Wednesday, October 21, 2009

მალხაზ ხარბედია –ზაფხული

ზაფხული ძალაში შევიდა, დაცხა, დამტვერილმა ვენტილატორებმა ისევ ამოიღეს ხმა. ოფისებში კონდიციონერები წვეთავენ, ყველგან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ყინულზე, სითხეც აუარება ისმება და მარაოს ბიზნესიც ყვავის ალბათ. ხალხი უკვე იხიზნება ქალაქიდან, ღამით ღია შუშაბანდებიდან სიმღერის ხმა ისმის, ცოლ-შვილის გარეშე დარჩენილი, მარტოხელა კაცები სიცხეს ცივი ღვინით ან ყინულიანი არყით ებრძვიან. ამ შერკინებაში, როგორც წესი, სიცხე იმარჯვებს. დღეს მეც ასეთი დამარცხებული ვარ, თან რამე საზაფხულო მინდა დავწერო, მაგრამ ასეთ სიცხეში ძნელია წერა.
შორიდან ასხივებენ ჩემი საზაფხულო მოგონებები, მახსოვს სხვისი ზაფხულებიც, მიმოწერებიდან, დღიურებიდან და რომანებიდან ამოკითხული...
ჩვენ ყოველ ზაფხულს რაჭაში ვისვენებდით ხოლმე, დედულეთში. მოგეხსენებათ, ჰაერი, წყალი და სოკო ბევრია რაჭაში, აი ხილი კი ყოველთვის პრობლემა იყო. ეს ახლაა, დღეში რამდენჯერმე ამოივლის ტყიბულიდან, ამბროლაურიდან ან ქუთაისიდან წამოსული “მაღაზია-მანქანა”, თორე მაშინ მთელი ზაფხული მჟავე ვაშლზე ვიყავით ბავშვები. ყველამ ვიცოდით ვის რამდენი საადრიო ვაშლი ედგა და ივლისის თვიდან დაუნდობლად ვანადგურებდით ამ წვნიან, დაშაქრულ განძეულს. ბლობა რაჭაში სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და ძალიან მალე ილეოდა. დიდი წვალება უნდოდა მინდვრის მარწყვის შეგროვებასაც.
მამაჩემის ამოსვლა ნამდვილი დღესასწაული იყო, თბილისიდან ქაღალდის დიდი ტომრებით ამოქონდა ხოლმე ხილი. ერთი ტომარა პატარა ნესვებით იყო სავსე, მეორე საზამთროთი, სხვები კიდე გარგრით, ატმებით და ქლიავით (ჩვენი, რაჭული ალიბუხარი ძალიან გვიან, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მწიფდებოდა). წიგნების დაბარებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, წიგნებით ძირითადად ბიძაჩემი მამარაგებდა, რადგან ბაბუაჩემის მწირი ბიბლიოთეკა უკვე ათვისებული მქონდა და ასევე კარგად ვიცნობდი უკვე ჩვენი და მეზობელი სოფლის ბიბლიოთეკებსაც.
საზაფხულოდ წიგნების გადადება და ქალაქში ჩამსვლელისთვის დაბარება ყოველთვის აქტუალური იყო. ასე ხდებოდა 19-ე საუკუნეშიც და იმედია ბევრი დღესაც ასე იქცევა. ქართულ პროზაში თუ მემუარულ ლიტერატურაში ხშირია შემთხვევები, როცა ქალაქს მიმავალ ექიმს ან ოჯახის თავს წიგნებს აბარებდნენ, თანაც მაშინ, 19-ე საუკუნეში, დღევანდლისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი წიგნის მაღაზია თუ ფარდული იყო დაბებსა თუ პატარა ქალაქებში, ვიდრე დღეს. დღეს დიდ სოფლებში ვეღარსად შეხვდებით წიგნით მოვაჭრეს, მაშინ კი ბევრი იყო ასეთი.
ახლა ქართველი მწერლებიც გავიხსენოთ თავიანთი ზაფხულებიანა. პირველ რიგში კი გრიგოლ ორბელიანი, ტფილისის სიცხეს, მტვერსა და კირს რომ გაურბოდა და კოჯრისა და ტაბახმელის გრილ ნიავს აფარებდა თავს. კუმისში დიდი მამულები ჰქონდათ ორბელიანებს, მაგრამ ყველა მამულს მაინც ქალაქის სიახლოვეს გასეირნება ერჩივნა. ბაბალე საგინაშვილს წერდა: "შენ რა გაემგზავრე პიატიგორსკისკენ, მეც აღარ დავჰყავ მაგდენი ხანი თბილისს და გავეცალე აქაურს სიცხეებს, აქაურს საშინელს ჰაერსა, სავსესა კირითა და მტვერითა, და ამოველ ტაბახმელას, სადაცა მართლად მშვენიერი საზაფხულო ადგილია... გაიშალა სუფრა მწვანეს მინდორზედ; მოერთუათ სათალი, ყველი, არაყი; ზედ მოჰყუა ხაშლამა, ფლავი და მწუადები და ამასთანა დიდროანი ჯამები ღვინითა..."
ხშირი იყო ბორჯომში სტუმრობებიც, სადაც “პუბლიკა” დილის 6 საათიდან გროვდებოდა წყალთან, სვამდნენ, ბანაობდნენ, “კურკურებდნენ”, შემდეგ ჩაის დრო მოდიოდა, შუადღეს კი სადილად სხდებოდნენ. 5 საათზე ცხენებით და ეკიპაჟებით სეირნობა იწყებოდა, 8-ზე კი ლაზათიანი ვახშამი იშლებოდა.
ცოტათი განსხვავებული რიტმი იყო ილიასთან, საგურამოში, სადილ-ვახშამებიც უფრო დიდხანს გრძელდებოდა და ბანქოსაც უფრო მეტი დრო მიჰქონდა. ასევე ზაფხულის პერიოდში დამკვიდრდა 19-ე საუკუნის ბოლოს ე.წ. “ილიაობა”, რომელიც ორ, ზოგჯერ კი სამ დღეს გრძელდებოდა და სადაც აუარება ხალხი იყრიდა ხოლმე თავს. ამ დროს, აკაკი სადმე რომლიმე სასტუმროში ატარებდა ზაფხულს, ვაჟა კიდე პირიქით, მთელი ქალაქი რო გაიხიზნებოდა, მაშინ ჩამოეხეტებოდა ტფილისში თავისი ხელნაწერებით (რამდენჯერ მინახავს, აგვისტოს ტირაჟდაცემულ ნომრებში გამოქვეყნებული ვაჟას ლექსები, ნარკვევები და მოთხრობები).
თავისი საყვარელი ადგილები ჰქონდათ დასასვენებლად 20-ე საუკუნეშიც, თუმცა ყველაზე პოპულარული და ბუკოლიკური ალბათ მაინც ქვიშხეთი იყო, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი ყიფიანიდან მოყოლებული იქცა მწერალთა საზაფხულო თავშესაფრად. როგორც ამბობენ, სწორედ ქვიშხეთიდან წაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი... 60-70-იანელთა თაობაში ახალი ძალით აღორძინდა ქვიშხური ზაფხულები და ქართულ ლიტერატურას რამდენიმე შესანიშნავი “ქვიშხური ტექსტიც” შემორჩა. გალაკტიონი წყნეთში ისვენებდა ხოლმე, იქვე იშენებდა სახლს გოგლა ლეონიძეც, წყნეთი ეპყრათ მწერალთა კავშირის ბობოლებსაც. მუდამ ხალხმრავლობა იყო საგურამოში, გაგრასა და ბიჭვინთაში, ზოგი მუშაობდა, ზოგი ჯონჯოლს აგროვებდა, სხვები ქეიფობდნენ, იყვნენ ამრევებიც. ამასობაში მეც, როგორც ჩანს, ავირიე, სიცხემ ამრია, რადგან უფრო საზაფხულო საკითხავზე ვაპირებდი საუბარს და არა მოგონებებზე, თუმცა არა უშავს, სექტემბირში გავუზიაროთ ერთმანეთს წაკითხულის შტაბეჭდილებები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

2 comments:

Anonymous said...

rodis daibechda es cxel shokoladshi...? tarigebi miuceret ra statiebs ra rodis daibechda...

არილი said...

SarSan zafxulSi daibechda.