კლასიკოსების დაბადების ადგილი
თამარ ბაბუაძე
"...ძვირფასო ბენეტ, როგორ ფიქრობ, როდესაც "რენდომ ჰაუზი" მსხვილი ბიზნესი გახდება და დაკარგავს ჩვენი, ძალიან ინტიმური წამოწყების ხასიათს, მისი კეთება ძველებურად საინტერესო იქნება?" – დონალდ კლოპფერი, მარტი, 1944 წელი.
"...ძვირფასო დონალდ, კარგად მესმის შენი. მეც შენსავით მძულს "დიდი ბიზნესი", რადგან ის ზოგადობაში თქვეფს ყველაფერს. მაგრამ ვიცი, "რენდომ ჰაუზი" ასეთი არასდროს გახდება". – ბენეტ სერფი, აპრილი, 1944 წელი.
21-ე საუკუნის პირწავარდნილ ბიზნესმენებად ქცეული გამომცემლები ამ ორი შესანისნავი ადამიანის გულისტკივილს ვერაფრით გაიგებენ. იმ პერიოდში კი, როდესაც ეს მიმოწერა იყო გაჩაღებული, წიგნის ბეჭდვაც ისეთივე ინტიმური პროცესი გახლდათ, როგორიც თვითონ კითხვაა. მაშინ წერილებს ჯეიმს ჯოისისთვის თუ უილიამ ფოლკნერისთვის გამომცემლობა "რენდომ ჰაუზის" რედაქტორები სერფი და კოპფლერი ი-მეილის ნაცვლად ფოსტით აგზავნიდნენ, მეტიც, თავისი ფეხით მიდიოდნენ ფოსტაში, თვითონ უსვამდნენ ენას მარკას და კონვერტზე მათ საკუთარი ხელით აწებებდნენ (აბა ფოლკნერს მდივანს ხომ არ აკადრებდნენ), წიგნების პარტიების გადმოტვირთვის დროს კი მანქანასთან მთელი გამომცემლობა იკრიბებოდა. წიგნებს ეზიდებოდა ყველა – რედაქტორიც და დამლაგებელიც. და, ალბათ, რაც ყველაზე მეტად გაუკვირდებათ თანამედროვე გამომცემლებს – "რენდომ ჰაუზის" შეფებს ეზიზღებოდათ თათბირები. ასე რომ, სერფი და კლოპფერი არც თათბირებს ატარებდნენ; საქმე კი მაინც მიდიოდა წინ, იწერებოდა როგორც ცალკეულ კლასიკოსთა გამოცემა-დასტამბვის, ასევე ზოგადად საგამომცემლო საქმის ისტორია; ისტორია, რომელიც მეოცე საუკუნის ლიტერატურის უდიდეს სახელებს აერთიანებს...
თუმცა, ჯობია, მოვრჩეთ ტირილს. დღევანდელ სიტუაციაში აშკარად არ ღირს გოდება იმის გამო, რომ საგამომცემლო საქმე ტერმინების - მძაფრი კონკურენცია, წიგნის ბაზარი, მონოპოლია, პატარა გამომცემლობების "შეჭმა" - გარეშე ვეღარ არსებობს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ 30-იან წლებში, ყოველი ბიბლიოფილისთვის სანიმუშო გამომცემლობა "რენდომ ჰაუზიც" კი დღეს სწორედ წიგნის ამ მრავალმინიონიან ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატია. კეთილი და წიგნის ფასის მცოდნე ებრაელი ნიუ იორკელების – სერფისა და კლოპფერის ეს ინტიმური წამოწყება უკვე გახლავთ მრავალშტოიანი კომპანია, რომელიც ათამდე დამოუკიდებელ საგამომცემლო ჯგუფს აერთიანებს, გემრიელად "მიირთმევს" ყველა მომცრო ზომის გამომცემლობას, საკუთარ ფილიალებს ფლობს კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში, წარმატებით ბეჭდავს (და ხშირ შემთხვევაში პირველადაც) ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან: სალმან რუშდი, უილიამ სტაირონი, ნორმან მეილერი, ელის უოკერი, მარიო პიუზო, ზეიდი სმიტი. დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, "რენდომ ჰაუზში" ხელმძღვანელ პირებს ცუდი ფინანსური მაჩვენებლების გამო თანამდებობიდანაც ათავისუფლებენ, ანუ კომპანია უკვე სკანდალებშიც კი ებმება და, აქედან გამომდინარე, აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის ყველანაირ მოთხოვნილებას.
სერფმა და კლოპფერმა კი წიგნის ბეჭდვა უდიდესი რუდუნებით დაიწყეს. მათ ჰორას ლაივრაიტისგან გამომცემლობა Modern Library 1925 წელს შეისყიდეს. ორიოდე წლის შემდეგ ისინი უფრო გააქტიურდნენ, გამომცემლობას "რენდომ ჰაუზი" უწოდეს, მეგობარ მხატვარს როკველ კენტს კომპანიის ლოგოც დაახატინეს (დღეს უკვე მკითხველისთვის კარგად ცნობილი ძველი სახლი, რომელიც აშკარად ატარებს თავის თავში იმ ინტიმურობას, რაზეც სერფი და კლოპფერი წერილებში საუბრობდნენ) და პირველი წიგნების ბეჭდვაც ალალბედზე დაიწყეს (სინამდვილეში სწორედ ამ სიტყვიდან მოდის გამომცემლობის სახელიც: At Random სწორედ ალალბედზე რამის კეთებას ნიშნავს).
მათი პირველი ილუსტრირებული წიგნები ვოლტერის "კანდიდი" და მელვილის "მობი დიკი" გახლდათ. 1929 წელს საფონდო ბირჟაზე მომხდარი კრიზისის გამო წიგნის ბაზარს შავი დღე დაუდგა და "რენდომ ჰაუზის" გამომცემლებიც საქმის გადასარჩენად საცალო ვაჭრობის წიგნების ბეჭდვას შეუდგნენ. პირველ ავტორებს შორის იყვნენ რობინსონ ჯეფერსი, იუჯინ ო`ნილი.
სერფი და კლოპფლერი 30-იან წლებშივე გამოსცემდნენ საბავშვო და საგანმანათლებლო ლიტერატურასაც. 1947 წელს გამოვიდა სუპერ-წარმატებული American College Dictionary, 1966 წელს – Random House Dictionary of the English Language, შემდეგ კი – Random House Webster’s College Dictionary.
თუმცა, გამომცემლობის ისტორიაში ყველაზე ნათელი წერტილი ჯეიმს ჯოისის სახელს უკავშირდება.
ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი 1934 წელს მოხდა:
"რენდომ ჰაუზმა" აშშ-ს მთავრობასთან ოთხწლიანი ბრძოლა მოიგო და პორნოგრაფიული შინაარსის გამო სასტიკად აკრძალული წიგნი, ჯოისის "ულისე" ოფიციალურად შტატებში პირველმა გამოსცა. ამ გამოცემის მნიშვნელობა სწორედ მის პირველობაშია. თორემ, ისე, ტექსტში მრავალი შეცდომა გაიპარა – ის ხომ "რენდომ ჰაუზს" თავად ჯოისმა Shakespeare and Co.-ის მიერ დაბეჭდილი წიგნის სახით გაუგზავნა. ეს გამოცემა კი სავსე იყო ტიპოგრაფიული შეცდომებით.
1933 წლის 8 დეკემბერს, "თაიმსი" წერდა: "ულისეზე" დაწესებული ამერიკული აკრძალვა მოიხსნა".
1934 წლის 8 აგვისტოს კი "ნიუ იორკ ჰერალდის" პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ცნობა: "აპელაციით საქმე უზენაეს სასამართლოში არ გადასულა. სასამართლოს დასკვნით, წიგნის აკრძალვა ხელოვნებას ვნებს".
იმავე წელს, ჯოისმა "რენდომ ჰაუზის" ლოგოთი გამოცემული "ულისე" პარიზში გადახვეწილ სილვია ბიჩს, Shakespeare and Co.-ს მფლობელსა და ჯოისის შემოქმედებაზე დიდად მოამაგე ადამიანს აჩუქა. ავტორი წიგნის ყდაზე წერდა: "სილვია ბიჩს – "ულისეს" პირველ გამომცემელს, თავის ქვეყანაში დაბეჭდილი წიგნის პირველი ეგზემპლიარი". მოგვიანებით კი "რენდომ ჰაუზმა" გამოსცა "ულისეს" უნიკალური ასლი, რომელსაც თან დართული აქვს ჯეიმს ჯოისის წერილი თავის "კანონიერ გამომცემელ" ბენეტ სერფისადმი და ასევე სასამართლო პროცესზე "რენდომის" დამცველის, მორის ერნსტისა და მოსამართლე ჯონ უილზის ისტორიული სიტყვაც.
ერთი სიტყვით, ჯოისის პირველი ლეგალური გამომცემელი "რენდომ ჰაუზი" საგამომცემლო საქმის გმირად იქცა. მოგვიანებით კი, სერფისა და კლოპფერის ბრძოლა წიგნის დასტამბისთვის ექსპერტებმა ასე შეაფასეს: "რენდომ ჰაუზის" გამოცემა გახლავთ სიტყვის თავისუფლების დაცვის პირველი დიდი ლეგალური პრეცედენტი.
ბენეტ სერფის წიგნად გამოცემული მოგონებებისა და მემუარების გადაკითხვის შანსი რომ გვქონდეს (სხვათა შორის, ამ გამოცემას "ამაზონი" "ბიბლიოფილთა ზეიმს" უწოდებს), ზუსტად გვეცოდინებოდა, რატომ გადაწყვიტეს სერფმა და კოპფლერმა "ულისეს" დასტამბვა; რატომ ჩაერთვნენ მწვავე იურიდიულ პერიპეტიებში დაბეჭდვის უფლების მოსაპოვებლად და ან როგორ მიხვდნენ, რომ ჯოისის რომანის გამოცემა სარფიანი საქმე გამოდგებოდა. თუმცა, მკითხველი ივარაუდებს და მართალიც იქნება: ნიუ იორკელ ბიზნესმენებს მოვლენათა ზუსტად განჭვრეტაში ებრაული გონებახვილობაც დაეხმარა. ახლა თითქოს ადვილია, გადაავლო თვალი ძველ ფაქტებს და ლოგიკურად დაასკვნა, რომ ათასგზის აკრძალული წიგნის დაკანონება და მასზე უფლებების მოპოვება მართლაც აღმოჩნდებოდა არა მარტო სარფიანი, არამედ ისტორიული საქმეც. მაგრამ მაშინ ხომ გაცილებით უფრო რთული იქნებოდა ამ ყველაფრის გააზრება. სერფმა და კოპფლერმა კი მაინც გაიაზრეს.
შემდეგ უკვე "რენდომ ჰაუზის" ავტორებს შორის ფოლკნერიც დამკვიდრდა. მისი პირველი ნაწარმოები Sanctuary 1932 წელს გამოიცა. სხვათა შორის, ეს გახლდათ ფოლკნერის ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნი (ასეთები კი, მოგეხსენებათ, ავტორს ბევრი არ ჰქონია).
1936 წელს "რენდომ ჰაუზმა" კიდევ ერთი ისტორიული საქმე ჩაიდინა: პირველმა დაბეჭდა "აბესალომ, აბესალომ!", რასაც სერფი-ფოლკნერის მრავალწლიანი თანამშრომლობა მოჰყვა.
1954 წელს "რენდომ ჰაუზმა" დაბეჭდა A Fable – წიგნი, რომლის 1000 ეგზემპლიარიდან 739-ს ავტორის ხელმოწერა ახლდა თან. მომდევნო წელს ის წიგნის ნაციონალური ჯილდოთი და პულიცერის პრიზით აღნიშნეს.
1962 წელს "რენდომ ჰაუზმა" გამოსცა ფოლკნერის ბოლო რომანიც The Reivers: A Reminiscence, რომლისთვისაც 1963 წელს ფოლკნერს კიდევ ერთი "პულიცერი" არგუნეს.
ასე თანდათან გაჩნდა ნიუ იორკელი გამომცემლების ყოველდღიურ ლექსიკონში მსგავსი ფრაზები: "ედგარ სნოუს უნდა მივწერო", "გერტრუდა სტაინს ტექსტის მოტანა უნდა შევახსენო", "ჯონ ო`ჰარას რა დაემართა, სად დაიკარგა", "ერთი, ტრუმენ კეპოტს უნდა გადავურეკო. ჰო, კიდევ შოუსაც, იმას, ირვინს, სინკლერ ლუისს, ოდენს"… – ეს იმ ახლო ურთიერთობებზე მიმანიშნებელი ფრაზებია, რომლებიც, ალბათ, ყოველ ბიბლიოფილში აღფრთოვანების, მოწიწებისა და შურის სფეროდან წამოსულ გრძნობებს აღძრავს.
სწორედ ის დიდი სახელები, რომლებიც "რენდომ ჰაუზის" გამომცემლობას უკავშირდება, მეც მანდომებს, როგორმე სერფის მემუარები ჩავიგდო ხელში. "ამაზონის" ვებ-გვერდზე, წიგნის სარჩევს ვათვალიერებ და კიდევ უფრო მიმძაფრდება ცნობისმოყვარეობა. აბა, თავადაც ნახეთ: ჯოისი, ფოლკნერი, ო`ნილი, სინკლერ ლუისი, კეპოტი, უდიდესი გამომცემლები – საიმონი და შუსტერი, ალფრედ კნოპფი, ასევე: ჰარი ტრუმანი, ირვინ შოუ, ჯორჯ ბერნარდ შოუ, უილიამ საროიანი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჯორჯ გერშვინი, ჯინჯერ როჯერსი, ჯეისონ ეპშტეინი, ფრენკ სინატრა, უილიამ სტაირონი... – ეს ის ხალხია, რომელთაც სერფი ბეჭდავდა, ან იცნობდა და ამით სიყვარულით ქმნიდა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის წიგნის ისტორიას.
...თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არ იყო უბრალო ნაცნობობა ან მხოლოდ საქმიანი კავშირი. იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, მხიარული და უშუალო ბენეტ სერფი თითოეულ თავის ავტორთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებდა. შესაბამისად, მათ შესახებ მოგონებებსაც ერთგვარ ანეგდოტურ სტილში წერდა. მახვილი თვალის წყალობით, თითოეულ მათგანს აუცილებლად რაიმე განსაკუთრებული შტრიხით ახასიათებდა.
თავადვე განსაჯეთ, როგორი არაჩვეულებრივი უნდა იყოს ბიზნესმენი, რომელიც არ ატარებს თათბირებს, არ უკირკიტებს თანამშრომლების შვებულებებს, აფასებს რედაქტორთა შრომას, ნერვიულობს, როდესაც მათ დათქმულზე მეტ ხანს მუშაობა უწევთ და, რაც ყველაზე სახალისოა, გამომცემლობის შესახებ საუბრობს არა კაბინეტში, არამედ საკუთარ აუზში, ხუმრობა-ხუმრობით, მეგობარ ბიზნესმენებთან ერთად (ამ ყველაფერს ისევ სერფი-კლოპფერის ომის დროინდელი მიმოწერიდან ვგებულობთ).
მეტიც, სერფი გახლავთ გამომცემელი, რომელზეც ისტორიას ცუდი მოგონება არ შემოუნახავს (ყოველი შემთხვევისთვის ინტერნეტში გაბნეულ მასალებში მის შესახებ უარყოფითს ვერსად წავაწყდით) და ბიზნესმენი, რომელიც თავადაც ქმნის მოთხრობებს, წერს საჟურნალო სვეტებს, კითხულობს ლექციებს, უძღვება რადიო-გადაცემებს, აგროვებს ანეკდოტებს და – არ დაგავიწყდეთ – არის კონკურსის "მის ამერიკას" ჟიურის მუდმივი წევრი. ანუ, თქვენს წინაშეა კაცი – საგამომცემლო საქმის აშკარა კოლორიტი და თავად მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორია...
ის 1971 წელს გარდაიცვალა. ჟურნალ THE SATURDAY REVIEW OF LITERATURE-ის ნეკროლოგში ეწერა: "ბენეტ სერფი თავისი პროფესიისთვის ბოლომდე დაიხარჯა". ასეც იყო.
საყვარელი კომპანიის საქმიანობას "რენდომ ჰაუზის" მეორე დამაარსებელი, დონალდ კლოპფერი 1986 წლამდე ადევნებდა თვალს. უფრო დინჯი და ჭკუადამჯდარი საქმოსანი, რომელიც 1942 წელს, 40 წლის ასაკში ომში წავიდა და გერმანიის დამარცხებამდე ბრიტანელთა ბაზაზე დაზვერვაში მსახურობდა. ის "რენდომ ჰაუზში" წარმოებას აკონტროლებდა. იყო სერფივით გულისხმიერი და განიცდიდა ყველაფერს – შრიფტის ზომიდან დაწყებული, თანამშრომლების დაღლილობით დამთავრებული.
...რა ხდება დღეს, ამ ისტორიულ გამომცემლობაში: "რენდომ ჰაუზი" ძველებურად ან შეიძლება კიდევ მეტად პოპულარულია. მართალია, "ულისეს" მსაგვსი პრეცედენტი აღარ დაფიქსირებულა, მაგრამ საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია ახალი ბრიტანული აღმოჩენის – ზეიდი სმიტის პირველი რომანის "თეთრი კბილების" გამოქვეყნებამაც (სხვათა შორის, ეს რომანი უკვე თბილისშიც გამოჩნდა), ახლა კი სმიტის მეორე ნაწარმოების, Autograph Man-ის გამოსვლამ.
ერთი სიტყვით, სერფი-კლოპფერის ტრადიცია გრძელდება. მართალია, კლოპფერი ეჭვობდა (და სწორადაც), რომ "წიგნის ბიზნესი მასებზე გათვლილი ბაზრისკენ მიექანება", მაგრამ "რენდომ ჰაუზი" მაინც ახერხებს ყველა დონის მკითხველის დაკმაყოფილებას. ჭკვიანურად წარმართული მენეჯმენტის წყალობით, გამომცემლობა ყველას რაღაცას სთავაზობს: "რენდომის" 1983 წელს დაარსებული განყოფილება, "ვილარდი" პოპკულტურაზე გათვლილ წიგნებს ბეჭდავს, მათ შორის გახლავთ, სამოგზაურო დეტექტივები და კულინარული გამოცემები. ფილიალი "სტრაივერს როუ", რომელიც 2001 წლის იანვრიდან მოდის, აფრიკულ-ამერიკულ ლიტერატურას გამოსცემს, "მოდერნ ლაიბრერი" კი – ამერიკულ კლასიკას. 1999 წელს "მოდერნ ლაიბრერიმ" საუკუნის ასი საუკეთესო რომანი გამოსცა. პირველი ადგილი "ულისეს" – "რენდომ ჰაუზისთვის" ყველაზე იღბლიან წიგნს ერგუნა.
კიდევ ერთი სულ ახალი ამბავი: სკანდალი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ახლახან დასრულდა. "რენდომ ჰაუზის" "ბალანტინის" საგამომცემლო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად დენიელ მენაკერი აირჩიეს. ის მანამდე, ოცი წლის განმავლობაში "ნიუ იორკერის" რედაქტორად მუშაობდა. მენეკერმა თანამდებობიდან სკანდალურად წასული ენ გოდოფი შეცვალა – ამ ქალბატონს ფინანსურ წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ.
"რენდომ ჰაუზის" გამოცემათა მკითხველს იმედი აქვს, რომ მენაკერი საგამომცემლო სახლის ტრადიციას გააგრძელებს და არც ყველაზე მხიარული და ყველაზე უცნაური საქმოსნების – სერფისა და კოპფლერის მიერ დადგენილ წესებს უღალატებს. ნურავის გონია, რომ ამ კეთილმა და საყვარელმა მოხუცებმა თავიანთი გამომცემლობა სამუდამოდ დატოვეს: სერფი და კოპფლერის პორტრეტები ხომ "რენდომის" შენობაში მრავალ კაბინეტში ჰკიდია. ანუ, კედლებიდან 21-ე საუკუნეში შესულ გამომცემლობას კეთილად მომღიმარი ბიზნესმენები დაჰყურებენ, თან, გაგანია კონკურენციის პირობებში, 30-იანი წლების ნოსტალგიური აურა გადმოაქვთ და 76 წლის წინ დაწყებული ეპოქალური საქმის გამგრძელებლებს ახსენებენ: გაიღიმეთ, გახსოვდეთ – მთავარია ურთიერთობები... მერედა, რა ხალხთან!..
© “წიგნები – 24 საათი”
No comments:
Post a Comment