Saturday, August 22, 2009

ალეკო ცქიტიშვილი – საქართველოს სახელით მსჯავრდებული პოეტი


"ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ?!"

რამდენიმე თვეა, უხმაუროდ მიმდინარეობს სასამართლო დავა პოეტ იოსებ ლონგიშვილსა და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონს" შორის საავტორო უფლებების დაცვის თაობაზე. სიმართლე ითქვას, მოპასუხე მხარე რეალურად არა "ერისიონი", არამედ ანსამბლის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი უფროა, რომელიც ამტკიცებს, რომ "შატილის ასულო" ხალხური ლექსია. მოსარჩელე - 80 წელს გადაცილებული იოსებ ლონგიშვილი პროცესის მსვლელობისას გარდაიცვალა და სასამართლოს ორ ინსტანციაში დამარცხებას ვერ მოესწრო. მისი ოჯახი ამჟამად უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

ყველაფერი "ქართული ლეგენდიდან" დაიწყო. ამ სახელწოდებით შექმნილი კლიპი, თოვლიან მთებში შესრულებული ხანჯლურით, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იხილა. "შატილის ასულოს" მუსიკაზე აიგო მთისა და თოვლის ორიგინალური ქორეოგრაფია. ევროპელი პროდიუსერის მიერ კარგად შეფუთულმა და გაპიარებულმა კლიპმა ანსამბლს საერთაშორისო აღიარება და დიდი შემოსავალი მოუტანა. წარმატებით დასრულდა ანსამბლის ევროპული ტურნეც. თუმცა, როგორც ევროპულ, ისე ქართულ მედიაში აქა-იქ მაინც გაჩნდა კრიტიკა. ითქვა, რომ კომერციული ეფექტების ხარჯზე "ერისიონმა" უარი თქვა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ღირსებებზე და მაყურებელს ფაქტობრივად საკუთარი მასკულტურული წარმოდგენა უჩვენა. მსგავს შეფასებებს მეტ-ნაკლებად დაეთანხმა კიდეც სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი. მან ყველაფერი იმით გაამართლა, რომ "ქართული ლეგენდა" მართლაც კომერციული პროექტი გახლდათ - ქართული კულტურის პოპულარიზაციისათის მოწოდებული და მისი გათავისება ფართო საზოგადოებისათვის ასეთი ფორმით უფრო ადვილი იქნებოდა.
"ერისიონის" კრიტიკა წლების შემდეგ ისევ განახლდა, როცა ხალხური შემოქმედების ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მიზეზის გამო მიზანშეწინილი არ არის, "ერისიონი" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს: 1) ანსამბლი კომერციულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ხალხურ შემოქმედებას. 2) 15 წლის განმავლობაში არ ცვლის რეპერტუარს და ერთსა და იგივეს ასრულებს; 3) ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში სიმღერას ფონოგრამაზე ასრულებს და ცუდ ტენდენციას ამკვიდრებს, რადგანაც ხალხური სიმღერა პირველ რიგში იმპროვიზაციაა და აუცილებლად სჭირდება ცოცხალი შესრულება.
წმინდა ფოლკლორული საკითხების გარდა, "ერისიონის" სახელს ორი სკანდალი უკავშირდება. ჯერ იყო და ანსამბლის მსახიობებმა დაიჩივლეს, რომ დიდი შემოსავლების მიუხედავად, მათ საოცრად დაბალი ჰონორარები ჰქონდათ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კლიპ "ქართულ ლეგენდაში" გამოყენებული ცნობილი სიმღერის "შატილის ასულოს" ტექსტის ავტორი, იოსებ ლონგიშვილი ცოცხალი იყო და გული წყდებოდა, რომ მის სახელს არავინ ახსენებდა. ერთმა-ორმა გაზეთმა მხცოვან პოეტს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მიაკვლია და ამ თემაზე ვრცელი კომენტარიც ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ ლონგიშვილი არა მარტო შატილის ასულოს, არამედ "რა ლამაზია თუშეთის" ტექსტის ავტორიც ყოფილა, რომელსაც აქამდე სხვადასხვა გაქანების ქართველი პოპ-მომღერლები ასევე ტექსტის ავტორის მიუთითებლად ასრულებდნენ.

სხვათაშორის, ამ თემაზე დავა ჰქონდათ "იურმალას" კონკურსანტ ნინი შერმადინს და თუშური სიმღერების ცნობილ შემსრულებელს ლელა თათარაიძეს, რომელიც აცხადებს, რომ "რა ლამაზია თუშეთი" მისი დაწერილი სიმღერაა. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ლელა თათარაიძის პრეტენზია სამართლიანია - მომღერალმა უნდა მიუთითოს როგორც სიმღერის, ისე ტექსტის ავტორი, მაგრამ საინტერესოა, რომ თავად თათარაიძის ალბომებშიც არსად არის მითითებული ამ სადავო სიმღერის ტექსტის ავტორი. მეტიც - ჩვენი მოკვლევით, სიმღერა "რა ლამაზია თუშეთი" არა ლელა თათარაიძემ, არამედ ზემო ალვანში მცხოვრებმა 90 წელს მიტანებულმა თამარ ქააძემ დაწერა გასული საუკუნის 60-იან წლებში იოსებ ლონგიშვილის ლექსის მიხედვით.
თამარ ქააძე იმ დროს ზემო ალვნის სკოლაში მუსიკას ასწავლიდა. იოსებ ლონგიშვილი ხშირად აწვდიდა თავის ლექსებს და მათ "ამღერებას" სთხოვდა. ასე დაიწერა "შატილის ასულოც", რომელიც ლონგიშვილმა საცოლეს - ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა. საინტერესოა, რომ სახელი ფატიმა უკვდავყოფილია სიმღერაშივე, რომელსაც მართალია, სხვადასხვა ანსამბლები უკვე "გახალხურებული" ინტერპრეტაციით მღერიან ("შატილის ასულო, ლერწამო ტანითა"), მაგრამ თუშეთში უფრო თავდაპირველი, ლონგიშვილისეული ვარიანტია გავრცელებული ("შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა...").
თამარ ქააძე, ზემო ალვნის საშუალო სკოლის მუსიკის ყოფილი მასწავლებელი: "იოსებ ლონგიშვილს თავისი ლექსები პირველად ჩემთან მოჰქონდა. მისი ლექსი "რა ლამაზია თუშეთი" მე ავამღერე. მართალია, ეს მელოდია ჩემი გამოგონილი არ არის, ადრეც არსებობდა, მაგრამ ლექსს მე შევუხამე და მას შემდეგ ზუსტად ისე მღერიან, როგორც მე ვიმღერე პირველად. თუშებს უყვართ ეს სიმღერა, განსაკუთრებით - მეცხვარეებს. როცა ახალგაზრდა ვიყავი და მემღერებოდა, ხშირად მთხოვდნენ - თამარ, "რქებჩაგრეხილი ჭედილა" გვიმღერე და ერთ ჭედილას ჭიშკართან დაგიბამთო. როცა მისმენდნენ, ისე განიცდიდნენ, რომ სულ ქვითინებდნენ. აბა, მწყემსს სხვა რა უნდა?.. ბავშვობიდან ცხვარში არიან გასულები, მხარზე კომბალგადებულები და სხვა რა აატირებს, თუ არა "რქებჩაგრეხილი ჭედილა"... ეჰ, მერე მართლაც მხვდებოდა ხოლმე ჭიშკართან ჭედილები.
რაც შეეხება "ფატიმას", კარგად მახსოვს ის დღე, იოსები რომ მოვიდა ჩემთან, უბეში ხელი ჩაიყო და ფურცელი მომაწოდა. ეს რა არის-მეთქი. მორცხვად გაიღიმა - აი, ეს ლექსი დავწერე და აბა, თუ აამღერებო. ვიცოდი, რომ ფატიმა უყვარდა. "ფატიმას" რომ ვწერდი, თითქოს იოსების გრძნობებიც განვიცადე. ეს მელოდია მანამდე არ არსებობდა, არც მისი მსგავსი რამ. მთლიანად მე შევქმენი და პირველად ვიმღერე გარმონზე. იოსებს რომ ვუმღერე, თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა, ისე მოეწონა. მოგვიანებით ჩემმა მოწაფემ, დიმიტრი (მიტო) ქადაგიძემ ცოტა უფრო სხვანაირად აამღერა ეს ლექსი - აი, ისე, ახლა რომ გუნდები მღერიან. მერე და მერე სიმღერამ იარა, იარა, იარა და როგორც წყალი ნაგუბარში ვერ გაჩერდება, გადმოვა და გაიტოტება, ასე წავიდა და გავრცელდა ხალხში".
საინტერესოა და სასამართლო დავისათვისაც მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - 1960 წელს დაწერილი ლექსი იოსებ ლონგიშვილმა რაიონულ გაზეთში 1973 წელს გამოაქვეყნა სათაურით "ხადიშათ". შესაბამისად შეიცვალა სტრიქონებიც, რომლებმაც ასეთი სახე მიიღო: "ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ..." "ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან..."
ეს უცნაური გადაწყვეტილება ადვილად ასახსნელია მათთვის, ვინც მთიელი კაცის ცხოვრების წესს და პრინციპებს იცნობს. ლონგიშვილს ეხამუშა უკვე მისი მეუღლის - ფატიმა წოტოიძის საჯარო ქება და ტექსტში მცირეოდენი კორექტივი შეიტანა - ერთი მუსლიმანური სახელი მეორით შეცვალა. როგორც ფატიმა წოტოიძემ გვითხრა, ქმრის გადაწყვეტილებამ მას გული დაწყვიტა. ლონგიშვილი კი სიცოცხლის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და შატილის ასულს უცნაური სახელი - "ხადიშათ" გვიან გამოცემულ პოეტურ კრებულებშიც შემორჩა. თუმცა, ბოლოდროინდელ ტექსტებში "ხადიშათი" მაინც აღარაა "ჩეჩენთა ასული" კვლავ "შატილის მთებში" ცხოვრობს.
ფატიმა წოტოიძე-ლონგიშვილისა: "ეს ერთი ლექსია ჩემი სიმდიდრე. ამ ლექსით მომწონდა თავი და ახლა უნდათ, ეს სიმდიდრე წამართვან. რა სასამართლო და გამოძიება ჭირდება ამას? "შატილის ასულს" ფატიმა ჰქვია, ფატიმა კი, აგერ, მე ვარ. 1960 წელს, როცა იოსებმა ეს ლექსი დაწერა, 36 წლის კაცი იყო, მე - 19 წლის გოგო. ისე ვუყვარდი, უამრავი ლექსი მომიძღვნა. ბევრი მთხოვნელი მყავდა, მაგრამ ამ ლექსებით ისე შემაყვარა თავი, იოსებს გავყევი. მერე, როცა თამარ ქააძემ სიმღერა შექმნა, ისე გამოვიდა, რომ მთელი საქართველო ჩემზე მღეროდა და ეს ძალიან მეამაყებოდა. 1973 წელს, იოსებმა ლექსი რაიონულ გაზეთში დაბეჭდა და აიჩემა, სახელი ფატიმა უნდა შევცვალო, ხადიშათი უნდა დავარქვაო. თუშებში სირცხვილად ითვლება ცოლის სახალხოდ მოფერება და ქება. ამიტომ ვერა და ვერ გადავათქმევინე. იმ დღეს, ახმეტიდან რომ დაბრუნდა, ამაზე მაგრადაც ვიჩხუბეთ.
ამ "ერისიონის" ამბავმა ხომ სიცოცხლის ბოლო დღეები ჩაუმწარა! სანამ სასამართლო დაიწყებოდა, ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან ჩამოვიდა. ათი მანქანა მოადგა ეზოს. ეტყობა, სადღაც სხვაგან იყვნენ და გამოიარეს. იოსებს უთხრა - გავიგე, შენი ყოფილა ლექსი და ფული უნდა მოგცეო. იოსებმა - მე ფული კი არ მინდა, უბრალოდ, თქვი, რომ ჩემი ლექსიაო. ამას ჯერ დამტკიცება უნდაო და ისე შეყვნენ საუბარს, რომ ბოლოს იჩხუბეს. იოსებს ამ დროს თვალის ჩინი აღარ ჰქონდა (1998 წლიდან დაბრმავდა) და ყველაზე მეტად იმაზე დაწყდა გული, რომ კამათის დროს ჭკუასელმა უთხრა - შენ ბრმაც არ იქნები, მაგასაც იგონებო".
იოსებ ლონგიშვილის გულისტკივილს გამოხატავს მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ლექსი - "ლექსო "შატილის ასულო":

"ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
მე ხალხი სულაც არ მყავდა,
გაგახალხურეს რატომ?

მამულის გარეთ გაფრინდი
ცეკვა-სიმღერის ფრთებით,
მე კი საწოლში ცრემლსა ვღვრი,
მე კი საწოლში ვკვდები.

ხალხურიაო, ამბობენ,
ტანში მიჩხვლეტენ ეკლებს,
ვახ, თუშ პოეტის გულსა და
ვახ, ლონგიშვილის ნერვებს.

ორმოცზე მეტი გავიდა,
ამ გულს რომ მოსწყდი ლხენით
და უღვთოდ გაგახალხურეს,
ვერ მორჩნენ ჩემი კბენით.

ლექსო "შატილის ასულო",
მე ხომ დაგწერე მარტომ,
ჩვენ ხალხი სულაც არ გვყავდა
გაგახალხურეს რატომ?"

პირველი გადაწყვეტილება "საქართველოს სახელით" თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 28 მაისს გამოიტანა (მოსამართლე დიანა გოგოტიშვილი), მეორე კი ზემდგომმა ინსტანციამ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის ერთი წლის შემდეგ - 2008 წლის 16 აპრილს. ბრმა პოეტი იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა და ვერ მოისმინა ვერდიქტი, რითაც მას წაართვეს უფლება ლექსზე, რომელსაც თითქმის 50 წლის განმავლობაში თავისად მიიჩნევდა.
ჯემალ ჭკუასელამდე არავის უმტკიცებია, რომ ამ ლექსის ავტორი სხვა იყო, უფრო სწორად, სხვა კი არა, ზოგადად - ხალხი. არც იოსებ ლონგიშვილს უჩივლია იმ ანსამბლებისათვის, რომლებიც "შატილის ასულოს" წლების განმავლობაში ასრულებდნენ. ან რატომ უნდა ეჩივლა?! საბჭოთა პერიოდში ხომ საავტორო უფლების გაგება პრაქტიკულად არ არსებობდა. ყველაფერი გამოცხადებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, მათ შორის ინტელექტუალური პროდუქტებიც. მსოფლიო აღმოჩენების მქონე მეცნიერებს 120 მანეთიანი ხელფასი ჰქონდათ და ხელში კარაქისა და შაქრის ტალონები ეჭირათ. ხოლო ისეთი ლექსების ავტორებს, როგორსაც იოსებ ლონგიშვილი ქმნიდა, საერთოდ არ აგდებდნენ სათვალავში და მასაში ათქვეფილ "სახალხო მთქმელებად" წარმოადგენდნენ. ამ ვითარებაში თავიანთ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დამტკიცება "სახალხო მთქმელებს" არანაირ კომერციულ მოგებას არ მოუტანდა. ამიტომ არც დავობდნენ... ვიდრე საბაზრო ეკონომიკის პირობებში არ დაინახეს, რომ მათი სტრიქონების წყალობით სხვებმა მილიონები იშოვეს.
სასამართლო პროცესზე მძაფრი კამათი გაიმართა. შეიძლება ითქვას, ასეთი უთანასწორო ლიტერატურული დისკუსია კარგა ხანია, არ ყოფილა ფოლკლორის თემაზე. ექსპერტთა აზრი ორად გაიყო: ორმა მეცნიერმა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გელათის აკადემიის აკადემიკოსმა, მიხეილ ქურდიანმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ამირან არაბულმა წარმოადგინეს საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, "შატილის ასულოს" ავტორი უეჭველად იოსებ ლონგიშვილია. საპირისპირო დასკვნა წარმოადგინეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის პროფესორმა, თეიმურაზ ქურდოვანიძემ და ამავე კათედრის თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ხვთისო მამისიმედიშვილმა. მათი აზრით, ლექსის კონკრეტული ავტორი უცნობია და ამდენად, იგი ხალხურია.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვიტა, საბოლოო ვერდიქტამდე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ექსპერტისთვის მოესმინა და ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს მიმართა. სწორედ ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ელგუჯა დადუნაშვილის "საექსპერტო დასკვნა" გახდა მთავარი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ძირითადად სწორედ ამ ხუთი ექსპერტის დასკვნებს გაეყრდნო და დავა წმინდა სპორტული ანგარიშის (3:2) მიხედვით გადაწყვიტა.
თუკი საექსპერტო დასკვნებს კარგად შევისწავლით, შესაძლოა, ბევრ ისეთ საკითხზე დავფიქრდეთ, რაზეც მოსამართლეც უნდა დაფიქრებულიყო.
პროფესორების მიხეილ ქურდიანისა და ამირან არაბულის ორგვერდიან და რვაპუნქტიან დასკვნაში ძალიან მოკლედ, მაგრამ მყარი არგუმენტაციით არის გადმოცემული, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს "შატილის ასულო" იოსებ ლონგიშვილის მიერ დაწერილ ლექსად:
"იოსებ ლონგიშვილის ავტორობა ამ ტექსტის მიმართ არავითარ ეჭვს არ იწვევს (სხვათა შორის, მის ავტორობას არ უარყოფენ ის სპეციალისტებიც, ვინც ამ ლექსში გარკვეული პლაგიატის ნიშნებს ხედავს (ალექსი ჭინჭარაული), ან ლექსის ფოლკლორიზაციაზე ლაპარაკობს (ზურაბ კიკნაძე და სხვები). გარდა ამისა, ამ ლექსის ავტორის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე არსებითი ენობრივ-პოეტიკური არგუმენტი: 1) ლექსის საზომი - თორმეტმარცვლიანი სტრიქონი 3/3 3/3 ცეზურებით, საზოგადოდ ძალზე იშვიათია და საერთოდ არ არის ნიშანდობლივი ქართული ხალხური პოეზიისათვის. 2) ეს საზომი გარკვეულ პერიოდში ჩნდება ი. ლონგიშვილის პოეზიაში (1955-60 წწ.) და აშკარად გარკვეულ მოტივს უკავშირდება (იხ. "აშექალ", "შენ ჰაეროვანო", "ჩვენც მთაში წავიდეთ", "ლხინი მწყემსებთან") 3) "ხადიშათ" და "აშექალ" თავისი მოტივით, თემითა და განწყობით თითქოს ერთი ლექსის ორ ნაწილსა თუ ორ ვერსიას წარმოადგენს. 4) ლექსის საზომი იმდენად ზუსტად განსაზღვრავს სიმღერის მელოდიას, რომ შეიძლება ლექსის ავტორი სიმღერის ავტორადაც მივიჩნიოთ, მითუმეტეს, ტრადიციის ტანახმად, ლექსი (ტექსტი) სწორედ გარკვეული მელოდიის ქარგზე იქმნებოდა. რაც მთავარია, ეს მელოდია არ არის ორგანული ქართული ხალხური სიმღერისათვის და ის კავკასიურ სამყაროშია საძიებელი. 5) ჯვარედინი რითმა: ლექსის საზომი უშუალოდ ჩანს დაკავშირებული გარითმვის თავისებურებასთან. ყველა ამ რიგის ლექსი გარითმულია ჯვარედინად, რაც საზოგადოდ უცხოა ხალხური ლექსისთვის. 6) შედგენილი რითმა: ლექსში (და სხვა ამ რიგის ლექსებშიც) ვლინდება საკმაოდ მაღალი დონის შედგენილი რითმები (თმები და - მთებიდან; გატარებ - მაგ თვალებს; დამცვივდა - და მცივა...) რაც ძალზე იშვიათია ხალხურ პოეზიაში. 7) ენობრივი ინვენტარი: იოსებ ლონგიშვილის ამ ლექსში ვლინდება ისეთი ლიტერატურული (საავტორო) ხასიათის სიტყვები თუ შესიტყვებები (გამონათქვამები), რომლებიც არ არის ორგანული ხალხური პოეზიისათვის. Mაგ.: პერწამო ხადისათ/ლერწამო ტანიტა; ფრიალოს ბილიკი; ამ მკერდით გატარებ; შურთხების ქნარი; წამწამტა ფრთები... 8) კალკები: ჯერ კიდევ ალ. ჭინჭარაულმა შენიშნა, რომ ამ ლექსში ვლინდება წოვა-თუშურის (ნახურის) ისეთი კალკები, რაც განსაკუთრებით უტყუარი ნიშანია ამ ლექსის კონკრეტული ავტორისადმი კუთვნილებისა (არახალხურობისა). კერძოდ: შატილის ასულო, არხოტის ხევსური, დაგიბან მაგ თვალებს... დასკვნა: საექსპერტო ტექსტის ლინგვისტურ-პოეტიკური ანალიზი უეჭველად ადასტურებს იოსებ ლონგიშვილის ავტორობას.
მერვე პუნქტში მოცემულ არგუმენტაციას დავუმატებთ, რომ იოსებ ლონგიშვილი კარგად ფლობდა წოვა-თუშურს (ნახურს) და ერთადერთი ქართველი პოეტი იყო, რომელიც ამ ენაზეც წერდა ლექსებს.
მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველების - თეიმურაზ ქურდოვანიძის, ხვთისო მამისიმედიშვილისა და ელგუჯა დადუნაშვილის საექსპერტო დასკვნები მოკლებულია პუნქტობრიობას და ლაკონურობას. ყველანი აცხადებენ, რომ ლექსი ხალხურია, თუმცა, საინტერესოა, რომ არც თსუ-ს ფოლკლორისტიკის კათედრისა და არც ლიტერატურის ინსტიტუტის მდიდარ არქივებში არ მოიძებნა თუნდაც ერთი ხელნაწერი, სადაც ეს ლექსი ჩაწერილი იქნებოდა რომელიმე სხვა "სახალხო მთქმელიდან" და დაფიქსირებული იქნებოდა ხალხურად. ექსპერტი თეიმურაზ ქურდოვანიძე, უბრალოდ, აღნიშნავს - "50-იანი წლების ბოლოს "შატილის ასულოს" შესრულების ფაქტს ადასტურებენ სხვადასხვა თვითმხილველები". "თვითმხილველებად" იგი ასახელებს ვახუშტი კოტეტიშვილს და... არც მეტი, არც ნაკლები - ჯემალ ჭკუასელს.
ძალიან მწირი დოკუმენტური მასალის მიუხედავად, სამივე ექსპერტი ლონგიშვილს პლაგიატობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მან ხალხური ნაწარმოები მიითვისა და შეიტანა საკუთარ კრებულებში. ელგუჯა დადუნაშვილი ამ უმძიმეს ბრალდებას არა კონკრეტულად "შატილის ასულოს" მაგალითით ასაბუთებს (სავარაუდოდ იმიტომ, რომ ხელში არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია), არამედ ლიტერატურის ინსტიტუტის არქივში აღმოჩენილი სხვა "მტკიცებულებით": 1961 წლის ზაფხულში იოსებ ლონგიშვილს, როგორც მოხალისე შემკრებს, "სახალხო მთქმელ" საბა ითიურიძისაგან ჩაუწერია ლექსი "თუშის ქალი", რომელიც დადუნაშვილის დაკვირვებით, ძალიან ჰგავს იოსებ ლონგიშვილის ხელნაწერ კრებულში 1952 წლით დათარიღებულ იგივე სათაურის ლექსს. საინტერსო "ექსპერტული ლოგიკაა". თუკი ლონგიშვილის ხელნაწერი 1952 წლით არის დათარიღებული, ხოლო არქივში მოპოვებული ლექსი საბა ითიურიძისაგან თითქმის 10 წლის შემდეგ არის ჩაწერილი, ადვილი შესაძლებელია, რომ ითიურიძე იყოს ლონგიშვილის პლაგიატი და არა პირიქით. ამავე დროს, ამ ორ ლექსს შორის, ჩვენი დაკვირვებით, ისეთივე მსგავსებაა, როგორიც, მაგალითად - გიორგი ლეონიძის საავტორო ლექს "ყივჩაღის პაემანსა" და ხალხურ - "შემომეყარა ყივჩაღს" შორის.
ხვთისო მამისიმედიშვილის საექსპერტო დასკვნა ძალიან ზოგადია და მიზნად ისახავს სასამართლო კოლეგიის გათვითცნობიერებას, თუ რა არის ხალხური პოეზია. მისი აზრით, ხალხური ნაწარმოების ავტორი არის არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი ხალხი. ამ მცირე სალექციო კურსმა, როგორც ჩანს, დიდი გავლენა მოახდინა მოსამართლეზე, რომელმაც ბოლოს თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
"სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ტექსტის ფოლკლორულობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ იოსებ ლონგიშვილი იყო სახალხო მთქმელი. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია აღიარებული და მოცემულ საქმეზე დადასტურებულია ექსპერტების დასკვნებით, სახალხო მთქმელი არის ისეთი პიროვნება, რომელიც სწავლობს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, ახორციელებს ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერას და საჯაროდ ავრცელებს ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ამ გარემოების გათვალისწინებით სახალხო მთქმელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ასეთი ნაწარმოების ავტორად, რადგან იგი მოკლებულია ორიგინალობას და თვითმყოფადობას".
დადუნაშვილი, ქურდოვანიძე და მამისიმედიშვილი დიდ ყურადღებას ამახვილებენ ლონგიშვილის მიერ 1973 წელს რაიონულ გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებულ ლექსზე. არც ერთი ექსპერტი არ კითხულობს მიზეზს, თუ რატომ გაჩნდა ამ ლექსში "ჩეჩენთა ასული" და "ხადიშათ". არც ერთი არ უშვებს ვარაუდსაც კი, რომ ავტორმა 1960 წელს დაწერილი თავისივე ლექსის დეტალები შეცვალა.
მოპასუხე მხარის პოზიციის დამცველი ექსპერტები ლექსის გამოქვეყნების თარიღს ლამის მისი დაწერის თარიღად მიიჩნევენ. ამიტომაც არ უწევენ ანგარიშს და ინტერპრეტაციას აძლევენ ყველაზე საინტერესო მტკიცებულებას, რომელიც თან ერთვის საქმეს. ეს არის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის არქივში დაცული აუდიჩანაწერი - 1967 წელს კახი როსებაშვილის მიერ სოფელ ალვანში ჩაწერილი სიმღერა "თუშური სატრფიალო" თამარ ქააძის შესრულებით და "შატილის ასულოს" მსგავსი ტექსტით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1973 წლამდე, როცა ლონგიშვილმა "ხადიშათ" გამოაქვეყნა, "შატილის ასულო" უკვე არსებობდა. ასეთ უცნაურ ლოგიკას იზიარებს მოსამართლეც, რომელმაც თამარ ქააძე არც მოწმედ დაკითხა და არც მისი წერილობითი ახსნა-განმარტება გაიზიარა. თამარ ქააძე აღნიშნავს, რომ 1967 წელს, როცა კახი როსებაშვილმა მისი სიმღერა ჩაწერა, იგი სწორედ ლონგიშვილის ტექსტით მღეროდა.
სწორედ ასეთი უცნაური ლოგიკის ძაფით არის შეკერილი სასამართლოს ვერდიქტი - "საქართველოს სახელით". გვაქვს მცირედი იმედი, რომ სტატიას მოჰყვება პროფესიონალი სპეციალისტების გამოხმაურება, რომლებიც საბოლოოდ მოჰფენენ ნათელს ამ არც თუ ისე რთულ საქმეს. ხოლო უზენაესი სასამართლო ცოტა უფრო კვალიფიციურად შეისწავლის ქვედა ინსტანციებში უკვე დასრულებულ დავას და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ტექსტები გაანალიზებისათვის და შედარებისათვის:

1) "ერისიონის" მიერ ქორეოგრაფიულ კომპოზიცია "სამაიაში" ჩართული სიმღერის ტექსტი:

"შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბორბალოს ფერდობზე ამ მკერდით გატარებ,
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა"

2) ფრაგმენტი ლექსიდან "შატილის ასულო", რომელიც შეტანილია იოსებ ლონგიშვილის მიერ 1995 წელს გამოცემულ ლექსების კრებულში "ჩემი სულის ღაღადი":

"შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

3) ფრაგმენტი 1973 წლის 31 ივლისს გაზეთ "ბახტრიონში" გამოქვეყნებული ლექსიდან "ხადიშათ":

"ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა,
ჩეჩენთა მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკლავით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზის ნაქარგი კაბითა".

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“





1 comment:

koba chumburidze said...

ბარაქალა, ალეკო

ვინც ლონგიშვილის ავტოროას უარყოფს, უნდა დაფიქრდეს ამაზე:
1. ეს არის ბრალდება საზიზღარ, გულისამრევ ცრუპენტელობაში და რით დაიმსახურა იმ კაცმა ამგვარი. მგონი რომ ამაზეც პასუხია საგები.
2. ეს აშკარად არაა ისეთი სიძველის ლექსი, რომ ცოცხალ მეხსიერებაში მისი ავტორი აღარ არსებობდეს და თუ არსებობს სხვა, სად არის? როგორ არ გამოჩნდა იმთავითვე ვინმე, როცა ლონგიშვილმა ეს ლექსი თავისი სახელით გამოაქვეყნა? ლონგიშვილი დაუსჯელობის იმედით მხლოდ მაშინ გაბედავდა ამას, თუ დამწერს თავზე ადგა იმ დროს და ლექსის დასრულებსთანავე მოკლა და დამარხა ავტორი.
3. ლექსი ისეთი ოსტატობითაა გამართული, რომ მისი დამწერი აშკარად წიგნიერი კაცი ჩანს. ამგვარი რითმის დასაწნავად მხოლოდ ნიჭიერება არ კმარა. ჰოდა ასეთი კაცი სად იყო გატრუნული, რომ არავინ არაფერი იცის მის შესახებ. ხომ არ გვავიწყდება, რომ ამბავი ჩინეთში კი არა, აქვე ხდება, სადაც სულ რამდენიმე ასეული კაცი ცხოვრობს.
4. ხალხურ იდეა–მარგალიტებს რაც შეეხება, მათი გამოკლების მერე ვაჟასგანაც ბევრი არაფერი დარჩეს ვინძლო.
5. და ამგვარი ექსპერტები გოგოლის ძველი დროის მემამულეებს რომ წაიკითხავენ, იმასაც იტყვიან – კაცია, ადამიანი? – ილიას დაწერილი არ ყოფილაო...
და ასე შემდეგ.
და ბოლოს, თუ ლონგიშვილის აფერისტობის დამტკიცებას ცდილობს ვინმე, სრული უფლება მაქვს ასე დავსვა კითხვა – ასეთი გააფთრება და ენერგია, რაც ამ ლექსის ხალხურობის სამტკიცებლად აღიძრა, უანგაროა ვითომ?