Monday, November 16, 2009

"პოეტები დედამიწის დღევანდელი ზურგიდან"


შოთა იათაშვილი

"პოეტები დედამიწის დღევანდელი ზურგიდან"

ლენარტ სოგრენი (შვედეთი)


ეს სამოცდაჩვიდმეტი წლის კეთილი ბაბუა ოდნავი დაგვიანებით ეწვია როტერდამის ფესტივალს მეუღლესთან და თინეიჯერ ფართოშლაპიან შვილიშვილთან ერთად და მაშინათვე დაუზარებლად მიჰყო ხელი პოეტურ შრომას. პირველ დღეს ჰოლანდიელი პოეტის ლექსი გადააშვედურა, მეორე დღეს კი მაიას ლექსების მთარგმნელთა ჯგუფში გადაინაცვლა. იმ დილით ნიდერლანდული ჯიუტი ღრუბლები უცებ სადღაც მიმოიფანტნენ და მზეც ცის კიდეზე სამხრეთულად აბრდღვიალდა. თეატრის ფოიეში გული ვიღას გაუჩერდებოდა და ჩვენც ფურცლები, ლექსიკონები, ყავის ჭიქები და ყავადანი საერთო ძალებით გარეთ გამოვიტანეთ, რათა თეატრის წინ, ერთ-ერთ ძელსკამთან ბანაკი დაგვეცა. კეთილ ბაბუა ლენარტს მთელი თავისი ოჯახი ყავს სამუშაოდ მობილიზებული: ცოტათი არ ეყურება და ინგრიდის განმარტებებს მაიას ლექსის შესახებ შიგადაშიგ შვედურად მეუღლე უთარგმნის. ვერც ინგლისურის ნიუანსებშია მაინცდამაინც ძლიერი და პწკარედს რომ ჩაჰყურებს, ალაგ-ალაგ თავის ფართოშლაპიან შვილიშვილს სთხოვს განმარტებებს. აი, ასე, ერთობლივი ძალებით მიიწევენ წინ... ძელსკამის ირგვლივ კი უკვე ყავაც ჩამოისხა, სიგარეტიც გაბოლდა, ფურცლებიც მიმოიფანტა... ზოგმა ფეხზეც გაიხადა, წამოწვა კიდეც სკვერში... რაღაც მომენტში, მე, ზოგიერთთა მსგავსად თარაზულში ნებიერად გადასული, ვამჩნევ, რომ კეთილი ბაბუა ლენარტი ძელსკამიდან წამოდგა და მძიმედ მუხლებზე ჩაიჩოქა. ვფიქრობ ჩემთვის: "ალბათ დაიღალა სკამზე ჯდომით და პოზის შეცვლა სურს..." მაგრამ არ მთავრდება ყველაფერი ამით: იგი ნელ-ნელა წელში იხრება და ძელსკამის ქვეშ იწყებს შეღოღებას. მთარგმნელობთი ჯგუფი ნელ-ნელა ეგება გონს და განცვიფრებით შეჰყურებს მხცოვან პოეტს, რომელიც რატომღაც ძელსკამის ქვეშ ფათურობს. მეუღლე და შვილიშვილი შვედურად დაჟინებით რაღაცას ეკითხებიან. ჩვენ კი მათ ვეკითხებით, თუ რაშია საქმე. ირკვევა, რომ ბაბუა ლენარტს კალმისტარი დავარდნია... შვილიშვილიც იხრება და ბაბუასთან ერთად ეძებს პოეტ ლენარტ სოგრენის მთავარ იარაღს... შეშფოთებული ორგანიზატორი გოგონა მთელ ბღუჯა კალმისტრებს მუჭში იქცევს, დაოთხილ მოხუც პოეტს უწვდის და სთხოვს, ძებნას შეეშვას, რადგან კალმისტრები აქ საკმარისზე მეტია, მაგრამ შვედი მგოსანი ჯიუტი ღიმილით თავისას აგრძელებს...
მეორე დღეს კეთილი ბაბუა ლენარტი თავის სამშობლოში გაფრინდა. მის ზურგზე პროპელერი არ შემინიშნავს, მაგრამ დღემდე ხანდახან გონებაში გამიელვებს ხოლმე აზრი, რომ იგი შესაძლოა დაბერებული ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირი - კარლსონი იყო.


კაცუკო შირაიში (იაპონია)

კაცუკოს ეჭირა გრძელი პერგამენტი და ლექსებს გვიმღეროდა... იეროგლიფებით აჭრელებული გრაგნილი ნელ-ნელა იშლებოდა, ძირს ეფინებოდა და მიუყვებოდა მოხუცი იაპონელი ქალბატონის ტონალობებითა და ინტონაციებით მდიდარ, ენერგიულ ხმას... ის სხვა, თითქმის უკვე გამქრალი სამყაროდან მოსულიყო ჩვენთან და ჩვენც, მის ჯადოსნურ ველში შესულები, რეალობის შეგრძნებას ვკარგავდით... შორეულზე შორეული იყო კაცუკო, თუმც ამასთანავე საოცრად ჩვენიანი, შინაური, მეგობრული...
როდესაც ესალმები, გსურს მოწიწებით ხელზე ეამბორო, მაგრამ ის მუდამ ხელს გგლეჯს, იცინის, გეხუტება და ლოყაზე გკოცნის. საცეკვაოდაც გაიწვევ კაცუკოს. მუსიკა რიტმიანია, მაგრამ ცდილობ, მშვიდად იმოძრაო, გინდა არ გინდა, სამოცდათოთხმეტი წლის ქალია მაინც. კაცუკო კი გიბრაზდება და ენერგიულად იწყებს მოძრაობას, ბრუნავს, ხტის... ძველი ბიტნიკია კაცუკო. მოგვიანებით ინტერნეტში მის შესახებ ასეთ ფრაზას ამოიკითხავ: "ერთადერთი ჭეშმარიტი იაპონელი ბიტ-პოეტი". მისი დეკლამაციები, რომელთაც იგი თავად ჯაზ-პოემებს უწოდებს, იმპროვიზაციების ნიაღვარია, ხშირად ჯაზ-ბენდთან ერთად შესრულებული. შავი კომპაქტ-დისკი, რომელსაც სამახსოვროდ გჩუქნის, მისი სათაყვანო მასწავლებლის, ჯონ კოლტრეინის ხსოვნას ეძღვნება...
ავტობუსი კი დრაკულას კოშკისაკენ მიემართება. კაცუკო გვერდით გიზის და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ ზანტი ტემპით მოგითხრობს. თან დაჟინებით თვალებში ჩაგცქერის, სახეზე გაკვირდება, ცდილობს, დაიჭიროს, თუ მის ინგლისურში რაიმეს ვერ გაიგებ. ამას თითქმის ყოველთვის ხვდება და მაშინათვე სათქმელის ფორმას ამარტივებს. ეს აღმოსავლური კულტურაა, ასე სასიამოვნო. მოგვიანებით ამ თვისებას სხვა იაპონელებსა თუ ჩინელებშიც შეამჩნევ - თუ ისინი რამეს ამბობენ, დარწმუნებულნი უნდა იყონ, რომ ტყუილად არ ირჯებიან და თანამოსაუბრეს მათი ესმის.
კაცუკო უხვად იყენებს კოსმეტიკას. ლაპარაკისას ხშირად თმის ორიოდე ღერი პომადიან ტუჩზე ეწებება და ერთი და იგივე მექანიკური მოძრაობით იცილებს. Yგიყვება თავის დიდ სიყვარულზე, იმ იაპონელ მწერალზე, რომლის რომანის მიხედვითაც გადაიღეს "ლეგენდა ნარაიამაზე". გიყვება კენეტ რექსტროტზე, ალენ გინსბერგზე, იოკო ონოზე, იუკიო მისიმაზე... "იუკიო ქალ-მწერლებს საერთოდ არ ცნობდა. ერთადერთი გამონაკლისი მე ვიყავი. პირველივე პუბლიკაციების შემდეგ დამიმეგობრდა. ხარაკირიმდე რამდენიმე დღით ადრე ერთმანეთს შევხვდით. არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რას აპირებდა..."
ბოლოსწინა დღეს ყველანი ფესტივალის ანთოლოგიაში ვუწერთ ერთმანეთს თბილ სიტყვებსა და მისამართებს. ოცდაათიოდე ანთოლოგია ხელიდან ხელში გადადის, ნამდვილ ბროუნის მოძრაობაშია... შენი და კაცუკოს ეგზემპლარები აირევა: ზოგიერთი შენ ჩაგიწერს თავის სათქმელს კაცუკოს ეგზემპლარში და ზოგიერთი კაცუკოს ჩაუწერს შენსაში. კაცუკოც შენთვის განკუთვნილ იეროგლიფებს საკუთარ წიგნში ხატავს. მერე აღმოაჩენს, შეიცხადებს, ხელჩანთიდან მაკრატელს ამოიღებს, ფურცელს ლამაზად ამოჭრის და ჩაგიდებს შენს ანთოლოგიაში...
ბუქარესტის აეროპორტში ბარგის მიტანაში ეხმარები. მერე ერთმანეთს ემშვიდობებით. ბოლო წამს მოულოდნელად შენს ტუჩზე პომადიანი შემჭკნარი ტუჩი სხლტება... "ნახვამდის!.." კაცუკო ტრიალდება და მიდის. ჭრელი შარვლით, სასაცილო ფეხსაცმელებით, ოდნავ წელში მოხრილი... დაბნეული ავტობუსში ადიხარ და ჯდები. გული მაგრად გიცემს, სევდა გეძალება, აეროპორტის დაშორებულ შენობას უიმედოდ გაჰყურებ... გიყვარს კაცუკო...


სერგეი განდლევსკი (რუსეთი)

ის მუდამ გატრუნულია. კამპანია თანდათან იწყებს შეზარხოშებას, ემოციები მატულობს, ნელ-ნელა უკვე აღარავის უჩერდება ენა პირში - აბა სალაპარაკოს რა გამოლევს პოეტებს შორის - ის კი კვლავაც გატრუნულია. განა არ სვამს, სვამს, მაგრამ გარეგნულად ისეთივე მშვიდი რჩება, როგორიც იყო. როცა მას მიმართავენ, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაარღვიოს დუმილი და ლაკონური პასუხი ამოთქვას, ან ძალიან, ძალიან იშვიათად გამოიჩინოს ინიციატივა და საკუთარი სურვილით ჩაერთოს ნადიმის საუბრებში. თუ მას პირველად ხედავ, დიდია შანსი, დაიძაბო, ჩათვალო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე რუსი პოეტი ამპარტავნებაშია გადავარდნილი, მაგრამ ეს განცდა დიდი ხანი მაინც არ გაგყვება, ვინაიდან მალე მიხვდები, რომ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. იგრძნობ იმასაც, რომ ის ნაძალადევად კი არა, მთელი ნეტარებით უზის სუფრას და სიმშვიდე და სიტყვაძვირობა მისი სულიერი კომფორტი, მისი მუდმივი ტრანსი თუ მედიტაციაა.
უნდა მიეჩვიო, და თუ მიეჩვევი, მერე შეიძლება ათი-თხუთმეტი წუთიც კი ბათუმის ღამის სიმყუდროვეში, რესტორნიდან გამოსული იდგე მის გვერდით, სიგარეტი ნებიერად აბოლო და კრინტიც არ დაძრა. და თუ ბოლოს გული მაინც არ მოგითმენს და რაღაცის თქმა მოგინდება, ნუ გეშინია, შეგიძლია ბრძნული აზრების გადმოსაფრქვევად თავი არ შეიწუხო და ბანალური, ჟურნალისტური კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ როდის და რანაირად მოდის მასთან პოეტური შთაგონება, რაზეც ის გაიღიმებს და გიპასუხებს: "ძირითადად შხაპის ქვეშ ვწერ ლექსებს. უფრო სწორად, იდეები ძირითადად შხაპის ქვეშ იბადება. მერე, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდება, სანამ ეს იდეები საბოლოო ფორმას მიიღებენ."
მისი ეს პასუხი რამდენიმე დღის შემდეგ გაგახსენდება. ღამით, წვიმაში ავტომანქანით ჯვარზე ავდივართ. ვდგავართ, ვილუმპებით და დავყურებთ მცხეთას. Uუფრო სწორად, დანარჩენები დავყურებთ, სერგეი კი დგას და ზეცას აჰყურებს. წვიმის წვეთები მისი სათვალის მინებს ნამავენ. სერგეის მეუღლე წუხს, მან მანქანის კარში თითი მოიჭეჭყა.Mმაგრამ სერგეის არაფერი ესმის, ის უკვე სხვაგანაა. და მართლაც, ამაზე უკეთესი შხაპი გაგონილა? ღია ცის ქვეშ, ჯვარზე, მაისის ღამით, ზეცასთან ახლოს...


როხი ვიხი (ჰოლანდია)

როხი ქართულ ტექსტს დაჰყურებს, ქართულ ასოებს აკვირდება და მერე გაოცებული ამბობს: "ძალიან ლამაზია, მაგრამ თითქმის ყველა ასო სამიანს ჰგავს, ვერ ვხვდები, როგორ კითხულობთ..."… ჰმ, ყველა ასო სამიანს გავს... ვის როგორ არ დაუნახავს ქართული ანბანი, მაგრამ ასეთი რამ პირველად მესმის... რომ ვუფიქრდები, მეცინება. მართლაც: ვ - ნამდვილი სამიანია, კ და პ - თითქმის ნამდვილი სამიანები, ო - წაქცეული სამიანი, რ, უ და ღ - კუდიანი სამიანები, შ და წ - ბურთზე მდგარი სამიანები, ა და ი - თავწაწყვეტილი სამიანები, ე ს - სიჩქარეში დაწერილი სამიანი, თ - თავმოკრული სამიანი, გ - მუცელმოკრული სამიანი, ც - მუცლიანი სამიანი, ჰ - ზედმეტთავიანი სამიანი და ასე შემდეგ. არადა, თავად ხომ ყოფილი მათემატიკოსი ვარ, რატომ ერთხელაც არ მომსვლია ასეთი აზრი თავში? ალბათ იმიტომ, რომ ამის დასანახად უცხო მზერა იყო საჭირო. უცხო და თან ცოტათი მაინც არანორმალური. როხის მზერა კი სწორედ ასეთია, იმიტომ რომ თავად როხი შეშლილია. ის ამას არც მალავს. მისი ბიოგრაფიის და პოეტური ცნობიერების განუყოფელი ნაწილია ფსიქიატრიულ კლინიკაში გატარებული წლები. და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იგი ახლა ამ ფესტივალის მონაწილეა, ალბათ ესეცაა. ფესტივალის თემა ხომ "სიგიჟე და მელანქოლიაა".
როდესაც კითხულობს, როხის ცალი თვალი გვერდზე გაურბის და ეს თვალი ბოლომდე უფართოვდება. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ამ თვალით ის ტექსტის მთელ არსს, მთელ მის სუბსტრატს ისრუტავს. ისრუტავს და მერე მას ისე უფრთხის, რომ ცდილობს მზერა მოაშოროს, გაექცეს...
მისი ერთი სონეტით "გაფუჭებულ ტელეფონს" ვთამაშობთ, ანუ ჰოლანდიური ვერსიით, "ჩინურ ჩურჩულს". თამაში ქართველებმა დავიწყეთ. ჯერ ქართულად ვთარგმნეთ და მერე, ორგანიზატორების დიდი თხოვნით, როგორც მოვახერხეთ, რუსულადაც, რათა ესტაფეტა რუსულიდან ფრანგულად გაგრძელებულიყო. უკანასკნელი სვლა სამხრეთაფრიკულიდან ლექსის კვლავ ჰოლანდიურად თარგმნა იყო. დახურვაზე ათიოდე პოეტისა და ენის ხელში გამოვლილი ამ ლექსის ბოლო, "გაფუჭებული" ვარიანტი წაიკითხეს. როხი იდგა სცენაზე და კომენტარებს აკეთებდა. ხალხი სიცილით დაიხოცა. მერე როხი როიალს მიუჯდა და ჯაზური კომპოზიციები შეასრულა. "გაფუჭებული ტელეფონის" ცოტა ხნის წინანდელი სიხალისე და მუსიკისაგან მოგვრილი სიმსუბუქე ნამდვილად დაგაეჭვებდათ როხიში ფსიქიური პრობლემების არსებობაში, მაგრამ ეს ყველაფერი წამიერი და ილუზიური იყო. სიმართლე კი, მწამს, მრავალი გადათარგმანებით დამახინჯებულ მის სონეტშიც კი იკითხებოდა: რომ ის ძვირფასი და შესანიშნავი ვარდი იყო, რომელიც ნეხვივით ყარდა, რომ ყველაფერი, რაც მას ჰქონდა თუ არ ჰქონდა, ბავშვის სათამაშო დაბრეცილ კუბიკებს გავდა, და რომ, რაც მთავარია, მას მთელი ცხოვრება ასოები უნდა ეთრია...
და განა ასეთი აღსარების შემდეგ გაგიკვირდება, შენს ქართულ ასოებს ასე უცნაურად რომ დაინახავენ? და მე ვხედავ როხის, სიზიფესავით თავისი მძიმე ჰოლანდიური ასოები რომ მოუკიდია ზურგზე და ცხოვრების სასტიკ აღმართს მიუყვება. ვხედავ და ხანდახან მეჩვენება, რომ ამ ჰოლანდიურ ასოებს შორის ხანდახან უცნაური სამიანებიც კრთიან...


ნუნუ ჟუდისი (პორტუგალია)

ვახშმამდე რამდენიმე საათი თავისუფალი გვაქვს. ნუნუ მანქანით აქვე ახლოს, მდინარის პირას ჩასვლას გვთავაზობს. ვილარეალელი პოეტი ჟოზე ემოციურად აღგვიწერს, როგორი ლამაზია მათი დურუ, როგორ ლივლივებს მუდამ სხვადასხვა ფერებში... სიამოვნებით ვთანხმდებით. მე და ინგრიდს ჭყუმპალაობის აკვიატებული იდეა გვიცოცხლდება. Nნუნუ იმედს გვიცრუებს, გვეუბნება, რომ მდინარე ცივია... მე ყოველი შემთხვევისათვის მაინც საბანაოდ მზადმყოფი ვჯდები მანქანაში.
წინ მარკი თავსდება. უკან მე, მაია და ინგრიდი. დავიძარით. ჩვენი თხოვნით ნუნუ იმ ფადოს რთავს, რომელიც მის ტექსტზე სრულდება... მარკი როგორც ყოველთვის, მშვენიერ გუნებაზეა და რაღაცეებს ხუმრობს. ნუნუ მოკლედ ეპასუხება და მშვიდად იღიმის. ათიოდე წუთში მდინარეც გამოჩნდა. კისრები წავიგრძელეთ, გავყურებთ ნაქებ მდინარეს. მანქანა დაბლა დაეშვა. საცაა მდინარის პირას ვიქნებით. უცებ ნუნუ მანქანას აჩერებს და ერთ-ერთ გამვლელს პორტუგალიურად რაღაცას ეკითხება. გამვლელი უხსნის და ზემოთ უთითებს. ნუნუ საჭეს ატრიალებს და უკან ბრუნდება.
ეტყობა აქედან არაა ჩასასვლელი... გზა თანდათან მაღლა ადის. ცოტა ხანი მდინარე კიდევ მოჩანს, მერე იგი თვალთახედვიდან ქრება. რევოლუციის თემა წამოიჭრა. ნუნუ ძველი რევოლუციონერია და უყვარს პორტუგალიის 1974 წლის რევოლუციაზე საუბარი. ის პორტუგალიელი სარტრივითაა - დაბალი, სათვალიანი, ჭეშმარიტი ინტელექტუალი... ის მაშინ სულ ახალგაზრდა იყო და იბრძოდა ახალი, თავისუფალი, დემოკრატიული პორტუგალიისათვის. ამის გამო ის აქ ყველა თაობის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ...
საუბარში გავერთეთ, არადა მანქანა უკვე ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებს მიუYყვება მთებში. სახლები აქაც ისეთივეა, როგორც მთელ პორტუგალიაში - წითელკრამიტიანი და თეთრად შეღებილი. ნუნუ ერთხელაც აჩერებს მანქანას. გლეხები ისევ ზემოთ იშვერენ ხელს. "ეტყობა მდინარის სათავე უნდა რომ გვანახოს” - ასეთ დასკვნას ვაკეთებ ჩემთვის. ნუნუსთან ძალიან შინაურულად ვართ, მაგრამ რატომღაც ყველანი მოჯადოებულებივით ვსხედვართ და არავინ უსვამს მას შეკითხვას, თუ მდინარეზე წასულები, რატომ მივემართებით ასე განუწყვეტლივ მაღლა და მაღლა. არც ნუნუ ძრავს ამაზე კრინტს. მხოლოდ ხანდახან მანქანას აჩერებს და სოფლელებთან თავისი იდუმალი გზის მიმართულებას აზუსტებს. უკვე მგონი ერთი საათია გზაში ვართ. ბოლო-ბოლო ვჩერდებით. მანქანიდან გადმოვდივართ და ქვის კიბეებს მაღლა მივუყვებით. სოფლის პატარა ეკლესიასთან ავდივართ. ეკლესია დაკეტილია. ჩვენს ქვემოთ პორტუგალიის თვალწარმტაცი მთა-ველები იშლება. როგორც ჩანს, ეს ადგილი ამ მიდამოებში ყველაზე მაღალი წერტილია. ნუნუ გვეუბნება, რომ აქ ერთი ცნობილი პორტუგალიელი პოეტი დაიბადა. ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ მდინარის კი არა და ნაკადულის ნასახიც კი არ ჩანს. დავბორიალობთ, ბუნებით ვტკბებით, ფოტოებს ვიღებთ... ჩავსხედით მერე ისევ მანქანაში და დავეშვით. მე თვალები მივლულე. ერთი საათი მაინც ისევ გზაში უნდა ვიყოთ... ათიოდე წუთში თვალებს ვახელ და გაოცებული ვიმზირები: უკვე ვილარეალში ვართ, ანუ რამდენიმე წუთში უკვე ჩვენს სასახლეში, კაზა დე მატეუშში ვიქნებით...
დურუს ნაპირას მხოლოდ პორტოში მოვხვდით. ტურისტულ იახტაზეც დავსხედით და მის წყლებზეც გავისეირნეთ. ნუნუ ჩვენთან უკვე აღარ იყო. ის დილით სამჯერ დაგვემშვიდობა, ანუ დაგვემშვიდობა, მერე ისევ გადაგვეყარა, ისევ დაგვემშვიდობა, ისევ გადაგვეყარა, ისევ დაგვემშვიდობა და ბოლოს ლისაბონისაკენ გაეშურა... თუმცა ნუნუს რას გაუგებ, სულაც არაა გამორიცხული ის ახლა ლისაბონს კი არა, მადრიდს უახლოვდებოდეს... ყველაზე მშვიდი, კეთილი და ინტელექტუალი პოეტი-რევოლუციონერებიც ხომ ყველაზე ამოუცნობები არიან... …


სარგონ ბულუზი (ერაყი)

სარგონს ჩვენებურ ყაიდაზე სერგო შევარქვი. ის პირველივე დანახვაზე გამოვარჩიე, მისმა გარეგნობამ, სიარულის მანერამ, …შეკრულმა მუშტებმა რაღაც მანიშნა. რაღაც მანიშნა ხშირ წარბებქვეშ შეფარულმა კუშტმა მზერამ და მოქუფრულმა სახემ... ოდნავ მორკალული და წინ თავწახრილი სამოცდასამი წლის სერგო ერთი შეხედვით თითქოს ღონეგამოცლილი და დაჩუტულია, მაგრამ სინამდვილეში მის სხეულში ფოლადი ასხია. ეს ფოლადი მის ხმაში ისმის, ისმის არა მხოლოდ ლექსის კითხვისას, არამედ უბრალო მისალმებაშიც, ყოფით საუბარშიც. თუმც ეს გარეგნული სიჯმუხე, მიზეზთა გამო წლების განმავლობაში გამომუშავებული ჯავშანი კონტაქტში შესვლისთანავე იხსნება და ერაყელი პოეტისაგან საოცარი კეთილგანწყობა მოდის. მზერა ნათდება, თუმც ამავე დროს კიდევ უფრო გამჭოლი ხდება.
იგი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. თავის დროზე სადამ ჰუსეინის რეჟიმს გაექცა. "ახლა თუ ჩადიხართ ერაყში?" - ვეკითხები. "არა. ჩემი ადგილი არც მაშინ იყო იქ და არც ახლაა"... ყოველ ნაბიჯს მძიმედ და საფუძვლიანად დგამს. სიარულის ნელი ტემპით, ზურგზე მოგდებული ქურთუკით და ქურთუკიდან გამოყოფილი თავით ცოტათი კუს გავს. უკვე ყველამ გაგვასწრო და მიიკარგა. როტერდამის ნაწვიმარი ქუჩებით მუზეუმიდან სასტუმროში ვბრუნდებით. სერგო ცოტა ხნის წინ ბრეიგელის ნახატების წინ ბოლთას სცემდა. სხვები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და პირქუშ შედევრებს დეტალ-დეტალ ათვალიერებდნენ. მას კი თითქოს ეს დეტალები არ აინტერესებდა. შეავლებდა თვალს და თითქოს უკვე ყველაფერი იცოდა... ყველაფერს ცნობდა... არაფერი უკვირდა... ან ვინ იცის, იქნებ სხვებზე მეტად აღელვებდა ეს ბრმა სამყარო და ამიტომაც ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას?..
ის დღესაც ამერიკაშია, თუმც თავის ლექსებში არც ამერიკას ინდობს. მისმა ლექსმა "ოსტატი ამერიკიდან” გინსბერგის "ამერიკა" და საერთოდ ბიტნიკების პოეზია გამახსენა. მალევე ირკვევა, რომ მათთან მეგობრობდა. გინსბერგის "ყმუილი" არაბულად უთარგმნია. მიყვება, როგორი აღფრთოვანებით უსმენდა ალენი არაბულად აჟღერებულ მის პოემას. არ ვუმალავ, რომ ქართულად ეს პოემა მე მაქვს ნათარგმნი. ამის თქმა და მე და სერგო ორკაციან იდუმალ საძმოში ვერთიანდებით. მეორე დღეს თეატრის ფოიეში ვსხდებით და მე მას ქართული "ყმუილის" ფრაგმენტებს ვუკითხავ, ის კი მე - არაბულის. ამის შემდეგ ყოველი შეხვედრისას სერგო ხელს მაღლა წევს და ისე მესალმება. ბოლოს როდის ამიწია ხელი, ვერ ვიხსენებ. ფესტივალის დახურვის დღეს ისე მიმოვიფანტეთ, რომ წესიერად ვერც დავემშვიდობე...
მინდა მჯეროდეს, რომ კიდევ დავინახავ მის მაღლა აწეულ ხელს და მისი სახის მკაცრი ნაკვთებიდან გამოჟონილ სითბოს. და მინდა მჯეროდეს, რომ ახლა თუ არა, ოდესმე მაინც შეამჩნევს მის მაღლა აწეულ ხელს ის ქვეყანა, რომლის გატანჯული ყოფის გამოცაა ის ასეთი - გულჩათხრობილი და მუშტებშეკრული.


საბინა მესაგი (ისრაელი) და სამერ დარვიში (ლიბანი)

მისი სახის ლანდშაფტი იმ უდაბნოს ლანდშაფტს გაგონებს, სადაც ოდესღაც ბიბლიური პერსონაჟები დახეტიალობდნენ და გამოსავალს ეძებდნენ... იმ უდაბნოს ლანდშაფტს გაგონებს, სადაც ძე კაცისა თავის ღვთიურ მარშრუტებს ახორციელებდა... მძიმე ბედისწერა ამ ლანდშაფტის ბინადართა აქაც გაცხადდა... ებრაელი საბინა პირველი ჩამოფრინდა ფესტივალზე ლიბანელ სამერთან ერთად, ერთი თვითმფრინავით... და ისინი, ორივენი, რამდენიმე საათი ერთად ისხდნენ აეროპორტის კაფეში, სვამდნენ ყავას, საუბრობდნენ და ჩვენს ჩამოფრენას ელოდნენ, რათა ჩვენთან ერთად ერთი ავტომანქანით სასტუმროსაკენ დაძრულიყვნენ. ლიბანელს გიტარა მოჰქონდა, მას ლიბანური სიმღერები უნდა ემღერა. მისი სახე გაპარსული და გადატკეცილი იყო, ნაოჭების გარეშე... მაგრამ თვალები - მუქი და ნაღვლიანი... კაეშნიანი... ისინი მანქანაშიც მშვიდად და მეგობრულად საუბრობდნენ ერთმანეთს შორის... და მერეც, პირველ საფესტივალო დღეებში...
შემდეგ კი საომარი მოქმედებები დაიწყო თუ განახლდა... ეს დილით გავიგეთ, საღამოთი კი სამერმა პროტესტის ნიშნად გამოსვლაზე უარი თქვა... აღარ იმღერა ლიბანური სიმღერები... იჯდა ჩვენ შორის დაძაბული და საერთო მხიარულებას უმზერდა... დაძაბული იჯდა საბინაც... ხოლო მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ სამერ დარვიში სამშობლოში გაფრინდა...
დახურვის დღეა... საზეიმო განწყობილება... უცებ ერთ-ერთი რუმინელი ორგანიზატორი დგება და აცხადებს, რომ დღეს სამერ დარვიშისაგან ღია წერილი მოვიდა. იღებს ფურცელს და კითხვას იწყებს... წერილი ემოციურია და მასში ისრაელის მილიტარისტული პოლიტიკაა გაკიცხული... რუმინელი კითხვას ასრულებს და ჯდება. პაუზა. მერე ვიღაცამ ტაში შემოკრა. სხვებიც აყვნენ. აპლოდისმენტები მატულობს... და უცებ აღმოვაჩინე, რომ მათთან ერთად მეც ვუკრავ ტაშს. თუმცა რა, ვითომ სამერ დარვიში მტყუანია? მაგრამ თვალებს ვაცეცებ, საბინას ვეძებ... ის ზის, გამშრალი, გაყინული მზერით... სხვებს გავხედე: ყველა მისკენ აპარებს თვალს...
რამდენიმე წუთში შესვენება გამოცხადდა... ავდექი, დაბნეული მიმოვდივარ... დერეფნის ბოლოს კედელთან აწურული საბინა დავინახე, ვიღაც ესაუბრება...
ვუახლოვდები, იმ ხელებით, რომლითაც რამდენიმე წუთის წინ ტაში დავუკარი, მის ლანდშაფტიან ხელებს ვიჭერ და ვცდილობ, რაც შეიძლება თბილი სიტყვები ვუთხრა. საბინა მიღიმის, მაგრამ ეს ნატანჯი ღიმილია. სხვებიც მოდიან... ადგილს ვუთმობ მათ და ვხედავ, როგორ ცდილობს ყველა, განსაკუთრებული სითბო გამოამჟღავნოს მის მიმართ...
დახურვის ცერემონიალი გაგრძელდა. საბინა ჩემს გვერდით მოხვდა. ის ზის და შესცქერის გამომსვლელებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ სიტყვაც კი არ ესმის მათი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფურცელს და კალმისტარს იღებს და რაღაცის წერას იწყებს...
დასამშვიდობებელ ვახშამზე საბინა უცებ ადგა და სიტყვა ითხოვა. ჩანთიდან ფურცელი ამოიღო და კითხვას შეუდგა... საბინა თავის ქვეყანას არ ამართლებდა. ის ცდილობდა საკუთარი თავი გაემართლებინა. ცდილობდა ეთქვა, რომ ის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი, არაა დამნაშავე, როცა მისი ქვეყნის მეთაურები ომს იწყებენ... ფურცელი თრთოდა... მისი სახე ლანდშაფტი იყო იმ მცირე მიწისა, რომელიც იყო ერთდროულად ყველაზე წმინდა და ყველაზე ცოდვილი...
ყველანი ფეხზე ვიდექით და ტაშს ვუკრავდით...
დიდი ხანი...
გულზე მომეშვა...
და მერე სამერ დარვიში გამახსენდა, ლიბანიდან რუმინეთში ჩამოტანილი მერე უკან წაღებული დაუკვრელი გიტარით და ისევ გული ჩამწყდა...


იე მიმი (ტაივანი) და ივ ბონფუა (საფრანგეთი)

წარმოდგენა არა მაქვს, ვინაა დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი პოეტი, ყველაზე პატარა პოეტი კი, ყოველ შემთხვევაში პოეტი ქალი მაინც, მგონია, რომ იე მიმია...
როდესაც იგი ჰოლანდიაში ჩავიდა და ფესტივალის ორგანიზატორებს გაეცნო, დარწმუნებული ვარ, ისინი ხელად მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი დამატებითი საკითხის მოგვარება მოუწევდათ. ახალგაზრდა პოეტი მიკროფონს რომ მისწვდენოდა, ამისათვის მათ შესამაღლებელი რაღაც საშუალება უნდა მოეძებნათ. ზუსტად ვერ გეტყვით, სად, შესაძლოა სულაც როტერდამის თეატრის დამტვერილ რეკვიზიტებში გამოძებნეს ორგანიზატორებმა ხის ის ყუთი, რომელსაც აზიელ გოგონას გამოსვლის წინ კათედრასთან უდგამდნენ და მიუხედავად პუბლიკის ხალისიანი რეაქციებისა, ის აღმოსავლური სიმშვიდითა და კეთილგანწყობილი ღიმილით შეხტებოდა ხოლმე თავის ყუთზე და ევროპული მუსიკის ფონზე ტაივანური ყაიდის თანამედროვე ჩინური პოეზიის კითხვას იწყებდა.
ვუყურებდი და პუშკინი მახსენდებოდა: "Я памятник себе воздвиг нерукотворный". მართლაც, 24 მონაწილიდან მხოლოდ 27 წლის იე მიმი - ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა პოეტი - იდგა თავის უცნაურ კვარცხლბეკზე და იქიდან გვეუბნებოდა თავის სათქმელს. თუმცა არა, იყო კიდევ ერთი მონაწილე - ყველაზე მხცოვანი - 84 წლის ივ ბონფუა, რომელიც ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსის კვარცხლბეკიდან ერთი დღით ჩამოვიდა, ახალი ეპოქის პოეტების თავშეყრას ერთი დღით ესტუმრა,Dდიდსა თუ პატარას ჭკუა დაარიგა და სასწრაფოდ კვლავ თავისი კვარცხლბეკისაკენ გაეშურა...
არა, სერიოზულად არ მიიღოთ - ყოველივე ეს, რა თქმა უნდა ჩემი სასაცილო ხილვებია, თორემ რა კვარცხლბეკი, რის კვარცხლბეკი! ჩემმა რუსმა მეგობარმა პოეტმა, რომელიც ბონფუასთანაც მეგობრობს, წერილი გამატანა მასთან. თბილისიდან წასვლის წინ, სიჩქარეში დაწერა რვეულის ფურცლის ნაგლეჯზე. გაკრული ხელით, გადახაზული წინადადებებით... იქნებ კონვერტში ჩადოო, - მთხოვა, მაგრამ რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ დამავიწყდა კონვერტის ყიდვა. და თანაც, სანამ ფრანგი კლასიკოსი როტერდამში ჩამოვიდოდა, ეს ნაგლეჯი ჯიბეში სულმთლად ჩამეჭმუჭნა. არა, ასეთ წერილებს კვარცხლბეკზე მდგომთ არ უგზავნიან და არც გადასცემენ ხოლმე, მაგრამ მე აუღელვებლად გადავეცი. ცოტა ხნის შემდეგ კი თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი მონდომებითა და დაკვირვებით არჩევდა იგი, ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოებიდან თუ რომელი დაელია. არა, კვარცხლბეკზე მდგომნი არც ასეთი ინტერესით აკვირდებიან ღვინის ბოთლის ეტიკეტებს... მაგრამ იე მიმი? კი ბატონო, ივ ბონფუა არა, მაგრამ მიუხედავად საოცარი თავმდაბლობისა და მოკრძალებისა, იე ხომ ნამდვილად კვარცხლბეკზე იდგა ხოლმე? ერთი-ორჯერ საცეკვაოდ გავიწვიე, მაგრამ არ მეცეკვა. არ ცეკვავდა ის სხვათაგან განსხვავებით. ბოლო დღეს ასანთის კოლოფი მაჩუქა, რომელშიც გამჭვირვალე პატარა ქაღალდი იდო, და ქაღალდზე მისი ლექსი ეწერა. ასეთი ასანთის კოლოფები ტაივანში იყიდებაო, - მითხრა და როცა ამ კოლოფს დავხედე, კვლავ მისი ხის ყუთი გამახსენდა. ვინ იცის, იქნებ ორგანიზატორებს სულაც არ უპოვიათ იგი დამტვერილ რეკვიზიტებს შორის, ვინ იცის, იქნებ ეს ყუთი იე მიმიმ თავის სამშობლოში შეუკვეთა ხელოსნებს, მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლეც თავად განსაზღვრა და მას შემდეგ, სადაც არ უნდა წავიდეს ლექსების წასაკითხად, ეს ყუთი-კვარცხლბეკი ყველგან თან დააქვს; მოგზაურობისას კი ტანსაცმელს, წიგნებს, კოსმეტიკას შიგ, როგორც ჩემოდანში, ისე ალაგებს...
თუმცა, კაცმა რომ თქვას, განა რა არის პოეტის კვარცხლბეკი?Gგინდ იე მიმისათვის და გინდ ივ ბონფუასათვის? ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ მისი ცხოვრების ჩემოდანია...

სალიმ ბაბულაოღლუ (აზერბაიჯანი)

მოსკოვში დილაადრიან ჩავფრინდით და დანიშნულების ლეგენდარულ ადგილზე პირველები აღმოვჩნდით. პერედელკინოს სემინარის სხვა მონაწილენი თანდათანობით გვიერთდებოდნენ. ყველაზე ბოლოს, ვახშამზე, აზერბაიჯანელები გამოჩნდნენ.
...უკვე საკმაოდ გვიანია. ფოიეში ვზივარ და სასტუმროს ერთადერთ სატელეფონო ჯიხურთან ჩემს რიგს ველი, რათა მეგობარ მოსკოველ მწერლებს შევეხმიანო. სიგარეტი არა მაქვს. არხეინმა ქართველებმა ვერ მოვისაზრეთ, ფული აეროპორტშივე გადაგვეხურდავებინა. გვეგონა, პერედელკინოში ამის პრობლემა არ იქნებოდა. არადა, აღმოჩნდა, რომ მთელს პერედელკინოში ერთი გადასახურდავებელი პუნქტიც კი არაა. ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მომიახლოვდა, სალიმი ჰქვია, ვახშამზე გავიცანი. მეკითხება: "შენ დილით ჩამოხვედი, არა?" თავს ვუქნევ და სიგარეტს ვთხოვ. "ნომერში მაქვს, ახლავე ჩამოგიტან" – მეუბნება. მერე ახალ შეკითხვას მისვამს: "ხომ არ დაკვირვებიხარ, მზე საიდან ამოდის?” ცოტა არ იყოს ვიბნევი. ვერ ვხვდები, ეს რა შეკითხვაა. თავს ვატრიალებ, შემინული ფასადიდან ეზოს ვაკვირდები, გონებას ვძაბავ. "აი, აქედან!” - ვპასუხობ ბოლოს და ხელს ერთი მიმართულებით ვიშვერ. "დარწმუნებული ხარ, რომ არ გეშლება?" გაკვირვებული შევცქერი შუაღამისას მზის მოძრაობის ტრაექტორიით ასე დაინტერესებულ პოეტს. კიდევ უფრო ვიძაბები. ვცდილობ, კარგად გავიხსენო, დღისით პერედელკინოს გზებს რომ ვსერავდი, მზე საიდან მიმზერდა. "კი, ნამდვილად აქედან!” - ვეუბნები ცოტა ხნის შემდეგ დამაჯერებლად. "უღრმესი მადლობა. სიგარეტს ახლავე ჩამოგიტან.” "ნუ შეწუხდები, სხვას გამოვართმევ”. "არა, რა შეწუხებაა...” სალიმი მიდის და ორიოდე წუთში უკან ბრუნდება. მგონია, სიგარეტს მომაწვდის, ის კი შეწუხებული სახით მეკითხება: "ორიენტაციის გრძნობა კარგი გაქვს?" მხრებს ვიჩეჩავ: "ისე, რა”. "მე კი საერთოდ არ მივარგა. კიბეებზე ასვლა რომ დავიწყე, მიმართულება ამებნა. თან კიბეებზე ბნელა. იქნებ დამეხმარო იმის გარკვევაში, ჩემს ნომერში მზე საიდან ამოდის”. "უცნაური ამბავია" - ვივლებ გულში და მივყვები. ის სანთებელას აბჟუტებს. მე ერთი ხელი წინ მაქვს გაშვერილი. ყოველ ბაქანზე, რის შემდეგაც კიბის მიმართულება იცვლება, ვფიქრდები, ხელის მიმართულებას შესაბამისად ვცვლი და ვამბობ: "აი, აქეთ!” ასე ავდივართ მეოთხე სართულამდე. ხელი-ვექტორის ბოლო ცვლილება. ნომერში შევდივართ. "აი, აქეთ!” - ვანიშნებ ერთ-ერთ მხარეს. სალიმი კიდევ ერთხელ მიხდის უღრმეს მადლობას და ღამის სამყოფ სიგარეტს მაძლევს.
მეორე დღეს, სემინარზე სალიმი არ ჩანს. რომ მოიკითხეს, მასთან ერთად ჩამოსულმა მეორე აზერბაიჯანელმა მოიბოდიშა: "გუშინ რამაზანი დაიწყო და სალიმი მთელი ღამე ლოცულობდა. გამთენიისას ჩაეძინა. ხვალიდან სემინარს აუცილებლად დაესწრება”...
მოგვიანებით, ბაქოში სალიმი მეტყვის, რომ სწორედ პერედელკინოში, იმ დღეებში დაანება სიგარეტს თავი. რამდენიმე წელია აღარც სვამს, თუმც ადრე ლოთობდა. დღეში რამდენიმე ბოთლ არაყს ცლიდა. კაფე "არაზი", სადაც ახლა ვსხედვართ, მე სირჩით და ის კი ჩაის ჭიქით ხელში და ჩვეულებისამებრ მგზნებარედ ვსაუბრობთ, ადრე ლიტერატურული იყო. ერთ-ერთი დამაარსებელი ისიც იყო, მაგრამ ღატაკი ლიტერატორების ხელში კაფე ვალებში ჩაეფლო და გაიყიდა. ძველი მეგობრები მიზეზთა გამო ჩამოშორდნენ ან მეტიც, გადაემტერნენ და ამის გამო მისთვის ბაქოში პოეტად ყოფნა მძიმე და მტანჯველია. არადა, სალიმი ყველაზე მორწმუნე პოეტია მათ შორის, რომელიც კი ცხოვრებაში მინახავს და ამავე დროს ყველანაირი კარგი პოეზიის საოცარი მცოდნე და დიდი ფანატი.
თბილისში, "კავკასიურ სახლში", აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე სტამბიდან სულ ცოტა ხნის წინ მოტანილი ქართული "ყურანი" ვაჩუქეთ. სხვა საჩუქრებიც საკმაოდ დაუგროვდა სალიმს და ქუჩაში რომ გამოვედით, რამდენიმეჯერ ვცადე, წავშველებოდი ჩანთის თრევაში. არაფრით არ დამითმო. და ძალიან რომ მივეძალე, გამიღიმა და მშვიდად მითხრა: "გთხოვ, ნუ წუხდები. ჩანთაში "ყურანი" დევს და მინდა, თავად ვატარო..." გაგების ნიშნად მხარზე ხელი დავკარი და პერედელკინო გამახსენდა, მისი პირველი შეკითხვა: "მზე საიდან ამოდის?"

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: