Thursday, November 19, 2009

2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში - ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო


პოეტური პროზის ზეიმი შვედეთში

2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში - ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

ლიტერატურული ნობელის კიდევ ერთი ციებ-ცხელება დასრულდა - 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში შვედეთის სამეფო აკადემიამ 9 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე დაასახელა. ალბათ ყველას გაუკვირდა, როცა ჰორას ენგდალმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის, გენდერული ნიშნის ან მსგავსი კონიუნქტურის აღნიშვნის ნაცვლად პოეტურობა, გრძნობები, თავგადასავლები ახსენა, თანაც - რამდენიმე ენაზე, ასე რომ დაეჭვებულ მსმენელს რამდენჯერმე შეეძლო გადაემოწმებინა საკუთარი ყურთასმენა და იმის დაჯერებაც, რომ 2008 წლის ლიტერატურული ნობელის მოტივაცია სწორედ ასე ჟღერდა: “პრიზი გადაეცემა ფრანგ მწერალს, ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს, ახალი მიმართულებების, ლირიკული თავგადასავლებისა და გრძნობათა ექსტაზის ავტორს, გაბატონებული ცივილიზაციის ქვეშ და მის მიღმა მყოფი კაცობრიობის მკვლევარს”. 68 წლის ლე კლეზიო ლაურეატის გამოცხადების დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, საპატიო ჯილდოს საკმაოდ მშვიდად და გაწონასწორებულად შეხვდა და ადამ სმიტს, ნობელის პრემიის ოფიციალური საიტის მთავარ რედაქტორსაც სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ კონკრეტული სამადლობელი თუ სხვა შინაარსის ემოციური მესიჯებისგან იგი ამჯერად თავს შეიკავებდა და მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალის დროს გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. დაჯილდოება კი, როგორც წესი, 10 დეკემბერს გაიმართება სტოკჰოლმში, პრემიის მფლობელი 10 მილიონ შვედურ კრონას ( 1, 42 მილიონი ამერიკული დოლარი), ოქროს მედალსა და შვედეთის სამეფო აკადემიის დიპლომს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნობელის ლიტერატურული კომიტეტის განაცხადი ფრანგი მწერლისათვის პრემიის მინიჭების მოტივაციად პოლიტიკური თუ სხვა სოციალური ნიშნის მატარებელ ფრაზას არ შეიცავდა, წლების მანძილზე დაინტერესებულმა აუდიტორიამ საკმაო გამოცდილება მიიღო იმისათვის, რომ ნათელი ყოფილიყო - შვედეთის აკადემია საპატიო ჯილდოს მხოლოდ ლიტერატურული ღირებულების მიხედვით არ გასცემს, მით უმეტეს, რომ მარტო ამ პრიორიტეტის გთვალისწინებით თითქმის შეუძლებელია იმ იდეალისტური მიმართულებისა და პრინციპების შენარჩუნება, რაზეც შვედეთის აკადემიის ჯილდო აცხადებს პრეტენზიას. თუ შარშან გენდერულ კონიუნქტურას გაუწიეს ანგარიში, წელსაც სავარაუდოდ უკვალოდ არ ჩაუვლია საფრანგეთის პოლიტიკურ აქტივობას კავკასიის საომარი ვითარების დროს მხარეთა ურთიერთობის დარეგულირებაში. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს თავად ლიტერატურასთან ცოტა თუ ესაქმება, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მკვეთრ ფერებში გამოჩენა იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენადაც ნობელის აკადემიამ თავისი ვექტორი სწორედ საფრანგეთზე მიმართა. აქედან კი უკვე შეიძლება ნობელის ლიტერატურული კომიტეტის ოფიციალური მოტივაციის კომპონენტების ცალკეულად განხილვა და მათთვის მწერლის შემოქმედების მისადაგება, ან - პირიქით.
გუსტავ ლე კლეზიო ფრანგი ეროვნების მეთოთხმეტე მწერალია, რომელიც ამ პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა, იგი დღემდე 30-ზე მეტი წიგნის ავტორია და რამდენადაც თავად ჩამოუყალიბდა ცნობიერება სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციების ნარევ გარემოში, იმდენად მისი შემოქმდებაც მრავალმხრივი და ყოვლისმომცველია. ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო 1940 წელს ნიცაში დაიბადა, ბრიტანელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში, რომელთაც მჭიდრო ოჯახური კავშირი ჰქონდათ ბრიტანეთის ყოფილ კოლონია მავრიკთან. რვა წლის ასაკში ლე კლეზიო მშობლებთან ერთად ნიგერიაში გადავდა საცხოვრებლად, სადაც მისი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტალში მუშაობდა. სწორედ ნიგერიაში გემით ხანგრძლივი მგზავრობა გახდა მწერლისთვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებების შთამაგონებელი. ლე კლეზიო ორენოვან გარემოში იზრდებოდა, შემდგომი უმაღლესი განათლებაც ინგლისურ-ფრანგულად მიიღო - ჯერ ბრისტოლის, ხოლო შემდეგ ნიცის უნივერსიტეტში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ორივე ენას თავისუფლად ფლობს, იგი ფრანგულენოვანი ავტორია და ჟურნალისტის შეკითხვაზეც, რატომ ფრანგული და არა - ინგლისური, დამაჯერებელ პასუხს იძლევა. ლე კლეზიოს თქმით, იგი ფრანგულ საჯარო სკოლაში დადიოდა, და რახან პირველი შეხებაც ლიტერატურასთან ფრანგულ ენაზე ჰქონდა, ამიტომ წერის დროსაც უპირატესობას ამ ენას ანიჭებს.
პირველი აღიარება ლე კლეზიოს 1963 წელს სადებიუტო რომანმა „პროტოკოლმა“ („Le procès-verbal“) მოუტანა, რომელიც გონკურის პრემიაზე იყო ნომინირებული და რენადოს პრემიის ლაურეატი გახდა. ლე კლეზიოს რომანებში ზღვა და მზე, სინათლე და წყალი ხშირად განმეორებადი სურათები და მეტაფორებია. საერთო ჯამში კი გარემო და ბუნება, ცოცხალი თუ არაცოცხალი სამყარო მწერლის თემების ფილოსოფიურ, გამაერთიანებელ ბაზას ქმნის და მისი გამუდმებული მოგზაურობაც წიგნებში მოთხრობილი ამბების გეოგრაფიულ მდებარეობაში აისახება. მწერალი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აღწერს კულტურების შეჯახებას, გლობალიზაციის არათანაბარ და მჩაგვრელ მხარეს, დასავლური რაციონალიზმის დომინირებას.
1969-დან 1973 წლებში ლე კლეზიო პანამაში, ინდიელებს შორის ცხოვრობდა, და სწორედ ამ პერიოდში დაწერილი რომანი “Haï “(1971) მოგვითხრობს მისი ცხოვრების ისეთი ეპიზოდების შესახებ, რომლებმაც, ავტორის თქმით, მთელი მისი მომავალი შეცვალეს. “უდაბნოში” (“Desert” 1980) კი, რომელიც პაულ მორანის სახელობის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით აღინიშნა, ახალგაზრდა მომთაბარე გოგონას, ლალას ამბავია მოთხრობილი. გოგონა საჰარიდან საფრანგეთში ჩადის და ცნობილი ფოტომოდელი ხდება, მაგრამ ბოლოს ისევ უდაბნოში ბრუნდება, რათა იქ გააჩინოს თავისი პირველი შვილი. “უდაბნოს” გაცნობა ქართველი მკითხველს უკვე მშობლიურ ენაზე შეუძლია (“დიოგენე” 2008, მთარგმნელი სოფო ბენდიაშვილი). “აფრიკელი” (“L'Africain”, 2004) კი ისტორიაა ავტორის მამის შესახებ, პატარა ბიჭის სხვადასხვა მოგონებების შეკოწიწება და წარსულის გახსენება, რომელიც ცხოვრობდა მისთვის უცხო ადამიანის ჩრდილში, იმ ადამიანის, რომელიც უნდა ჰყვარებოდა. მწერალი იხსენებს, როგორი იყო განცდები ომის წლების შემდეგ, როდესაც ოჯახმა პირველად მოიყარა ერთად თავი.
ლე კლეზიო მკითხველს პეიზაჟებით, პოეტური სახეებითა და მეტაფორებით ესაუბრება, რაც მის პროზას ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ სტილს უქმნის, და სწორედ ეს აღინიშნა შვედეთის აკადემიის მოტივაციაშიც, როდესაც ჰორას ენგდალმა ავტორის ლირიკულობასა და მგრძნობელობას გაუსვა ხაზი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა წარმომავლობის ერებისა თუ კულტურის სინქრონიზაცია კი ის იშვიათობაა თანამედროვე ლიტერატურაში, რომელიც ასევე არ დარჩა ნობელის ლიტერატურული კომიტეტის ყურადღების მიღმა. ლე კლეზიოს პროზა არ არის კამერული, ჩაკეტილი, მწერალი განუწყვეტლივ მოგზაურობს და თანაც ამას ისე აკეთებს, რომ ძნელი შესამჩნევი ხდება მის რომანებში, როდის არის იგი შინ და როდის - სტუმრად.
ამჟამად მწერალი თავის მეუღლესთან ერთად ნიცაში, მავრიკსა და ნიუ-მექსიკოში ცხოვრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგად თავს იგი მავრიკში გრძნობს, სადაც ბავშვობის წლები გაატარა და რომელსაც თავის ნამდვილ სამშობლოდ თვლის. ბოლო ნაშრომი, რომელიც ლე კლეზიომ გამოსცა, ესსეების კრებულია (“Ballaciner,” 2007), წიგნი კინემატოგრაფიის ისტორიისა და კინოხელოვნების მიმართ მწერლის დამოკიდებულებაზე საინტერესო სტატიებს შეიცავს. გარდა ამისა, ლე კლეზიო რამდენიმე საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოების ავტორიცაა. თუმცა, როდესაც მწერალს ეკითხებიან, აპირებს თუ არა ის რომანის გარდა სხვა ლიტერატურულ ფორმებში გააცხადოს თავისი სათქმელი, ლე კლეზიოს პასუხი ცალსახაა: “ვფიქრობ, ბოლომდე რომანების წერას გავაგრძელებ. რომანი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გქონდეს შეკითხვები თანამედროვე სამყაროს მიმართ და შენგან არ ელოდებოდნენ ამ შეკითხვებზე სქემატურ, მექანიკურ პასუხებს. რომანისტი ხომ ფილოსოფოსი არ არის, მისი სასაუბრო ენა შორსაა ყოველგვარი ტერმინოლოგიისგან. რომანისტი უბრალოდ არის ვიღაც, ვინც ყველაფერზე წერს და შეკითხვებსაც ყველაფრის ირგვლივ სვამს.” თუ ნობელის აკადემიის ოფიციალური საიტის გამოკითხვის შედეგად მიღებულ სტატისტიკას ვენდობით, მკითხველთა მხოლოდ 13 % იცნობს ლე კლეზიოს შემოქმედებას, 87 %-ს კი ჯერ არ მოუსმენია ის შეკითხვები, რომლებიც მწერალმა მკითხველებს ოცდაათზე მეტ რომანში მოუმზადა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები ავტორისათვის ერთგვარი რეკომენდაციის როლსაც ასრულებენ ხოლმე, ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს შემოქმედებას კიდევ უფრო ფართო აუდიტორია გაიცნობს.


სტატია დაიბეჭდა 2008 წლის ნოემბრის ნომერში

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: