Wednesday, October 21, 2009

ახალი წიგნები – 2008 – სექტემბერი

ოვიდიუსი, “ჰეროიდები”. მთარგნელი იამზე გაგუა, რედაქტორი მ. ღარიბაშვილი. თბ. “ლოგოსი” 2008.

პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი იმ რომაელ პოეტთა რიგს ეკუთვნის, რომელთაც ახალგაზრდობაშივე მოიპოვეს აღიარება. მისი ელეგიები, სატრფიალო ლექსები და პოემები გვიანდელ ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებშიც დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს სასიყვარულო თემატიკაზე შექმნილ კრებულს - “ჰეროიდები”, რომელიც მითოლოგიური გმირი ქალების წერილებს წარმოადგენს თავიანთი ქმრების ან სატრფოების მიმართ. წიგნს თან ერთვის მთარგმნელის წინასიტყვაობა, კომენტარები და საკუთარ სახელთა ანბანური საძიებელი.

გიუნტერ გრასი, “ჩემი საუკუნე”. მთარგმნელი ლაშა დადიანი. თბ. “ინტელექტი” 2008.

როგორ შეიძლება ორ ყდას შორის მოაქციო ასწლეული, ლიტერატურული ნაწარმოების ფორმაში გააცხადო მთელი საუკუნე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე წლებს და წლებთან ერთად შეცვალო ადამიანები, გარემო, პერსონაჟები, მკითხველები - ამის ნათელი მაგალითი გაუნტერ გრასის “ჩემი საუკუნეა”, სადაც მწერალი 1900-დან 2000 წლამდე გერმანიისა და გერმანული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ცხოვრებას აღგვიწერს. ნაწარმოები 1992 წელსაა დაწერილი, სწორედ 1992-ში მიიღო გრასმა ნობელის პრემია. მის კალამს ეკუთვნის ასევე რომანები “ადგილობრივი ანესთეზია”, “დედალი ვირთაგვა”, “შორეული ველი” და ა.შ.

ჰიროტაკე მაედა, “ქართველი სეფიანთა ირანში”. მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი, რედაქტორი როინ მეტრეველი. თბ. “არტანუჯი” 2008.

XVI-XVIII საუკუნეები საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდია ისტორიკოსებისათვის. სწორედ ამ ეპოქის გარშემო კიდევ ერთ საყურადღებო კვლევას შეგვიძლია გავეცნოთ, რომელიც სეფიანთა ირანში ქართველების დინასტიასა და მათს წარმომავლობას ეხება. წიგნის ავტორი, ჰიროტაკე მაედა, ახალგაზრდა იაპონელი მკვლევარია, რომელიც 1995 წლიდან დაინტერესდა ქართული კულტურითა და მეცნიერებით და საკმაოდ საინტერესო მასალებიც შესძინა ქართველოლოგიას. წიგნს თვალსაჩინოებისათვის თან ერთვის გენეოლოგიური სქემები, რომლებიც მკითხველს ნაშრომის უკეთ აღქმაში დაეხმარება.

ჟან-კლოდ მურლევა, “პირაღმა მდინარე”. მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. თბ. “აგორა” 2007.

ტომეკი პატარა ფრანგი ბიჭია. მას სოფლის განაპირას თავისი ჯიხური აქვს და სხვადასხვა ნივთებს, სურსათს ჰყიდის. ისევე, როგორც ყველა პატარა ბიჭი, ტომეკიც მეოცნებეა, და მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი იცვლება. თუმცა, ერთ დღესაც ჯიხურის კარი ღია დარჩება და იგი უცნაური სტუმრების მასპინძელიც აღმოჩნდება. “პირაღმა მდინარე” ცნობილი ფრანგი საბავშვო მწერლის, ჟან-კლოდ მურლევას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. იგი 16 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია (სილურის, ბერნარ ვერსელის, ესონის, კესტემბერის და ა.შ. პრემიები). ამჯერად კი პატარა ქართველ მკითხველებსაც ეძლევათ საშუალება, გაეცნონ ტომეკის სახალისო თავგადასავალს.

რობერტ მუზილი, “უთვისებო კაცი” ( I ნაწილი). მთარგმნელი მაია ბადრიძე. თბ. “დიოგენე” 2008.

როგორ ხდება, როცა ადამიანებს საკუთარი სახელები, პროფესია, სოციალური მდგომარეობა გააჩნიათ, როცა ხანდახან ამ ყველაფერს იცვლიან და მრავალფეროვნებისკენ მიისწრაფვიან, ცხოვრობენ და ცხოვრებაში თავიანთი სურვილები, ემოციები გააჩნიათ, მაგრამ მაინც უთვისებოები, მკრთალები რჩებიან - მეოცე საუკუნის ვენა, ვენაში - ულრიხი, ულრიხის გარშემო კი ადამიანები, საგნები, მოვლენები, და ეს ყველაფერი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის რომანში - “უთვისებო კაცი”, რომელიც ნამდვილი საჩუქარია ლიტერატურის გურმანებისათვის. ქართველ მკითხველს ჯერ მხოლოდ რომანის პირველ ნაწილს შეუძლია გაეცნოს, გამოსაცემად მზადდება მეორე ნაწილიც.

“ქართული ენა”, ენციკლოპედია. შემდგენელი იზაბელა ქობალავა, რედაქტორი გუჩა კვარაცხელია. თბ. “ეროვნული მწერლობა” 2008.

ახალი ენციკლოპედია ქართული ენის შესახებ საუკეთესო საშუალებაა ამ სფეროში სისტემური ცოდნის მისაღებად. წიგნი ამ ტიპის პირველი გამოცემაა, და მასში სრულად არის წარმოდგენილი მასალები ქართული და სხვა ქართველური ენების ფონეტიკური, გრამატიკული, ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის, დიალექტების შესახებ. ენციკლოპედიაში შესულია ასევე ცნობები, რომლებიც კავკასიურ ენებსა და საქართველოსთან კავშირში მყოფ კულტურათა წარმომადგენლებს ეხებათ. წიგნი დააინტერესებს როგორც უშუალოდ ამ სფეროსთან კავშირში მყოფ პირებს, ასევე მკითხველთა ფართო აუდიტორიასაც.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: