Thursday, October 22, 2009

ახალი ამბები – 2008 - აგვისტო


სალმან რუშდი - Best of the Booker-ის მფლობელი


ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის რომანმა “შუაღამის ბავშვები” ("Midnight Children") საუკეთესო ბუკერის ("Best of the Booker") სპეციალური პრემია მიიღო. ლაურეატის ვინაობა მკითხველთა ხმების უმრავლესობით გადაწყდა. რუშდიმ ხმათა 36 პროცენტი დააგროვა. საუკეთესო ბუკერის პრემია 1968 წლიდან მოყოლებული პირველად გაიცა და იგი ბუკერის პრემიის დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაარსდა. “შუაღამის ბავშვებმა” 1981 წელს მიიღო ბუკერის პრემია, 1993 წელს კი სპეციალური ჯილდოთი - “ბუკერთა ბუკერით” აღინიშნა. ამჯერად საუკეთესო ბუკერის ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა ლონდონში 10 ივლისს დასახელდა. პრემიაზე სალმან რუშდის გარდა 5 ავტორი იყო ნომინირებული. მათს შორის სამხრეთ აფრიკელი ნადინ გორდიმერი ("The Conservationist", 1974 წ. ”ბუკერი”) იოზეფ მაქსველ კუტზეე ("Disgrace", 1999 წ. ”ბუკერი”), პიტერ კერი ("Oscar and Lucinda", 1988წ. ”ბუკერი”), პეტ ბარკერი (”The Ghost Road”, 1995წ. ”ბუკერი”). დასახელებული ექვსი ნომინანტი ჟიურიმ 40 რომანიდან შეარჩია.


ავტორთა საზოგადოების პრემიები გამოვლინდა


ახალგაზრდა და ასაკოვანი ლიტერატურული ტალანტები ავტორთა საზოგადოებისაგან პრიზებისა და, საერთო ჯამში 70, 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ქვითრების მისაღებად ერთად ჩადგნენ რიგში. გამარჯვებულთა შორის იყვნენ ამომავალი ვარსკვლავი ადამ თირველი, რომელმაც სომერსეტ მოემის სახელობის პრიზი მიიღო “მისს ჰერბერტისათვის”, კოლინ თაბრონი, რომელსაც ეგრეთ წოდებული “მოგზაურობის სტიპენდია” მიენიჭა, და ასევე პოეტი ჯონ ბარნსაიდი, რომელმაც ქოლმონდელის პრემია - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი პოეზიაში - დაიმსახურა. მწერალმა ტრეისი შევალიემ, ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ამ პრიზებთან მისი სახელი ასოცირდება. “პრემიები, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, ხშირად იმ ავტორებზე არის ორიენტირებული – ძირითადად პოეტებსა და ახალგაზრდა ავტორებს ვგულისხმობ – რომლებიც შემდეგ უფრო სერიოზული ლიტერატურული პრიზებისათვის იქნებიან განხილულნი.” მან ასევე განმარტა, რომ საზოგადოების ყოველწლიური 70,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის საპრიზო ფონდი ლიტერატურული პრიზების წრის სამუშაო ნაწილია. “არსებობს უამრავი პრიზი, რომელიც უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე სომერსეტ მოემისა და ქოლმონდელის სახელობის პრემიები”, - განაცხადა მან, - “მაგრამ ხშირად ჩვენი პრიზები უფრო მეტ დახმარებას უწევს ნაკლებად ცნობილ ან ნაკლებად კომერციულ ავტორებს, რომლებსაც შეიძლება უჭირთ თავიანთი ნაწარმოებებით შემოსავლის შოვნა.”


აღმოჩენილია შექსპირის პიესების პირველი კრებული


აღმოაჩინეს უილიამ შექსპირის პიესების პირველი გამოცემა, რომელიც 10 წლის წინ დარემის უნივერსიტეტიდან გაიტაცეს. პიესების კრებული, რომელიც მეცნიერთა კვლევისათვის უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს და სადაც მწერლის 36 პიესაა შესული, შექსპირის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ, 1623 წელს გამოსცეს მსახიობებმა, ჯონ ჰემინგომმა და ჰენრი კონდელომ. ამჯერად კი მის გატაცებაში ბრალდებული კოლექციონერი რეიმონ სკოტია, რომელიც ამტკიცებს, რომ წიგნს კუბაში გადააწყდა და ბრიტანეთის ბატარა ქალაქ ვაშინგტონში, შექსპირის სახელობის ბიბლიოთეკაში, იმის შესამოწმებლად მიიტანა, იყო თუ არა ეს გამოცემა ორიგინალი. ამჯერად სკოტი ბრიტანეთისა და ამერიკის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, პიესების კრებულის ფასი კი, ექსპერტების შეფასებით, 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევს.


ფრანც კაფკას კიდევ ერთი არქივი


ებრაულმა გაზეთმა Haaretz-მა მსოფლიოს აუწყა, რომ მალე ლიტერატურათმცოდნეები ფრანც კაფკას უნიკალურ არქივს იხილავენ, რომელიც 1939 წლიდან თელ-ავივში ინახება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ არქივზეა ლაპარაკი - ახალი მასალები მოიპოვეს თუ უკვე კარგა ხნის წინ გახმაურებული, მაგრამ ჯერ შეუსწავლელი ხელნაწერები დაიბრუნეს. ამ უკანასკნელის არსებობა დიდი ხანია ცნობილია, მათი მფლობელი ებრაელი ქალი ესტერ ჰოფე იყო, რომელიც არ თმობდა მწერლის ხელნაწერებით სავსე ყუთს და კარგა ხანს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა ისრაელის მთავრობას. ესტერი 2008 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც, სავარაუდოდ, იმის იმედს იძლევა, რომ სწორედ იმ არქივზეა ლაპარაკი, რომელიც ჯერ არავის უნახავს და არც ის არავინ იცის, რა მოცულობის მასალები ინახება ამ ყუთში.


გარდაცვლილი მწერლის უკანასკნელი წიგნი


არტურ კლარკის ბოლო წიგნი “უკანასკნელი თეორემა” ("The Last Theorem") მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 4 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში გამოვა, 5 აგვისტოს კი მისი პრეზენტაცია ამერიკაში შედგება. წიგნის თანაავტორი ასევე ცნობილი ფანტასტი ფრედერიკ პოლია. პოლმა პრესას განუცხადა, რომ კლარკმა თვითონ მიმართა მას დახმარებისათვის და სთხოვა, წიგნის დამთავრებაზე მუშაობაში მიეღო მონაწილეობა. “უკანასკნელ თეორემაში” უცხოპლანეტელებისა და დედამიწის ბინადრების ბრძოლაა ასახული, პოლის თქმით, რომანი ალეგორიულად თამილ-ილამასა და შრი-ლანკას შორის განმათავისუფლებელ ბრძოლას ეხმაურება. არტურ კლარკი 2008 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. 90 წლის მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კოლომბოს საავადმყოფოში გაატარა.


ჯონ ირვინგის ახალი პოლიტიკური რომანი


11 სექტემბრის ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ ამერიკელი მწერალი, ჯონ ირვინგი, პირველად ეხმიანება მსოფლიო ტრაგედიის თემას. მწერალი აცხადებს, რომ მისი ახალი რომანი, რომელიც მალე იხილავს დღის შუქს, ყველაზე პოლიტიკური შინაარსის იქნება მის წიგნებს შორის. გარდა ამისა, მკითხველს აფრთხილებს, რომ რომანის გვერდებიდან თვალშისაცემი მოჭარბებული ცინიზმი არამც და არამც არ გამოხატავს მის დამოკიდებულებას 11 სექტემბრის კატასტროფისადმი. გამომდინარე იქიდან, რომ ირვინგი სასტიკი წინააღმდეგია სპეკულაციური და აქტუალური თემების, იგი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ მისი წიგნი სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახვებს მოვლენებს და ეს არ იქნება სტანდარტული რომანი საუკუნის ყველაზე შემზარავი მოვლენის შესახებ. ჯონ ირვინგი 66 წლისაა და იგი დღემდე ოცამდე წიგნის ავტორია.


“შავი კვირეული” ესპანეთში - სამეცნიერო ფანტასტიკის ზეიმი


სამხრეთ ესპანეთის ქალაქ ხიხონში სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანების ყოველწლიური ფესტივალი - “შავი კვირეული” - დაიწყო. ფესტივალის ცერემონია მადრიდიდან ეგრეთ წოდებული “შავი მატარებლის” ჩამოსვლით გაიხსნა, რომელსაც ხიხონში ფანტასტიკის სფეროში მოღვაწე 100-მდე მწერალი და მხატვარი ჩამოჰყვა. ქალაქ ხიხონის დასავლეთ სანაპიროზე დროებითი პავილიონებია გაშლილი, სადაც გაიყიდება წიგნები, ნაჩვენები იქნება კინოფილმები, ჩატარდება ფოტოგამოფენები და აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები. შარშან ფესტივალს მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა, და ორგანიზატორების თქმით, წელს გაცილებით მეტ ადამიანს დაიტევს ხიხონის პავილიონები. ფესტივალის ფარგლებში გაიცემა ასევე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები. “შავი კვირეულის” ფესტივალი ესპანეთში 1988 წლიდან იმართება და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს.


ასაკობრივი შეზღუდვა საბავშვო წიგნებზე


მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა გამომცემლობებმა ახალი პირობა დადეს ასაკობრივი შეზღუდვის საკითხის თაობაზე. იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ გრძელდება პოლემიკა საბავშვო წიგნების ყდებზე ასაკობრივი მაჩვენებლების შესახებ, გამომცემელთა ასოციაციამ ახალი ბლიც-განცხადება გაავრცელა შეწუხებული ავტორების დასამშვიდებლად. განცხადება შეიცავს პირობას, რომ არც კი განიხილება ასაკობრივი მაჩვენებლის წიგნისთვის დამატების საკითხი ავტორთან კოსულტაციების გარეშე. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა გამომცემელთა შემდეგი პირობა - ახალი ავტორების წიგნებისა და ასევე რეპრინტებს უკანა ყდებზე უნდა დართულიყო გრაფიკული გამოსახულება, რომელიც შესაფერის ასაკს მიუთითებდა: 5+, 7+, 9+, 11+ და 13+ - თინეიჯერთათვის. სქემამ, რომელიც ამ შემოდგომისათვის უნდა დანერგილიყო, დიდი ოპონირება გამოიწვია ცნობილი საბავშვო ავტორებისაგან, რომელთა შორისაც არიან ისეთი სახელებიც, როგორიცაა ჯ.კ. როულინგი და საბავშვო ლიტერატურის პრემიების სხვადასხვა ლაურეატები. ფილიპ პულმანმა კი ინტერნეტ პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც უკვე 3,000 ადამიანმა მოაწერა ხელი. რა თქმა უნდა, გამომცემელთა მხრიდან კომპრომისმაც არ დააყოვნა და აღშფოთებულ ავტორებს მათთან შეთანხმების გარეშე ყოველგვარი შეზღუდვის დართვის აუცილებლობა მოუხსნა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: