Saturday, November 21, 2009

ბესო ხვედელიძე – ჯაჭვური რეაქცია

მე ნესტორ ბლიაძიშვილი ვარ - 40 წლის თმაგაცვენილი, ცოტათი ოღროჩოღრო თავის მქონე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი (ცოტათი ოღროჩოღრო თავი მე მაქვს და არა “მარშრუტკას”. მისი თავი უბრალოდ აქერცლილია).
მე კი არავინ მეკითხება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ქალი უშნოა, მაშინ ჯიგარი მაინც უნდა იყოს. სხვანაირად ეგეთი ქალი გახეული და სკოჩით გადაწებებული ლარიანიც არ ღირს. სამაგიეროდ, ჩემი აზრით, ლამაზ ქალს აქვს უფლება იყოს შტერი და სულელი! მეგრულ წიწაკასავითაც შეუძლია იყოს!.. თან ტვინში სელაპივითაც უსლიპინებდეს - ეგრეც შეიძლება, რადგანაც მის ამ ცუდ მხარეს ლამაზი გარეგნობა ფარავს. მე რომელს ვარჩევ? მე პირადად სრულყოფილებისკენ ვარ, მაგრამ რადგან არც არაფერია ჩემს გარშემო სრულყოფილი, საქმე საქმეზე მიდგეს და ორივეზე ორივე ხელს ვწევ (გააჩნია სიმთვრალეს). არა, ერთს მაინც აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი - მიუხედავად საკუთარი დიდი ვერაფერი გარეგნობისა, თვალი მაინც უფრო სილამაზისკენ გამირბის, ვიდრე სიჯიგრისკენ. უჰ, აბა სად კაი სამნომერძუძუიანი, კრიალაკანიანი და გრძელფეხება ქალი, რომელმაც არ იცის სადაა გელენჯიკი, და სად უმკერდო, ვიწრომენჯიანი და ფეხებდაბრეცილი ქალი, რომელმაც იცის სადაა გელენჯიკი. დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, და თუ სხვანაირად ფიქრობენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ სხვანაირ ფიქრებში. ბოლოს და ბოლოს არ გავკარი გელენჯიკს?
ქალებზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ეგ იმის ბრალია, რომ ამხელა ჯორივით ვირს ჯერ ცოლიც არ მომიყვანია. ქალებშიც, ამ სამარშრუტო ტაქსის გადამკიდე, ხშირად ვერ დავიარები. არც ადრე მქონია მაინცდამაინც ატალახებული ჩემი უბნელი “მეძავეების”, მარინასა და დოდოს ბინები, სამარშრუტო ტაქსზე დაჯდომამ კი საერთოდაც გაურკვეველი ვადით დამაზეპირებინა 10 მცნებათაგან “არა იმრუშო”. სარკიდან მგზავრთა მუშტრის თვალით თვალიერებას ცოდვად ნამდვილად ვერ ჩავითვლი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამიშიშვლებია მზერით, და ბევრისთვის სად აღარ დამითვლია ხალები და სხვა რამეებიც.
ისევ მივედ-მოვედები, ძირითად ამბავს კი ვერაფრით მივუდექი! მოკლედ, ნესტორი რომ მქვია, ამაზეც ვიტყვი.
ჩემზე ამ სახელის დარქმევას ძალიან უცნაური ისტორია აქვს. ეს არაა არავითარი ბაბუის, დიდი ბაბუის და წინაპრის, საპატივცემულოდ დარქმეული სახელი. არ ვიცი რატომ (ვერც ჩემებმა გაიგეს და დაადგინეს), მაგრამ მე რკინიგზის სამშობიაროში ერთი ნესტოთი დავიბადე. არა! ერთი ნესტო დახურული კი არ მქონია და მეორე ღია, არამედ ორივე გაერთინებული - ანუ მოვევლინე მე ამ ქვეყანას იმ ნესტოებშორისი ხრტილის, იგივე “პერეგაროდკის” გარეშე. რა უნდა ექნათ ჩემს საცოდავ მშობლებს. ცხონებულები მაშინ ამას იმდენად ჩააჭიჭინდნენ, რომ დაივიწყეს წინასწარ მოფიქრებული სახელები (ნოე, ლეო და გენადი), და გაერთიანებულნესტოიანობის გამო პირდაპირ ნესტორი ჩამიწერეს დაბადების მოწმობაში.
ისე, სადღაც სწორედ ამ ერთი და ფართე ნესტოს ბრალიცაა, რომ ჯერ ცოლი არ მომიყვანია. არა, გარედან კი არ ჩანს, ერთი ნესტო რომ მაქვს, მაგრამ მისი გადამკიდე ცხვირის ისეთი საშინელი ცემინება ვიცი, შეშურდებოდა ძველ კალათბურთელ ტკაჩენკოს... ეგეთს კიდევ, აბა რომელი კულტურული ქალი გამომყვება... არა, ისე, ტკაჩენკოს ცხვირის ცემინების შესახებ მე არაფერიც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ დროსAმსაჯებსაც და იატაკის მომწმენდებსაც შიშისგან კუილი ძვრებოდათ. ეს არავის გაუგონია და თავისი თვალითაც არავის დაუნახავს. ეს მართლა მე მოვიფიქრე!.. და როცა მძღოლები სმენის დამთავრების მერე “გომს” და ლიმონათს ვსვამთ, ამას ვიხსენებ როგორც ადრე, სპორტის სასახლეში ჩემი თვალით ნანახს, და ყოველ მოყოლაზე ამ ისტორიას ახალ დეტალით ვამდიდრებ.
რამდენი ვილაპარაკე, და მთავარს კი მაინც ვერაფრით მივადექი. მოკლედ, ამ ჩემი გაერთიანებულნესტოობის გამო ცხვირის ცემინება ვიცი – უსაზარლესი! არა! აქ მხოლოდ გამოცემული ხმებზე არაა ლაპარაკი, რომელიც შედგება უამრავი ხახისმიერი, სასისმიერი თუ ბებიაჩემისმიერი თანხმოვნისგან და რატომღაც სრულდება მუდამ წივილიანი წამოძახილით “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისი”... ხომ იცით, ნორმალური, ორნესტოიანი ადამიანები, როგორც წესი ცხვირის ცემინებისას ხმარობენ ცხვირსახოცს, ან ცხვირზე იფარებენ ხელს, ან რა ვიცი კიდევ რას, მაგრამ მე ამ დროს იმხელა გამონადენი მაქვს ცხვირიდან, რომ ხაშის ჭამა შეიძლება შეძულდეს ადამიანს. ამიტომ, ცხვირსახოცის მაგივრად, სამარშრუტო ტაქსში, ჩემი სკამის ქვეშ, ყოველთვის მიდევს ძველისძველი, წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი. ისაა ჩემი ცხვირსახოცი ასეთ მომენტებში (ასეთი მომენტები კი მინდა გითხრათ რომ არცთუ იშვიათია, ვინაიდან ხან ვის აქვს მოღიავებული ფანჯარა და ხან ვის ჩემის ჩათვლით) და მერე, სულ მთლად დამბალს ჩემივე “მარშრუტკის” ფანჯრიდან ვფენ ხოლმე გარეთ. ეს მაგარი ჭკვიანური რამეა! ჯერ ერთი, გაქანებული სამარშრუტო ტაქსიდან გადმოფენილი ბალიშისპირი მალევე შრება, და მეორეც, თუკი გარეთ რამე მიტინგი ან საპროტესტო აქციაა (რაც ხშირია), ეს ჩემი სველი ბალიშისპირი თავისუფლად სწევს ხოლმე რომელიღაც დადებითი ქვეყნის (მგონი ხორვატიის) დროშის მაგივრობას.
ახლა კი, მგონი უკვე სულ მთლად ახლოს ვარ მთავართან და ბარემ იმასაც პირდაპირ ვიტყვი.
ხომ იცით, ქვეყანაში რა სიტუაციაცაა? სკოლები და ბაღები ლტოლვილებითაა სავსე. ბევრმა ისე დატოვა სახლი, ფეხზე ტუფლის ჩაცმაც ვერ მოასწრო. შიათ, წყურიათ. პასუხად, კეთილი ქალაქელი ხალხი ეზიდება მათთვის რაც აქვს ზედმეტი: ტანსაცმელი, ჭურჭელი, ნივთები. აბარებენ სპეციალურ პუნქტებში. მერე იქიდან ლტოლვილებზე ნაწილდებაო – ეგრე თქვეს რადიოში.
და განა მე რითი ვარ სხვაზე ნაკლები?
ჰოდა, გადავწყვიტე მეც შევწეოდი გაჭირვებულებს რამეთი. ისე, ბევრი კი ვერაფერი გავიმეტე, მაგრამ რაც გავიმეტე, ერთი უბრალო “მარშრუტკის” მძღოლისგან ეგეც საკმარისი იყო:
საკუჭნაო სავსე მქონდა 1939 წლიდან გამოშვებული საბჭოთა ჟურნალ “ოგონიოკებით”. ბევრი არ მიფიქრია - ავდექი, სულ ჩავზიდე და გავავსე ნახევარი “მარშრუტკა”. გადაყრა მენანებოდა - მაინც ჩემი ცხონებული მშობლების გამოწერილი და ნაგროვები იყო. იქ კიდევ, გადაფურცლავს ვინმე, წაიკითხავს. თუ არ წაიკითხა, შესახვევად გამოადგებათ, ან ცეცხლის დასანთებად, ან რა ვიცი კიდევ რაში – ტუალეტში გამოიყენებენ ბოლოს და ბოლოს. პრიალა ქაღალდი კია, მაგრამ ხელისგულში მოჭმუჭვნის შემდეგ მშვენიერი გამოსადეგია.
მოკლედ, ამასწინებზე, იმის მაგივრად, რომ ხაზზე გამოვსულიყავი (ეს ძირითადად უთენიას ხდება, ვინაიდან ბუნებით ტოროლა ვარ, ზოდიაქოთი მარჩბივი და შესაბამისად ძალიან ადრე მეღვიძება), ასე დატვირთული დილიდანვე პირდაპირ ჩამბარებელი პუნქტისკენ წავედი. წინა გვერდითა და ჩემს უკან მდებარე ორი სკამი სპეციალურად ცარიელი დავტოვე - იქნებ და გზაში ვინმე სამს დაექნია ხელი... ბარემ იმათაც გადავიყვანდი და ლარნახევარს არ დავკარგავდი. მანქანის სალონის დანარჩენი მხარე, როგორც ვთქვი, ძველი “ოგონიოკებით” იყო სავსე.
პირველივე მგზავრი, ზორბა აღნაგობის სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც გავუჩერე, ისეთ ანგელოსურ პახმელიაზე იყო, რომ უკუსვლით ამოვიდა სალონში, ჩემს უკან რომ ორი სკამია, იქ ხმაურით დაეხეთქა და ეგრევე დიამბეგური ხვრინვა ამოუშვა.
ერთი პირობა ძალიან დავფეთდი, უფრო სწორად მომავალი ორი მგზავრის მაგივრად დავფეთდი, რომლებიც ასეთ ვინმესთან ერთად არ მოინდომებდნენ მგზავრობას, კარსაც მომიჯახუნებდნენ და მაზარალებდნენ, მით უმეტეს რომ არც ეს ჩანდა რამის გადამხდელი და თან სამხედრო ფორმა ეცვა. ამიტომ, სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვედი, სალონში შესულმა ერთბაშად ორ სკამზე გადათხლეშილ პიროვნებას იღლიებში ხელი მოვკიდე და მისი ვერტიკალურად გასწორება მოვინდომე.
მისი სანახევროდ მოღიავებული ლაშებიდან გარდმომავალმა მძაფრმა სურნელმა მაშინვე მიმახვედრა, რომ ამ თავზეხელაღებულ მოქალაქეს მთელი ღამე გაეთენებინა რომელიღაც აქაურ ნესტიან დუქანში, ეჭამა რა სავარაუდოდ თხუთმეტამდე კატლეტი ახალი ტყემლით, ბადრიჯანი ნიგვზით, მარნეულის პომიდორი და ჩურჩხელა ძაფით. ამ ბოლო ნუგბარის მირთმევას მიდასტურებდა მისი პირიდან გადმოკონწიალებული ძაფი. რაც შეეხება სასმელს... მას, ასევე მძაფრი, ოღონდ უკვე ალკოჰოლური სურნელება ჰყიდიდა, რომ მუცელში აშკარად ჩაესხა ჯერ ოთხი კათხა ჩამოსასხმელი “ლომისი”, შემდეგ ორი ლიტრიანი არაყი “ხლებნაია”, რაზეც დაეყოლებინა ოთხ ლიტრამდე ჩამოსასხმელი წითელი ღვინო. სუნზევე ეტყობოდა, რომ ზედ შამპანიური “თამარიონიც” დაემატებინა. ვიდრე ამ ოხშივარადენილ პიროვნებას ვასწორებდი, სწორედ ასეთი მენიუც კი წარმომექმნა გონებაში და ცოტათი მადაც კი აღმეძრა.
კაი ხანს ვეჯაჯგურე. ის იყო ფანჯრისკენ სკამზე მიჯენას ვუპირებდი, რომ ჩემი შარვალი აქეთა სკამის მეტალის წიბოს გამოვდე და ზედ სასირცხო ადგილას გადავიგლიჯე. თითქოს ეს არ კმაროდა, ამ დროს, ლამის ბოლომდე გადათრეულ პიროვნებაზე ხელიც კი გამეშვა და მანაც მაინცდამაინც იმავე სკამის მეტალის წიბოს ჩამოჰკრა საფეთქელი... ეს იყო და, აქვე, ჩვეული “ხერთვისი, ბირთვისი, ყინწვისის” თანხლებით მთელი ძალით დამაცემინა და ჩემი ცხვიროსნული გადმონადენი ამ უცნობ პიროვნებას უკანასკნელ წვეთამდე სახეზე, კეფაზე და სამხედრო ფორმაზე დავანთხლიე.
“ვაი შენ დღეს, დაღუპულო, ნესტორ ბლიაძიშვილო...” – შემოვირტყი თავში ხელი და გონებამაც მყისვე გაასმაგებული გააფთრებით იწყო მუშაობა.
კიდევ კაი, სისხამი დილა იდგა და ბევრი არავინ მოძრაობდა გამზირზე, თორემ ხომ აუცილებლად დაინტერესდებოდნენ შუა ქუჩაში მდგარი და კარმოღიავებული სამარშრუტო ტაქსით. და რას აღმოაჩენდნენ შიგნით, ან ვის? ხვანჯარგამობდღვნილ ნესტორ ბლიაძიშვილს, ჩემი ცხვირის ლორწოში ამოვლებულ სამხედროფორმიანი მამაკაცის ცხედარსა და 1939 წლიდან გამოშვებულ ყველა “ოგონიოკს”. რას იფიქრებდნენ? რა თქმა უნდა, კაის არაფერს! და რას მოიმოქმედებდნენ?
“ჰოი, შენ, მახეში გაბმულო, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – ამოვიგმინე გუნებაში და მთელი ძალღონე მოვიკრიბე. დიდი ძალისხმევის შემდეგ ხელში ატატებული სამხედროფორმიანი მამაკაცის დასვრილი ცხედარი ცარიელ წინა სკამზე ძლივსძლივობით გადავახოხიალე, დავსვი და სამაშველო ქამრითაც დავაბი. აი ასე უკვე სავსებით ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩემი სამარშრუტო ტაქსის სალონი:
დილის 7 საათი. “მარშრუტკა”, სადაც მძღოლის გვერდით მხოლოდ ერთი მგზავრი ზის და უღვთო პახმელიაზე მყოფსა და ვითომც საკუთარ ნარწყევში ამოვლებულს ბუნებრივად ჩასძინებია.
რაღაც სასწრაფოდ უნდა მექნა. ჯერ კიდევ ეძინა თბილის-ქალაქს და ეს ხელს კიდევ უფრო მაძლევდა – ცხადი იყო, არ მოვყვებოდი საცობებში და არც მგზავრები წამიღებდნენ ტვინს. ამიტომ სადღაც მაინც ოპტიმისტურად მივაგელვებდი “მარშრუტკას” თბილისის ცარიელ ქუჩებში და თავში ათასნაირი საშინელება მიტრიალებდა; უპირველეს ყოვლისა – სასჯელი, რომელიც სავარაუდოდ მელოდა და გამიყენებდა გზას ციხისკენ. ამასვე მიდასტურებდა მთელ ხმაზე აღრიალებული მანქანის რადიო, სადაც ხრინწიან ხმაზე რუსულად მღეროდნენ: “КАКАЯ ОСЕНЬ В ЛАГЕРЯХ!”
“არ უნდა ნესტორ ბლიაძიშვილს ციხე!” – ამავე სიმღერის ტაქტსა და რიტმში ვღრიალებდი გუნებაში მეც ჩემის მხრივ და მანქანას დაშვებულზე სწრაფად მივაქროლებდი.
ნელ-ნელა ემატებოდა ქუჩას სხვა ტრანსპორტიც. უკლებლივ ყველას ფანჯრებიდან ქვეყნის დროშა ჰქონდა გადმოფრიალებული. სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდანაც იგივე ალმები გადმოეშვირათ. ვხვდებოდი, რომ ჩემი “მარშუტკა” ამ ყველაფრის ფონზე ისევე უცხოდ გამოიყურებოდა, როგორც სიტყვაზე ისევ ზემოთნახსენები ტკაჩენკო ქართულ საერთო აბანოში, ან სულაც ტელევიზია “კავკასია” დანარჩენი ქართული არხების გვერდით. ამიტომ ჩემი მრავალგზისნახმარი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი ამჯერად მშრალი გავჩხირე ფანჯარაში და მაშინვე ბუნებრივად ჩავეწერე ქუჩის პატრიოტულ განწყობაში.
ეს იყო და, სწორედ აქ დამარტყა თავში საზარლად გენიალურმა აზრმა, რომლის განსახორციელებლად და მოსალოდნელი შარის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო: გეზი სასწრაფოდ ახალი სასაფლაოსკენ უნდა ამეღო. გუშინ გათხრილ საფლავებიდან ერთ-ერთში, რომელთა გათხრასაც თავად ვესწრებოდი (გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთმა სამხედრო ნაწილმა მიქირავა და ამაყვანინა ჯარისკაცები დაღუპული მებრძოლებისთვის საფლავების გასათხრელად) თავისუფლად მოვასწრებდი ჩემ გვერდითა სკამზე მიქამრებული მამაკაცის ცხედარის ჩაგდებას და ზედ მიწის ისე მოყრას, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია; შუადღისკენ კი მავანნი იმავე საფლავში ჩვეულებრივად ჩაასვენებდნენ რომელიმე დაღუპული უცნობი თუ ნაცნობი ჯარისკაცის კუბოს და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
ამ ვერაგი იდეის განხორციელება არ გამჭირვებია, რადგანაც ჩემდა ბედად სასაფლაო სრულიად ცარიელი დამიხვდა. მინდა აქვე გავამხილო, რომ საფლავში ჩასასვენებელი სამხედროფორმიანი მამაკაცის დაჩხრეკვა და მისთვის ჯიბეების ამოსუფთავება წამით არ მომსვლია აზრად, რადგანაც ზუსტად მამაკაცის მანქანიდან გადმოთრევისას ამიბობოქრდა სულში 10 მცნებათაგან კიდევ ერთი – “არა იპარო”, უკან წამოქროლებულს კი, უკვე სულ აღარ მეჩამბარებელპუნქტებოდა, ოღონდ სახლამდე დროულად მიმეღწია, ამომესუნთქა და გადახეული შარვალი დამეკერებინა. უბრალოდ, ერთი იყო – უკვე შუადღე იდგა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაკეთებული ხალხის ჯაჭვი მაყოვნებდა, კაი გემრიელი წყელვა-კრულვაც მესმოდა ჩემი და ჩემი “მარშრუტკის” მისამართით, თუმცა ფანჯრიდან გადაკიდებული ჩემი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირის დანახვაზე ყველანი ერთხმად დუმდებოდნენ, თავს მანებებდნენ და სხვა ტრანსპორტისკენ ილტვოდნენ.
ხალხის ჯაჭვი მაინც მაგვიანებდა, მაგრამ მთავარი უკვე უკან იყო.
სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი ჩემ უბნელ “მეძავეებს” მარინასა და დოდოს, რომლებსაც სხვა მათნაირებთან ერთად ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის ხელი და აქციაში მონაწილეობდნენ. აქვე გამახსენდა, რომ კაი ხანი იყო ქალებში არ გამეჯირითა. მათაც მოთხაპნილ სახეებზე შევატყვე, რომ დიდად არ ეპრიანებოდათ ჯაჭვში დგომა და უბრალოდ, სხვების დასანახავად იხდიდნენ ძალით-მოქალაქეობრივ ვალს.
“აი, შენი ალიბი, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – გამინათდა გონება.
ეს გავიფიქრე თუ არა, ჩემი მარშრუტკა ზედ მარინასა და დოდოს ფეხებთან მივაგდე და მცირედაც მივუსიგნალე, რაც სრულიად საკმარისი იყო ორივენი თავპირისმტვრევით ამოცვენილიყვნენ ჩემი “მარშრუტკის” სალონში.
-ვაიმე, ნესტორ! სიხარულო!
-ნესტორ, შენ ხომ არ იცი რა მაგარი კაცი ხარ!
-ნესტორ, შენ უნდა გერქვას ნესტორ მშველელი და გადამრჩენელი!
-სულ დამეწვა კანი!
-რას გიგავს მანქანა? ფოსტალიონად დაიწყე მუშაობა?
-ეს რა ჟურნალებია ნესტორ?
-უიმე, რუსულად კითხვა სულ არ ვიცი?
-ფუჰ, თან რა მტვრიანია...
-ნესტორ, რატომ გაქვს შარვალი გადაგლეჯილი?
-ნესტორ, რამე ცუდი არ მაფიქრებინო იცოდე...
მათი წამოძახილებისთვის არც ყურადღება მიმიქცევია და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია, უბრალოდ იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო აქედან გაგვეღწია და შინ მშვიდობით მივსულიყავით.
მე ბედნიერად ვიღიმებოდი და ჯაჭვს მივარღვევდი. დოდო და მარინა ჩახლეჩილი ხმით ხაოდნენ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ და არ ჩერდებოდნენ.

* * *

ჩემთან ასულმა მე, დოდომ და მარინამ სხეულისა და მისი ჯანმრთელობისთვის ფრიად საჭირო ურთიერთობებს მთელი დღე დავუთმეთ. იმ ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ - უკაცრავად და, ხან ერთი მაჯდა სახეზე და მეორე ქვემო წელს ეპოტინებოდა, და ხანაც პირიქით, ანუ ვცვალეთ ნერწყვი და პოზები ბითუმად, შუადღისკენ კი მოწყურებულებმა ჩავისხით სამი ბოთლი “გომი” ტარხუნის ლიმონათის თანხლებით და ერთი-ხუთად გავეშებულებმა ამჯერად ნოხზე გავიმეორეთ, და არა მხოლოდ გავიმეორეთ, ყველაფერი იქამდე საწოლში ჩატარებული.
და ეს იყო:
საფო, ემანუელა ამერიკაში, სკანდალი, მკვეთრი მოსახვევი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ემანუელა 2, ილზა - ქალი მგელი, შავი ემანუელა, კენ პარკი, პაპრიკა, წვიმის წვეთები მხურვალე კლდეებზე, აჩქარება, X რომანსი, ინტიმი, სხეული როგორც სამხილი, სასტიკი მთვარე, გამჟიმე, ცოდვის ისტორია, მეწამული დივა, შამანკა, სახიფათო სექს-პაემანი, მარკიზ დე სადის ბუდუარის ფილოსოფია, გრძნობათა იმპერია, ცელქი გოგო, სიბნელესთან ჩახუტებულნი, გზააბნეული ღრუბელი, მოთვალთვალე, ამორალური ისტორიები, ემანუელა 4...

მერე მარინამ ძველ “ოგონიოკის” ერთ ნომერს მიაგნო, რომელიც ჟურნალების მანქანაში ჩაზიდვისას შემთხვევით შემოსასვლელში დამვარდნოდა. შიშველმა დოდომ ჟურნალი კროსვორდზე გადაშალა, რომელშიც ჩემ ცხონებულ მშობლებს რამდენიმე გრაფა შეუვსებელი დარჩენოდათ. ვინაიდანაც მარინას რუსული არ ესმოდა, დოდომ რუსულად წაკითხულის ქართულად თარგმნა იწყო, მარინა კი ამ დროს ჩემზე იწვა და მე ხელისგულში მისი მარცხენა ძუძუ მეჭირა.
-შავიზღვისპირა კურორტი კრასნოდარის მხარეში! – თარგმნა რუსულიდან დოდომ.
-კრასნოდარის? – ვიკითხე მე.
-რვაასოიანი. მესამე ასოა ლ!
-მესამე ლ?
-ლ!
სამივენი დავფიქრდით და ბავშვობისდროინდელ ზღვისპირულ მოგონებებში წავედით.
დოდო და მარინა ლამაზი და ეფექტური “მეძავეები” არიან. ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ ტვინის გარდა. ეგ არაფერში ჭირდებათ – უმაგისობას გარეგნობა უჩრდილავთ. ტვინი რომ ჰქონდეთ, ხომ ვიცი – ასეთი მადისაღმძვრელები ნაღდად ვერ იქნებოდნენ. თან ხომ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ კრასნოდარის მხარის რვაასოიანი შავიზღვისპირა კურორტი, რომლის მესამე ასოცაა ლ – ესაა რუსულად გელენჯიკ.
შემდეგი შეუვსებელი გრაფის რუსულიდან ნათარგმანები კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა:
-ღმერთის უფროსი შვილი. მატერიალური სამყაროს შემქმნელი. დაცემული ანგელოზი. კაენისა და კალომენას მამა. ჰქონდა გაერთიანებული ნესტო!
-ნესტორ, ნახე, შენსავით?
-ექვსასოიანი... მეორე ასო – ა, მეოთხე ასოც – ა, და მთავრდება ა-ზე!
-ვა, სამი ა?
-სამი ა.
-ვერა ვხვდები... თამარა?.. თუ ლამარა?
-მგონი თამადა!
-ერთი მაგათი დედაც... აღარ გვინდა კროსვორდი!
საღამოხანს, ასევე დედიშობილად ნოხზე მიყრილებს ქვეყნის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ ტელევიზორიდან გვამცნო, რომ:
-დღეს, ახალ სასაფლაოზე, როდესაც ხორციელდებოდა საომარი მოქმედებისას დაღუპული უცნობი ჯარისკაცების საფლავებში ჩასვენების სამგლოვიარო აქტი, ერთ-ერთი საფლავიდან მოულოდნელად ამომხტარ იქნა თავფეხიანად მიწაში ამოგანგლული ვინმე სამხედროფორმიანი პიროვნება, რომელიც საფლავიდან ამოხტომის შემდეგ პირჯვრის წერითა და საშინელი ღრიალით მიფარებულ იქნა მხედველობის არეალს მიღმა. მისი დაკავების მცდელობა განხორციელებულ იქნა გამოძახებული სამართალდამცავების მიერ, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია!
სიუჟეტის ავტორის ვარაუდით, ეს იყო ვინმე იმ პაციფისტურად განწყობილ დეზერტირთაგანი, რომლებიც მისივე თქმით უხვად მოიძევებიან ქვეყანაში, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს, და მიმალვაში მყოფები არ თაკილობენ გათხრილ საფლავებში ძილსაც კი, სადაც მათ საბნის მაგივრობას ღვთისმშობლის წილნაყარი მიწა უწევთ...
დოდომ და მარინამ ბევრი იხარხარეს, მე კიდევ მათგან განსხვავებით სულ ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი (მიზეზს აბა როგორ გავამხელდი), ამის პარალელურად კი, ცხადად ვგრძნობდი თუ როგორ იდგამდა ჩემს სულში ფესვს სამარადისოდ უკვდავების ხე სახელად “არა კაც ჰკლა!” სწორედ ამ დროს, თითქოს საკუთარი თავისა და ფიქრებისადმი საბოლოო დათანხმების ნიშნად, საზარელ ხმაზეც დამაცემინა ჩვეული “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისის” თანხლებით.
მარინასა და დოდოს კინაღამ გული გაუსკდათ, ერთხმად ახავლდნენ, ვინაიდან ერთიანად გაიწუწნენ ჩემი ცხვიროსნული ლორწოთი, მე კი ფეხზე წამომდგარმა გულში ღრმად ამოვიჭერი:
დაე გათენდეს! დაე ჩემი მარშრუტკით წავიდეთ ექსკურსიაზე! დაე რიგრიგობით მოვინახულოთ ხერთვისი, ბირთვისი და ყინწვისიც! და უკან რომ დავბრუნდებით - მე, ნესტორ ბლიაძიშვილი ვფიცავ ჩემს ამ ერთ ნესტოს, რომ დოდოსაც და მარინასაც რიგრიგობით მოვიყვან ცოლად.
ბოლოს და ბოლოს, მართლა არ გავკარი გელენჯიკს?

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: