ანდრო ბუაჩიძე
ასოციაციების კონტექსტში
მაია სარიშვილი. ცხადის გადაფარვა (ლექსები). რედაქტორი შოთა იათაშვილი. თბ. "მერანი", 2002.
მაია სარიშვილის ლექსები რეალობის მეტად უცნაური აღქმით გამოირჩევა, ვთქვათ ის წერს: "თვალები - თონეები, ჩავაკარი ცრემლი ჩვენი არსობისა". ანდა ასეთი სტრიქონები: "დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი. მინდა ჩავეჭიდო ფიქრს იმ სივრცეზე, სადაც ირწევიან მსუყე ეტლები და მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში... აქ ვეღარ ვსუნთქავ. თითქოს ჟანგბადის ყველა მოლეკულა ქაღალდში სათითაოდ შეახვიეს".
ცხადია, რომ საქმე გვაქვს უცნაურ მეტაფორიკასთან, რომელიც ასოციაციურმა აზროვნებამ წარმოშვა. იქნებ ეს განსაზღვრება მიახლოებითი და პირობითი იყოს, მაგრამ სამყაროს თავისებურ აღქმას და შესაბამის ხელწერას ხომ რაღაც სახელი უნდა დაერქვას. მე მგონი, ამ შემთხვევაში, სწორედ ასოციაციურობაა ის ნიშანი, რომელიც თავის ირგვლივ იკრებს ლექსწერის სხვა ნიშნებსაც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასოციაციურობა განაპირობებს სხვა სალექსო კომპონენტების თავისებურ წყობასაც. მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას ერთი რამ: უცნაური მეტაფორების მეშვეობით ამოთქმული ასოციაციური აზროვნება ყოველთვის მოითხოვს სიცხადეს, გამჭვირვალებას, სიზუსტეს. სწორედ სიზუსტე უნდა იყოს იმის თავდები, რომ ამა თუ იმ პოეტთან ბუნებრივად იბადება ასოციაციური ხლართი აზროვნებისა. ლექსწერის ეს წესი რთულია, რადგან იმთავითვე გულისხმობს შემოსაზღვრას, საგნობრივ ატრიბუტიკას, გარკვეულ ემპირიკას, რომელიც კონკრეტულს, აღქმადს, ხელშესახებს გახდის ასოციაციას. თავისთავად ასოციაციური დინება გრძნობებისა და განცდებისა, თითქოს ორგანულად ეთავსება მეტაფორულ აზროვნებას, მაგრამ თუ მეტაფორა არაზუსტია, ე.ი. ღრმა შინაგანი ინტუიციით არ არის ნაკარნახევი, მკითხველის შთაბეჭდილება ფერმკრთალდება. პოეტი სცდება სამიზნეს.
როცა მაია სარიშვილი ამბობს: "დაძველებული პარკეტის სუნი და თვალთან ნარინჯისფერი შუშის ნატეხი", ასოციაცია გამჭვირვალეა და ფრაზა ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე. ასევე მკაფიო ტონალობით და აზრობრივი სინათლითაა აღბეჭდილი სახე: "მძინარე ლოკოკინებს წვიმის ხმა ყრუდ ესმით ნიჟარებში". მაგრამ ამ ფონზე და ამავე კონტექსტში ცოტა გაურკვევლად მეჩვენება მეტაფორა: "მსუყე ეტლები"; იქნებ ეპითეტი "მსუყე" აქ არ არის მთლად ზუსტი? არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება: თხრობის ასოციაციური სტილი ყოველთვის ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ რამდენადმე ზუსტი მაინც უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს ლექსის კომპოზიცია, სტრუქტურა, ფარული ფაბულა, რომელიც თითქოს უკუფენილია ტექსტში. მაია სარიშვილის ლექსებიდან მე მოვიყვან ამ თვალსაზრისით სანიმუშო ვარიანტს, სადაც სინათლე და სისადავე ბუნებრივად ერწყმის თვითმყოფად ხელწერას: "რა მაღლა ცხოვრობთ! არ გეშინიათ? ხომ შეიძლება, რომ ღრუბელი შემოვიდეს ღია ფანჯრიდან... ან მზეს თვალებში ჩაეფერთხოს მტვერი, რომელიც ყოველდღე ჩვარით გაგაქვთ ოთახებიდან... თქვენ ქვემოთ ფრენენ ჩიტები და უფრო დაბლა ფრენენ პეპლები, და მთელ სახლში ფეხისწვერებზე დგანან ნივთები, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ, როგორ ყვავილობს ძირს შადრევანი. ან დაინახონ, როგორ იმსხვრევა ბრჭყვიალა მინა პირველ სართულზე... რა მაღლა ცხოვრობთ! ვერ აღწევენ ჩიტები და ბურთები და შადრევნები თქვენს ფანჯრებამდე და მოწყენილი ფარდები ზოგჯერ გარეთ იპარებიან და ფრიალებენ, როგორც ფრთები ოთახების... რა მაღლა ცხოვრობთ!.."
ჩემი აზრით, მაია სარიშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული სირთულე არჩეული გზისა, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს მრავალსიტყვაობას, მოძებნოს ემოციურად და აზრობრივად კონტექსტის შესაფერი ეპითეტი, ნათლად შემოხაზოს მეტაფორა და რაც მთავარია, ბოლომდე შეინარჩუნოს ლექსის დასაწყისში განფენილი სიწრფელის ხარისხი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ყოველგვარი შემოქმედება. და თუკი გარკვეულ სალექსო ფრაგმენტებში პოეტის მცდელობა სასურველი შედეგით არ გვირგვინდება, ეს სულაც არ არის საგანგაშო, რადგან აქაც კი ჩანს მაძიებელი სული, მოუსვენარი შთაგონების ნაკვალევი, აღსარების ამომთქმელი ინტონაცია.
მაია სარიშვილის მცირე ფორმის ლექსები განსაკუთრებით კარგად ავლენს პოეტის საკუთარი ხელწერის დაუფლების პროცესში მიღწეულ სასურველ შედეგებს. აქ ისევ ერთადერთი და შეუნაცვლებელი ეპითეტის ძიებაზე, ლირიკული აქცენტების განაწილებაზე, მინიშნებებზე და ლექსის სტრუქტურული სრულყოფილებისაკენ ლტოლვაზეა საუბარი.
"ერთი მაღალი კაცი ხის კენწეროებს კვნეტს კბილებით, ეს გემრიელი გაზაფხული მე მივასწავლე". ანდა ვთქვათ ასეთი ლექსი: "ვეფერებოდი ამ ხეთა ნერგებს ოდესღაც. ახლა ცაში ჩაზრდილან ჩემი ხელმონაკიდი კენწეროები..." აქ, ამ მცირე ფორმის განწყობილებისმიერ შტრიხებში უფრო მეტია ნაგულისხმევი, ვიდრე ნათქვამი. აქ იჩენს თავს ფარული სურვილი იმ ნატიფი სიტყვიერი სამოსელის მიგნებისა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად მოერგება სათქმელს.
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment