მალხაზ ხარბედია
სასმელი მათთვის, ვინც უენოდ დარჩა
პასკალ კინიარი. ყოველი დილა ქვეყანაზე. ფრანგულიდან თარგმნა დავით წერედიანმა, რედაქტორი მზია ბაქრაძე. თბ. "სანი", 2002.
წიგნზე რეცენზიის წერა უკვე დაწყებული მქონდა, როცა "გარდიანის" საიტზე შესული სრულიად მოულოდნელად შემდეგი შინაარსის news-ს წავაწყდი: გაზეთის პარიზელი კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ პასკალ კინიარმა ფრანგულენოვანი სამყაროს ყველაზე პრესტიჟული, "გონკურების" ლიტერატურული პრემია მიიღო და სიმბოლური ათი ევროც "ჩაიჯიბა". კინიარი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის მქონე პროზაიკოსია, დახვეწილი სტილისტი და უცნაური მთხრობელი, მწერალი, რომელიც ყოველგვარი იდეოლოგიური "სამკაულებისგან" იცავს თავის კალამს და რომელიც უკანასკნელ ხანს ქართველმა მკითხველმაც შეიყვარა წიგნით "ყოველი დილა ქვეყანაზე".
წიგნის წაკითხვამდე ალენ კორნოს ფილმი მქონდა ნანახი, ჟერარ დეპარდიეთი და ჟან-პიერ მარიელით მთავარ როლებში. პირველი, რამაც მომნუსხა, მუსიკა იყო, ჩემთვის აქამდე უცნობი სენტ-კოლომბისა და მარინ მარეს ვიოლასთვის დაწერილი მუსიკა. მეორე დღესვე შევუდექი ჩანაწერების ძიებას, მაშინ Audiogalaxy-ს სახელი ჯერ კიდევ ჰქუხდა ინტერნეტში, ჰოდა მეც ადვილად, სულ რაღაც საათნახევარში გადმოვწერე ამ ორი მუსიკოსის ყველა ნაწარმოები, რომელიც კი მოიძებნებოდა მსოფლიო აბლაბუდაში. იმავე დღეს დავაზუსტე, რომ სენტ-კოლომბის ხელნაწერი (ფრანგულად ასე ჰქვია თურმე: 67 pieces a deux violes esgales) 1966 წელს აღმოუჩენია ალფრედ კორტოს და იგი 1973 წელს გამოუციათ გერმანელებს. ერთი სიტყვით, გავუტიე, გამიტაცა ვიოლამ და იმასაც მოვკარი ყური, რომ სენტ სენტ-კოლომბს მეშვიდე სიმი მიუმატებია ამ ინსტრუმენტისთვის, თანაც საფრანგეთში პირველი ყოფილა, ვისაც მოვერცხლილ სიმებზე დაუკრავს. სენტ-კოლომბს გასული საუკუნის 60-იან წლებამდე მისივე მოსწავლეების, ჟან რუსოსა და მარინ მარეს რამდენიმე მიძღვნითა და ორიოდე ანეკდოტით იცნობდნენ, მისი ცხოვრებიდან ზოგიერთი ფაქტი ევრარ ტიტონ დუ ტილეს "ფრანგულ პარნასშიც" (1732) ყოფილა დამოწმებული.
პასკალ კინიარმა სენტ-კოლომბის მუსიკა პირველად 1976 წელს აღმოაჩინა, როცა ხორდი სავალის მიერ შესრულებული ჩანაწერები მოისმინა, 1991 წელს უკვე რომანი გამოვიდა და იმავე წელსვე გადაიღეს ფილმი, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხორდი სავალისვე დაკრული მუსიკა აჟღერდა.
აი, ამ მწირი ცნობების ამარა დარჩენილი დავეძებდი 1997 წლის "ინოსტრანკაში" დაბეჭდილი რომანის რუსულ თარგმანს და წელს, სრულიად მოულოდნელად "ყოველი დილა ქვეყანაზე" ქართულადაც გამოიცა.
დავით წერედიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებულმა წიგნმა არათუ ზემოთჩამოთვლილი ფაქტები დამავიწყა (რომელიც ამ დღეებში რის ვაი ვაგლახით აღვადგინე), არამედ თავად ფილმსაც გადაუსვა ხაზი. ნამდვილი ლიტერატურა ხომ ყოველთვის აქარწყლებს ე.წ. "რეალობის ეფექტს" და ერთი შეხედვით (უფრო სწორად ერთი წაკითხვით, ან ერთი ამოსუნთქვით) სინამდვილის ყველა ნიშანს ართმევს ოდესღაც რეალურად გამძვინვარებულ თუ ცრემლდანთხეულ მოკვდავ-პროტოტიპებს. ნამდვილი ლიტერატურა ამ მოკვდავებს "დიდ დროში" ათავსებს და იქ უკვე ფაქტები და რეალიები ძალას კარგავენ.
არადა ამ რომანში თითქოს საკმაოდაა რეალობის ეფექტის გამომწვევი დეტალები. უპირველეს ყოვლისა ეს წიგნის ყდის დამამშვენებელ ნახატზე ითქმის (ლიუბენ ბოჟენის "ნატურმორტი გოფრეტებით"), იგი ზედმიწევნით ზუსტადაა ნაწარმოებში აღწერილი და მაინც, ეს სიზუსტე მალევე კარგავს აზრს, რადგან ერთ-ერთი პერსონაჟი (სენტ-კოლომბი) თვალებს ხუჭავს, მხოლოდ "ყურს უგდებს ხატვას" და მეორეს ეუბნება (მარინ მარეს): "უსმინეთ, რა ხმას გამოსცემს ბატონი ბოჟენის ფუნჯი....ასე ისწავლება ხემის ტექნიკა"-ო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ნახატიც ისეთივე მოუხელთებელი რჩება, როგორც მაშინდელი მუსიკა და ნათელი ხდება, ავტორს სინამდვილე როდი იტაცებს, არამედ ის, რასაც თვალით გაიგონებ და ყურით დაინახავ. მთელი რომანიც სწორედ ამ ხილულ ხმოვანებაზეა აგებული და ყველაზე ცხადად მასში უხილავი და იდუმალი მოჩანს (თუ მოისმის).
წიგნში მოთხრობილი სევდიანი ისტორიის ფონზე განუწყვეტლივ რაღაც ხმიანობს, ავტორს არც ერთი ხმოვანი დეტალი არ ეპარება და ეს ე.წ. აუდიო-ეფექტები გარკვეულ საზრისადაც კი ყალიბდება. მეუღლის გარდაცვალებიდან ხუთი წლის მერეც, სენტ-კოლომბს მუდამ ყურში ჩაესმის ქალის ჩურჩული, დაკვრისას კი ცდილობს ზუსტად გაიმეოროს ადამიანური ხმის ყველა "მიმოხრა": "ყმაწვილი ქალის ოხვრიდან ბერიკაცის ქვითინამდე, მეფე ანრი ნავარელის საბრძოლო დაძახილიდან ბავშვის უნაზეს ფშვინვამდე, ოდნავ რომ მოთრთის და მოისახება, ნეტარების სუნთქვაარეული ხრიალიდან ხმაგარინდებამდე, სულ ორიოდე აკორდით, ორიოდე მიმოსმით, ლამის მუნჯ გარინდებამდე ლოცვაში წასული კაცისა." აქვე გაიგონებთ ხოჭოებისა და ღრაჭების სკდომის ხმას, სენ-ჟერმენ-ლ`ოქსერუას ზარების რისხვას, ცხელი შარდის ხმას, თოვლს რომ ხვრეტს და კრისტალთა დნობის ხმაში თანაზომიერად რომ ირევა (ამას პერსონაჟები ქრომატიულ დაღმასვლას უწოდებენ), ისმის კართა ხათქა-ხუთქიც.
რომანში რამდენიმე ამბავი გადაიკვეთება და ერწყმის ერთმანეთს. ერთი მხრივ ესაა მეუღლის გარდაცვალებით მწარედ შეძრული სენტ-კოლომბის ისტორია, საწუხარის გამო კიდევ უფრო მელანქოლიური რომ გახადა თავისი ინსტრუმენტის ჟღერადობა. ნაწარმოებში მთელ მის ცხოვრებას ერთი თარიღი განსაზღვრავს, 1650 წლის გაზაფხული, როცა მისი მეუღლე გარდაიცვალა. ამ დროიდან მოყოლებული იგი დღეში თხუთმეტ-თხუთმეტ საათს ვარჯიშობდა ვიოლაზე და ამის გამო შეუდარებელ მევიოლედ იქცა. ამ დროიდანვე მოყოლებული შეიჯავრა მან პარიზი, "ქვაფენილებზე საბოების პაკაპუკი, დეზების ჟღარუნი, ეტლების ღერძთა ჭრიალი, ფურგონების რკინათა რახრახი" და ფიცრულში განმარტოვდა, თავის მუსიკასა და მეუღლის სახეალეწილი აჩრდილის დაბალ ხმას უსმენდა, გოფრეტებით უმასპინძლდებოდა აჩრდილს.... მეორე მხრივ კი რომანში მოთხრობილია ყმაწვილი მარინ მარეს ამბავი, ვინც ექვსი წლისა ხმის გამო გაუწვევიათ მეფის უწყებაში, შემდეგ საეკლესიო გუნდშიც გაუმწესებიათ, მაგრამ ხმა გაებზარა თუ არა, გაუძევებიათ. ეს მოვლენა მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო, სენტ-კოლომბივით მასაც ჰქონდა თავისი ზღურბლი, 1672 წლის 22 სექტემბერი, როცა "თავი ისე მარტო იგრძნო, როგორც აყმუვლებულმა ნადირმა, როგორც გასიებულმა და დაფანჩულმა ასომ, ლაჯებშუა დაკიდებულმა" და გადაწყვიტა შური ეძია საკუთარ ხმაზე და ვიოლაზე დაკვრის ხელოვნების დასაუფლებლად სენტ-კოლომბთან მივიდა: "როგორღაც ასე ხდება ხოლმე, ყმაწვილი, რომელიც პირის გაღებასაც ვერ ბედავს, მაინცა და მაინც სულ უენო კაცს უნდა გადააწყდეს".
ანუ რომანში მოწაფე-მასწავლებლის კლასიკური წყვილი ჩნდება, მოდელი, რომელიც პლატონის "გამოქვაბულის ანალოგიიდან" მოყოლებული მართავს კულტურას და რომელიც კინიართანაც რისხვითა და ეროტიზმით ივსება. თუკი თანატოსს სენტ-კოლომბი განასახიერებს (მისი ყველა ნაწარმოები სიკვდილის თემაზეა შექმნილი: "მოთქმანი", "ჯოჯოხეთნი", "ენეასის აჩრდილი", "ქარონის ნავი"), ეროსი მის ქალიშვილებს, მადლენსა და ტუანეტს უკავშირდებათ. თავდაპირველად მადლენი, უფროსი და შეუყვარდება მარეს, მოწაფეს (მადლენი მალე "გაილევა", თავს ჩამოიხრჩობს), და როცა მის ხელს თხოვს გოგონას მამას, აღმოჩნდება, რომ ისიც, სენტ-კოლომბიც შეყვარებულის ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ყველაფერი მისთვის ხელოვნებას აღემატება, "მეტია, ვიდრე თითები, მეტია, ვიდრე ყურები, მეტია, ვიდრე წარმოსახვა". სწორედ ამ დროს წამოსცდება სენტ-კოლომბს რომანის ალბათ ცენტრალური ფრაზა: "ბატონო ჩემო, თქვენ ხილული მეფის სმენას ეალერსებით. მე არ შემიძლია სმენას ვეალერსო. ჩემი ხელი უხილავის გამოხმობას ცდილობს" და აქედან მოყოლებული მოწაფე და მასწავლებელი იმ დასკვნითი დიალოგისკენ მიისწრაფიან, სადაც მუსიკა უკვე აპოფატიკურად ხასიათდება, ყველა მისი ატრიბუტისა და აღნიშვნის უარყოფით.
სიტყვა "ხასიათდება" ძალზე პირობითად აღნიშნავს ვითარებას, რომლითაც ნაწარმოები სრულდება. ეს დიალოგი ერთგვარი სქოლასტიკური თამაშით იწყება (აბელარისა და პიპინუსის ყაიდაზე), პოეზიით მთავრდება და სწორედ ამ ბოლო ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ვაცნობიერებთ ამ რომანის თარგმნასთან დაკავშირებულ სირთულესა და მთარგნელის, დავით წერედიანის დამსახურებასა თუ გამბედაობას, რომელმაც ჩვენი ენისთვის აბსოლუტურად უცხო სიტყვიერი რეალობა გადმოაქართულა (ალბათ იგივე შეიძლება ითქვას ვიიონის წერედიანისეულ თარგმანზეც):
"ძნელია ეს ხელობა, ჩემო ბატონო. მუსიკა მხოლოდ იმის გამოსათქმელად არსებობს, რაც ენით უთქმელია. ამ მხრივ მთლად ადამიანურსაც ვერ უწოდებ. მიხვდით ბოლოსა და ბოლოს, რომ იგი მეფისთვის არ ყოფილა?
- მივხვდი, ღმერთისთვის ყოფილა.
- ცუდად მიმხვდარხართ, ჩემო ბატონო, რადგან ღმერთი მეტყველებს.
- მაშ რისთვის არის, ყურისთვის?
- ის, რაც ვერ გამოგითქვამს, შეუძლებელია ყურისთვის იყოს.
- ოქრო?
- არა, ოქრო ყურამდეც ვერ აღწევს.
- სახელი?
- არა. სახელი, ეგ მხოლოდ ხშირ-ხშირი ხსენებაა კაცისა.
- დუმილი?
- არა. დუმილი გაწყვეტილი ლაპარაკია.
- მეტოქე მუსიკოსები?
- არა.
- სიყვარული?
- არა.
- სიყვარულის გამო სინანული?
- არა.
- განშორება?
- არადა არა.
- გამოდის გოფრეტებისთვის ყოფილა, რომელსაც უხილავს ვაწვდით.
- არც ეგ. რა არის გოფრეტი? ხედავ, გემოს უსინჯავ, ჭამ. იგი არაფრისაგან არაფერია.
- მეტი აღარ ვიცი, ჩემო ბატონო. მე ისა მწამს, რომ მიცვალებულებს ჭიქა უნდა დაუდგა...
- თქვენც ცეცხლი გდებიათ.
- მცირე რამ სასმელი მიაწოდო იმათ, ვინც უენოდ დარჩა. ბავშვების აჩრდილებს, სახარაზო ჩაქუჩების დაგადუგს, იმას, რაც ბავშვობას წინ უსწრებდა, როცა სუნთქვა გიჭირდა, როცა სინათლეს ვერ ხედავდი."
ამის შემდეგ ისინი დუეტში დასაკრავად წავიდნენ, მოწნული ბოცურით, ჭიქებითა და გოფრეტებიანი თეფშით. სენტ-კოლომბი მთელი ღამე საბრალო მადლენის ვიოლაზე უკრავდა თურმე, ალბათ თავისი, განსხავავებული ხერხით ეჭირა შვილის ვიოლაც, მუხლებშუა და წვივზე მიუყრდნობლად.
© “წიგნები – 24 საათი”

No comments:
Post a Comment