Friday, January 15, 2010

ინა არჩუაშვილი - ლალა


ავეჯით სავსე სატვირთო მანქანა ზევით თუ აივლიდა, ლალას უკან აბრუნებდნენ; თუ ქვევით ჩამოივლიდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ლალა კიდევ ერთხელ გათხოვდა და მზითევთან ერთად ახალი ქმრის სახლში მიიბარგებოდა. სოფელსაც მეტი რა უნდოდა? - ცხელ-ცხელ ამბავს სასწრაფოდ აიტაცებდა ხოლმე.
- გაიძვრა ძირი გარდერობ ამდენი ზეით-ქვეით ტარებით. ე პალიროვკიანი ავეჯი მაინც არ ეცოდებათ ეგრე სათრევად...
- მა, დიდხან მაგაი ვინ გააჩერებს, ორ კვირაში ისევ სახში გამააცხადებენ ჩვენ ლალიკოი - ლაზღანდარობით სულს იბრუნებდნენ საღამოობით ბურდიაანთ სკამზე ვენახიდან დაბრუნებული, გაზაფხულის ცხარე მზით სახეატკრეცილი უბნის ბიჭები.
ქალები უმეტესად ნაზოოაანთ ქუჩის კარებთან იკრიბებოდნენ და ნახირის ამოვლამდე და სერიალის დაწყებამდე იქ იქლერტავდნენ ლაპარაკით ენებს.
- დაგრისხოი, ქა, რა ცოფი ჭირს ეგეთი, რო უკაცოდ ვერა ძლებს?
- კაცები თორე, ეგეც იმისთანებ მიყავთ...
- შალვარი ხო აცვიათ და...
- რავი, გო, ავეჯ ეხარბებიან, ალბათ, თორე, რო აკლია რა დიდი შემცნევა მაგაი უნდა?
- ყავაშიც სუ ჩამონგრეული მერცხლის ბუდე ამოიდის მაგ საწყალ. ეფრემვერდში პირდაპირა სწერია მაგის წელსა და თვეში დაბადებულზე, - "ასოთა ჯანი ახალგაზრდობაშივე წაერთვას, მოკლე დღე ჰქონდეს და თავის ჭერქვეშ ვერ გაიხაროსო", - ყველაზე ბოლოს ჩაერთვებოდა ხოლმე ჭორაობაში ზამთარ-ზაფხულ მკლავშიშველი და ლამის ნულზე თმაგადაკორტნილიA ჟიტაანთ ეთერა, უბნის ცნობილი ნათელმხილველი.
არ უყვარდათ ქალებს ეთერას რაღაცნაირი ლაპარაკი. ბევრი ეფიქრებოდათ მერე, სინდისი აწუხებდათ და ცოტა ეშინოდათ კიდეც. გულში ღმერთს იმოწმებდნენ და ჩუმ-ჩუმად თავთავიანთთვის პირჯვარს იწერდნენ, რომ არ ეჯავრებოდათ ლალა. პირიქით, თავისებურად უყვარდათ კიდეც, ებრალებოდათ ყველას სამასხარაოდ რომ იხდიდა თავს და უიმისოდ უბანი ვერც წარმოედგინათ. მაგრამ, გაჩუმებაც არ შეეძლოთ. საღამოობით, ეს უბოროტო ქაქანი იყო ამათი დაღლილ-დაწყვეტილი ჯანისთვის გართობაც და დასვენებაც, ტალახის აბაზანებიც და განსატვირთავი ვარჯიშებიც.
ლალას ბოლო ქმარი ლაგოდეხელი იმერელი, მაღალი, გაფშეკილპარიკიანი მელოტი კაცი იყო. რაც მე იმან შიში მაჭამა ერთხელ. ქარიანი დღე იყო. სკოლიდან მოვდიოდი. თორმეტი-ცამეტი წლისა ვიქნებოდი და, აბა საიდან უნდა მცოდნოდა, რომ, თურმე, კაცებიც იკეთებდნენ პარიკს. სახელი კარგად არ მახსოვს, მგონი, ფირუზა ერქვა. ჰოდა, ეს ფირუზა, გზაზე ლალას სახლის გადმოსწვრივ, ჩუთლაანთ წინ იდგა. უცებ, ქარმა ისეთი სიძლიერით წამოუბერა, რომ პარიკი თავზე ნახევრად წამოხადა. მე კიდე, მეგონა, თავი სძვრებოდა და კინაღამ იქვე სული გავაცხე.
- ვა, რა კაი კადრია; რო ამობენ იმერლებზე ცალფაზიანები არიანო, ეგე, თუ არ არი მართალი. რაი ჩამოუფხატებია ეგ საბუდარი და დადის, მაგი მეტი მელოტი არავინა ყოფილა?
- მა, ეგეც ვერ უნა ჩანდეი თავი მატორზე, - სიცილით იჟუჟებოდა ლალას ქმრის ყოველ დანახვაზე უბნის წვრილფეხა ბიჭბუჭობა.
სამაგიეროდ, ამ "ცალფაზიანი" სიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, ამდენ ქმრებში, მხოლოდ მან მოხერხა და, ქორწინებიდან ოთხი წლის თავზე, უკვე საკმაოდ შელახულ მზითვის ავეჯთან ერთად, ჩვენი ლალა ცოცხალი ნამატით მოუბრუნა მშობლებს.
ისევ აყეფდა ძლივს ჩაწყნარებული უბანი, ახალი სალაყბო მიეცა.
- გაიგეთ გო, პირდაპირ სამშობიაროდან წამოუყვანიათ...
- ნეტა მაგ მკვდარმა ბალღი როგო გააჩინა, გო?
- თან ბიჭი ყოფილა...
- ბალღიღა აკლდათ საწყალ დათებაი და ანეტაი.
- რა გინდა, ქა, გაიზრდიან და პატრონი მაინც ეყოლებათ სიბერეში.
- პატრონი არა, შენც იტყვი ხოლმე, რა... ბალღიც ვერა ყოფილა ნორმალული, იმიტო გამოუპინტრიშებიათ ორთავე დედა-შვილი.
- ეგრე რო არა ყოფილიყო ხო, მაგისმა მზემ, ლალაი მიზეზ ვერ უპოვიდნენ გამოსაგდებად. თითის თითზე დამკარებელი არა ყოფილა, ქა, თურმე.
- მამა ხო ყავდა რა, ძაან დალაგებული, დაუწმენდიათ მარტო ამ უბედურისთვინ ხელები, - ახლა ბურდიაანთ სათონეში გაემართათ საფიხვნო მეზობლის ქალებს. ზედ გახურებული თონის პირზე გაშლილ სახელდახელო სუფრაზე კომბოსტოს წითელი მწნილი, ნიორი, ნიგოზი და ცხელი შოთი დაეწყოთ. თონის ძირშივე, პირმოტეხილი დოქით ედგათ გაზაფხულგამოტარებული, ქმრებისგან უჩუმრად გადანახული სიმჟავეშეპარული ღვინოც. თლილ ჭიქებში ნახევრად ჩამოასხამდნენ, ცომშემხმარ თითებს შემოხვევდნენ და მოკლე-მოკლე სადღეგრძელოების შემდეგ, დაჯღანულები გადაყლურწავდნენ. "პერსონალურად" ადღეგრძელეს ლალას შვილიც - "უბანს შემომატებული ახალი სული", "მაინც ბალღი და ღმერთის გაჩენილი"... კარგად რომ აიჩუყეს გულები, იქვე დათქვეს, რომ ფულს აკრეფდნენ, რამე იაფფასიან საჩუქარს იყიდდნენ და პატარა "მეზობლური ზღვენით" ლალას მოსანახულებლად მივიდოდნენ.

* * *
თავიდან, სანამ ახალი მობრუნებული იყო, იშვიათად ჩნდებოდა გარეთ. ბავშვისთვის მაწვნის ან რძის საყიდლად თუ შევიდოდა ბაბულაანთა, ან იატაკის ტილოს თუ გამოიტანდა ბოგირთან, ჩახრიელაზე გასარეცხად. " - გონი, სვინდისმა შააწუხა, ქა; როგორც იქნა, ჭკუაზე მობრახუნებულა, რო გარეთ ცხვირს აღარა ყოფს", - უწონებდნენ ლალას მეზობლები საქციელს. მაგრამ, მალევე გაირკვა, რომ არც მთლად ეგრე ყოფილა საქმე. საწყალ ანეტა ძალოს ერთი მესამე უბნელი ქალისთვის გული გადაუშლია, აღარ ვიცი რა ვქნა, სახლში ძლივს ვაჩერებთო. ის კიდე, ადგა და მთელ სოფელს მოსდო. მაინც ქვეყანამ იცოდა, რაღა აზრი ჰქონდა სახლში ძალით დაბმას. ჰოდა, ლალამაც, ერთი რადგან აიდგა ფეხი, ლამის ქუჩაში წინ და უკან სიარულში წამოჩიტა თავისი ერთადერთი პირმშო ლევანი, - ასე დაარქვა "დედის შაქარყინულს და მაცოცხლებელ ნიავს." მაგრამ, უბანმა ვერ იგუა სახელის ქალაქურად დაბოლოებული, გარემოსთვის შეუფერებელი "ი" ხმოვანი და თავის ჭკუაზე - "ა"-დ გადაუკეთა; მერე, ცოტა წამოზრდილს, "ამოკრულ ლაპარაკზე" რომ შეატყვეს "მაგრათა კრეჭამდა", სახელს წინ "გიჟი" დაუმატეს და ასე მოინათლა საბოლოოდ ლალას სიამაყე "გიჟლევანად".
სამი-ოთხი წლისას უკვე თავის ფორმაზეც ეტყობოდა, რომ არც შიგნითა ჰქონდა ყველაფერი წესრიგში. ნესვივით წაგრძელებული, წვეტიანი თავი, უკან, კეფასთან, ისე ჰქონდა ჩაბრტყელებული, გეგონება, კაი მოზრდილი ნაწილი ცულით აუთლიათ და ტვინიც იმისთვის გაუყოლებიათო. ამ ნესვივით თავზე, აქეთ-იქიდან, თითქოს მიწებებულივითა ჰქონდა მართლა "ზილის სარკეებივით" გადმოყრილი, ასაკისთვის შეუფერებელი დიდი, გამჭვირვალე ყურები. ცალკე დაბადებიდან გამოყოლი დეფექტის, ცალკე კიდევ, დღენიადაგ ყვითელი ბოტოტებით გამოტენილი ცხვირის წყალობით, დედაზე უარესად ნიღნიღებდა ცხვირში. ვერ გაიგებდი, ლაპარაკობდა თუ ტიროდა.
ჩადგებოდა ბოტებიანი ფეხებით რუში და ხან ზევით აუყვებოდა წყალს, ხან ქვევით დაუყვებოდა. ფრო ხშირად, უბნის ბავშვებისგან ამობუებული, ჯვარედინის თავში, ბოგირის ბოლოზე იჯდა ფეხებჩაკიდებული და ნამტირალევი თვალებით, გარინდებული საათობით დასცქეროდა ზემოდან ჩხრიალით მიმავალ წყალს.

* * *
შინ გაჩერებულს ვერა ნახავდით ლალას. ამოილურჯებდა ფანქრით ზომაზე მეტად წინ წამოწეულ თვალებს, ზედა ტუჩზე წითელი პომადით "ბანტიკს" დაისვამდა, შედგებოდა ქუსლიან ფეხსაცმელებზე, იმას თუ დგომა ერქვა, და ზურგში მოხრილი, რწევა-რწევით მიმავალი, დღეში რამდენიმე რეისს გააკეთებდა სოფლის ცენტრში. თავისი განუყრელი საჭით - ლურჯიზოლაციადახვეული მომრგვალებული მავთულით, გიჟლევანა ჯერ ბღუილ-ბღუილით ქვევითა ჯვარედინამდე ჩააცილებდა "კრასნაია მასკვას" სუნით გაჟღენთილ დედას; დაახლოებით ნახევარ საათში, უკან მომავალსაც იქვე დახვდებოდა და ახლა უკან, სახლამდე ააცილებდა პირის სიგნალითა და რვიანების ხაზვით. მყვირალა, ბიჭო-გოგია ფერის კაბების ჩაცმა უყვარდა ლალას. ჩანთასაც, აუცილებლად, შეხამებით გადაიკიდებდა და მარტო გიჟლევანა კი არა, მთელი უბანი კილომეტრიდანა სცნობდა ქვევიდან კმაკვნა-გრეხით მომავალს.
- იი, დაიწვი, ლალავ, როგო გამოიპრანჭულხარ, გო, კიდე ხო არა თხოვდები, - მიაძახებდა ღიმილით რკინის კარებიდან თავგამოყოფილი, ზევით-ქვევით მაცქერალი რომელიმე მოცლილი მეზობელი. " - რატომაც არა, გო, ზოგიერთები გულის გასახეთქად", - თან ამ დროს, შინაბერად დარჩენილი გომურაანთ თამროს კარებისკენ გაიხედავდა, - "ჩემი რო შურთ, კიდე უნა გავთხოვდე", - თითქოს წინასწარ მომზადებულ პასუხს დაახვედრებდა ხოლმე ნათქვამს. ბოზი ვენერას სალონში ახლად შეღებილ ყვითელ თმაზე ხელს კმაყოფილი გადაისვამდა და უფრო მოუმატებდა რწევას.
დიდი მონდომების მიუხედავად, მეტჯერ ვეღარ გათხოვდა ლალა. თავი კი, რაც მართალია, მართალია, პატიოსნად შეინახა. ყველაფერი რომ წამოეძახებინათ გიჟლევანასთვის, იმას მაინც ვერ დააბრალებდნენ, დედაშენი ასეთი და ისეთი იყოო. ოთხჯერ გათხოვდა თუ ხუთჯერ, ყველა მთხოვნელი "ოფიციალურად" მოუვიდა სახლში და ნიშანი დაუტოვა. თუ არადა, უბანი მაინც ხომ მოწმე იყო მისი მზითვებით დატვირთული მანქანების წინ და უკან სიარულისა?

* * *
აბა სად უყვართ, მაგრამ, სოფელში მაინც განსაკუთრებულად ეშინოდათ კიბოს ხსენებისა. უამრავ სინონიმს მოიფიქრებდნენ, ღობე-ყორეს მიედ-მოედებოდნენ, ოღონდაც არ ეთქვათ, არ ეხსენებინათ, პირიდან არ ამოეშვათ ეს დაწყევლილი სიტყვა. ჟიტაანთ ეთერას "ეფრემვერდის" წინასწარმეტყველებებზე ათასჯერ მეტად ეშინოდათ მისი; ისე შორიდან უვლიდნენ, თითქოს თავად სიტყვაში ყოფილიყო ჩაბუდებული რამე მომაკვდინებელი, სისხლისმწოველი და ხორცისმჭამელი და, მისი თქმა და კაცის ადგილზე გათავება ერთი იქნებოდა.
ასე ფრთხილად, შეპარვით, ამ სიტყვის უთქმელად გამაგებინა დედაჩემმაც სოფლიდან გამოგზავნილი წერილით ლალას ამბავი: "...რა ვიცი, შვილო, სხვა რა გითხრა, კიდევ ერთი ცუდი ამბავია უბანში, - ლალა ვერ არის კარგად. ის მოურჩენელი და არსახსენებელი გაუჩნდა უცბად ძუძუზე და რამდენიმე კვირაში შეჭამა, პირდაპირ, გოგო. მოკვეთეს, მაგრამ უკვე მოდებული ყოფილა ყველგან. არ გახსოვს, რამხელა იყო, ლანდივითღა დადის. ქიმიას არ უკეთებენ. ვიღაცა ბალღოჯიაანელი ექიმბაშის ბალახ-ბულახებისგან დამზადებულ წამლებსა სვამს და, არი ჯერჯერობით, სული უდგას საწყალს. თუ მოახერხებ, ჩამოდი, შვილო, გაუხარდება შენი ნახვა. მე ვერ დაგაძალებ, როგორც გინდა.

პირზე კოცნით, დედაშენი. "

ლალაანი ჩვენგან ზევით, შვიდი-რვა სახლის მოშორებით ცხოვრობდნენ. მაინცდამაინც მეზობელა ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯვარედინიდან ჯვარედინამდე სხვა მეზობლების სახლებში, თითოჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი, ლალაანთა კი - არასოდეს.
წერილი ხუთშაბათს მივიღე. შაბათ დილით უკვე სოფელში ვიყავი. იმავე საღამოს, დედაჩემს საგულდაგულოდ ჩავაწყობინე პარკში თბილისიდან წამოღებული შოკოლადები, ორლიტრიანი ქილით ატმის კომპოტი, ერთ კილომდე მაღაზიის ქიშმიშიანი ნამცხვარი, ერთი პაჭკა ყავა და ლალას სანახავად წავედი.
უბალკონო, ერთსართულიან სახლი ედგათ. ეზოდან პირდაპირ ოთახში შედიოდი, - ასე არავინ აშენებდა სოფელში სახლს. დაბალჭერიან ბინაში დაღვრემილი სახით შემიპატიჟა ანეტა ძალომ. სოფლის კვალობაზე საკმაოდ კარგად მოწყობილი, სუფთა სახლი იყო. Lლალას საძინებელიც, მყუდროდ, ქალაქურად გამოიყურებოდა. ანეტა ძალო მალევე გავიდა ოთახიდან და თან უხერხულად შეჩეჩებული, ჩემი მიტანილი პარკი გაიტანა. - ალბათ, თავის ცნობილ მზითვის საწოლში წევს, - გავიფიქრე ლალასთან პირისპირ მარტოდ დარჩენილმა და საწოლის ბოლოში მდგარ დაბალ, სოფლურ სკამზე ჩამოვჯექი.
ერთმანეთზე მიყუდებულ ორ გაფუმფულებულ, ქათქათა ბალიშზე მისვენებული იწვა ლალა. გალეულ თავზე ჭრელი, წვრილყვავილებიანი ხილაბანდი ჰქონდა წაკრული. დიდი თვალები კიდევ უფრო წამოკარკვლოდა. მთლად შეეჭამა, საწყალი, სენს. ვერ წარმოვიდგენდი ასე მძიმედ თუ იქნებოდა. მთლად დავიბენი. არ ვიცოდი რა და როგორ მეთქვა. ხმას არც ის იღებდა. თავიდან მეგონა, ვერ მიცნო. მზერა საწოლის გვერდით, ჩაისტილოგადაფარებულ ტუმბოზე გადავიტანე, სადაც გაშლილი ეყარა იაფფასიანი პარფიუმერია, პინცეტი, ნუნების მაკრატელი და ხელის პატარა სარკე. მერე ისევ ლალას შევხედე. არ მეჩვენებოდა, - შეღებილი იყო.
თუ ოდესმე ყოფილხართ მომაკვდავი ახლობლის მოსანახულებლად, დამეთანხმებით, რომ არაფერია იმ ტყუილი სიტყვების თქმაზე ძნელი, რომლითაც გასაჭირში მყოფი ადამიანი უნდა ანუგეშო; ავადმყოფმაც იცის, რომ მის გამო ხარ ამ დღეში ჩავარდნილი და ყველანაირად ცდილობს, დაგეხმაროს. თუ ლაპარაკს ვერ ახერხებ და ჩუმად ზიხარ, გიცდის, გელოდება, სანამ საჭირო სიტყვას მოძებნი. სათქმელს მიაგნებ და, ნაღვლიანი ღიმილით მთელი გულისყურით გისმენს, თავს ისე გაჩვენებს, თითქოს, მართლა სჯერა ყველა შენი ნათქვამი სიტყვისა.
- ლალი, ნუ გეშინია, კარგად იქნები, - ამოვღერღე როგორც იქნა. იმან კიდევ, ეტყობა, წეღანდელი ჩემი მზერა დააფიქსირა და, თითქოს ეს პასუხი იყოო, სვენებ-სვენებით მითხრა: "რათ მინდა, ირმავ, ეს ამდენი პარფიუმერია, ერთი ამდენი კიდე გარდერობში მაქ, სუ ახლები, მიწაში ხო არ ჩავიტან? ამ ძველებ დავიტოვებ, მერე ვიღაცამ რო ჩამხატოი, ახლებ კიდე შენ გაგატან, გოგოებ დაურიგე უბანში". ისევ გამებნა აზრი, არც ერთი სანუგეშებელი სიტყვა თავში არ მომდიოდა.
- ლევანიზე ვჯავრობ, გო, თორემ, ყველა იქით წამსვლელები არა ვართ? - პარფიუმერიიდან ბუნებრივად გადავიდა მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე და ამომასუნთქა. მანამდე მაინც მეცოცხლა, გო, სანამ ოჯახ მეეკიდებოდა...(ნუთუ მართლა სჯეროდა ამისი?) იცი, რა კაი დედამთილი ვიქნებოდი? იმათ კი არ ვემგვანებოდი, მე რო შამხვდა რა? ხმები რო დამიყარეი, თითქოი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო... როგო შეიძლებოდა, რო ყოველთვინ მე ვყოფილიყავი მტყუანი? იცი, როგორი ნაწყენი ვარ მთელ მეზობლებზე? - ნიკაპი აუცახცახდა, ცრემლი ჩამოუგორდა გაყვითლებულ ლოყაზე... მერე გაყუჩდა, მოეშვა,Lჩათვლიმასავით. უხმაუროდ ავდექი. ფეხაკრეფით გამოვიარე ოთახი. კარებამდე ვიყავი მისული, რომ უძალო ხმით დამიძახა. გარდერობის ზედა უჯრიდან ჩემი ხელით გამომაღებინა გამჭვირვალე პარკში ჩაწყობილი დაპირებული პარფიუმერია - სხვადასხვა ფერის ტენების ნაკრები, რამდენიმენაირი პომადა, თვალის შავი და ლურჯი ფანქრები, ორი შუშა წითელი ფრჩხილის ლაქი და ერთიც, მრგვალი, თეთრი მუყაოს კოლოფით, თბილისის გამოშვება პუდრი.

* * *
მარტის ბოლო იყო. წვრილად ჟინჟლავდა, მაგრამ საზაფხულო, წითელი ღაღანა შიფონის კაბა ეცვა ლალას. ისე იყო "ჩახატული", როგორც უყვარდა, - თვალებზე სქლად ლურჯი ფანქარი ესვა, ტუჩებზე წითელი პომადა და გაპუდრულ სახეზე, პომადითვე ჰქონდა შეფერადებული ღაწვები. თავიდან ბოლომდე მეზობლის ქალებს გაუპატიოსნებიათ, შეღებვით კი, უბნის იმ ახალგაზრდა რძლებს შეუღებავთ, ვისაც მკვდრისა არ ეშინოდა. სუდარა გადახდილი ჰქონდა, - დაუბარებია, არ დამაფაროთო.
როგორც წესი იყო, ჯერ სახლთან ახლოს, პირველსავე ჯვარედინაზე წინასწარ გამზადებულ ჩალის სკამებზე დაასვენეს. უბნის ბიჭები ერთმანეთს ეცილებოდნენ კუბოს აწევაში. ბარათაშვილის ბოლო ნომრამდე ოთხი ჯვარედინა იყო გასავლელი. ამასობაში წვიმამ იმატა. ბოლო ჯვარედინასთან რომ დაასვენეს, სახე ერთიანად სველი ჰქონდა და თვალებიდან ლურჯ ხაზებად ჩამოსდიოდა წვიმისგან ჩამოდღაბნილი, იაფფასიანი ფანქარი.
- დაგრისხოი, თითქოი თითონ დაიტირისო საკუთარ თავ, გო, გინახვთ ეგეთი რამე? - ვიშვიშებდნენ ქალები და ცრემლებს აღვარღვარებდნენ. არავინ იცის, რა უფრო მეტად ატირებდათ, - ლალას სიკვდილი, თუ იმის გახსენება, ვის სად, როდის, რამდენჯერ გაეჭორა საწყალი გოგო და, ახლა, საკუთარი სინდისისგან შეწუხებულები, მდუღარე ცრემლებით ცდილობდნენ მის წინაშე ჩადენილი ცოდვების მონანიებას. ამბობენ, გაუცინებელი მკვდარი არ ვარგაო. ქალებისგან განსხვავებით, გადღაბნილი ლალას დანახვაზე, ჩუმ-ჩუმად ფხუკუნებდნენ კუბოს აქეთ-იქიდან მდგარი ბიჭები. ბასილაანთ პროპკას, ნადირაძეაანთ ოჩიკოსთვის ჩუმად გადაულაპარაკია, "ჯერ ცოცხალი რასა გავდა ეს უბედური, ეხლა კიდე მთლად რაი დაემგვანა, ო; მაიტა დროზე შავიგდოთ მხრებზე, შაქრო მღვდელი ხო იქნება იქა, უნა გამოალოცინო, ღამე არ მამელანდოს..." ოჩიკოს პირში რა დაუდგებოდა? - პროპკას სიტყვებმა რამდენიმე წუთში ტალღასავით გადაურბინა პატარა პროცესიას და ამით დასრულდა უკანასკნელი ხუმრობა ლალაზე.

* * *
სასაფლაოდან ხალხთან ერთად არ წამოვსულვარ. ქელეხს მინდოდა ავრიდებოდი. ცოტა ხნით მამაჩემის საფლავზე გადავედი. ორტოტა ცაცხვის შუაში ჩატენილი ტილო ამოვიღე და ქვა გადავწმინდე. მერე ნაზამთრალი ფოთლებისა და წვრილი, ხმელი ტოტებისგან მიწა შეძლებისდაგვარად მოვასუფთავე, საფლავის ღობეს იდაყვებით დავეყრდენი და უაზროდ მივაშტერდი იმ ადგილს, რომლის ქვეშაც უკვე ათი წელი ხდებოდა, რაც მამაჩემი იწვა.
ნელ-ნელა, ფეხათრევით მივდიოდი. მეოთხე უბანზე უკვე ისმოდა შუა ქუჩაში, პალატკის ქვეშ გაშლილი ლალას ქელეხის სუფრიდან დანა-ჩანგლის წკარუნი და ხალხის რუზრუზი. სანამ ჩვენს ჯვარედინაზე გადმოვუხვევდი, შუყლურტოანთ სახლის წინ, სკამზე, თავისთვის მარტო მჯდარი გიჟლევანა დავინახე. გამიკვირდა მისი აქ ყოფნა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. მივედი და უხმოდ ჩამოვუჯექი სველ სკამზე. ერთბორბლიანი, სქლი მავთულის ტარზე დამაგრებული ტუალა ეჭირა ხელში, წინ და უკან ატარებდა და ფეხებთან გულმოდგინედ ზელავდა ტალახს. ჩანთაში შოკოლადი მქონდა, ის მივეცი. მორცხვად გამომართვა. მოფერება მინდოდა, - ვერ მოვეფერე. ვერც სანუგეშო ვუთხარი ვერაფერი. მხოლოდ გადახოტრილ თავზე გადავუსვი წამოსვლისას ხელი.
- მართლა რა ეშველება ამ საწყალს, - მახსენდებოდა რუის პირზე მიმავალს ლალას იმქვეყნად წაღებული გულის ტკივილი და, ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთადერთი მართალი პასუხი მქონდა, - არც არაფერი!

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

4 comments:

Kate said...

:(((((((((

Saba said...

ძალიან საინტერესო იყო, უბრალოდ და ძალიან ცოცხლად დახატული. დიდი მადლობა!

Kate said...

ზოგჯერ იმდენად არ მიყვარს ხოლმე საქართველო.

Anonymous said...

:((