათვის ნიშნეულ ბგერას გადასცემს სივრცეს... მათ მიერ გამოცემული ბგერები უნაზეს აკორდად, უსათუთეს ვარიაციებად ერწყმიან ერთმანეთს; ეს ცათა აკორდია, ციური ჰარმონია... გონიერება, სამართლიანობა, სიყვარული და სამყაროს უზენაეს ნაწილში დამკვიდრებული ყველა სხვა სრულქმნილება გრძნობადი და საცნაური ხდება". ხოლო იუდეველები ვარსკვლავიერი ციდან თავად ღმერთის სიტყვას ისმენენ და "ბიბლიური ღამეები ზარივით რეკენ უფლის დიდებას".
შემდგომში, ასტრონომიის განვითარების შედეგად, თანდათან ქრება ვარსკვლავების ენის ცოდნა და კოპერნიკის, ტიჰო ბრაჰეს ან კეპლერის მსგავსი ადამიანები მთელ თავიანთ ზეადამიანურ გენიასა და ცხოვრებას ალევენ ციურ მნათობთა ურთიერთგანლაგებაში არსებული გონებისთვის მიუწვდომელი ჰარმონიის უკვე მხოლოდღა ცალკეული ფრაგმენტების მათემატიკურ-გეომეტრიულ კანონზომიერებებამდე დაყვანას ("სამყაროს რაციონალური მოწყობის რაოდენ ძლიერი რწმენა და რაციონალურობის თვით უმცირეს გამონათებათა შეცნობის რაოდენ ძლიერი წყურვილი უნდა ჰქონოდათ კეპლერსა და ნიუტონს, რათა ეპოვათ ძალა მრავალწლიანი შეუპოვარი შრომისა ზეციური მექანიკის ძირითადი პრინციპების ასახსნელად!" - ა. აინშტაინი).
ახალ დროში მეცნიერებით გონების "განათლებასთან" ერთად სულ უფრო ბნელდება სულიერება და XIX საუკუნეში ემერსონი, რომელიც გრძნობდა, რომ ვარსკვლავები რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს ეუბნებოდნენ მის სულს, ვერ კი გაეგო - რას, ასე გამოთქვამდა თავის წუხილს: "ვარსკვლავები რომ ათას წელიწადში მხოლოდ ერთი ღამით ევლინებოდნენ ჩვენს მზერას, როგორი იქნებოდა ადამიანის რწმენა, ანდა მისი სასოება უფლის მიმართ?! თაობიდან თაობებს გადასცემდა იგი მის მიერ ოდესღაც ხილული სასწაულის ხსოვნას! მშვენიერების ეს მოციქულნი კი ყოველ ღამე გვევლინებიან და თავიანთი გრძნეული ღიმილით აცისკროვნებენ სამყაროს".
XX საუკუნეში მასმედიის მიერ მოტანილი ილუზიური შტამპების ადამიანის არსებაზე ტოტალურმა გაბატონებამ თითქმის გააქრო სულიერ სამყაროში ვარსკვლავები და მაინც, ექსტრემალურ ვითარებაში, როგორც ჩანს, ადამიანს ძალა შესწევს ვარსკვლავების ენის ძველთ-უძველესი ცოდნა დაიბრუნოს, ოღონდ ამისთვის ახლა უკვე აუცილებელია პირდაპირ შიშველი ნერვებით შეეხოს ვარსკვლავიერ ცას.
ყველაფერი ეს გამახსენა "დელ მარშის" უბრწყინვალესმა მონაკვეთმა, რომელიც მე მთელი წიგნის კულმინაციად მიმაჩნია და რომელსაც ახლა მოვიყვან.
ერთ პერიოდში მცველები რამდენიმე დღე ზედიზედ საგანგებოდ აღიზიანებდნენ გიგას, "რომ ქართველები საცოდავი და უდღეური ხალხია; რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ერთიანად გავწყდებოდით; რომ სწორედაც ღირსები ვიყავით, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ".
ერთ საღამოს მძევალს სიფრთხილემ უღალატა და შეეპასუხა. ის გარეთ გაიყვანეს, ხეზე მიაბეს, გონის დაკარგვამდე სცემეს, მერე წყლის დასხმით გამოაფხიზლეს და ხეზე მიბმული დატოვეს.
"ყველაფერი ერთიანად მტკიოდა, სხეული სულ დამტვრეული მქონდა. ისე მიმაბეს, რომ ფეხებით მიწას ძლივს ვეხებოდი და ჩამოკონწიალებულ სათამაშოს ვგავდი. წარბიდან სისხლის დენა შემიწყდა, ტკივილებიც ოდნავ გამიყუჩდა, მაგრამ ისე მოუხერხებლად ვიყავი დაბმული, რომ მოშვებას ვერ ვახერხებდი. გარშემო სრული სიჩუმე სუფევდა. მივიხედ-მოვიხედე, უკუნ სიბნელეში ბევრი ვერაფერი გავარჩიე და არც არაფერი მეჩვენა საინტერესოდ. მერე ცას ავხედე უნებლიეთ, რადგან ჩეჩნეთში ყოფნისას სულ ძირს ცქერას მივეჩვიე და, ძალაუნებურად, უმთავრესად, იატაკს, ხან ფიცრულს, ხან მიწაყრილს, ხან კაფელს ვუცქეროდი. მაგრამ ცას რომ ავხედე, ყველაფერი დამავიწყდა... უკვე მერამდენე თვე იყო, რაც სუფთა ჰაერზე არ ვყოფილიყავი და ცა არ დამენახა. ფარდის თუ ფანჯრის მიღმა დანახული ცის პატარა ნაფლეთი ხომ სათვალავში არ ჩაიგდება... უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. საოცარმა გრძნობამ მომიცვა. ტკივილი თითქმის დამავიწყდა. გაოგნებული შევცქეროდი თავს ზემოთ გადაშლილ გაუგონარ მშვენიერებას, ისეთი აღფრთოვანებით შევცქეროდი, გეგონება, წინათ არასოდეს მენახა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... ნუთუ, ჩეჩნეთში, ტყვეობაში უნდა დამენახა და აღმომეჩინა ეს სილამაზე?! გამოვცოცხლდი... თითქოს პატარა, ჩაკეტილი საკნიდან უკიდეგანო სივრცეში გამოვედი. იმ დღეს სულ სხვა თვალით აღვიქვამდი ყველაფერს, სიამოვნება ტკივილს მანიჭებდა, სულ დამავიწყდა ჩემი მდგომარეობა, ერთადერთი განცდა თავისუფლების შეგრძნება იყო..."
(აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა აინშტაინის სიტყვები, რომ კოსმოსის ხმის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარე სულები მთელ ამქვეყნიურ არსებობას მიიჩნევდნენ ერთგვარ საპყრობილეში ტუსაღობად და მხოლოდ სამყაროში, როგორც განუყოფელ ერთიანობაში, ხედავდნენ რაღაც გააზრებულს.)
"როდესაც გათენდა და მცველები მოვიდნენ, პირი დააღეს. ელოდნენ ტანჯვისაგან გათანგულ, დათრგუნულ ტყვეს, მათ კი სახეზე ღიმშერჩენილი მძევალი დახვდათ".

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: