Wednesday, October 21, 2009

"პინგვინი" – რბილი ყდების რევოლუცია


რბილი ყდების რევოლუცია


კარგი წიგნები იაფად


თამარ ბაბუაძე


ინგლისური "მარტოობის ასი წელიწადის" დანახვა ჩემი წიგნის თაროზე სამი მიზეზის გამო მსიამოვნებს ხოლმე. პირველი იმიტომ, რომ მარკესია და რაღაცეებს მაგონებს. მეორე იმიტომ, რომ წიგნის უ-ულამაზესი მწვანე ფერის გარეკანი მჭრის თვალს. და მესამე იმიტომ, რომ ამ მწვანე ყდაზე, კიდეში უ-უსაყვარლესი პინგვინი ხატია, რომელიც ქვეცნობიერი პატივისცემით განმაწყობს გამომცემლობისადმი, რომელსაც ასეც ჰქვია – "პინგვინი".
როდესაც გამოცემას ლოგოს მიხედვით აფასებ (რაც არ უნდა უ-უსაყვარლესი იყოს ის), ე.ი. ან ძალიან ინფანტილური ხარ, ან კოლექციონერი სნობების იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც წიგნებს მხოლოდ ფერისა და დიზაინის ხათრით ყიდულობენ. მაგრამ მე შეგნებულად არ ვიკითხავ, თუ რომელი შეფასება განმარტავს უკეთ ჩემს მდგომარეობას, რადგან ვიცი – "პინგვინს" დამსახურებულად ვცემ პატივს. ეს გახლავთ დიდი ტრადიციების მქონე ინგლისური კომპანია, რომელსაც თანამედროვე გამომცემლები ბევრ რამეს უნდა უმადლოდნენ; ის შედის მსოფლიოში უდიდესი სამი ინგლისურენოვანი გამომცემლობის ნუსხაში; აქვს ფილიალები ავსტრალიაში, ამერიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში... სტამბავს ყველაფერს ყველასთვის. ანუ გამოსცემს ჰომეროსსაც და სუპერ-მოდელ კრისტი ტარლინგტონის წინგსაც იოგაზე; არტურ მილერსაც და "მანჩესტერ იუნაიტედელი" დევიდ ბექჰემის მეუღლის ბიოგრაფიასაც; დოსტოევსკისაც და ფეხბურთელ როი კინის მემუარებისაც... ცხადია, "პინგვინის" ეს ფილოსოფია – დააკმაყოფილოს ყველა ჯურის მკითხველი, განსხვავებულ გემოვნებათა კომერციალიზაციაა და სხვა არაფერი. თუმცა, ნუ იქნებით მკაცრები მაინც ძალიან სიმპატიური "პინგვინის" მიმართ. ასე იცის ხოლმე კონკურენტულმა ბიზნეს-გარემომ, რომელთანაც "პინგვინისნაირი" ფირმები ვერაფერს გააწყობენ.
თუმცა, თავადაც რომ ეწვიოთ "პინგვინის" ვებ-გვერდს, მიხვდებით, რომ მას ჩემი ადვოკატობა არაფერში სჭირდება. კომპანიას თავისი პრომოუტერების გარჯაც ეყოფა. ისინი კომპანიის ინტერნეტ-იმიჯსაც დიდი სერიოზულობით ეკიდებიან. საათივით აწყობილმა "პინგვინის" ვირტუალურმა რეზიდენციამაც აღარ იცის, სტუმრებს რით ასიამოვნოს: იქაა ბესტსელერების ცინცხალი სია, დღის ავტორი, ახალი გამოცემები ინტერესის სფეროებისა და ჟანრების მიხედვით. იქვეა სპეციალური რუბრიკა, რომელიც ავტორებთან ინტერვიუებს ბეჭდავს. საიტზე წაიკითხავთ ასეთ შემოთავაზებებსაც: "იყიდეთ ორი კლასიკა, მიიღეთ მესამე საჩუქრად". ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, კომერციულის სუნი ასდის, მაგრამ მგონი, მკითხველი მაინც არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო თუ მაგალითად, იყიდის ერთ პლატონს, ერთ პუშკინს და ერთ ედგარ ალან პოსაც ზედ მიაყოლებს, თანაც მასში ერთი ცენტის გადაუხდელად.
ერთი სიტყვით, გამომცემლობა "პინგვინში" იდეებს მაქსიმალური ფინანსური წარმატების მისაღწევად ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, ალბათ, იტყვით და მართალიც იქნებით, რომ მსგავს მეთოდებს წიგნის ბაზარზე თითქმის ყველა წარმატებული კომპანია იყენებს. დღეს ხომ ახლად დასტამბული წიგნების პირველი თავების წინასწარ გამოქვეყნებითა და სპეც-პრიზების დაწესებით ვერავის გააკვირვებ. მაშ, რით არის "პინგვინი" გამორჩეული, რას უნდა უმადლოდნენ მას თანამედროვე გამომცემლები?
საგამომცემლო საქმის ისტორიკოსების ოფიციალური ტონი რომ შევინარჩუნოთ, პასუხი ასეთი გამოვა: "პინგვინმა", რომლის წიგნებიც პირველად 1935 წელს გამოვიდა, შთამომავლობას რბილყდიანი წიგნებით წარმატებული ბიზნესის პრეცედენტი პირველად შეუქმნა. ანუ რბილი ყდების რევოლუცია მოახდინა. მართალია, ეს საგამომცემლო პრაქტიკა მანამდეც არსებობდა, მაგრამ სწორედ "პინგვინის" ფუძემდებელმა, ინგლისელმა ალენ ლეინმა მოიპოვა პირველი ფინანსური წარმატება მათი საშუალებით – კომპანიის დაარსების პირველივე წელს გამოუშვა ათი რბილყდიანი წიგნი და გაყიდა 3 მილიონი ეგზემპლიარი.
თუმცა, მთავარი ხომ ციფრები არ არის. ლეინის ისტორიული მისია, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ მან, როგორც იქნა, წიგნის მკითხველ ელიტას გაათვითცნობიერებინა, რომ მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი ყდების ზომა-წონით არ იცვლება; რომ თუ ერნესტ ჰემინგუეის მაგარყდიან წიგნში კითხულობ, არაფრით დგახარ იმ ადამიანზე მაღლა, ვინც შენსავით ლონდონის ცენტრში კი არა, გარეუბანში ცხოვრობს, ხოლო ამ "ხარისხიან" ჰემინგუეის რბილყდიან გამოცემაში ეცნობა; შესაბამისად, არც ჰემინგუეის აკლდება ხარისხი, თუ მისი წიგნის გარეკანი "მდაბიურად" და "არააკდემიურად" იღუნება და ხელს იოლად, "უხარისხოსავით" მოჰყვება...
რბილ და მაგარ ყდებს თანაბრად შეჩვეულ საზოგადოებას შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ 1935 წელს, როდესაც ლეინი საგამომცემლო საქმეში რევოლუციას იწყებდა, ყოველივე ზემოთ თქმულის მტკიცება საჭირო გახლდათ. მაშინ მრავალ სერიოზულ გამომცემელსა და აღიარებულ მწერალს სჯეროდა, რომ ლეინის წამოწყება სრულ ფიასკოს განიცდიდა. ასე რომ, ლეინი აშკარად სარისკო გზას დაადგა – ითამაშა წიგნის მოყვარული საშუალო ფენის თავმოყვარეობასა და სურვილებზე (მათ რა დააშავეს, თუ არ აქვთ რვა შილინგი, ე.ი. ჰემინგუეის წაკითხვის ღირსნი არ არიან?) და გაუმართლა კიდეც.
რბილი ყდების იდეა ასე იშვა:
იმ მშვენიერ საღამოს ალენ ლეინი, პატარა გამომცემლობა "ბოდლი ჰედის" დირექტორი, დევონიდან შინ, ლონდონში მიემგზავრებოდა. ფრიად აღტაცებული გახლდათ – შაბათ-კვირა აგატა კრისტისთან ერთად გაატარა და ცუდ გუნებაზე როგორ იქნებოდა. სადგურში საგაზეთო ჯიხურს მოავლო თვალი, მაგრამ ვიქტორიანული რომანების გარდა ვერაფერს მიაგნო. სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად, რომ გამოეცა კარგი ხარისხის თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა მისაწვდომ ფასად, რომლებიც ყველგან გაიყიდებოდა – რკინიგზის სადგურებშიც და უნივერსალურ მაღაზიათა ქსელებშიც.
პირველი "პინგვინები" Woolworth's-ის მაღაზიებში გამოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, დახლზე იდო კოლოფი სიგარეტი და მის გვერდით ამ ჩვენს მიერ რატომღაც ძალიან აჩემებული ჰემინგუეის რბილყდიანი გამოცემაც. თანაც ორივე ერთი ფასი – სულ ექვსი პენსი ღირდა. მალე ქუჩებში გაჩნდა ე.წ. "პინგვინკუბატორიც" – სავაჭრო ავტომატი-მანქანა, ზუსტად ისეთი, თანამედროვე მსოფლიოში ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ დგას: გადააყლაპებ ხურდას, სანაცვლოდ კი "პეპსის" ან "სნიკერსს" დაგიბრუნებს. იგივე პრინციპით, საშუალო ლონდონელები ყიდულობდნენ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაღიზიანდებით და – "მდაბიურად დრეკად", მაგრამ ძველებურად "ხარისხიანი" შინაარსის მქონე ჰემინგუეის.
ალენ ლეინმა კიდევ ერთი ხერხი იხმარა. პირველ ჯერზე რბილყდიან გამოცემებად დაბეჭდა სწორედ ის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც ლონდონელებში, მაგარი ყდების სახით, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
საგამომცემლო საქმის ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ხელმისაწვდომი ფასის გარდა, ლეინის წიგნებმა შესანიშნვად შერჩეული დიზაინის გამოც გაამართლა. გამომცემელმა ცალკეულ ჟანრებს ცალკეული ფერის ყდები შეურჩია და საგამომცემლო ისტორიაში პირველმა გამოიყენა დღეს ასე პოპულარული ხერხი – დიზაინითა და ფორმატით წიგნების ჟანრობრივი კლასიფიცირება.
წარმატებული ნაბიჯი გამოდგა კომპანიის სიმბოლოდ პინგვინის შერჩევაც. დირექტორებმა თავიდანვე მოიფიქრეს, რომ კომპანიისთვის რაიმე ცხოველის სახელი დაერქმიათ. პინგვინის იდეა კი კაბინეტში შეკეტილ მოთათბირე დირექტორებს კარს მიღმა "შემთხვევით" მიყურადებულმა მბეჭდავმა მიაწოდა. "ეს ნამდვილი გენიოსის ჩანაფიქრი იყო. ოფისიდან პირდაპირ ზოოპარკში გავექანე და მთელი დღე პინგვინების ხატვაში გავატარე – მათ ყველა შესაძლებელ პოზაში ვხატავდი", - იხსენებს "პინგვინის" პირველი ლოგოს დიზაინერი ედვარდ იანგი. ასე დასკუპდა ეს უ-უსაყვარლესი არსება მილიონობით წიგნზე და ასე იქცა ის მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მხატვრული ლიტერატურის, თუმცა, ხარისხიანის, სიმბოლოდ.
ბუნებრივია, ალენ ლეინის "პინგვინი" მხოლოდ აგატა კრისტსა და ერნესტ ჰემინგუეიზე არ შეჩერებულა. 1937 წლიდან დაარსდა "პელიკანი" – "პინგვინის" დღეს უკვე მრავალრიცხოვანი და ჟანრების მიხედვით დაყოფილი ფილიალებიდან პირველი. "პელიკანის" სახელით პირველად დაიბეჭდა ახალი წიგნები ისეთ არა-მდაბიურ ჟანრებში, როგორებიცაა ისტორია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა. ლეინმა კარსმომდგარ ომსაც აუწყო ფეხი. მის მიერ პირველად დასტამბულ წიგნებს – "რა სურს ჰიტლერს" ან "ავიაციის სახელმძღვანელო" კითხულობდა ყველა, ამ გამოცემებით ხელმძღვანელობდნენ თავად პილოტებიც კი... 1946 წლიდან ლეინმა კიდევ ერთი ღირსეული საქმე ჩაიდინა. დააფუძნა ფილიალი "პინგვინის კლასიკა" და ის ჰომეროსის "ოდისეით" გახსნა. დღეს ეს განყოფილება ბეჭდავს ყველაფერს, რაც ნამდვილ კლასიკად არის აღიარებული.
...თითო საგმირო თავგადასავალი ყველა გამომცემლობას აქვს. ზოგი დიდი ავტორების პირველად დასტამბვით იწონებს თავს, ზოგიც კოლორიტული გამომცემლების ყოლით. მსგავსი საგმირო შემთხვევა "პინგვინისთვის" სალმან რუშდის სახელს უკავშირდება. ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა ხომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა რუშდის "სატანური ლექსების" დაწერისთვის, ხოლო "პინგვინს" – მისი დაბეჭდვისთვის. თუმცა, ხომეინის რისხვას ორივე გადაურჩა. დღეს რუშდიც ცოცხალია და "პინგვინიც". მეტიც, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახსენებს მსოფლიოს, რომ ალენ ლეინის გამომცემლობა დღემდე წაუბორძიკებლად დააბიჯებს ყველაზე სახიფათო ბეწვის ხიდზე, რომელიც მაღალ და კომერციულ ხელოვნებას, ხარისხიან და ბულვარულ ლიტერატურას შორის გადის. ეს ის ბეწვის ხიდია, რომელზე გავლაც ყველა სოლიდური გამომცემლობის უპირველესი ვალია.

© “წიგნები – 24 საათი”


No comments: