Sunday, January 17, 2010

მორის მეტერლინკი – ფუტკრების ცხოვრება


ზაზა კვერცხიშვილი
(ფუტკრების) ცხოვრების ქებათა ქება
მორის მეტერლინკი. "ფუტკრების ცხოვრება". ფრანგულიდან თარგმნა დავით აკრიანმა, გამომცემლობა "ნექტარი", ყდის ფოტო ანდრო როგავასი.


"ფუტკრების ცხოვრების" ჟანრი, მიუხედავად საკითხის მოჩვენებითი სიმარტივისა, საკმაოდ ძნელი განსასაზღვრია. ერთი შეხედვით, ჩვენს წინაშეა ნაშრომი, რომელიც გულმოდგინედ და თანმიმდევრულად, მეცნიერულ ობიექტურობაზე უაღრესად საფუძვლიანი პრეტენზიით, აღწერს მწერების ერთ სახეობას. ასე რომ, თითქოს, ბუნებრივი ჩანს შევიტანოთ იგი ბიოლოგიური წიგნების კლასში, სახელდობრ მის ენტომოლოგიურ ქვეგანყოფილებაში. და ამ დასკვნაში ხელს ვერ შეგვიშლიდა ფაქტი, რომ "ფუტკრების ცხოვრება", არა ბიოლოგის, არამედ გენიალური მწერლის შექმნილია. თუმცა ასეთ კლასიფიცირებას გადაულახავ წინააღმდეგობებს, მორის მეტერლინკის პიროვნება კი არა, თვით ნაწარმოების ტექსტი უქმნის: მწერების ცხოვრების ნებისმიერი ენტომოლოგისთვის შესაშური დაწვრილებითი აღწერა აქ, თითქმის ყოველთვის, უფართოეს განზოგადებათა მხოლოდ ნაწილია (თანაც, ზოგჯერ, არცთუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი), რომელიც ორგანულ საფუძველს ქმნის არსებობის საზრისზე მსჯელობისათვის. ასე რომ, წიგნი გამუდმებით "ცდილობს" ფილოსოფიური ლიტერატურის კატეგორიაში გადაბარგებას. ხოლო თუკი, ამის შემდეგ, ამოვალთ არა იქიდან, რას მოგვითხრობს ტექსტი, არამედ - თუ როგორ არის იგი დაწერილი, ვნახავთ, რომ "ფუტკრების ცხოვრების" მნიშვნელოვანი ნაწილი, არსებითად, მაღალი პოეზიაა - ღრმააზროვანი და დახვეწილი ლექსები პროზად.
ამიტომ, წიგნის რაობის გარკვევაში, შესაძლოა, ანალოგიის მეთოდი დაგვეხმაროს. თუ "ფუტკრების ცხოვრების" უახლოესი მონათესავის მოძებნას დავაპირებდით, მას ვერ ვიპოვიდით ვერც ფილოსოფიურ და ვერც ზოოლოგიურ ლიტერატურაში (ალბათ, "ნობელით" პრემირებული ბიოლოგისა და დიდი მწერლის კონრად ლორენცის ძაღლებისადმი მიძღვნილი წიგნის გარდა - "ადამიანი პოულობს მეგობარს". თუმცა, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა: სამეცნიერო-პოპულარული შრომის კარგად მორგებულ ნიღაბქვეშ აქ ნამდვილი და დიდი პროზაა შეფარული). ვფიქრობ, "ფუტკრების ცხოვრებასთან" ყველაზე ახლოს მაინც თომას მანის იდილია "პატრონი და ძაღლი" დგას: მრავალგვერდიანი დაწვრილებითი აღწერა ერთი გერმანული ქალაქის გარეუბნის ნახევრად ველური ბუნებისა და ავტორის ძაღლის ქცევა-ჩვევებისა - მომნუსხველი პროზა, რომლის მონაკვეთები ალაგ-ალაგ თავისთავად ლაგდება ჰეგზამეტრის რიტმით.
სხვათა შორის, სწორედ თომას მანთან დაკავშირებით აღუნიშნავთ, რომ მის სოლიდურ პიროვნებასა და ხელოვნებას ისევე კარგად ესადაგება დამჯერი ძაღლი, როგორც მისი სულიერი მოძმისა და ანტიპოდის, სოლიდურობას ერთიანად მოკლებული ჰერმან ჰესეს მწერლურ სილუეტს - თავნება კატა. რაზე მიგვანიშნებს, ამ თვალსაზრისით, მ. მეტერლინკის სიყვარული საზოგადოებრივი მწერებისადმი, რომელმაც შვა: "ფუტკრების ცხოვრება" (1901), "ტერმიტების ცხოვრება" (1926), "ჭიანჭველების ცხოვრება" (1930)? - შესაძლოა, ამ სოციალიზმისკენ მიდრეკილი მისტიკოსის მისწრაფებაზე, ადამიანთა სიმრავლეში, სოციალურ მასაში მთლიანად გაეთქვიფა თავისი მეტისმეტად მკაფიო ინდივიდუალობა და მთელი კაცობრიობის ბედნიერი მომავლის საშენ მასალად, სხვათაგან განურჩეველ ერთ უბრალო აგურად თუ სასაძირკვლე ქვად ექცია იგი. მეტერლინკის შემოქმედების ერთიანად გახსენებისას პირველი (თუმცა, იქნებ, ზედაპირული) შთაბეჭდილება ისეთია, რომ კურთხეული ზაფხულის ტრფიალი ამ მრავალჟანრიანი (დრამა, ლირიკა, ესე) პოეტისთვის ყველაზე მახლობელი მაინც ფუტკრები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებშიც თითქოსდა თავად ზაფხულის ოქროცურვილი დღეები, მისი კამკამა ნათელი, მისი ათასფერობა და ათასარომატიანობა არის ხორცშესხმული. სამწუხაროა მხოლოდ, რომ მეტერლინკი სასწაულებისგან დაცლილ რაციონალიზმის ეპოქაში ცხოვრობდა და არა, თუნდაც, ერთიანად ღმერთებითა და ღმერთკაცების დასახლებულ ანტიკურ სამყაროში, რათა აპოლონის ბრძანებით გრძნეულ ფუტკრებს, - მზის ამ უბიწო ასულებს, - მორის მეტერლინკისთვისაც, ყრმა პლატონის მსგავსად, პირდაპირ ხახაში აეშენებინათ ფიჭა და თაფლით აევსოთ პირი.
(მცირე გადახვევა: საინტერესოა, რა ვითარებაა "ანიმალისტური ჰერალდიკის" თვალსაზრისით ქართულ მწერლობაში. ბიოგრაფს და, ალბათ, ფსიქოანალიტიკოსსაც საინტერესო მასალას მისცემს ალექსანდრე ყაზბეგის "მეგობრობა" მაიმუნ "ჟაკოსთან", რომლის შესახებ გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, რომ აქ "არის პოეტის გახელება მელანქოლიის არეში". აი, ტექსტებში ასახული კი ბევრი არაფერი მაგონდება გალაკტიონის ერთი შენიშვნის გარდა: "ორი მერანია: მერანი ავთანდილის, მერანი ბარათაშვილის, ისინი სხვადასხვანი არიან. საჭირო იყო მათი შეერთება. და ეს მოვახერხე მე. ჩემი მერანი შეთავსებაა ამ ორი სხვადასხვაობის". მართალია, ეს შენიშვნა უწინარეს ყოვლისა ლექსის ტექნიკას შეეხება - "რუსთაველის რითმის დაცვა ბარათაშვილის რიტმის გამოყენება" - და, შესაძლოა, არც იყოს ბოლომდე დამაჯერებელი, მაგრამ თუ აქ მაინც სწორედ "ჰერალდიკას" დავინახავთ, უნდა ითქვას, რომ ეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობა აღბეჭდილია საემბლემო ცხოველის რეალურ-ზოოლოგიური ნიშნების თანდათანობითი გაქრობით: ავთანდილის ტაიჭი სავსებით რეალური ცხენია და, ტარიელის მზერისუსწრაფესი რაშისგან განსხვავებით, ზებუნებრიობისა და ზღაპრულობის მეტისმეტად ჭარბმინიშნებითაც კი არ არის აღბეჭდილი ბარათაშვილის მერანი, - მიუხედავად იმისა, რომ ის დაწერილია შამილის მიერ ილია ორბელიანის დატყვევების შთაბეჭდილებით, რომელსაც ამ დროს ლეკებმა ოთხი სავსებით ჩვეულებრივი ცხენი წაართვეს, - უკვე ნამდვილ ცხენს აღარ ჰგავს და ბედისწერის სიმბოლოდ უფრო გვევლინება. აი, გალაკტიონის ლურჯა ცხენებს კი ზოოლოგიური არსების ნიშანიც კი აღარა აქვთ შერჩენილი, ეს არის ცხენები, ასე ვთქვათ, ცხენობისგან განძარცული სახით.)

* * *
რატომ უჩნდება დიდების მწვერვალზე მყოფ მწერალს სურვილი, მოკიდოს ხელი ზოოლოგიურ თემას, რომელიც ვერც ელიტარულ მკითხველთა აღფრთოვანებულ ღრიანცელს შემატებს და ვერც მნიშვნელოვნად გაუზრდის თაყვანისმცემელთა მასას? რა სულიერი მოთხოვნილებიდან არის ამოზრდილი "ფუტკრების ცხოვრება" ან "პატრონი და ძაღლი"?
თომას მანის თქმით, "აპოლიტიკოსის ჩანაწერებზე" მუშაობისას აბსტრაქციის სფეროში ხანგრძლივმა გადასახლებამ მას გაუჩინა დაუძლეველი მისწრაფება წარუვალის, ურღვევის, ზეისტორიულის, წმიდათა წმიდასადმი, რაც გადმოიღვარა იდილიად ბუნებასა და ძაღლზე. არადა, ერთი შეხედვით, ამის საპირისპიროდ უნდა ყოფილიყო საქმე და სწორედ უზოგადესი საკითხებისადმი მიძღვნილ "ჩანაწერებს" უნდა დაეკმაყოფილებინა აპოლიტიკოსი ავტორისთვის ზეისტორიულისა და მარადიულის წყურვილი; ხოლო, მეორე მხრივ, თითქოს, რა შეიძლება იყოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპებზე და საკრალურზე მოფიქრალი კაცისთვის უფრო შემთხვევითი, უმნიშვნელო, მსწრაფლცვალებადი და წარმავალი, ვიდრე რომელიმე ერთი ცხოველის, თუნდაც მისი საყვარელი ძაღლის, ქცევა და ცხოვრებაა?
"ფუტკრების ცხოვრებაზე" მუშაობა რომ დაიწყო, მ. მეტერლინკი საკუთარი ცხოვრების მეოთხე ათწლეულს ასრულებდა. მას უკვე შექმნილი ჰქონდა ლექსები, რომლებმაც დიდი პოეტის სახელი დაუმკვიდრა; ესეები, რომელთა უცნაურ სტილურ სინატიფეს ძნელია ანალოგი მოეძებნოს მსოფლიო ლიტერატურაში (იქნებ, უაილდის საუკეთესო ფურცლების გარდა); დრამები, რომლებმაც მსოფლიო სახელი მოუხვეჭა (საგულისხმოა, რომ ამ ავტორს XX საუკუნის დასაწყისის საქართველოშიც იცნობდნენ და აფასებდნენ - "სცენის მეფედ" მოიხსენიებდნენ და მისი პიესები იმდროინდელ საშინლად არქაულ ქართულ თეატრშიც იდგმებოდა). მორის მეტერლინკი ლიტერატურული დიდების მწვერვალზე და შემოქმედებითი ძალების ზესავსეობის ხანაში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, წიგნს საფუძველი დაუდო უძლიერესმა იმპულსმა - ოცწლიანმა (ცალმხრივმა?) მიჯნურობამ ფუტკრებისადმი, თაფლისმკეთებელი ამ მარადი ქალწულებისადმი.
დიახ, მეტერლინკს მაშინ უკვე მეფუტკრის ოცწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ამ ხნის მანძილზე მან მოასწრო ამომწურავად შეესწავლა ფუტკრების შესახებ არსებული მთელი ბიოლოგიური ლიტერატურა და პარიზში თავის კაბინეტში მინისკედლებიანი სკაც კი დადგა, რათა მათ იდუმალებით მოცულ სამყაროს განუწყვეტლივ დაკვირვებოდა. მას დაუგროვდა ჩანაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წიგნის შექმნისას არც კი გამოიყენა, მათი სპეციფიკურ-სამეფუტკრეო ხასიათის გამო. იგი ატარებდა ექსპერიმენტებს, რომლებსაც, მართალია, დაკვირვების არასაკმარისად ზუსტი მეთოდები ხელს უშლის წმინდა სამეცნიერო მნიშვნელობამდე "ამაღლდნენ"; მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ცდილობ საყვარელი არსების ყველა თვისება თუ შტრიხი შეიცნო და შეიტკბო, ალბათ, მაინცდამაინც არ გაღელვებს "მეცნიერული ღირებულება" აქვს თუ არა შენს ცოდნას...
"ფუტკრების ცხოვრება" შვა დიდმა ცოდნამ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი მაინც დიდმა სიყვარულმა შეასრულა... და არა მხოლოდ ზაფხულისა და სიცოცხლის ამ ბიოლოგიურ-ფილოსოფიური ოდის შექმნაში, არამედ მ. მეტერლინკის დიდი სულიერი მემკვიდრის, კარლ ფრიშის ცხოვრებაშიც - მხოლოდ თავგანწირულ სიყვარულს შეეძლო მიეცა ძალა XX საუკუნის ამ უთვალსაჩინოესი ბიოლოგისთვის, რათა მთელი თავისი განსაცვიფრებლად ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში უკიდურესი მეცნიერული პედანტურობითა და შესაშური ფანტაზიით, მოეხსნა ფუტკრებთან დაკავშირებული არსებული თითქმის ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელთა იდუმალების წინაშე მ. მეტერლინკის თავისი არსით საკრალურმა განცვიფრებამ და მოწიწებამ შვა "ფუტკრების ცხოვრების" საუკეთესო მონაკვეთები, მაგალითად, ერთგან მისტიკურ უზენაეს მიზანს დაქვემდებარებული ფუტკრების "ნეტარი" არსებობის შურით შემყურე ავტორი სვამს მარადიულ კითხვას - მსგავსად ამისა, შესაძლებელია თუ არა, ოდესმე მაინც, მთელი ადამიანური ცხოვრებაც აღარ იყოს მარტოოდენ "საწყაული აღუვსებელი" და გაქრეს ის საშინელი ძრწოლა სიკვდილის წინაშე, სულ ახალი და ახალი ძალით განმეორებად წყევლად რომ ექცა კაცთა მოდგმას: "ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ არაფერი გვაკმაყოფილებს, ვერაფერს ვხედავთ ისეთს, მიზანს თავისთავშივე რომ ატარებდეს... წავალთ კი ოდესმე იმ დათმობაზე, რომ თუნდ რამდენიმე საათის მანძილზე წარმოვადგენდეთ მატერიის აქტივობის საინტერესო ფორმას, რათა მალევე, დანანების თუ გაკვირვების გარეშე მოვიპოვოთ მისი კიდევ ერთი ფორმა: უცნობი, გაუცნობიერებელი, მძინარე, მარადიული".

* * *
ახლა თარგმანის შესახებ.
ასეთი წიგნის რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელი თარგმანის არსებობა მშობლიურ ენაზე ბედნიერებაა ნებისმიერი კულტურისთვის; მაგრამ რამდენად გამართლებულია, სუსტი იმედი მაინც გვქონდეს, რომ თარგმანი მთლიანად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება? როგორც აღვნიშნე, "ფუტკრების ცხოვრების" აზრობრივ-სახეობრივი წყობა მაღალი პოეზიის კანონებს ემორჩილება, ხოლო პოეზიის ადეკვატური აჟღერება სხვა ენაზე, ყველამ იცის, ურთულესი საქმეა. თვალსაჩინოებისთვის ვიტყვი: სიტყვიერი ქსოვილის გამჭვირვალების ის ხარისხი, რომელსაც ტექსტის ბუნება მოითხოვს, ქართულ პროზაში საერთოდ არ მეგულება, ხოლო პოეზიიდან შემიძლია დავასახელო აკაკი და გვიანი გალაკტიონი.
დავით აკრიანს სიყვარულით უმუშავია. ყოველ გვერდზე აშკარად ჩანს, რა მონდომებით ცდილობს იგი მ. მეტერლინკის სახოვანებას მიუსადაგოს ქართული ფრაზის ფერადოვნება და ბგერწერული კეთილხმოვანება. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე ისეთ თარგმანსაც ვეღირსებით, სადაც ასეთი მონდომებული მცდელობის კვალს საერთოდ ვეღარ შევნიშნავთ და სადაც ენობრივი ქსოვილი დაემსგავსება თვით სინათლეს - უფორმო და უფერო სუბსტანციას, სამყაროს ყოველ საგანს, ფორმას, ფერს და... სიცოცხლეს რომ აძლევს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება საოცრება, რომლითაც გენიალური ნაწარმოები გვაბედნიერებს ხოლმე: კითხვის დროს ავტორის მიერ დახატული პეიზაჟების წარმოდგენას კი აღარ ვეცდებით, არამედ წიგნი საერთოდ გაქრება და ჩვენ უშუალოდ დავინახავთ ზელანდიის მწვანედ მოხასხასე მდელოებზე მობალახე დიდჯიქნიან ძროხებს; სათამაშოებივით ლამაზ, სახურავაწვეტილ ფერად-ფერად სახლებს; თითქოს ზღაპრიდან გადმოსულ ზანზალაკისმაგვარკაბიან ქალებს; და სარკესავით ღრმად ამრეკლავი არხის გვერდით სამზარეულოს კედელთან მიწყობილ ჩალისგან მოწნულ ვარდისფერ, ყვითელ, ლურჯ სკებს...

დაბოლოს, კიდევ ერთი აღსანიშნავი დეტალი - ქართულ თარგმანს აქვს მიძღვნა: "ზურაბ კიკნაძეს - ჩვენი საზოგადოების ფუტკარს".
სასიხარულოა, რომ ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის ამ ყველასგან გამორჩეული, კლასიკური მემკვიდრეობის თაყვანსაცემ უძრაობაშიც კი მარად სიახლისა და სიცოცხლის მაძიებელი მოღვაწისადმი მადლიერება და პატივისცემა ასეთი უჩვეულო ფორმითაც დადასტურდა.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: