მე და ნიკო, მართალია, ბავშვობის მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ მაინც საკმაო ხანი მოგვიწია ერთად ყოფნამ, დაახლოებით ნახევარი საუკუნე ერთად ვიყავით, ერთად მოვდიოდით ცხოვრების გზაზე - ჩვენ სტუდენტობის მეგობრები გახლდით - ნამდვილი თანამოაზრენი და ასაბიები, თანამდგომები და თანამოსაგრეები. არასოდეს გვქონია მკვეთრი დაშორება რომელსამე სფეროში, პრინციპული უთანხმოება არაფერში მოგვსვლია. დაახლოებით ერთნაირი ესთეტიკური, ეთიკური და პოლიტიკური კრიტერიუმები და სიმპათია-ანტიპათიები გვქონდა და ეს აადვილებდა ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობას. ნიკო ჩემი მესამე ძმა იყო ზურასთან და კუწასთან (მიშასთან) ერთად, რომელთა წასვლამ იმიერ ქვეყანაში ძალიან მატკინა გული (რომელთაგან, ფაქტობრივად, ერთი ღვიძლი ძმა იყო, მეორე - ბიძაშვილი, ხოლო მესამე - მეგობარი).
მე და ნიკოს ინტენსიურ და შეუწყვეტელ მეგობრობას სიმტკიცეს უნარჩუნებდა ყოველდღიური კონტაქტები, უშუალო შეხვედრები და სისტემატური სატელეფონო საუბრები...
ნიკო ყიასაშვილი ჭეშმარიტი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა, მაგრამ ვერ ეგუებოდა ვერც "სუფრის" ჰურა-პატრიოტიზმს, მკერდზე მჯიღის პათეტიკურ ბაგუნს და ვერც კუთხურ-რეგიონალურ მიკერძოებას, ამერისა და იმერის პრინციპულ განსხვავებას რომ უსვამს ხაზს. ნიკოს არ უყვარდა სენტიმენტალური ჭყლოპინი იმის თაობაზე, რომ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბუნება გვაქვს და ყველაზე ნიჭიერები ვართ მთელ დუნიაზე, სიზარმაცე რომ არ გვიშლიდეს ხელს, სასწაულებს მოვახდენდით და ქვეყანას გადავატრიალებდით... გულს ურევდა ქართული რასითა და გენით ტრაბახი, ეროვნული გამორჩეულობით გულზვიადობა და ქართული "მესიანიზმი".
მეორე მხრივ, ალერგია ჰქონდა ეროვნული ნიჰილიზმის მიმართაც, გადაჭარბებული კოსმოპოლიტიზმიც აღიზიანებდა და ნაციონარული განურჩევლობაც. ერთხელ ნიკო გულის სიღრმემდე შესძრა ერთი მსხვილი პარტიული ფუნქციონერის ცინიკურმა განცხადებამ. როდესაც ამ გაფუყულ და თეძოგანიერ, ფიზიკურად და სულიერად ჩაქონილ გვამს ჰკითხეს, თავის შვილს, რომელიც თან ახლდა, რომელ სკოლაში შეიყვანდა, ქართულში თუ რუსულში, მან წარბშეუხრელად უპასუხა: ეს ჩემი ბიჭი სასკოლო ასაკისა რომ გახდება, მაშინ, ალბათ, ქართული ენის სახსენებელიც აღარ იქნებაო! (სამწუხაროდ, მასის მეხსიერება მოკლეა და ეს მჟავანაძის პერიოდის "რუხი კარდინალი" ახლახან თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს პატრიოტად და ჭეშმარიტ მწერლად გამოაცხადეს. ღმერთო ჩემო, რას არ მოისმენს კაცი ამ ჩვენს კურთხეულ საქართველოში!)
...მე პირადად, იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასე ვერ იტანდა გარეგნულ რიტუალებს, ფორმალურ ცერემონიებსა და წეს-ჩვეულებებს. მონოლითური პიროვნება იყო: რაც იყო, ის იყო. არ უყვარდა "რომანტიკულობისა" და "პოეტურობის", "მისტიკურობისა" და "ღრმამორწმუნეობის" თამაში (ირონიულ ღიმილს გვრიდა მავანთა შემდეგი ანალოგიური განცხადებანი: "მე გუშინ ღმერთი გამომეცხადა!", "ყოველმა ქართველმა თავის პირადობის მოწმობაში უნდა ჩაიწეროს, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანია!"; ერთმა საყოველთაოდ ცნობილმა "ქამელეონმა" საფლავთან წარმოთქმული სიტყვა ასე დაიწყო: "მე ღრმად მორწმუნე ვარ..."). ნიკოსთვის უცხო იყო ცრურწმენები და ცრუმორწმუნეობა, ტარტიუფიზმი და ფარისევლობა, თავს არ იტყუებდა სპირიტიზმითა და "სპირიტუალიზმით", ოკულტიზმითა და საკუთარი პიროვნების მისტიფიცირებით. საოცრად გულგრილი იყო ასტროლოგიური "გათვლებისა" და ჰოროსკოპების მიმართ.
...არასოდეს იტაცებდა სუფრის რომანტიკა, ქეიფის კულტი ყმაწვილობაშიც არა ჰქონია, ირონიულად უყურებდა დარდიმანდობას და ცრუ-რაინდულ პოზებს, სადღეგრძელოებში გამოთქმულ "სიბრძნეს" და სიყვარულს.
ზოგზე ცოტა უკარება კაცის, ცოტა გოროზი, ცოტა სნობის შთაბეჭდილბას ახდენდა. მაგრამ ეს იყო შორიდან მიღებული შთაბეჭდილება, ანდა ნიკოს მორალური შეუვალობით გაღიზიანება.
საერთოდ უაღრესად პრინციპული და სუბიექტურად პატიოსანი იყო, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით - მორალურად სუფთა, "უკანა" აზრების უქონელი, ყოველგვარი ხვანჯებისა და ინტრიგების უმეცარი, თუმცა მტრები, წვრილფეხა მოშურნალნი და მოლიზღარნი, მისი უკომპრომისობითა და პირში თქმისმოყვარეობით გაღიზიანებული დაუჯერებელი ცილისწამებისათვის სწირავდნენ მას... ერთმა მორიელის ჯიშის მანიაკმა, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, ნიკოს პირუთვნელობით დაბოღმილმა, ფანტასტიკური ინსინუაციით სცადა მორალურად მოეკლა იგი, მაგრამ ამაოდ... საბოლოოდ ეს ცილი ბუმერანგივით თვითონ ამ მანიაკს მიუბრუნდა უკან... ნიკოს ცხოვრების "ჭადრაკი" არასოდეს უთამაშია და უტილიტარულ მომგებიან სვლებზე არ უფიქრია, მაგრამ მაინც ბევრ უმადურებას წაწყდომია თავის სიცოცხლეში.
...არსებობენ "ცხოვრების ოსტატები", რომლებიც ყველა რეჟიმისა და ყველა მთავრობის დროს ახერხებენ ფავორში ყოფნას, მაგრამ, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მთავრობისა და რეჟიმის დროს "ახერხებენ" ჩრდილში დგომას. ნიკო ყიასაშვილი ამ მეორე კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნებოდა. ჩვენ ვიცნობთ ორდენებისა და პრემიების მაძიებელთ, რომლებმაც თავის დროზე ლენინური, სტალინური და ყველანაირი ორდენები და პრემიები "გაკვაჭეს" და ახლაც ღირსებისა და სხვა ორდენებს გამოკრეს ხელი.
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებას არსებული მთავრობისა და რეჟიმისადმი იმის მიხედვით აყალიბებენ, რა ხარისხითაც ეს მთავრობა და რეჟიმი მათ წყალობთ - თუ მიიჩნიეს, რომ არსებული მთავრობა მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ისინი ფრონდიორები და ოპოზიციონერები ხდებიან. ნიკო ირონიული ღიმილით უყურებდა ხოლმე ასეთ "მეამბოხეებს", ჩვენ ასეთ "ქამელეონებსაც" ვიცნობთ, რომლებიც სუკის ფარული აგენტები იყვნენ, ახლა კი კომუნისტური რეჟიმის კრიტიკოსებად მოაქვთ თავი.
...ნიკო არ ყოფილა ოხუნჯი და საგანგებოდ ენამოსწრებული, მაგრამ ინგლისურ ლიტერატურაზე აღზრდილს შინაგანი, შეფარული, დახვეწილი ჰუმორი ჰქონდა; ჰქონდა კომიზმის შემჩნევის მახვილი თვალი.
...არასოდეს კონფლიქტის, ჩხუბის წამომწყები არ ყოფილა, მაგრამ რა უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, გასაოცრად გულადი, შეუდრეკელი იყო უსამართლობის წინაშე მდგარი. არაერთხელ შევსწრებივარ, თუ როგორ დაპირისპირებია ნიკო ფიზიკურად გაცილებით უფრო ძლიერ მოძალადეს და სულიერი მედგრობით, ნებისყოფით გაუტეხია იგი. განსაკუთრებით ვერ ეგუებოდა იგი ფიზიკურად სუსტებისა და ცხოველების წვალებას; სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ დაუკარგავს აღშფოთების უნარი.
...ცალკე თემაა ნიკოს ურთიერთობა და მეგობრობა ინგლისელ და ამერიკელ მწერლებთან და თეატრალურ მოღვაწეებთან.
არასოდეს დამავიწყდება განთქმული ამერიკელი დრამატურგის არტურ მილერის სტუმრობა თბილისში ნიკოსთან. სუფრას ექვსნი ვუსხედით: არტურ მილერი თავის ახალ, მერილინ მონროს შემდეგდროინდელ ცოლთან, ავსტრიელ ფოტოგრაფსა და ჟურნალისტთან - ინგე მორატთან ერთად, ნიკო და მისი მეუღლე, ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი მერი ციციშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარაა ჩვენს შორის, ჩემი ცოლი და მე. მე და ჩემს მეუღლეს ერთი სული გვქონდა, მერილინ მონროზე ჩამოგვეგდო საუბარი, მაგრამ ნიკოს წინასწარ სასტიკად ვყავდით გაფრთხილებული, კრინტი არ დაგვეძრა კინოვარსკვლავზე, მილერი ამ ქალთან ურთიერთობითა და შემდეგ განშორებით ტრავმირებულიაო (ერთი შეხედვით, არტურ მილერი უკარება, უჟმური, ჭირვეული, დიდებისგან გაზულუქებული ახირებული კაცი გეგონებოდათ, სუფრასთან და ვიწრო წრეში საოცრად გულითადი და გულგახსნილი გამოდგა).
საქართველოში ყოფნისას თითქმის მუდმივად თან ახლდა ნიკო ჯონ სტაინბეკს.
განსაკუთრებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ნიკო ჩარლზ სნოუსა და მის მეუღლესთან, აგრეთვე ცნობილ მწერალ პამელა ჰენსფორდ ჯონსონთან, ალენ სილიტოუსთან და მის ცოლთან, აგრეთვე პოეტ რუთ ფეინლაიტთან, დიეგო რივერას მეუღლესთან, მხატვართან და მწერალთან, რუსული ჩამომავლობის მარევნასთან (მარევნას, როგორც ნიკოსგან ვიცოდი, ერთხანს თბილისშიც უცხოვრია - ბავშვობასა თუ ყმაწვილქალობაში. მარევნამ, თურმე, ნიკოს ერთხელ მოულოდნელად ძველთბილისური "ფოლკლორის" ერთ-ერთი ნიმუშის ცოდნა "გაუმხილა": "მე რად მინდა დუქანი, ქალი მინდა მსუქანი").
ნიკო სხვადასხვა დროს შეხვედრია და გარკვეული ურთიერთობა ჰქონია მწერლებთან: სომერსეტ მოემთან, უილიამ გოლდინგთან, გრემ გრინთან, ჯონ ბ.პრისტლისთან, ტომ სტოპარდთან, ჰაროლდ პინტერთან, ალენ გინზბერგთან, რობერტ გრეივზთან და მრავალ სხვა გამოჩენილ ინგლისურენოვან ავტორთან, რომელთა სრული ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.
უნდა გავიხსენო აგრეთვე ამერიკაში ნიკოს სტუმრობა ღრმად მოხუცებულ, ერთ დროს ძალიან პოპულარულ კინორეჟისორთან რუბენ მამულიანთან, რომელსაც ნიკომ, ასე ვთქვათ, მისი მუხრანული და თბილისური "ფესვები" "შეურხია"...
...ნიკომ თითქმის მთელი ქართული პოეზია ზეპირად იცოდა. განსაკუთრებით უყვარდა გალაკტიონი, გოგლა, ტიციანი, ლადო ასათიანი... ერთხელ ნიკომ გიორგი ლეონიძე გააოცა მისივე ერთი ლექსის ზეპირად ცოდნით, რომელიც თვითონ პოეტს აღარ ახსოვდა.
ქართველ პროზაიკოსთაგან გამორჩეულად უყვარდა ოთარ ჭილაძე.
...ნიკო ყიასაშვილი ჩემთვის გასაოცარი სტოიციზმითა და სიმშვიდით ეგებებოდა სიკვდილს. მან დიდი ხანია იცოდა, რომ საბედისწერო, განუკურნებელი სენით იყო დაავადებული, მაგრამ თითქმის ოლიმპიური უშფოთველობით ითვლიდა გვერდებს, რომლებიც მას "ულისეს" გასრულებამდე დარჩენოდა...
სიკვდილის წინაშე მდგარს ერთი არ დაუჩივლია, ბედის სამდურავი არ წამოცდენია, თითქოს პრინციპული ფატალისტის აუღელვებლობით შეეგება თავის აღსასრულს...
© “არილი”

No comments:
Post a Comment