შიმშილის ბლუზი
ეგ დიდი ვაშლი - ტკბილი, წვნიანი,
კანქვეშ რომ მალავს ჭიან ადგილებს -
მოკბეჩ და ბაგეს ამიწიანებს -
ძირს ნაგდებია, რაც აადვილებს
მიწვდომას, რადგან ხერხემლის მალა
იოლად არის დამყოლი - მოხრის
და ასე, მოხრილ ხერხემალს მალავს
როგორც მიწისკენ ხელის გაწვდენას -
ცათამბჯენების ყოველი ქოხი.
ეგ ნათურები და წარწერები -
ვაშლზე - ქუჩების სისხლჩაქცევები -
აელვარდა და ბაგეს მოედო;
მოკბიჩე ვაშლი - ტკბილი, წვნიანი,
ოღონდ არ ჩაყვე შიგ მოციმციმე
სულების ბადეს - დროის მოედანს.
ჩემი შიმშილი უფრო რთულია:
დღეს ვფლობ ყველაფერს - სხეულის გარდა -
ქარიდან სახეს ვეღარ ვაბრუნებ -
სადაც უდაბნო - ორაგულივით -
ცას - გაშვებამდე - კლანჭით უჭირავს -
ყველა მშიერი რომ დააპუროს.
ალიბი
ალიბი
ბენ, შენ დროს კარგავ.
ციფერბლატის ეგ ხარაკირი
ზუსტი ისრებით - არყოფნას წვდება.
და შეიძლება, ამოვსება სიტყვით არცა ღირს -
ამ ნახვრეტების. და ალბათ ვცდები -
როდესაც სტრიქონს - დრო რომ ჟონავს -
ვთლი, როგორც საცობს.
სჯობს ეს ხომალდი თვითონ დავშალო.
თითო ნაფოტზე მოვათავსო თითო ნაცნობი
და ბოლოს - ბავშვიც - ჭრელი თავშალით -
გავგზავნო სადმე, მომავლისაკენ.
და კიდევ , კაცი -
ქალის თვალებში თმას რომ ისწორებს -
მივანდო ისევ ქალის მკლავებს -
სასურველ კარცერს.
ყველა კაბის და გზის სივიწროვე -
გამცილდეს.
ვეღარც მამდიდრებს და ვერც მაღარიბებს -
დრო, შენ რომ კარგავ, ბენ.
მე - გავედი.
და ნურც ეს ლექსი გეგონება ყოფნის ალიბი -
ზუსტი გრძედით და ზუსტი განედით.
საბას
საბას
ხელებს თვალები ეხილებათ,
როცა შენ ტირი, ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს,
ბამბაზია გამოსდით კედლებს,
რძიან ბოთლად იკუმშება ყველა ჭურჭელი.
და მე ვიბნევი - არ ვიცი, როგორ შეგიძლია
ასე მკაფიოდ, უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება,
მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა.
მოითხოვო და გეძლეოდეს.
ეს ნიჭია - ენდობოდე უპირობოდ,
გფუთავდნენ, გხსნიდნენ - დღის და ღამის თეთრეულში,
ხმებში, ფერებში, დროში, ჰაერში.
ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს - ხელის კონტურს,
თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე.
ალბათ რწმენაც ამის მსგავსია. სიყვარულიც ეს ნიჭია,
ოღონდ - პირიქით -ის ხელებია, ის ნათურები, ის მკერდი -
შენ რომ არ მოგცემს ნებას - ტირილად გადნე.
ხელის კონტური, თვალის ჭრილი,
თმის ღერი - დედის, შეყვარებულის
და ღმერთის, ღმერთის - საკმარისია,
რომ ხედავდე, ან ვერ ხედავდე და ენდობოდე.
შენმა რწმენამ სულზე მომისწრო.
მთელი ზამთარი ხე ისხამდა პოლიეთილენს,
ჭუჭყიან პარკებს ეჭვებივით აფრიალებდა -
ქალაქში, სადაც დაბადებას ფრთხილად ირჩევენ.
და ამ ბაც ფონზე - ჩემი გული -
მომეჩვენა - შესაძლებელზე უფრო წითელი -
გარეთ უნდა გამომეტანა.
ის კი, რომელსაც შევაჩეჩე, იდგა ფერმკრთალი
და არ იცოდა, სად წაეღო ამდენი სისხლი.
გაზაფხულმა დაგვინდო ისევ.
ხე ამოივსო ფოთლებით და ფრინველებით -
ეს სიწითლე ყვავილებში, ნისკარტის ხმაში,
მსუბუქ კაბებში გაიშალა, გავარდისფერდა,
ზაფხულისკენ - ყველა ფერში გადაიზარდა,
ახმაურდა შენს შესახვედრად.
და ახლა, როცა ეხილებათ ხელებს თვალები
და შენს ტირილზე ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს,
ღამ-ღამობით - მე მრცხვენია ჩემი ეჭვების, -
მე ვხედავ, როგორ შეიძლება ასე მკაფიოდ,
უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება,
მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა,
ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს - ხელის კონტურს,
თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე.
მერვე დღე
ვინც ნემსის ყუნწში გაძვრა - გაება,
ამოიკემსა სულ თეთრად - შავზე.
არ შველის სრული გაძვალტყავება
და რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი
აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხება
და ხორცის ცხენზე მთელს ფსონებს ჩადის,
ვისაც თვალს სტაცებს ქვები,
ფეხები, თუ საცობების პრიალა ჯართი -
სამსახურიდან - სახლამდე
(შანსი -
ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს,
არ დაგვირისტდეს არც თეთრად - შავზე,
და არც პირიქით -
ამ ნაწერივით)
ჩავცქერი - დროის კარგვას, გაშვებას
სიტყვების - გზებზე - გულის მუჭიდან -
ჩაბნელებას და გაკაშკაშებას -
სადღეღამისო სადგურის - კუჭის.
ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით
გამორიცხული აწმყო - გაღწევა -
ერთადერთ დროში.
მცენარეებიც -
ქარის ნებაზე - დღეებს არწევენ
და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,
დაუწერელზე რადგან არ წერენ.
ჩქამი
როგორ ხვდებიან ცხოველები
რომ ჭიპლარი უნდა გადაჭრან
საკუთარი სისხლის და ხორცის?
როგორ ხვდებიან - უნდა გაუშვან სხეულიდან,
რათა მისცენ ძალა სიცოცხლის.
ან ხეები, როგორ აძლევენ საკუთარ ნაყოფს -
სავსეს, ბდღვრიალას - ნებას - დაცემის.
ჯერ ხომ მუშტში ინახავენ,
ნელ-ნელა ხსნიან,
თავად აოცებთ იქ გაშლილის ფორმა და ფერი.
მერე კი მთელი ტანით, მერქანით
ამ ნაყოფში ამოდიან, ამუქებენ, სისხლით ავსებენ.
როგორ უშვებენ ბოლოს ტოტებს?
ენანებათ? არ ენანებათ?
რა ძალაა, შუბლს თითებთან რომ აქორწინებს
და სტრიქონებს ტოვებს, ტოვებს უცხო თვალებთან.
ნუთუ არის ეს ყველაფერი - ინსტინქტის ჩქამი.
და სიყვარული?
როცა მას ზრდი, როგორც საკლავს,
შესაწირავს - გასქელებულ მეტროპოლისში
მოშიმშილე სილამაზისთვის.
მაპატიე, მაპატიე.
ხელი დავუშვი.
ჩქამი
როგორ ხვდებიან ცხოველები
რომ ჭიპლარი უნდა გადაჭრან
საკუთარი სისხლის და ხორცის?
როგორ ხვდებიან - უნდა გაუშვან სხეულიდან,
რათა მისცენ ძალა სიცოცხლის.
ან ხეები, როგორ აძლევენ საკუთარ ნაყოფს -
სავსეს, ბდღვრიალას - ნებას - დაცემის.
ჯერ ხომ მუშტში ინახავენ,
ნელ-ნელა ხსნიან,
თავად აოცებთ იქ გაშლილის ფორმა და ფერი.
მერე კი მთელი ტანით, მერქანით
ამ ნაყოფში ამოდიან, ამუქებენ, სისხლით ავსებენ.
როგორ უშვებენ ბოლოს ტოტებს?
ენანებათ? არ ენანებათ?
რა ძალაა, შუბლს თითებთან რომ აქორწინებს
და სტრიქონებს ტოვებს, ტოვებს უცხო თვალებთან.
ნუთუ არის ეს ყველაფერი - ინსტინქტის ჩქამი.
და სიყვარული?
როცა მას ზრდი, როგორც საკლავს,
შესაწირავს - გასქელებულ მეტროპოლისში
მოშიმშილე სილამაზისთვის.
მაპატიე, მაპატიე.
ხელი დავუშვი.
* * *
კომბოსტოსავით რეალობა -
სულ ფურცელ-ფურცელ.
გვირილა მაინც ყოფილიყო. დავუჯერებდი.
მონოგამიურ სამოთხეში ამობურცულა -
ხან დამწვრობამდე, ხანაც კიდევ - გალურჯებამდე
სულს უბერავენ დღე და ღამე.
არ გაქარდება.
წიგნის ფურცელზეც ძარღვიანი, უფრო მძიმეა.
შიგ ხორცი უნდა შეახვიო, პირი მოუკრა.
გარნირი უნდა მოუმზადო უფორმო ძილით.
კომბოსტოსავით რეალობა -
სულ ფურცელ-ფურცელ.
ვარდი რომ მაინც ყოფილიყო, შევიყვარებდი.
რქა
ნეტავ მას, ვისაც შეუძლია
სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება -
მთელი ძალით, მთელი სურვილით.
მარტის ხეები ახერხებენ ამას -
ზამთრის ლოცვების შემდეგ
სისხლძარღვებივით ურბილდებათ ტოტები და
ტუმბავენ მიწის მინარევებს კვირტებისაკენ.
ხასხასა მწვანე ჭრის ნაცრისფერს,
მაგრამ დროებით. იღლებიან. ნაყოფი სცვივათ.
ხეების სუნთქვა,ამოსუნთქვა - ნახევარი წელიწადია.
ამიტომაც ბერდებიან ასე ნელა, ასე ჰაერში.
პოეტებიც ხეებს გვანან, ოღონდ ზომაზე აჩქარებით,
უფრო სულსწრაფად ეწევიან ჰაერს
და უკან - სილამაზეს, რომელიც ხშირად
წაუკითხავ სიტყვებად სცვივათ.
ყველაზე უკეთ ეს გამოსდით
ხორცისმჭამელებს. რბილ თათებზე,
რბილ ფერდებზე ჰკიდიათ სივრცე.
დაბადებიდან უელვარებთ თვალი და ბეწვი.
მათ სხეულზეა დაგეშილი ქალის თითები
და მამაკაცის სურვილი - იყოს მათზე სწრაფი,
მათზე სასტიკი. ისინი - ხახის დაღებამდე,
გაზმორებამდე - გვანან სამოთხის დეკორაციებს.
რა არის მათში ასე შავი? ასე როგორ ამოიბრუნეს
ზედაპირზე - მთელი სინათლე?
როგორი ფარნით შეიძლება თვალიერება
მათი - მსხვერპლით ამოვსებული შიგნეულობის?
და ხარის ქედი. მზეს რომ იტევს.
ცისქვეშეთში ის ისეთი ნაცრისფერი ჩანს.
ხორკლიანი რქა და ჩლიქები, ამოზრდილი სინათლიდან -
ერთადერთი იარაღი ყოფნის, თავდაცვის.
ნეტავ მას, ვისაც შეუძლია
სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება
და სიღრმეშიც შენახვა მისი.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
1 comment:
es nichia-endobode upirobod
hoda swored mashin,roca am nichs velevit,iwkeba chveni tragedia..da vilevit..
Post a Comment