Tuesday, August 25, 2009

თომას მანის "ჯადოსნური მთა"


ტევტონური მთები

წარმოუდგენელია, რომ "ჯადოსნური მთა" დაეწერა არაევროპელს. ამასთან, მას ვერ შექმნიდა სხვა მწერალი, თომას მანის გარდა. ლოუი-პორტერის ბრწყინვალე თარგმანი, რომელიც ორ მსხვილ ტომს მოიცავს, ძალზე დამაჯერებელია. ამიტომ ზოგიერთი მკითხველი, რომელმაც ვერ შეძლო ბატონი მანის მძიმე და ხშირად უსიამოვნო, პათოლოგიური თხზულების ორიგინალის ბოლომდე წაკითხვა, მიენდო თარგმანს და მისი მეშვეობით გაიაზრა ნაწარმოები.
ისეთი წინდაუხედავი და გაუმართლებელი ნაბიჯი, როგორიცაა ლოუი-პორტერის მიერ "ჯადოსნური მთის" თარგმნა, არ გვაკვირვებს, მაგრამ მსგავსი ნაწარმოებები ჩვენში უცხო ხილია. რა თქმა უნდა, ინგლისელი მწერლები, განსაკუთრებით - ქეთრინ მენსფილდი და ბეატრის ჰარადენი თავს არ არიდებდნენ იმ თემას, რომელსაც ბატონმა მანმა გენიალური ოსტატობით შეასხა ხორცი, მაგრამ მენსფილდიც და "ღამეული გემების" ავტორიც ძირითად ადგილს არ უთმობდნენ მას თავიანთ ქმნილებებში; რაც შეეხება "ჯადოსნურ მთას", აქ ეს თემა ასახულია ყოველგვარი იუმორის გარეშე და შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სცენას, სადაც ვითარდება ბატონი მანის რომანში აღწერილი მოვლენები, წარმოადგენს შვეიცარიის მთებში განლაგებული სანატორიუმი. რომანის თითქმის ყველა გმირი ჭლექიანია და ამ საბაბით ავტორი წარმოგვიდგენს "სხეულში ორგანული სითხეების განზავების" შემაძრწუნებელ სურათს. გმირების დაავადების ნიშან-თვისებები აუტანლად დეტალიზებულია. ეს, განსაკუთრებით, შეეხება რომანის მთავარ გმირს, ჰამბურგის ახალგაზრდა მკვიდრს, ჰანს კასტორპს, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრება ტუბერკულოზით დაავადებულ ბიძაშვილს, შემდეგ კი გებულობს, რომ თვითონაც ამ ავადმყოფობის მსხვერპლად იქცა.
სანატორიუმის მკვიდრთა ცხოვრება - მათი სასიყვარულო ურთიერთობები, ეჭვიანობა, სკანდალები, განურჩევლობა თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი - მართლაც რომ ტევტონური გულმოდგინებითაა აღწერილი. წიგნის წინასიტყვაობაში მთარგმნელი გვატყობინებს, რომ დახმარება სთხოვა "ურთიერთგანსხვავებული სპეციალური დარგების ავტორიტეტებს", რათა ადეკვატურად გადმოეცა ბატონი მანის რომანის ზოგიერთი ეპიზოდი. როგორც ჩანს, სწორედ ამაში მდგომარეობს გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი მწერლის ტრიუმფი - მის ნაწარმოებში ყველაფერი ოსტატურადაა დასაბუთებული.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

1 comment:

ვიკა მჟავანაძე (მოლიკუნა) said...

საოცარია წიგნია! ძალიან საინტერესო თავია, „Humaniora“, სადაც ბატონი სეტემბრინის ჰუმანური იდეები არაჩვეულებრივად არის გადმოცემული. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე, თავებმა: „კვლევა-ძიებანი“ და (განსაკუთრებით)„მიცვალებულთა როკვა“. ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, დაუვიწყარი, ქრისტიანული სულისკვეთების სავსე რომანია!