ვინც ევროპის ჩემპიონატს უყურებს, დამერწმუნება, რომ ჰოლანდიის ნაკრებზე შემართული, სწრაფი, მრავალფეროვანი და გნებავთ, პოეტური, არც ერთი ნაკრები არაა ამ ტურნირზე. ასეთ ჰოლანდიის ნაკრებს დიდი ხანი ველოდი, 1988 წლიდან მოყოლებული, იმ დროიდან, როცა ვან ბასტენისა და გულიტის ხათრით ბრაზილიის ქომაგობას (რომელიც უფრო რაღაც ბავშვურ-რომანტიკულ სტერეოტიპებს ეფუძნებოდა) თავი დავანებე და ჰოლანდიის გულშემატკივართა რიგებში გადმოვბარგდი. ამ 20 წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა ფეხბურთში, ჰოლანდიის ნაკრებშიც, ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაც სხვანაირად აეწყო, ვიდრე ეს 1988 წელს მეგონა 14 წლის ბიჭს.
დღეს რომ ვაკვირდები, ის შორეული 1988 წელი სამანი მგონია, საიდანაც ჩვენი ახალი ცხოვრება დაიწყო, ორივემ ერთდროულად გავაკეთეთ არჩევანი, მეც და ქვეყანამაც და შემდეგ, ხან გააზრებულ ნაბიჯებს ვდგამდით, ხანაც რაღაც გაუგებარს მივერეკებოდით. ერთი ჭკუის ვიყავით, ერთად დავიწყეთ აზროვნება, და პირველი პროტესტის გრძნობაც ერთად გაგვიჩნდა. 1988-შივე ჩამოყალიბდა რელიგიურობის ის ტიპი, რომელიც დღესაა ქვეყანაში, შესაბამისად, მე და თანამედროვე ქართული რელიგიური გრძნობაც თანატოლები ვართ, და ასევე ჩემი კბილაა ახალი ქართული პატრიოტიზმიც (ბანაკების პატრიოტიზმს არ ვგულისხმობ, ეგ რაღაც ზეახალი მოვლენაა). 20 წლის შემდეგ, პოეტურ აზროვნებაშიც გამოჩნდა განსხვავებები, სხვადასხვა თაობის, ერთი თაობისა ან თუნდაც ერთი პოეტის მაგალითზეც შეგვიძლია ამ განსხვავებათა დანახვა. პოეზიაში სიახლე ამ დროის მანძილზე ბევრი იყო, თუმცა ძალიან ცოტა თუ დარჩა მოედანზე, ბოლომდე ვერ გაიარა გზა, ზოგს მკითხველი შემოეფანტა, ზოგს სიტყვები და სათქმელი, ზოგიც წავიდა ამ ქვეყნიდან. და რაც მთავარია, სამწუხაროდ რელიგიური გრძნობები დარჩა ყველანაირი პოეზიის მიღმა.
ალბათ ამასაც გულისხმობს ივ ბონფუა, როცა ამბობს: “მათ, ვისაც რელიგია იზიდავს, პოეზიაზე უნდა იფიქრონ”-ო. ჩვენთან კი პირიქითაა, პოეზია და პოეტები რაღაც მცირე სექტად იქცა, რელიგიური გრძნობა კი იმდენად ტოტალური გახდა, რომ პოეზიას კიარა, რეალობასაც კი ვეღარ ამჩნევს. რეალობაში უპირველეს ყოვლისა, რეალურ ადამიანს ვგულისხმობ, განუმეორებელი ხმით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი სასრულობა და ამ ცოდნის ამარა დარჩენილი ეძიებს თავშესაფარს. რა თქმა უნდა, რელიგია თავშესაფარია, მაგრამ ხშირად იქ ერთი ადამიანის ადგილი არ არის, არამედ მხოლოდ ათასების. ამ დროს, “პოეზია ადამიანს არასოდეს ივიწყებს და გამუდმებით უბრუნდება მას და მისი ყოფიერების განსაკუთრებულობას წარმოაჩენს.” (ივ ბონფუა). სხვა საქმეა რამდენად წარმოაჩენს ამას თანამედროვე ქართული პოეზია, რამდენად სასოწარკვეთილი, ფიქრიანი, ამბოხებული, სარკასტული, თავგანწირულია იგი. ამაზე უკვე იწერება სტატიები, უკვე ვცდილობთ გავიაზროთ უკანასკნელი ოცწლეულის არამხოლოდ ფორმალური ძიებები, არამედ სექტამდე დავიწროვებული “პოეტურობის ბუნება”, რაზე ფიქრიც გაცილებით მეტს მოგვცემს, ვიდრე ვიღაცის ოსტატობაზე დაკვირვება ან კოჭლი რითმების გამომზეულება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოსტატობას, გამართულ ლექსს, ერთგვარ პოეტურ აპოლონიზმს, თუმცა დღეს ის უფრო მაინტერესებს, სად იბადება “პოეზია” და ეს ინტერესი ყოველგვარ დახვეწილობაზე და გამართულ ლექსზე მაღლა დგას.
დღევანდელ ნომერში ძალიან ბევრი პოეზიაა: თანამედროვე ქართველი პოეტები, პოეტური კონკურსი, პოლემიკა ერთი ლექსის გარშემო... ტომას ვენცლოვა საუბრობს მეგობარ პოეტებსა და ზოგადად პოეტობის უფლებაზე (ინტერვიუს სამი ადამიანი უძღვებოდა, აქედან ორი პოეტია, ინა კულიშოვა და ზვიად რატიანი.), ასაკის მიუხედავად (85 წელი), როგორც ყოველთვის, ძალზე თანამედროვეა ივ ბონფუაც, და 2 თვის წინ ჩაწერილ საუბარში ასეთ სიტყვებსაც გადააწყდებით: “ვინ უწყის, იქნებ, სწორედ ეს საუკუნე გახდეს ჭეშმარიტი პოეზიის მკვდრეთით აღდგომის მოწმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი პოეზია საკუთარ თავს შეიცნობს. ეს ის ცოდნაა, რომელიც აქამდე არ გამჟღავნებულა ექსპლიციტური ცნობიერების დონეზე, რომლის საფუძველზეც პოეზია შეძლებდა დიალოგი გაემართა "სამყაროში ყოფნის" სხვა ფორმებთან.”. ჩვენში, ჯერჯერობით არათუ სამყაროში ყოფნის სხვა ფორმებთან, არამედ პოეტებს შორის დიალოგიც კი ძნელი გახდა, ასე რომ, სჯობს ჯერ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, რომლისთვისაც ერთად-ერთი (ანუ ორი) საშუალება არსებობს, წერა-კითხვა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment