Wednesday, October 21, 2009

წიგნები - ასაკობრივი მოვლენა

შავი ზღვის აუზის წიგნის ფესტივალი “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში

კოკა ჯიქია


წელიწადის სხვადასხვა დროს საგამომცემლო საქმიანობის სიახლეებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ადგილი ყოველთვის უჭირავს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნისა და ქალაქის წიგნის ბაზრობებს; საინტერესო სტატისტიკური მონაცემებით, სიახლეებით, სტუმრებით, მთელი რიგი ახალი გამოცემებით თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით წიგნის ბაზრობები მსოფლიო მნიშვნელობას იძენს (მიუხედავად მათი ოფიციალური სახელწოდებისა - იქნება ეს საერთაშორისო ბაზრობა თუ არა). ამ მხრივ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელიც უკვე მეათედ გაიმართა და ამჯერად ლოკალური ფესტივალიდან რეგიონალურ მოვლენად გადაიქცა - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა და მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის გადაწყვეტილების შედეგად თბილისის წიგნის ბაზრობამ შავი ზღვის აუზის წიგნის ფესტივალის წოდება შეიძინა, რამაც, რა თქმა უნდა, ერთიორად გაზარდა მისი მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივებიც დაისახა. პერსპექტივებზე ცოტა მოგვიანებით ვთქვათ, მანამდე კი საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” ჩავლილ ცხელი ზაფხულის ოთხ საფესტივლო დღეს, წიგნებს, სტუმრებსა და სხვა მოვლენებს გადავხედოთ.
ისევე როგორც წინა წლებში, წლევანდელი წიგნის ბაზრობაც ერთ დიდ სივრცეში განლაგებულ წიგნის მაღაზიას მოგვაგონებდა, სხვადასხვა გამომცემლობების სტენდებითა და ლოგოებით, ფასდაკლებისა და სააგიტაციო ბარათებით, თუმცა, თუ სხვა დროს წიგნებზე ფასდაკლებების გარდა ახალი გამოცემები და პრეზენტაციები ხდიდა მიმზიდველს “წიგნის მაღაზიის” ამ ფორმატს, ამჯერად მკითხველს მოლოდინი გაუცრუვდა. ერთი-ორი ახალი თარგმანისა და რამდენიმე ავტორის სადებიუტო კრებულის გარდა ახალი წიგნები ვერ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო კატალოგები გრიფით “მალე” სწორედ ფესტივალისთვის გვპირდებოდნენ სიახლეებს ჩვენი წიგნის თაროებისთვის. თუმცა, თუ თქვენი სახლის ბინადარ პატარა მკითხველებს უკვე აქვთ წიგნის თაროები, მათი განახლებისთვის თავისუფლად შეიძლებოდა ზრუნვა წიგნის ბაზრობაზე - საბავშვო წიგნები, როგორც საგამომცემლო კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროდუქტი, წელსაც მნიშვნელოვან წილს იკავებდა სხვადასხვა გამომცემლობების სტენდებზე. ფესტივალის შავი ზღვის აუზის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით თავიანთი სტენდები ჰქონდათ წარმოდგენილი მეზობელ ქვეყნებსაც (სომხეთი, Aზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა...).
ფესტივალის სტუმრებს მოლოდინი გაგვიცრუვდა სემინარებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც წიგნის ბაზრობებზე, როგორც წესი, მოწვეული მწერლები ან საგამომცემლო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები მართავენ ხოლმე და აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ (მაგ. შარშან ამ როლში ფრანგი მწერალი, კლოდ დელარუ, წარმოგვიდგა). თუმცა, საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის წლევანდელი ბაზრობაც მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გახსნის დღეს სიტყვით გამოვიდა მსოფლიო საგამომცემლო ასოციაციის პრეზიდენტი ანა-მარია კაბანელასი, რომელმაც დადებითად შეაფასა თბილისის წიგნის ფესტივალის მნიშვნელობის ზრდა და ასევე გვაუწყა, რომ წელს საქართველო საერთაშორისო საგამომცემლო ასოციაცის წევრი გახდება. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კავშირების გაფართოებას - რაც არსებით მნიშვნელობას ატარებს საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში და საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებს.
წლევანდელი წიგნის ბაზრობა ქალაქის მმართველობამაც დააფასა - ფესტივალი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გახსნა, წიგნებისა და ბიბლიოთეკების კეთილთვისებიანობაზე გვესაუბრა და მწუხარებითაც დასძინა, ახალგაზრდებმა უნდა იკითხონ წიგნები, თორემ მე კარგა ხანია აღარაფერი წამიკითხავსო (თუ ჩვენი ქალაქის მერის ასაკს გავითვალისწინებთ, აქედან ნიშანდობლივია ალბათ საბავშვო ლიტერატურის პოპულარობაც).
ფესტივალის ბოლო დღეები შედარებით გაახალისა ჟურნალ “კოსმოპოლიტენისა” და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის “15 საუკეთესო მოთხრობის” დაჯილდოების ცერემონიებმა. “კოსმოპოლიტენმა” ჟურნალის გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო საკითხავი წიგნები გამოავლინა (კატარინა მასეტი “ტიპი მეზობელი საფლავიდან”, მილან კუნდერა “სალაღობო ტრფობანი”, თამარ ბართაია “პეიზაჟს აკლია სითბო”). “15 საუკეთესო მოთხრობის” საზეიმო დაჯილდოებას კი უკვე მთელი ორი თვით ადრე ელოდა მკითხველი - 2006-2007 წლების საუკეთესო პროზაული ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გაიმართა. ფესტივალის დახურვის დღეს კი გამომცემლობამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ავტორებთან ერთად წლის სამი საუკეთესო მოთხრობა გამოავლინა და გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადასაცა (I ადგილი - დათო ქართველიშვილი; II ადგილი - გურამ მეგრელიშვილი, III ადგილი - ზაზა ბურჭულაძე).
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალს არც წელს აკლდა წიგნების მყიდველ-დამთვალიერებლები, საერთო ერთფეროვნება მაინც თვალშისაცემი იყო. თუ ადრე წიგნების გაყიდვაზე ორიენტირება წიგნის მაღაზიების ნაკლებობის გამო ამართლებდა, დროთა განმავლობაში უკვე ეს ორიენტირი არააქტუალური გახდა. მართალია, მკითხველთა დიდი წილისათვის წიგნის მაღაზიაში შესვლა გულმავიწყობისა და სიზარმაცის ერთ-ერთი მუდმივი გამოხატულებაა ხოლმე, და რატომღაც წიგნის ბაზრობაზე შესაბამისი ნივთების კოლექტიური შესყიდვა უფრო მისაღებ და სახალისო ფორმად მიაჩნიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ფაქტორი ვერც გაყიდული წიგნების სტატისტიკის ზრდაზე ახდენს არსებით გავლენას და მით უმეტეს, ვერც წიგნს ბაზრობის ფორმატს ხდის საინტერესოს. ამ მხრივ შეგვიძლია მოვიყვანოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მაგალითი, სადაც წიგნები მხოლოდ საგამოფენო ექსპონატებია და მათი გაყიდვა არ არის ნებადართული (გამონაკლისი შემთხვევა დაუშვეს წელს, როცა ბაზრობის მხოლოდ ბოლო დღეს იყო შესაძლებელი წიგნების ყიდვა). სავარაუდოდ, ფესტივალის საორგანიზაციო მხარე სამომავლოდ გაითვალისწინებს, რომ ბაზრობის დღეები ყიდვა-გაყიდვის მარათონის გარდა უფრო მეტად მიუახლოვდეს კულტურულ-შემეცნებითი, ან თუნდაც საზეიმო-გასართობი დანიშნულების ღონისძიებების ადგილს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელშეწყობა გამომცემლობების მხრიდანაც - სწორედ ტექნიკური შეფერხებების გამო გადაიდო რამდენიმე წიგნის დაგეგმილი პრეზენტაცია. თავისთავად თბილისის ბაზრობის მასშტაბებსა და მნიშვნელობას გაზრდის მისი სტატუსის შეცვლაც - შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალზე წელს თუ მხოლოდ ამ ქვეყნების სტენდები იყო წარმოდგენილი, სამომავლოდ სტუმრების რიცხვიც გაიზრდება - რაც თავისთავად ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე ფაქტორზე მეტყველებს საქართველოს მიღება საერთაშორისო საგამომცემლო ასოციაციის წევრადაც. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასოციაციის წევრები არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, ჩინეთი და ა.შ., მაშინ ცხადი გახდება, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნების ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება ქართული საგამომცემლო საქმიანობის მიმართ. გამოცდილებების გაზიარება, კონტაქტების გაღრმავება და კულტურათა შორის დიალოგი სასიკეთო ცვლილებებისკენ წაიყვანს ქართულ საგამომცემლო საქმეს. თუმცა, მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ასოციაციების იმედზე ყოფნა ბევრს ვერაფერს მოგვიტანს - აუცილებელია ხელშეწყობა ადგილობრივი მმართველობის მხრდანაც. მაგრამ, სამწუხაროდ, წელს მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორად მოგვევლინა კულტურის სამინისტრო - თარგმანების დაფინანსების პირობა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არადა გამომცემლობებმა სწორედ შეპირებული ფინანსური გრანტის იმედზე შეაჩერეს რამდენიმე ახალი თარგმანის გამოცემა.
მართალია, ქვეყნის მმართველობის სათავეში მყოფი პირები წიგნებს აღარ კითხულობენ და ამას საჯაროდ აღიარებენ კიდეც, მაგრამ ხანდახან ალბათ ის ახალგაზრდებიც ავიწყდებათ, რომელთა საქმეც, მათივე თქმით, წიგნების კითხვაა. “ახალგაზრდობის” ქვედა-ზედა ზღვარის დადგენამდე აღარ დავწვრილმანდებით, უბრალოდ, მომავალი წლის წიგნის ბაზრობას დაველოდებით და კიდევ რამდენიმე ცხელ დღეს გავატარებთ “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში - იმის იმედით, რომ წიგნებს შორის ოთხდღიანი ფუსფუსი მოსაწყენი აღარ იქნება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: