Tuesday, January 19, 2010

Adibas - წიგნი ომსა და სექსზე


ია ვეკუა


ზაზა ბურჭულაძე "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის" სტუმარია. სწორედ ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ (მის შესავალს მაინც), ზაზა ბურჭულაძე ფრანკფურტშია. რას აკეთებს არ ვიცი. შეიძლება სძინავს, ინტერნეტში დაძვრება, ქუჩაში სეირნობს, ხსნად ყავას მიირთმევს ან სულაც რამე უფრო ინტიმურითაა დაკავებული, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, რას გააკეთებს 14 იანვარს - ამ დღეს ბურჭულაძე "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის" სტუმარი იქნება. სალონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა, ოფიციალურად ამ დღეს გაიხსნება, მისი პირველი სტუმარი კი სწორედ ზაზა ბურჭულაძე იქნება. ზაზა ფრანკფურტში მის ახალ წიგნთან, Adibas-თან ერთად მიიწვიეს. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ნაწარმოების რამდენიმე თავი გერმანულად თარგმნეს, ასე რომ Adibas-ს, თუმცა მხოლოდ მის ნაწილს, იქაც გაიცნობენ. მსგავსი ტიპის შეხვედრა 17 იანვარს, ამჯერად უკვე ბერნში გაიმართება...
საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად აქ სკანდალებიც ნაკლებია. სკანდალური სულ რამდენიმე რამ შეიძლება იყოს: რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პუტინთან ვიზიტი, შალვა რამიშვილის სატელევიზიო გადაცემა, შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ და ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სკანდალი პრაქტიკულად გარდაუვალია - იმიტომ, რომ ზაზა წერს იმაზე, რაზეც სხვები მხოლოდ ფიქრობენ (ან ჰგონიათ, რომ ფიქრობენ), ზაზა რომელიმე ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილ თავის ნაწარმოებს საკუთარი ინიციატივით ხსნის, ზაზა მამაკაცის სასქესო ორგანოს მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს და ასე შემდეგ.
Adibas-ის პრეზენტაცია ჯერ კიდევ შარშან, თუმცა მაინც არც ისე დიდი ხნის წინ, 17 დეკემბერს გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ ხალხს აუცილებლად შავი და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებულ სამოსში მისვლა სთხოვეს, რადგან თავად წიგნის დიზაინიც ამ ორ ფერშია გადაწყვეტილი. შავი იყო საპრეზენტაციო ტორტიც (ცხადია ისიც მოოქროვილი), თუმცა არსად ენთო შავი სანთლები და არც ამავე ფერის მაგიის ნიშნები შეიმჩნეოდა. ეს კი აშკარად დამამშვიდებელი ფაქტორია - ესე იგი წიგნის წაკითხვა თამამად, ყოველგვარი ქრისტიანული სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება.
...წაიკითხეს და განიხილეს კიდეც. ვნახოთ, რას წერენ ლიტერატურულ საიტებზე, სადაც აზრის, უფრო კი თამამი აზრის, გამოთქმა ნიკების გამო უფრო იოლია (სტილი დაცულია):
მომხმარებელი #1: "ეს რომანი, ალბათ, ბევრს გააღიზიანებს იმის გამო, რომ მასში მრავლადაა სექსუალური აქტები, თან სულ ნატურალისტურად აღწერილი და ემოციებისაგან დაცლილი. წიგნში სიტყვასაც ვერ ნახავ სიყვარულზე და თუ ნახავ, ისიც ისეთივე ყალბი იქნება, როგორც ყველაფერი სხვა".
მომხმარებელი #2: "ეს ავტორი ძალიან კარგი მოქართულეა. ერთ-ერთი კარგი მწერალი იქნებოდა, საუკეთესოც კი ასეთ სიყალბეებს რომ არ გვაფუჩეჩებდეს ხელთ.
ანუ, რომ არ ანძრევდეს ხელოვნურად".
მომხმარებელი #3: "განსაკუთრებულად არც არაფერს გავუღიზიანებივარ. ანუ ისეთი არაფერი უწერია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. ერთი ის გამიკვირდა, წიგნის ფინალში, ბოლო ეროტიული სცენა ზუსტად თუ არა, თითქმის ისევე აქვს აღწერილი, როგორც "სიმფსონებში". ანუ როგორ ვერ ასწრებს ქალის საშოდან გადმოსული სითხის ყლაპვას მთავარი გმირი. ალბათ ცოტა მეტი მრავალფეროვნებაც იქნებოდა შესაძლებელი. სხვა მხრივ კი ორ საათში წასაკითხი წიგნია, რომელსაც წაიკითხავ და ძალიან დიდ ხანს არ გაგყვება. ნუ მაქსიმუმ ერთი კვირა. მერე ისევ თავიდან უნდა წაიკითხო, რაღაც დეტალები რომ აღიდგინო, ნუ თუ სურვილი გაგიჩნდება, რა თქმა უნდა. ისე კი საერთო ჯამში, ნამდვილად ღირს წასაკითხად".
მომხმარებელი #4: "მე თუ მკითხავთ ზაზა ბურჭულაძე სვეტსკი გოჩა მანველიძეა. და საერთო ჯამში 2-ვე ბულვარული დონის შემოქმედია
აი ჟურნალ "სარკეში" რომ იბეჭდება ეგეთები".
მომხმარებელი #5: "სულ დასირდა ეს ხალხი".
მომხმარებელი #6: "მათხოვეთ რა, თუ იყიდით".
მომხმარებელი #7: "მე ვინ მათხოვებს. კაი ხანია წიგნი არ წამიკითხავს და ბურჭულაძით უნდა დავუბრუნდე".
მომხმარებელი #8: "მე მევასება ზამზა. იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ და ვიცი რას რატომ წერს. რაც მაღიზიანებს არც იმის თქმის მერიდება. კარგი, თანამედროვე გამართული ქართულით წერს. კარგი იუმორი აქვს და თვითირონია".
მომხმარებელი #9: "რიავი, მგონი აქამდე რაც აქვს დაწერილი, ჯობია ყველას".
***
წიგნის ანოტაციაში კი ვკითხულობთ, რომ "ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი". ომის სცენები აქ მართლაც არაა, ომი ამ რომანში რამდენადმე უტრირებულია - მის მთავრ გმირს გამუდმებით ესმის სატელევიზიო თუ რადიო ინფორმაციები, საიდანაც ვიტყობთ, რომ რუსულმა ტანკებმა მტკვრის სანაპირო გაამაგრეს, შარდენი აიღეს, რომ პეკინის ქუჩაზე ახალი ბლოკსაგუშაგო გაიხსნა და ასე შემდეგ. ომი Adibas-ში თითქოს იმავე სიყალბითაა შენიღბული, როგორ სიყალბესაც თავად ნაწარმოების სახელწოდება გულისხმობს - სიყალბეს კი თავად ადამიანები ქმნიან, რომელთათვისაც ომი ისევ და ისევ საინფორმაციო გამოშვებებით შემოიფარგლება. გაიხსენეთ, სწორედ ასე ხდებოდა პირველი ომების დროსაც - ქვეყანა თითქოს ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი ყელამდე სისხლი იხრჩობოდა, მეორე კი შარდენის ქუჩის გარემონტებას იწყებდა. შესაძლოა, ავტორი სუროგატულ ბრენდებთან სწორედ ამ მეორე ნაწილის ცხოვრებას აიგივებს, ხოლო დროდადრო იმის შესახსენებლად, რომ სადღაც, შესაძლოა ჩვენთან ახლოსაც, ნამდვილი ცხოვრებაც არსებობს, ნამდვილ ბრენდებსაც გვისახელებს. ამ მხრივ ძალიან კარგია მე-11 თავი "საქართველო" - ვაიქართულ-რუსულ-ინგლისურად მოლაყბე ვინმე nylon-eyes-სა და robozapienz-ის სრულიად კრეტინული დიალოგი "სკაიპში", რომლებიც საკუთარი სუროგატიზმის პიკს წარმოგვიდგენენ. ისინი საკუთარ თავზე სწორედ იმ თაობის განსახიერების მისიას იღებენ, ვისთვისაც ომი, თუნდაც კონკრეტულად ეს ომი, ჰოლივუდელი რეჟისორის მორიგი ფილმის მასალა უფროა და რაც უფრო ხმამაღლა იყვირებენ "სა-ქარ-თვე-ლო!", მით უფრო კაი ტიპები იქნებიან.
ერთი შეხედვით სუროგატულია მთავარი გმირის ცხოვრებაც, რომელიც გამუდმებით საკუთარ ამდგარ სასქესო ორგანოზე ლაპარაკობს (ამ სიტყვას, როგორც გითხარით, ბურჭულაძე მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს) და თან ვერ გაიგებ, ამის გამო წუხს თუ ამაყობს. მთელი წიგნის განმავლობაში ამ თავისი ამდგარი სიამაყით დაყიალობს და მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს ახერხებს მის "დამშვიდებას" - თუმცა ეს სექსუალური აქტიც ამ შემთხვევაშიც, როგორც სექსის შესახებ ლიტერატურაში წერია ხოლმე, არატრადიციული ანდაც გაუკუღმართებული და სოდომის ცოდვით ჩადენილია (მაგარი სიტყვებია!:))). ამ ყველაფერს კი ვიდეოთვალზე მიწებებული საწყალი ნანიკო უთვალთვალებს - მოკლედ, სხვისი კონტროლის გარეშე ამ ქვეყანაში ხომ სექსითაც ვერ დაკავდები რა!
P.S. Adibas პატარა წიგნია, როგორც მომხმარებელი #3 ამბობს, ორ საათში რომ წაიკითხავ, ისეთი. სანიშნე ლენტიც ახლავს, რომელსაც ზემოთ აღნიშნულის გამო პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ, თუმცა მაინც საჭიროა - თუ ცალი ხელით წიგნი გიჭირავს, მეორეთი შეიძლება სანიშნე თითზე დაიხვიო ან სულაც დაიბა, უბრალოდ კითხვის დროს თავისუფალი ხელი სხვა მიმართულებით რომ არ გაგექცეს...


© “24 საათი”

No comments: