Saturday, January 9, 2010

ბესიკ ხარანაული – სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი


ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა

ფრაგმენტი წიგნიდან

გამომცემლობა “სეზანის” მიერ გამოცემული ეს წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში.

ჩიტის სკინტლზე აშენებული ქალაქი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკინტლზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკინტლზე ქალაქი აშენდებაო. ქალაქი კი ოდითგანვე ქვეყანას და სიცოცხლეს ნიშნავდა, სადაც ცა და მიწა წისქვილის ქვებივით ფქვავენ ყველაფერს, რასაც ძვალი და ხორცი გააჩნია: ნაფქვავი ქარს მიაქვს, ნაწური კი მიწაში ჩადის.
ამ ადგილას, ოდითგან, საკვირველებისკენ მიმავალი შარაგზა იყო, ქვაღორღიანი და მტვრიანი. გზის ორივე ნაპირი ბალახითა და ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, რომლებიც სულ შარა-გზაზე გადასვლას და მის დაპყრობას ცდილობდნენ. მაგრამ, ფეხი - კაცისა, საქონლისა, ცხენისა, ჯორისა, თხებისა და ბავშვებისა ბალახს სინსილას უქრობდა და არ აძლევდა გზის დაპყრობის საშუალებას. დაუდიოდათ ამ გზაზე ნახირი, მიდიოდნენ ტყეში ხეების მოსაჭრელად და უღელში შებმული კამეჩებით ხის ნალოებს მოათრევდნენ. დადიოდნენ პანტა-მაჟალოს ხეების დასაბერტყად, - არაყს გამოხდიდნენ, საზამთროდ შეინახავდნენ, დადიოდნენ მაყვლზე და ასკილიზე, კვრინჩხზე და ტყემალზე. მოკლედ, შარა-გზას ფეხი არ აკლდა, მაგრამ ამით ქვა-ღორღი არ ცვდებოდა, მტვერი არ თავდებოდა.
სიტყვა უნდა ასრულებულიყო: ჩიტის სკინტლზე ქვეყანა აშენდებაო!
სწორედ ამიტომ, გზის ერთ ნაპირზე, წვრილ, ძაფივით აბურდულ ტოტებიან ბუჩქში, ხარის ბუზზე ცოტად მოზრდილი ჩიტი ცხოვრობდა, სახელად - მალულა, ნემსივით წაწვეტებულ ცხვირზე ჩამოცოცებული თვალებით ზვერავდა სამყაროს, თუმცა კი, ყოველი ფრთოსანი ფიქრობდა, რა მშვიდი ცხოვრება აქვს ამ მამაძაღლსაო! დიახაც, ასე იფიქრებდნენ, რადგან ყველამ როდი იცოდა ჩიტ-არწივას არსებობა, რომელიც თვითონაც არაა საშუალო ფრინველის ზომის, მაგრამ ბუჩქების წვრილი ბინადრებისთვის, რომელთა სუსტი ბგერებიც ერთი ბუჩქიდან მეორემდე ძლივს აღწევს, ნამდვილი ურჩხულია, ანუ თვალებ-გადმოკარკლული არწივი, რომლის საშინელი ძალა კურდღლებს, მინდვრის თაგვებს და ფრინველებს საკუთარ ბურტყლზე აქვთ გამოცდილი.
ჰოდა, ამ ბუჩქების ბინადარმა ცეროდენა მალულიკამ თავისი ბუჩქიდან გზის იქითა მხარეს გადაფრენა რომ მოინდომა, ჰაერის რხევამ ჩიტ-არწივას განზრახვა აცნობა და მოუმატა განწირულად სიჩქარეს და რომ უფრო დამსუბუქებულიყო, ზედმეტი ტვირთი მოიშორა, ანუ მოსკინტლა. სკინტლი შარა-გზაზე დავარდა. გეგონება ქაოსიდან იშვაო, გაბრწყინდა მზით, რომლისთვისაც სულ ერთია, რას გაანათებს, გაშრა, გამაგრდა, მთის კორტოხს ემსგავსა და სულ მალე ზედ სოფელი გაშენდა. სოფელი მალევე იქცა ქალაქად, ქალაქი - ქვეყნად და ადამიანებისთვის ყოვლად გამოსადეგი ადგილი შეიქნა, თუმცა კი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, მისი არსებობა განუწყვეტლივ ბეწვზე ეკიდა. ადამიანები, ძროხები, ხბოები, თხები... ყველაზე საშიში მაინც ფეხმურგვალები იყვნენ, რომლებიც ორჩლიქოსნებისგან განსხვავებით, ხმაურით, მტვრის საშინელი ღრუბლით და მწყობრი სვლით გამოირჩეოდნენ. ისინი ცას მთლიანად ფარავდნენ, და ქვა-ღორღს ნაპერწკლებს აყრევინებდნენ, რაც სკინტლზე აშენებული ქვეყნისთვის ელვა-ქუხილზე საშიში იყო.
ასეთი განსაცდელი წელიწადშო ორჯერ ეწვეოდათ ხოლმე: როცა სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი საკვირველებისკენ მიიმტვერებოდა და როცა უკან ბრუნდებოდა, ანუ, როცა ყველაფერს ზანზარი გაჰქონდა.
წარმოგდგენიათ, როდის დაწყებულა ეს ამბავი! - XIII საუკუნეში, როცა ულუ დავითის მეუღლემ ჯიგთახათუნმა “ფხოველნი მეხარკე ყვნა, და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მხეცისა ბუნებანი”.
ჰოდა, რა გასაკვრია, რომ მათი შიშით სკინტლის მაცხოვრებლები დედაწულიანად მიწაში ამოთხრილ დარანებში აფარებდნენ თავს და იქ კვირისტავებზე დაყრილნი შველას შესთხოვდნენ დამბადებელს. ქურდები, ბოზები და ლოთები იფიცებოდნენ, რომ შესწყვეტდნენ უზნეობას, თუმცა გრძნობდნენ, რომ ფუჭად ჩაუვლიდათ აღთქმა: ძნელია კაცმა ანდაზას აჯობოს! აკი თქმულა: ქურდი, ბოზი და ლოთი - ფიცილისააო!
ადამიანის არსებაზეც, როგორც მარად განვითარბად და ცვალებად სისტემაზე, მანამ არაფერი ითქმის, ვიდრე ის პლანეტიდან პლანეტაზე ფრენას არ ისწავლის. ვიდრე მას არ შეეძლება ადგილის შეცვლა, ვიდრე შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ღმერთი ის ეგონება, ვისაც ხსნისთვის კვირისტავებზე დავარდნილმა უნდა ეხვეწო.
მერე რა, რომ მალულიკა დაუსხლტა ჩიტ-არწივას, მერე რა, რომ ლმობიერია ჯორის ტერფი სკინტლზე აშენებული სოფელ-ქვეყნისთვის, ხოლო ძროხები და თხები რძით გატენილ ცურებსა და ჯიქნებს სურნელოვანი ღრუბლებივით თავზე რომ გადაატარებენ, ნეტარება და მადლიერება იპყრობთ სკინტლზე აშენებული ქვეყნის მცხოვრებლებს...
ამ სკინტლზე აშენებულ სოფელზე ისე გემრივლად მეწერება, მეშინია, სხვებსაც არ დააინტერესდეთ და არ მომთხოვონ, ის კი არ გვიამბე, რასაც აპირებ, სკინტლზე აშენებულ სოფელზე მოგვიყევიო.

ფეხსალაგის ორმოების ჟამი

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა სოფელში ფეხსალაგის ორმოების თხრა დაიწყეს.
მანამდე სოფელში ყველას თავისი სარიოშო კუთხე ჰქონდა. კაცს რომ გაუჭირდებოდა, სადაც გინდა ყოფილიყო, უტყუარი ისარი იქ წაიყვანდა. მაგრამ შემდგომში სოფელი გაიზარდა, რაც იმან გამოიწვია, რომ ახლომახლო ხევებში ცხოვრება დაკნინდა და მიწა გამოიფიტა და ქერისა და დიკის ნაცვლად ბაბუაწვერა ამოდიოდა. ესენი კი, მოგეხსენებათ არ იფქვიან...
სოფელი წარღვნისდროინდელ ტენზე იდგა ჯერ კიდევ და ცისა და მიწის ურთიერთხახუნის რიტუალურ ჰანგს გამოსცემდა. ბუნებისთვისაც ეს იყო მთავარი. ის ხომ ნარიყივით გასპეტაკებული მკვდარი ძაღლის კბილებზეც ისეთივე ეშხით გადარბის, როგორც კაცისგან მდინარეში სამშრალოდ ჩალაგებულ ქვებზე.
ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება ცივილიზაციის წინსვლა. პროგრესი დედამიწაზე უჟამო ხანიდან მიმდინარეობს, ისევე, როგორც სექსუალური რევოლუციები. და არ არის გასაკვირვი, რომ ეს უკანასკნელი წინ უსწრებდა ფეხსალაგის ორმოების თხრას.
უცნაური ექო გააჩნია ცივილიზაციას: სადღაც, შორს, დილასისხამს აგუგუნებული ორთქლმავალის ხმა ნაშუადღევსვე გაიგონეს მივარდნილი კავკასიის პიტალო მთების კალთებზე და ოცნებამ აიტანა მეოცნებენი, - და ხალხიც ხომ იმათ კვალზე დის: ნეტა როდის გამოსჩხვერს ამ გრანიტის თეთრ მწვერვალებსაც ორთქლმავალიო და ლაღად დაემართება დაღმა ხეობაში, სადაც ჯერ კიდევ მშვილდ-ისრობამდე გველეშაპმა ჩაიხრიგინა და ისე მოასუფთავა ჭალის გარშემო ტყეები (თითქოს წარსულმა მომავალზე იოცნებაო), რომ ერთი ორთქლმავალი კი არა, ორიც აუქცევს ერთმანეთს გვერდს.
პროგრესი ყველგან შეუქცევადი და ყოვლისმომცველია. მეც კი ვარ შესწრებული მისი წყალობით მომხდარ შესანიშნავ მოვლენას: ქალის ტრიკოები ნელა-ნელა, მაგრამ არა კაცისთვის შეუმჩნევლად, თვალსა და ხელს შუა ისე დაპატარავდა, რომ ფიწლითაც ვერ აიღებს კაცი.
ეს ამბავიც, როგორც უკვე გამცნეთ, მაშინდელია, როცა სოფელში ფეხსალაგის ორმოების თხრა დაიწყეს. გაეჯიბრა ხალხი ერთი-მეორეს, გამოჩნდა ვინ იყო პროგრესული და ვინ ჩამორჩენილი, თუმცა სახელს თავდაპირველს უწოდებდნენ, ანუ “სარიოშოს”, ანუ სასაძაგლოს, მაგრამ მერე ისიც საგანძურად ჩაითვალა, ანუ ბანკად, ანუ სეიფად, და ეწოდა მას ფეხსალაგი.
ასე იყო სოფელში, სხვაგან კი არ ვიცი, რა როგორ მოხდა. ჩემთვის დღემდის ფეხსალაგია მხოლოდ “ფეხსალაგი”.
მალევე დაიხვეწა ფეხსალაგის დიზაინიც. კლიმატოლოგები არჩევდნენ ქარის მიმართულებას, ეკოლოგები ადგენდნენ ფეხსალაგის ადგილმდებარეობას, არკვევდნენ საით უნდა ექნათ პირი, კარი საით უნდა გაღებულიყო, რა მანძილზე უნდა ყოფილიყო დაცილებული ქლიავებისგან... საქმე წინ წავიდა. გაშალაშინებული ფიცრით შეკრულ ფეხსალაგს, ზოგი, უფრო მგრძნობიარე, კარის თავზე გულის ფორმის საჰაეროებს ატანდა. სამწუხაროდ ბეტონზე ჯერ არაფერი სმენოდათ სოფელში, ამიტომაც ფიცრის იატაკს აგებდნენ მუხის ძველი ნასახლარების კოჭებზე. მარცხის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო: სოფელი რატომღაც სტრატეგიულ ადგილად ითვლებოდა და იქვე, ლელოვანში, ყოველთვის იდგა სამხედრო ნაწილი, იმის მემკვიდრე, 1812 წელს რომ ამოწყვიტეს აჯანყებულმა გლეხებმა. მაგრამ ახლა მშვიდობა იყო და მთვრალ ინტენდანტს ფართო ჩასაჯმელ ხვრელში ნაგანი ჩაუვარდა, მაგრამ დაათრო არყით სხვა ოფიცერი და იმან ამოუღო. ეს იყო და ეს! ამის მერე ხვრელი დაავიწროვეს და ოფიცრებმა აღარ იცოდნენ რითი გაერთოთ თვალი.
იმ ხანებში მე სრულიად ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ძალზე გამაკვირვა, რომ, თურმე იმერეთში ფეხსალაგების ორმოები არ იყო მოდაში, ზეზეულ დგამდნენ და “ჩეჩმას” ეძახდნენ და, რომ, როგორც კი კაცი ჩეჩმისკენ გაემართებოდა, ღორებიც შორიდან მორბოდნენ წინასწარულად კმაყოფილ ღრუტუნით, და, რომ იქაც ყოფილა უსიამოვნოსავით შემთხვევა, როცა ვიღაცას ლამის მიწამდე ჩაკიდვია ყვერები და ღორებს ისიც საჭმელი ჰგონებიათ... მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ჭორი რომელიღაც უღვთო საუკუნეშია შექმნილი.
მაშ ასე: სოფელში ფეხსალაგის ორმოებზე შემდგარ კოშკებში სხვა და სხვა გრძნობები ღვიოდა. ზოგი სიხარულით მსუბუქდებოდა, ყიჟინებდა, რომ უკან მოუხედავად ეთხოვებოდა სიმძიმეს, ზოგს სწყინდა, რომ არ შეეძლო ნაქნავისთვის თვალის შევლება, ზოგი გულგატეხილი იყო, რომ გუშინდელი ტკბილი სადილ-ვახშამი დღეს სიმყრალით სწვავდა ნესტოებს; ისინი, ვისაც ყოველგვარი გაცემა შიშის ზარს სცემს, გეგონება თავზე დამდგარმა ყაჩაღებმა ხელიდან სეიფის კლიტე გამოგლიჯესო, ცრემლებს ღვრიდნენ და ისე ეთხოვებოდნენ განძს. ზოგიც სიმძიმის დაკარგვას წუხდა, - როგორღა გავიდრიცებიო? იყო სხვა განცდებიც: ზოგი კვირტის ნართივით ნელად ართავდა, ზოგიც ქვემეხივით აქუხებდა.
და მხოლოდ ერთადერთ უკმარისობას განიცდიდა ყველა სხვადასხვა: ციხეში ეგონათ თავი ფეხსალაგის ორმოებზე შემდგარ უშუქო და უჭუჭრუტანო კოშკებში. ჭვრეტა ერჩიათ გარესამყაროსი, სინათლის, სივრცის, მზის ბრჭყვიალების, ვარსკვლავთა კაშკაშის...

სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი

რიცხვითი სახელი სამოცი, თამამად რომ ზის წიგნის სათაურში და მეტყველების სხვა ნაწილებს თვალზე ხელისმოჩრდილვით გაჰყურებს მხარსუკან, არც ისე იოლად მოხვედრილა ამ ადგილას, თვითონ რომ ჰგონია, რადგან ახლაც ვეკითხები ჩემს თავს - სწორად დავითვალე?
- მგონი რომ სწორად!.. რადგან სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი იმ ხნისამ ვნახე, როცა ადამიანი ახლადაა გარკვეული რიცხვებში და თუ დაითვალა, არ შეეშლება, მით უმეტეს, რომ მერე, შეშინებული, თითქმის ორი კვირის მანძილზე, გულმოდგინედ ითვლის და ითვლის...
ეს რომ მაგონდება, ახლაც მეჩვენება, რომ გონებაში, უბრალოდ, მაინცდამაინც, ეს რიცხვი მაქვს აღბეჭდილი და არა სხვა რამე.
იმის ეჭვიც მიჩნდება, იყო თუ არა ეს ყველაფერი სინამდვილეში, მაგრამ რომ გამახსენდება, როგორ მაძლევდა სიცხეებს ამ ამბების გამო და როგორ სამარცხვინოდ ვისველებდი ღამღამობით, რის გამოც იძულებული გახდა დედაჩემი, ცალთვალა მკითხავთან წავეყვანე გამოსალოცად (ასეთი შემთხვევა ერთი და ორი როდი ყოფილა), ვამჯობინებ დავიჯერო, რომ სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ნამდვილად ვნახე.
თანაც, ვ. ფ.-საც სწორედ ამ რაოდენობითა აქვს ისინი ნახსენები თავის “მთის სურათებში,” - კორესპონდენციებში, რომელთაც გაზეთ “დროებაში” აქვეყნებდა ლ. რ.-ს ფსევდონიმით. და ვიღას უნდა დაუჯეროს კაცმა, თუ არა მას?
ფაქტების მიმართ შემდეგშიც ასე სათუთად მოვიქცევი; საკუთარი წარმოსახვით კი არ ვიჭენავებ, თვითმხილველის მონათხრობს მივანიჭებ უპირატესობას, რათა მკითხველისთვის სარწმუნო იყოს ყოველი ფაქტი.
აკი მოსამართლეც თვითმხილველის მონათხრობს ეყრდნობა ხოლმე და არა დამნაშავის შეთხზულს. გარდასული დროის ამბავი ან ფაქტი წინაპრების ნამოწმებიდან უნდა აიღო: უყვართ ძველი დროის ნაწერებს, როცა შთამომავლის ხელი ეხება... უყვართ, როცა სულს უხსენებენ, როცა მათ სამოსს მოირგებენ... ადამიანების მოდგმა თაობებად ტყუილად არ დამარცვლა ღმერთმა. იმიტომ არ ვიშვით ყველა ერთად, დროში რომ გაგვეძლო.
გარდასული დროის მწერლთა ნაწერები ჩემთვის როგორც დედის ძმის სახლია: - სკამს უკითხავად დავჯდები.
საკუთარი გმირობა კაცისთვის ძნელი საამბობელია, ისევე, როგორც სხვისი გმირობაა ადამიანისთვის ძნელი მოსანელებელი და რაკი არც მოგონებებს სწყენთ ხოლმე გამოცდა, სჯობია, რომ რაც მახსოვს, მოვყვე. მაშინ გაირკვევა სიმართლეც და ისიც, თქვენც შეგეშინდებოდათ თუ არა ჩემსავით.
სამი ბიჭი ვიყავით წასული ყინტორაზე (Chaerophyllum), ჯეჯილში დავდიოდით ფეხმორიდებით, ვთხრიდით ბარულებით და პარკებს ვავსებდით. ყინტორა, იგივე ხიფხოლა, გემრიელია საჭმელად, ხილის მაგივრობას ისიცა სწევს უხილო ქვეყანაში, ისევე, როგორც მთისა და ველის სხვა მრავალი მცენარე მწვანე ფერისა, საჭმელად რომ ვარგისია და ბარელებს წარმოდგენაც არა აქვთ. ყინტვრის მწნილი ყველა ოჯახში სადილ-ვახშმის დამამშვენებელია და ჩვენც, გუდებსა და პარკებს რომ გავივსებდით, კმაყოფილები და ვალმოხდილნი, სულელური ლაზღანდარით ვბრუნდებოდით შინ. ამიტომაც იყო, რომ, როგორც კი თვალი მოვკარით, მაშინვე ავცეტდით და ყროყინი დავიწყეთ. ვიცოდით, რომ დაყროყინება, ისევე, როგორც “ციცას” დაძახება, რაინდებისთვის საწყენი იქნებოდა. მაგრამ ასეთს არ მოველოდით.

თვალი მაშინვე მოვკარით, საავდრო ღრუბელივით დასავლეთის მხრიდან გორზე რომ გადმოდგნენ და გზას დაეღირნენ. კარგა გრძელი გზა ჰქონდათ გამოვლილი, თვალწინ რუკა მოუძღოდათ უხილავად გაშლილი, რომელზეც ეს სოფელიც იყო აღნიშნული, მაგრამ მთავარი შემდეგი პუნქტები იყო... ჰოდა, როგორც კი ცოტა ესიამოვნათ, პირველ სოფელში უკვე ვართო, ამ ძაღლის დაყრილებმა არ აიგდეს საცინლად!.. გასწყდეს ამათი ჯიში: ამათი პაპები ჩვენს პაპებს უყროყინებდნენ, ამათი მამები ჩვენს მამებს და ესენი ჩვენ!.. - აცა, ბალღებო, თქვე მამა-ციციანებოო, ეხლა ვნახავთ თქვენს გალაღებასა!.. - ეს აზრი გამოვიტანეთ რაინდების რისხვიანი შეძახილებიდან და ეტყობა ერთსულოვნადაც, რადგან ერთახმით გავჭენდით მდინარისაკენ.
საოცარი მხედრები მთელი ფრონტით წამოვიდნენ ჩვენსკენ, თითქოს ჭენება მონატრებოდათ, ცოცხებით დატვირთული ჯორები ურჩხულებივით მოქანავდნენ.
ამათ მხარეში არყის ხის ტოტებისგან ცოცხებს აკეთებდნენ და ძირითადად კახეთში ყიდიდნენ, ძირითადად იმიტომ, რომ, გზადაგზა, ასე ოსტატურად აწყობილ ჯორის ბარგს ერთი-ორი ცოცხისთვის არ დაშლიდნენ, რაც არ უნდა შეეძლიათ.
არყის ხის ცოცხებს დიდი გასავალი აქვს ყველგან, სადაც კალოს ლეწავენ, თონეს ახურებენ, ან სადაც ოჯახის დიასახლისი მარჯვე და სისუფთავის მოყვარეა. ისე ოსტატურად აკიდებენ ხოლმე ჯორს მსუბუქ, მაგრამ უხერხულ ბარგს, რომ ჯორს თვალები და პეპლებივით მოუსვენარი ყურის წვერებიღა მოუჩანს, წვრილ წვივებთან და ჩლიქებთან ერთად. მთელი ბარგი კოშკის პრინციპზეა აგებული, ზედ ამხედრებულ ფარ-ხმალ-ხანჯალ-თოფ-იარაღიან რაინდიანად.
შორიდან, მშვიდობიან სვლას თავმიცემული მხედრობა იყო. მოჩოქჩოქობდა საქმიანად თავის გზაზე და როგორ წარმოვიდგენდით, თუ ასე სულელურად აპრიალდებოდა ჩვენს ყროყინზე. სამ-ოთხჯერ თუ დავუყროყინეთ და ნუთუ ეს უნდა ყოფილიყო მათი გადარევის მიზეზი? ნუთუ ვერ გვამჩნევდნენ, რომ ფეხშიშველი, სულელი ბალღები ვიყავით, თვითონ კი სერიოზული და საპატიო აღკაზმულობით პატივდებული რაინდები ბრძანდებოდნენ, რომლებსაც დაცინვას ვერავინ გაუბედავდა...
არადა, როგორც ნამდვილ მტერს, ისეთი შემართებითა და ყიჟინით დაგვეტიენ. - არა ხუმრობენ! - ვაცნობე ჩემს თავს და მივუთარგმნე ამხანაგებსაც და გავკურცხლე რაც კი ძალა მქონდა, ზურგზე მოკიდებული გუდა გადამძვრა მხრიდან, - იმისთვის მეცალა! მივრბოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი შველას და ვერ წარმომედგინა, რამე თუ გადამარჩენდა.
შეიძლება ცოტად ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ მოსაზრებული სულ არა! თუკი რაიმეს ხიფათი ჰქონდა, უშუალოდ უნდა გამომეცადა. მდინარეც ასე იყო: სულ ჩემს თავზე გამოვცადე, სად რა სიღრმის და რა ზნე-ჩვევების მორევები ჰქონდა, სულ იმის მიხედვით განვისწავლე, სად როგორ მაყლაპინა წყალი და სად მაღრჩობდა. სხვების ნასწავლი თავში არ მიჩერდებოდა. ახლაც, ამ საბედისწერო ჟამს, იმ ადგილას მოგვიწია მდინარეში გადახტომა, სადაც მორევები იცოდა. აქეთ-იქით ყველგან თავთხელი იყო, სირბილით თავისუფლად გავტყლაპუნდებოდით, მაგრამ ყველაზე დიდ მორევში შევვარდით. ახალმა შიშმა ისე დამაძლევინა ძველი შიში, რომ მერეც საამაყოდ მქონდა, როცა ტალღებს თავზე ხელს წამოვუტყაპუნებდი ხოლმე, შინაურულად, როგორც შეძმობილებულ ნაგაზს.
რომც ეხუმრათ, თავს ვერ გაუმხელდნენ - ვიხუმრეთო, აქაურები ხომ არ იყვნენ, ხუმრობა-ლაზღანდარობაში რომ ამოსდით სული და ბალღი ქვეშაფსია ჰგონიათ, ბებერი კიდევ - მკუანა; მათ მხარეში ბალღიც და მოხუციც პატივდებულია და ჭკუაც მსგავსად მოეკითხებათ. ამიტომაც, ამაოდ გვეგონა, ბალღები ვართ და დაგვინდობენო. სინამდვილეში, რაინდებმა, შესაძლოა პატარა წაუვარჯიშეს: ბარში ხომ, საერთოდ, ფრთხილები და ხმაჩაწეულებია და მინდვრებიც სადა აქვთ თავის ქვეყანაში საჭენაოდ; აქ კი, გაშლილ სივრცეს დანატრებულები გაჰკიოდნენ და მოაგელვებდნენ თავგანწირვით ცოცხებით აღკაზმულ ჯორ-ულაყებს. თეთრი ჯორი ჰყავ თანგულასაო, თეთრ ფაფარს მიაბიბინებსაო....”
ამათმა მოდგმამ დაწალიკებით სვლა იცოდა მთის ბილიკებზე, ახლა კი, წყეული ცოცხებით დატვირთულნი, ჯგუფებად დაყოფილნი მიდიოდნენ გზობას, რომ ორიოდ შაური ეშოვნათ და ჯორებისთვის სანაცვლოდ ნაყიდი ხორბლის ტომრები აეკიდათ. არა მგონია, თავი მოსწონებოდათ ამ ვაჭრობით. სჩანს, ჩვენი დარბევით რაღაც დაძაბულობა მოიხსნეს, თავისდაუნებურად.
ისევ ყანამ გვიშველა, მგონია, მოერიდნენ იმის გათელვას; ან მდინარემ, რომ შევვარდით და გავცვივდით გაღმა სოფლისკენ, ისინი კიდევ ცოცხიანი ჯორებით მდინარეში ვერ შემოვიდოდნენ... გვიყურებდნენ წყალს იქით გადასულებს და იცინოდნენ... ისე ვიყავი შიშით შეპყრობილი, რომ მათი სიცილი სრულიად გამომრჩა. საწყენია ძლიერ! ისინი ხომ საუკუნეში ერთხელ იცინიან.
მესამე დღეს წავედით თავგადასავლიანი ბიჭები ბრძოლის ველის კვლავ მოსანახულებლად, შეგვხვდა მეველე: - ბალღებო, გუშინწინებში თქვენ ხო არ გამოგიდგნენ აქ ჯორებზე შემსხდარი ცოცხებიო, - არაო, - ვიუარეთ. - ძალიანაც კარგი, ისეთი ტრაწის სუნი დაეყენებინათ ვიღაცეებს, რომ ამ დილას ძლივს წაიღო ქარმა კახეთისკეო...
დიდი, მთის ძირას გართხმული მინდორი იყო, ეხლა სახლებით როა დაფარული. სანაქებო ხორბალი ითესებოდა, გაზაფხულიდან მწვანე და ყაყაჩოებით წითლად აჭორფლილი. ზაფხულში დაყვითლდებოდა, ყანას მომკიდნენ და ნამკალში საქონელს შეუშვებდნენ... ჩვენ მაინც სულ იქ დავდიოდით, მაშინაც, მწყრობა რომ გათავდებოდა, ნამკალში ბუდეებივით საქონლის მონეხვილი რომ გაჩნდებოდა, მერე მოიხვნებოდა, შემოდგომის ცა ჟინჟღლვას დაიწყებდა, მიწა გათავისუფლდებოდა ყოველგვარი მოვალეობისგან, თავის თავს დაემსგავსებოდა; ბურუსის ფარდა, ხან დაფარავდა ჰორიზონტს, ხან კი სივრცეს გასწევდა და უსაზღვროდ დაგანახებდა თავს... ამ დროს თითქოს ტყეც იცლიდა საკუთარი თავისთვის, რაკი ყველასთან გასწორებული და პირნათელი იყო, რაკი ყველაფერი წაღებული ჰქონდათ, რაცკი გააჩნდა და ისიც ახლაღა რჩებოდა მარტო.
დავდიოდით უაზროდ. რატომ დავდიოდით?..

მტვერი აიშალა

ამასობაში კი რაინდები დიდი ხანია გასცდნენ სოფელს და თავიანთი ძუაგამოკვართული ჯორებით ალბათ უკვე ბარის წყლებსაც მიაჩქაფუნებენ. და მე კვლავ ფიქრებმა დამამძიმა. შევიბერტყე, რომ დავმსუბუქებულიყავი. გეგონება მტვრით მევსო თავი.
მტვერი რომ აიშალოს, ხომ რაღაცა უნდა მოხდეს, ძაღლმა მაინც უნდა გაიქნიოს კუდი, თუ რაღაცის საძებრად სხვენში არ ახვალ. ეს ამბავიც იმან აშალა, რომ თავიდან ეს სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი იმისთვის მინდოდა, რომ ბავშვობაში რომ დავიკარგე თ უ რ მ ე, ის ბიჭი, ანუ ის ჩემი თავი, ნაგავსაყარის ქვეყანაში ჰყოლიათ ტყვედ და ვ ი თ ო მ ამ სამოც რაინდსაც შეუტყვია ეს ამბავი და სინანულში ჩავარდილა, - ვ ა ი თ უ, ოდესღაც ჩვენ რომ შევაშინეთ, ის იყოს მიზეზიო... ზ ო გ ი ბ ა ვ შ ვ ი ისეთი გულისაა, რომ ერთხელ განცდილი შიში მთელი ცხოვრება აღარ გასდისო. ჩვენ თვითონ ხომ საკუთარ ბავშვებს, პირველ რიგში შიშს ვარიდებთო, ვასწავლით, რომ შიშიბელა კაცი დღეში ასჯერა კვდება, რომ ამქვეყნიდან წასვლაც იმიტომ არ არის დასაზარებელი, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე შიშია, როგორც ჯაგებზე გაბმული მგლის ბეწვი. ხოლო დანარჩენი, - ცუდი სიზმარიო, რომ ამბობენ და ავი მხარიო, - სულ გულთხელთა მოგონილია.
მეც, ამ ამბის მთხრობელს, რა მექნა, გულზე ხელდაკრეფილი ხომ არ ვიჯდებოდი, სანამ ესენი ცოცხებს გაყიდიდნენ (იქნებ ცოცხებაკიდებული ჯორებით ჯობდა საბრძოლო ოპერაციის ჩატარება, უფრო საშიშნი იქნებოდნენ).
ასე აიშალა წიგნში მტვერი. მერე კიდევ ახალი ამბავი გამოტყვრა და დიდ ბუქში გავეხვიეთ მეც და ჩემი სამოცი რაინდიც.
თურმე ნუ იტყვით და, ნაგავსაყარის ქვეყნის მკვიდრთათვის ვიღაც პატიოსან ქალაქელ კაცებს თავშესაფარი უთხოვიათ და მათში რაინდების სისხლით ნათესავიც რეულა, უჭკნობი სახელის დიდი გმირის ჩამომავალი. მეორეც ყოფილა ჩვენი მხრისა, ოღონდ შვილიშვილი იმ მელექსისა, რომელმაც ოდესღაც რაინდების კუთხის ქალზე ძალზე უხამსი ლექსი გამოთქვა (ცალკე გეტყვით იმ სტროფს, ესენი რომ არ იქნებიან) და კარატის ჯვარის ხუცესმა ხატის პირით დაწყევლა: - ეს რა აკადრა ჩემი საყმოს ვერცხლის ღილსაო (იცით ალბათ, რომ კარატის ჯვარი ერთადერთი ხატი იყო, რომელიც სპეციალურად ურჯულოებსა და სულით სნეულებს ემსახურებოდა)!
აბა, გავიმეორო, რას ვაპირებ, რომ დავრწმუნდე, რომ სწორ გზას ვადგავარ: ნაწერი, საინტერესო რომ გამოვიდეს, საჭიროა, რომ მოქმედი გმირი რამეზე იჯდეს, - ცხენზე, ჯორზე, ჯოხზე... სულ ერთია! მთავარია, რომ გმირს ჭენება შეეძლოს და ერქვას მხედარი... ამას ლიტერატურის ისტორიაზე დაკვირვება გვასწავლის.
ცხოვრებაზე დაკვირვება კი გვასწავლის, რომ მხედრის ფიქრები მაშინაც კი უფრო საინტერესოა, როცა ჩამოიქვეითებს და ჯორს მიაბამს ბაზრის ღობეზე, ან სასამართლოს წინ...
ავტორსაც უადვილდება საქმე, როცა ამხედრებულ გმირს მისდევს უკან, ვერავინ დასწამებს, რომ მტვერი მისი აშლილია. ბუქის დაყენება ყველგან შეიძლება, მიწაზეც, ბუხრის კალთაზე გაშლილ ნაცარშიც და საკლასო ოთახშიც, სადაც ბავშვები წარამარა რვეულებსა და წიგნებს აშრიალებენ... ისე, ორი კატეგორიაა ადამიანისა, ზოგი საერთოდ ვერ ამჩნევს მტვერს, ზოგიც ყველაფერში მხოლოდ მტვერს ხედავს... და ორივე გაცუცურაკებულია. ეს ეხება მკითხველსაც, რომელსაც ჰგონია, რომ ნაკლი მხოლოდ ნაწერს გააჩნია. ამ დროს კი ოდნავადაც რომ შეიბერტყოს, მხოლოდ ნაკლი დასცვივა, რადგან თანაბრად ყველასია ნაკლიც და მტვერიც, უნაკლო და უმტვერო მარტო სანების წმინდა გიორგის ჯვარია, - ყინვარის ლოგინიანი, ნისლის კოტორში გახვეული, ზღვის დონიდან ხუთიათას მეტრზე დავანებული.
მოკლედ, რაკი ჯორებმა კუდები გააბიბინეს, რაკი გაჭენდნენ და რაკი ერთი-ორი ვიღაცაც გამოჩნდა, აიშალა მტვერი აწმყო-წარსულისა და ჩემს ნაწერს მშვიდად დაეფინა. ამასობაში მეც მომწყენოდა ჩემი სახე, სარკეში სულ ერთი და იგივეს რომ ვხედავდი და წარსულს მივაპყარ თვალი.
კარგია, როცა იყურები და ვერაფერს ხედავ. და ამიტომ სათქმელი უფრო მეტი გიჩნდება და ლაპარაკობ და გისმენს მთელი საპატიმრო...

ხომ გეუბნებოდით, ავადმყოფი ვარ-მეთქი,
ხომ გეუბნებოდით...
მართალია, არ გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ დ ი თ,
- ანკი რატომ უნდა გამეფრთხილებინეთ,
მაგრამ ხომ გეუბნებოდით, ავადმყოფი ვარ-მეთქი,
ხომ გეუბნებოდით...


მე ასეთი ვარ და ასე ვწერ, რადგან გავრბივარ დამწვარ სახლიდან (სახლის დაწვას, სჯობია - გაყიდო,
დააგრიალო და უარო გარშემო - დამწვარს რაღას გარეშემოუვლი -
და იოცნებო გამოსყიდვაზე).
მაშინ არც ის გამოგეტოვება, რაც აქ იგრძენი, რაც ვარსკვლავთა რიცხვზე მეტია და დილის ნამზე აურაცხელი (ან ზუსტად იმდენი).

მე ასეთი ვარ და ასე ვწერდი, შესწორებები მერე იქნება, რადგან ბევრსა აქვს გასაყოფელი, ერთმა, მითხარი, ვისთან გაიყოს?

მე ასეთი ვარ და ასე ვწერდი. ეს არის ჩემი შურისძიება.
სიყვარულიც ისე მამცირებს, როგორც სიძულვლი.

ჩვენ მონები ვართ და მონობის მეტი არაფერი არ შეგვიძლია; ვეფხვებივით არ დადივართ სანადიროდ, მინდვრის თაგვებივით დავიპარებით.
ჩვენი დღე - გამოწეული ჩახმახია,
ღამე - თოფია მიყუდებული.
ვინ ამოგვართვა ენა, ნეტა (ცხადია, ამაზე ჩვენ არ გვიზრუნია),
ქალმა გაგვლანძღა, ჭინჭრებით გამოგვრეცხა?..
- მაინც გვაქვს სათქმელი.
გვინდა, გვწყურია, რომ რამე ვიყოთ.
შვილმა გაგვლანძღა? მაინც ვიყურებით, - გვინდა, რომ შეგვაქონ.
არ არის თოვლი, არ არის წვიმა,
ძნელია ცოცხლებში, ძნელია მკვდრებში, ძნელია მიწაზე...
ვინ უნდა შეგვაქოს?^


უძებნი შვილი

ცხენები, ჯორები რომ აბიან ბაზრის ღობეებზე, - მშვიდობაა, მაგრამ თუ ცხენი სასამართლოს წინ აბია, ავის მომასწავებელია, და რაკი იქ სოფლის ცენტრიცაა, სასტუმროც იქაა, სასადილოც, აფთიაქიც, ეკლესიაც და შეძლებული ხალხის უბანია, - ვაჭრების, მღვდლის, მოხელეების, - მოკლედ სოფლის ყველაზე შეძლებული ხალხისა, - ისე, რომ ერთი საუკუნის შემდეგ ამ სახლებზე დაფებს დაკიდებენ: “ამ სახლში მოდიოდა ვ.ფ.” - მოკლედ აქ ყოველთვის ტრიალებდა ისეთი ხალხი, ვისაც დააინტერესებდა, ვისი ცხენი ება სასამართლოს წინ და რატომ. ერთხელ მეც შევესწარი: კაცი გამოვიდა სასამართლოდან, თვალები ცრემლში უბრუნავდა, ისე შეჯდა ცხენზე, გეგონება ზედ უნდა გადავლებოდა. შემნანდა!
მეც ვხდები, რომ ეს ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვს, მეც გამართობდა. მაგრამ მერე, რამდენიმე კაცმა, რომლებიც სამუდამოდ დამამახსოვრდნენ, ზოგმა ბაზრის კართან, ზოგმა სოფლის ცენტრში, - სასამართლოს წინ სხვა უსაქმურ ბავშვებთან ერთად რომ ვიდექი, - დაცინვით, როგორც მომეჩვენა, რომ მკითხეს, “ვისი შვილი ხარო”? - გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ ზღაპარს იქნებ მართლაც ჰქონდა კავშირი სინამდვილესთან.
ასეთ პატარა სოფელში ხბოზეც კი არ იკითხავდნენ, - ვისიაო? და მეც შემკითხველებს, სხვადასხვა ფორმით, მახსოვს, ვალში არ დავრჩენილვარ. ამაზე გული არა მწყდება. მე უფრო ის მაინტერესებს, ამ ბოლო ხანებში კითხვა რომ ამეკვიატა: “განა ღმერთს ჩვენს შორის შვილი არა ჰყავს”? “განა ღმერთი არ ეძებს თავის შვილს”?
და, აი, ერთ დილას, აზრისა და გრძნობის ერთდროულმა დარტყმამ გამომაღვიძა: “ღმერთი ეძებს შვილს და პოულობს მას ნაგავსაყრელზე”. უკეთეს პასუხს არც ველოდი.
ძალიან ხშირად სიმართლეს იმიტომ არ ეუბნები ადამიანს, რომ გიყვარს. ეტყობა, ძალიან დიდ ხანს ასე ვექცეოდი მეც ჩემს თავს. მაგრამ ახლა ჩემთვის სიმართლე აღარაფერს ნიშნავს, ის გაფუჭებულ ბუდეში გასაღების უნუგეშო ტრიალია მხოლოდ, რითაც კარი არც გაიღება და არც დაიკეტება.
ამ განცდით ვტოვებდი ჩემს ოთახს, ჩემს მაგიდას, როცა კედლის კუთხეში მიყუდებული გრძელი ურძნის ჯოხი დავინახე. სხივივით სწორი, ორი საუკუნის წინანდელი, წერა-კითხვის უცოდნელი პოეტის, მერცხალას ნაქონი, - ურძნის ჯოხივით ლიტაო ვარო, რომ ირწმუნებოდა, ანუ ლექსის მეტი არაფერი გამაჩნიაო. მეც ჩემი ჯოხი, რომელიც მერცხალას ჯოხს განასახიერებდა, ყველგან თან მქონდა, სადაც მიცხოვრია, მაგრამ არ დამჭირვებია არასოდეს, წვერ-ულვაშისა არ იყოს, ეტყობა ვინახავდი რომელიღაც მომავლისთვის, რომელიც დღეს დადგა.
ავიღე ჯოხი, გამოვიხურე კარი, გარეთ გამოვედი. დარწმუნებული, რომ დანარჩენი გზა ჯოხმა იცოდა.

როგორ არ ავიწყდება ადამიანს, ოდესღაც რომ ერთი იყო. მას შემდეგაა, რომ გაურბის მეორეს. აი, ახლაც, არავინ რომ არ იცის და მე რომ ვეთხოვები სახლს, თითქოს სადმე კი არა, იმ ერთთან მივდიოდე, როგორ განსაცდელში მიტოვებულივით მიყურებს ჩემი მაგიდა, მოცარიელებული, ყველაფერი რომ გავაცალე და წავართვი და თან მიმაქვს.
- უშენოდ? - მეკითხება.
ცოტა ხანს კიდევ ვჯდები და ვუხსნი. მისმენს, სჯერა ჩემი საბუთების და, მაინც, მეკითხება წასვლისას: - უშენოდ?
- უძებნი შვილი ვარ, გაიგე? უნდა ყველაფერში დავიხატო და უნდა გავცდე! რომ გავჩერდე, ზედ დამაბეჭდავენ.
აქ დროებით ვიყავ, არ გეწყინოს, უძებნი შვილი ვარ, რომ გავჩერდე, სარკესავით კი არ ვივლი დედამიწაზე, არამედ - ვინმედ. არ გეწყინოს, არ გამიჯავრდე, - “უშენოდო?” ნუ მეუბნები. ყველაფერი უჩემოდაა! უძებნი შვილი ვარ, ასეთია ბუნების სურვილი, - უძებნი შვილი უნდა რომ ჰყავდეს, თორემ არავინ მოძებნის თავს და იქნებიან სრულყოფილები. არავისთვის არ მითქვამს ამდენი... ხომ გრჩება შენი მაგიდობა, ხომ არ ვაჩნივარ...
ეჰ, უამრავი საღი აზრი მომისმენია, მაგრამ გულს არ გამკარებია. ამიტომაც უკანვე ვუბრუნებ წართმეულს და ფურცლებით ისევა ვმოსავ. სად ვივლი მე ერთგულის გარეშე! ძნელია, ვერ ვატარებ ამ მზერას ზურგით, ვერც ამ კითხვას გავუძლებ. ასე ადამიანიც ვერ მოგექცევა.
ძნელია ადამიანისთვის რომ იყოს ერთგული, ლამის ანუგეშო: - ნუ იქნები ერთგული, უბრალოდ - იყავი.
მოწყენილობა, ეტყობა, სიცოცხლედ არ ეთვლება ადამიანს. ამიტომაცაა, დიდხანს რომ ცოცხლობენ მოწყენილები. სიკვდილს კი ზეიმი უყვარს. ამიტომაც ავიღე ჩემი სხივივით მართალი ჯოხი და მიწას დავკარი: ჯოხი სახეა. მიეთრევა, მოეთრევა, მიეყუდება, მოეყუდება, დავარდება, ადგება...
გუმანიც ჯოხივით არსებაა ადამიანში.

მეც ბარულა, ანუ ყინტორას სათხრელი ჯოხი მეჭირა ხელში. სამოცნი იყვნენ. ვინ დაითვლიდა უკეთესად! თვლაც რომ სცოდნოდათ, თავს არ შეიწუხებდნენ. იტყოდნენ, - გუნდ-გუნდად მიდიოდნენო, ფარა-ფარაო, გროვა-გროვაო... თუმცა ხორბლეულისა და საქონლის ანგარიში მარცვლობრივ და ფეხობრივ იცოდნენ. სარქალს შეეძლო ჯოხი დაეშვირა ცხვრის ფარაზე და ეთქვა თუ რამდენი უნდა მოესხლიტა: - აჰა, წაიყვათ, სამასია! და სამიც კიდევ თქვენი ფეშქეშიო...


- ღმერთო, ნუთუ უკვე დაიწყო წიგნი?
- მაგრამ რატომ არ მემეტება?
ხომ არ ჩავიდო ჯიბეში ნაწერი და გადავიკარგო?

თქვენ არ შეგყრიათ ქორწილიდან გამოქცეული პატარძალი?
თქვენ არ გინახავთ რიგითიდან ამომხტარი ერთეული?
თავის სახლის წინ მოყოყმანე კაცი არ გინახავთ?
გრძნობა არ გქონიათ, აზრში რომ არ უნდა,
სტრიქონი, ლექსი რომ ეცოტავება?..

რაც იყო თამაში, წაშლით დასრულდა.

აჰა, სიტყვა, და წერტილი მისი - ცრემლია!
ისედაც ბევრი ვილაპარაკე: ყველამ ასე რომ ამოუშვას პირის ქარი, ჰაერი ხომ დაიფხრიწება!

წარმოიდგინეთ, დედამიწის სფეროზე რამდენი ენაა; იმ ენებში რამდენი სიტყვაა და იმ სიტყვებში რამდენი ბგერა!..

დედამიწა მექორწილეების ეტლივით დაქრის სამყაროში.


ძნელია სიბრძნე...

ყოველი ნაწერი ჯერ გრძნობაა და მხოლოდ მერე ხდება წინადადება. ამ ორივეს კი კაცის შესაბამისობა სჭირდება: ბრძენიც იმას ჰქვია, ვისაც გრძნობაზე ენა არ დაებმის და ხელები არ აუცახცახდება, ან გარეთ არ გავარდება ცეცხლმოდებულივით.
ძნელია ბრძენი კაცის ცხოვრება: სძინავს - ბრძენია, ღვიძავს - ბრძენია, ფიქრობს - ბრძენია, ამბობს - ბრძენია... და თუ წერაც მოისურვა ამგვარმა ბრძენმა, აუცილებლად უნდა მხოლოდ მარცხენით წეროს. მარჯვენით წერა ღმერთისაგან აკრძალული აქვს, რადგან ბრძენის მარჯვენით ნაწერი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ხომ დასამალი არაა, რომ ახლა ადამიანებს აღარც წაღმართი გრძნობა უნდათ და აღარც წაღმართზე წარმტაცად ნაწერი. ამიტომაც გაუქმებული აქვს ბრძენს მარჯვენა ხელი, სარტყელში აქვს ჩატანებული, მარცხენა ხელით წეროს უნდა, რომ მკითხველს მისი შესაბამისი ძალით შეებას.
რა ქნას?
სულ სარტყელში ხომ არ ექნება მარჯვენა ხელი?.. ისედაც ათას რამეს აბრალებენ.

და, აი, ღმერთმა ასეთი ბრძენისთვის რა მოიმოქმედა: კი არ ინანა იმ უნარისთვის, რაც მიენიჭა, ადგა და მის სიბრძნეს საფარველი დაადო. მისცა დრეკადობა და ტყუპის ცალად უშვა სისულელე. ყველა განძს ხომ მისივე ბადალი ძალა იცავს...

მას მერეა, რომ ადამიანი ყოველ დილას ჭკუა-გონების მოკრებას ცდილობს, სისულელის ძებნა კი არა სჭირდება.

მაგრამ, როგორც სიბრძნეს უჭირს ამქვეყანაზე, ისე სისულელეც დაქანცულია ძაღლებისთვის ჯოხის ქნევისგან.

ისიც ეგრე არის, ვისაც ლექსობის ზნენი აუჩნდება. თუმც წერის დროს თავს ვერ ხედავს, რომ შეიჯავროს, წერას რომ მორჩება, აღარ იცის რად იგრძნოს თავი, - ბრძენად თუ სულელად? და ამის გამო სინანულში ვარდება:
ცოდვაა ადამიანი მასზე მეტი ტვირთისთვის.
ხან მთვრალია, ხან ფხიზელი, ხან ბრძენია, ხან სულელი და მხოლოდ მათ პირშესაყარზეა - თვითონ. მიდის, მიაბიჯებს კალმის წვერით გაკვალულ ბილიკზე და თამამია, რადგან გვერდს ჰყვანან ტანის დამჭერნი, - ერთი იმის ნახევარი სიბრძნეს უჭირავს, მეორე სისულელეს, და რაკი მესამე ძალა არსადაა, ქალებისთვის დიახაც რომ, არა სცალია.
და ოთახის მარადმწვანე ხვიარა ბუჩქი კი, ამასობაში ისე გაზრდილა და ისე გადმოღვრილა-გამოწვდილა თავისი ქოთნიდან საწერი მაგიდისკენ, რომ ერთი ტოტით სხეულზე ეხება - იმ ადგილას, სადაც შარვალს იკრავს.
და არსებობს სტრიქონი ასეთ სულელურ მიზეზისთვისაც კი, ჟამამდელი: იცინოდიან ქალები, საცინარ თურმე ჩემდ იყო, საწელე ჩამომჩენოდა, საბელზე უფრო გრძელ იყო...

გარეთაც მკვდარი სოფლის ღამე იყო და შიგნითაც ოთახის მკვდარი ღამე იწვა. გახედვა არ მინდოდა არც ერთი მკვდრისკენ.
მკვდარივით ეძინა ბებოჩემს და დადაჩემიც ღმერთს ამას შესთხოვდა,
თუმცა, - ამოყავი ხელები საბნიდანო! - არ დაავიწყდა. და შევიდა ისიც თავის სიმკვდარეში.

ალბათ თუ ჭუჭუას ვეთამაშებოდი. რადგან არაფერი ცოცხალი არ იყო ირგვლივ:
ბნელოდა, ქარს თუ მოუხვდებოდა ფრთა რამეზე, ფანჯარაზე, კენჭზე, მავთულზე... ან ძაღლი თუ დაიყეფებდა... ჭუჭუა კი იყო და, თანაც მე მება, - ჩვენ ორნი ვიყავით სიცოცხლის მოსურნენი მთელ მკვდარ დუნიაზე.

ადმიანებს ბევრი სისულელე სმენიათ, არეულიც და მოწესრიგებულიც.
შენ უნდა დაწერო ისე იოლად გასაგები წიგნი, რომ მკითხველმა ფეხზემდგომელამაც კი წაიკითხოს - სხვა რამეს როგორც აკეთებდა ყმაწვილკაცობაში...

იმღერე სისულელე, დაე სიბრძნეს ედოს საფარველი! სისულელე ვერ გაძლებს უმღერლად, სიბრძნე კიდევ დუმილის გარეშე, შენ იქნები მათ პირშესაყარზე როგორც მთვრალი მიწისმზომელი, და სინამდვილეს აურ-დაურევ.

ჩვენ ყველა, სწორად დაწყობილი რიგიდან გამობურცულები, - ავანტიურისტები ვართ. ეს იმ ფოტოდან მივხვდი, ოდესღაც, საზაფხულო ბანაკში, დილის ხაზზე რომ დაგვამწკრივეს ბავშვები და გადაგვიღეს... იმ ფოტოზე, მე ფეხები და მხრები დანარჩენების თანაბრად მიჭირავს, მაგრამ გულ-მკერდით მაინც წინ ვარ გამობურცული.

სადაც დავიბადე, ისეთი დრო და ადგილი იყო, რომ თუ ცხოვრების მცირე შემოთავაზებებს დიდად თუ არ ჩათვლიდი, შეგეძლო დილიდან საღამომდე მჯდარიყავ და ფეხებზე დადებული ბორკილი გეხერხა. არც გზა იყო, არც ზღვა, არც განძი...
ლექსიღა იყო ავანტიურისთვის დარჩენილი, თითქოს უნდა ამხდარიყო დედაჩემის სურვილი: - შენ უნდა ციხეში ჩაგსვას კაცმა და მარტო კალამი და ქაღალდი მოგცეს!

სამაგიეროდ ძაბრივით უფსკრულის ფსკერზე აღმოვჩნდი.
იქ რომ წავსულიყავ, სადაც გული მიმწევდა, გადავრჩებოდი. მაგრამ არ ინდომა ბედმა და შემთხვევამ: ხან მე ვერ დავიძარი, ხან სხვა გამიმტყუნდა და მესამე ცდაც რომ ჩამეშალა, ჩემს თავს შევუწყერი:
- ცრუმორწმუნეც კი არა ხარ-მეთქი?!
ბედი სინამდვილის პირით გითვლის, არ წახვიდეო!
დადექი, ოცნებასა და წიგნებს დასჯერდი; გამოცარიელებულ-გაუქმებული ნასოფლარებია, შამბში და ჭინჭარშია ჩანთქმული გზაც და ბილიკიც, ნაციხარიც და ნასახლარიც. როგორც მოლოდინი სჯობია მოსვლას, შენც ისე, - ნახვას ნატვრა გერჩიოს...
ტყუილად ხომ არ გიდგას საწოლის წინ მუხის კარადა, ტყუილად ხომ არ მიარჭობ ხოლმე თვალებს ზედ გამოსახულ ათასნაირ ნაჭრელა სურათებს, რომ რაც მოგინდება, იმის თამაშით გაირთო თავი: ციხეც იქაა, მთაც და სოფელიც, გზაც, ბილიკიც, ტყეც და ნახირიც... ერთგან გაქცეული ცხენ-მხედრის მიერ ამოჩქეფილი გუბეც კი მოჩანს, სინამდვილეში ასკილის გამხმარი ბუჩქი თუ არ არის.
ჰოდა, ხან ისინი აგაგზნებენ, ხან შენ იმათ წარმოისახავ. გულისგასატეხად სად უნდა გევლო!

ოჰოჰოჰოჰ... როგორ მიქრიან ჯორ-ულაყები!.. ეგენი რომ არ ანიავებდნენ ჰაერს, ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ქვეყნად გაძლება.
რა სურათები ნახეს ჩვენმა ჯოროსნებმა გზაზე? - რა უნდა ენახათ, წიგნი
ეფურცლებოდათ წარსულისა და იმას მისდევდნენ.
ასეთები ცნობისმოყვარეებადაც კი არ ივარგებენ... დუგ-დუგ-დუგ-დუგ... ჩემი გული და გონება ამათთან ერთად მიჩოქჩოქებს, მებერებიან საფეთქლები და სისხლი გულის კედლებს აწყდება. მე არარსებული ვარ, მე მხოლოდ
ისინი ვარ, იმათ ვუჭერივარ და ისინი მაწონასწორებენ. რომ ჰქონდეს ჩემს
გრძნობებს დაფასება, მაშინ სახლშიც ტაშს დამიკრავდნენ, არათუ გარეთ, ახლა
კი გიჟი ვარ, უცნაური და ახირებული. რასაც სხვა გამორჩეულებს სიამოვნებით
პატიობენ, ის ჩემგან არ ეთვისებათ, ვერ მოურგიათ ჩემი ახირება, თუმცა
ირგვლივ ყველა სხვის ხუშტურსა ბაძავს... მაგიდაზე თავდახრილი გიჟი კი
ვინ არის? - რომელიც სამოც ჯოროსანთან ერთად სადღაც მიჩოქჩოქობს
უმისამართოდ.

მე თქვენ გაჩვენებთ მისამართს, მსხვილი ასოებით რომ დავაწერ! მაშინ გაიგებთ, რამდენს ვამუხრუჭებ, რომ ბოლომდის არ გავუტიო! გაიგებთ, როგორი ტკბილია ასეთი სიგიჟე... ისევე ტკბილი, როგორც სინამდვილე, რომელშიც გავცვალე: წინაპრები თქვენ სზმარშიც არ გინახავთ, მე კი მათ ვხედავ, როგორც სარკეში, ცხვირი-ცხვირს მიდებული.
მათი წეკოს მწარე სუნი მცემს, იმათი ნაცვამი ტალავარისა... მე ბედნიერი ვარ, ისინი კი მეგუებიან, თითქოს ვირწმუნეთ: გიყვარდეს ახლობელი და პატივი ეცი დანარჩენ ყარტა-ყურტათა... თითქოს სიხარულით გავეყარე ცხოვრებას, როგორც ერთხელ, ამ წიგნის ხანდაზმულმა პერსონაჟმა უცებ იგრძნო, რომ ყველა სურვილს აქამდის საკუთარ თავს თვითონ უგონებდა და სინამდვილეში კი უფრო დიდი სურვილი სუფევდა მასში და ინტიმური ქალიდან უმალ ჩამომხდარმა, როგორც ჯორიდან, ბედნიერის ხმით შესძახა:
- ვაშაა, აღარ მიდგება!..
სცოცხლე იმიტომაა კარგი, რომ წიო წეკო, სვა ცხარე არაყი და წერო და
წერო
(აღარც თქვენი სიყვარული მინდა აღარც თქვენი ბოქვენის მოჭერა)...

აგე, რაები მიწერია ფურცლებზე!
დავიწყო ჩემი აბზაცები და მერე ნახავთ!

აბზაცი არა მარტო ჩემი შესაძლებლობების მანძილია, ჩემი კვალიც არის, ძაღლ-რიტუალური. მერე მიმრუდდება ხნული, შრომის ოფლის სუნსაც ვერ ვიტან: - მიწის მწერელი ხომ არა ვარ! - შევუწყრები ჩემს თავს და დავახლი მაგიდას კავ-საწერს.
რადგან:
დაუკოდავი ცხენივით იწევს კაცი სიხარულისკენ!
წაეტანება, წაავლებს ხელს და მოხვდება კიდევაც იმ ადგილას, რითიც იამა. და წავა დარდისკენ, შევა დარდში, მაგრამ ვერც ის გაუჩენს სამართალს, ანუ სიხარულს ვერ მოუპოვებს და მოიწყენს და მიატოვებს... იტყვის: არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, ისევე მარგო სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა! - და შვიდი დღის ნადარდს ერთ წამში გადაიყრის.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


5 comments:

Anonymous said...

რა ამბავია ამდენი ჩეჩმა-ფეხსალაგები,ჩამოწორიალებულ გენიტალიებს ჩასაფრებული ღორები და სხვა
მარაზმული პასაჟები? ისეთი უხვი კეთილსურნელებაა,რომ ყველას ეყოფა:იმათ, ვინც საგამოცდო პროგრამიდან ჭაბუა ამირეჯიბის ნაცვლად ხარანაული ჩართო,ვინც 'კარტოფილის ამოღება'' შედევრად გამოაცხადა და იმასაც, ვინც მის ''ბებრულ მარაზმს'' პირველსავე გვერდზე დებს. გაამოთ!

Anonymous said...

kritikis avtors minda shevekitkho,tu tkven am spektridan ukurebt khelovnebas,mashin rogor sheapasebdit ert-ert shedevrs msoplio kinos istoriashi pasolinis "sodomis 120 dges"?
chemtvis miugebelia nacarmoebis mkholod am perspektividan shepaseba...

Anonymous said...

pazolini, rable ,bokacho,viioni da kidev cota ufro naklebi tu ufro meti?

Anonymous said...

besiko genialuria. tu amas chveni taoba ver dainaxavs, momavali sheafasebs da mashin chven vart mdabioni

Anonymous said...

besiko genialuria. tu amas chveni taoba ver dainaxavs, momavali sheafasebs da mashin chven vart mdabioni