Friday, January 25, 2008

იოსიფ ბროდსკი


მწერალი საპყრობილეში

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

იოსიფ ბროდსკის ეს წერილი წინ უძღვის 11 წლის წინ ნიუ-იორკში გამოცემულ წიგნს “საპყრობილე, რომელშიც ვცხოვრობ”. ესაა ამერიკული პენ-კლუბის მიერ შედგენილი მოთხრობების ანთოლოგია, სადაც თანამედროვე მსოფლიოს ე.წ. ციხის ლიტერატურაა შესული.ქართული თარგმანი პირველად 1997 წელს დაიბეჭდა “არილში” (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გაზეთის ფორმატით გამოდიოდა). იმ წელს, რამდენადაც მახსოვს, არც ერთი მწერალი არ დაუჭერიათ, ასეთი რამ არ მომხდარა არც შემდეგ წლებში, დღეს კი უკვე ბევრი რამაა შესაძლებელი და მწერლების დაპატიმრების უძველესი ტრადიცია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ აღორძინდა, ოღონდ ამჯერად საქართველოში, ცრუ-დემოკრატიის ქვეყანაში. თარგმანის ხელმეორედ დაბეჭდვის აუცილებლობასაც სწორედ ამის გამო ვხედავ.პუბლიკაციას ვუძღვნი თანამედროვე ქართველ მწერლებს, რომელთაც თანამედროვე საპყრობილე ნახეს.

მთარგმნელი

საპყრობილე, არსებითად, სივრცის ნაკლებობა და დროის სიჭარბეა. ტუსაღისთვის ორივე კატეგორია საგრძნობია. ამ პროპორციამ, რომელიც სამყაროში ადამიანის ადგილს განსაზღვრავს, პატიმრობა ბუნებრივად აქცია ქრისტიანული მეტაფიზიკის განუყრელ მეტაფორად და პრაქტიკულად, იგი ლიტერატურასთან შეაუღლა. ამ უკანასკნელისთვის მას გარკვეული საზრისიც აქვს, რადგანაც ლიტერატურა, პირველ რიგში, მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებათა არსებულ კილოებზე თარგმნაა. ეს თარგმანი, რა თქმა უნდა, საპყრობილეების გარეშეც განხორციელდებოდა, და შესაძლოა, მეტი სიზუსტითაც. მაგრამ, პავლედან მოყოლებული, ქრისტიანულ ტრადიციას მყარი პოზიცია ჰქონდა შემუშავებული თავისუფლების აღკვეთის, როგორც გამოცხადების გადმოცემის საშუალების შესახებ. დღეს კულტურა და ლიტერატურა, რომელიც სხვა, არაქრისტიანულ მოძღვრებებზე და პრინციპებზეა (თუ ეს სიტყვა უადგილო არ იქნება) დამყარებული, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა საპყრობილეებსა და დილეგებში დიად უფროს, ჩინელების შემთხვევაში კი, უმცროს ძმას დაეწიონ, იმის იმედით, რომ საკუთარ ვიიონებსა და დოსტოევსკებს მიაგნებენ. XX საუკუნეში, დაპატიმრებული მწერალი ნებისმიერ ტერიტორიაზე მოიპოვება. შეუძლებელია დაასახელო ენა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყანაზე (ნორვეგიის გამოკლებით?), სადაც მწერლობამ თავიდან აიცილა პატიმრობა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ენასა და ქვეყანას მეტი მიღწევა ჰქონდა ამ სფეროში, ზოგს _ ნაკლები. რუსეთმა, როგორც ჩანს ყველას გადააჭარბა, მაგრამ მეორე მხრივ, სსრკ მჭიდროდ დასახლებული იმპერია იყო. მის რღვევასთან ერთად, ამ პრობლემის სიმძიმის ცენტრმა ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ოკეანეთის კუნძულებზე გადაინაცვლა. დამაიმედებელი არაფერია, რადგანაც, ესენიც მჭიდროდ დასახლებული რეგიონებია. დისკრიმინაციაზე უარის თქმით, გეოგრაფია, როგორც ჩანს, ესწრაფვის ისტორიას დაეწიოს. ან, შესაძლოა, ისტორია ცდილობს, არ ჩამორჩეს გეოგრაფიას. ძირითადად, მწერალი გისოსებს მიღმა მაშინ ხვდება, როცა პოლიტიკურ დავაში ვინმეს მხარეს იკავებს და ეს ისტორიის აშკარა ნიშანია (ასეთი დავის არსებობა, რა თქმა უნდა, გეოგრაფიის მთავარი თვისებაა). მნიშვნელობა არა აქვს, რა ისტორიულ მოგონებებს აღგვიძრავს საპყრობილე. იგი პირველ რიგში, გაიძულებთ, ყოველ დილით 6 საათზე ადგეთ და ანგარიში გაუწიოთ პატიმრობის ვადის მწარე რეალობას. საპყრობილე არ გვაიძულებს აბსტრაქტული ცნებებისგან გავთავისუფლდეთ. პირიქით, ისინი ყველაზე მოკლე ფორმულირებებამდე დაჰყავს. საპყრობილე, არსებითად, თქვენი მეტაფიზიკის, ესთეტიკის, ისტორიის გრძნობისა და ა.შ. თარგმანია შემოთავაზებული ყოველდღიური არსებობის კომპაქტურ ფორმებში. ყველაზე ეფექტური ადგილი ასეთი თარგმანისთვის, რა თქმა უნდა, ცალკე საკანია, სადაც ადამიანის სამყარო 60 ვატი მზით განათებული ბეტონის მართკუთხედამდეა შემცირებული, რომელშიც თქვენ იმყოფებით საკუთარი ჭკუა-გონების დევნაში გამოკეტილი. რამდენიმე თვის შემდეგ მზის სისტემა საბოლოოდ კომპრომეტირებული აღმოჩნდება – იმედი მაქვს თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისგან განსხვავებით – და თუ თქვენ პოეტი ბრძანდებით, რამდენიმე კარგი ლექსით დაჯილდოვდებით, რომელიც გულში გექნებათ ჩაბეჭდილი, რადგან კალამი და ფურცელი ტუსაღისთვის, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, მიუწვდომელია.ციხის ლიტერატურის ძირითადი ნაწილი პროზადაა დაწერილი. იმიტომ კი არა, რომ პროზაიკოსებს უფრო ხშირად აპატიმრებენ, ვიდრე პოეტებს (სინამდვილეში პირიქით ხდება), არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გარდაუვალი სასჯელის მონოტონური იდიომა პოეტებს აშკარად შეუთავსებლად მიაჩნიათ ლექსის თავისუფლებასთან. პოემის შექმნა საპყრობილის შესახებ გაცილებით რთულია (თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში), ვიდრე რომანისა, რომ აღარაფერი ვთქვათ მემუარებზე. შესაძლოა, ხელოვნებებს შორის პოეზია ყველაზე ნაკლებადაა დაჯილდოებული გამოსახვის უნარით.და თუ ეს ასე არაა, მაშინ მისი გამოსახვის ობიექტი აშკარად მავთულხლართებით, გუშაგებითა და ტყვიამფრქვევებით გარშემორტყმულ ციხის კედლების ზემოთ და მიღმა მყოფობს. ყოველი ხელოვნება ესწრაფვის მუსიკალობას, თქვა უოლტერ პეიტერმა, და პოეზია, კერძოდ, უარს ამბობს ადამიანური ტანჯვით ჰიპნოტიზირებაზე (პოეზიის მსახურთა ტანჯვის ჩათვლითაც).რა თქმა უნდა, მწერალი წმინდა ძროხა არის: მას არ შეუძლია კანონგარეშე, ან ამ შემთხვევაში, საზოგადოების უკანონობისა პირობებში არსებობა. საპყრობილე ან საკონცენტრაციო ბანაკი ამ საზოგადოების მხოლოდ გაგრძელებაა და არა მის მიღმა არსებული ტერიტორია, თუმცა კი თქვენი მაისურის მიხედვით, ასეთი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. გისოსებს მიღმაც მწერალი თანამემამულეთა ბედს იზიარებს. არც მათი წარმოდგენით და არც, იმედი მაქვს, საკუთარ თვალში, მწერალი არ განსხვავდება იქ მყოფთაგან. მწერლის საპყრობილიდან დახსნის მცდელობაში, სადაც მისი კომპატრიოტები, ერთი სიტყვით კი, მისი მკითხველები და პერსონაჟები დარჩებიან – ერთგვარი უნამუსობა იგულისხმება. ეს იგივეა, გადაჭედილ ხომალდზე, რომელიც უსამართლობის ზღვაში ჩასაძირადაა განწირული, ერთადერთი მაშველი ჟილეტი მოისროლო.თუმცა, ეს ჟილეტი აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, რადგან უკეთესია თუნდაც ერთი სული ვიხსნათ, ვიდრე არც ერთი, აგრეთვე იმიტომაც, რომ დახსნილი მწერალი ყველა დანარჩენზე ხმამაღლა გამოსცემს შOშ-ის სიგნალს. და მიუხედავად იმისა, რომ წიგნის თაროებზე ისედაც ბევრი წიგნია, რომელსაც არასდროს ვახლებთ ხელს, მაშველი ჟილეტი მწერალს ერთი უბრალო მიზეზის გამო უნდა მივცეთ: იგი კიდევ ერთ წიგნს დაწერს. რაც მეტი წიგნია ჩვენს თაროებზე, მით ნაკლებ ადამიანს ვატუსაღებთ. სხვა სიტყვებით, წიგნის კითხვაში დახარჯული დრო ქმედებისთვის მოპარული დროა, სამყაროში კი, რომელიც ასე მჭიდროდაა დასახლებული, რაც ნაკლებს ვიმოქმედებთ, მით უკეთესია.ადამიანი მიეჩვია აშკარად უაზრო სიტუაციებში უზენაესი საზრისი ეძიოს. იგი ხელისუფალთა დამსჯელ, თუმცა კი დაუბანელ მარჯვენაში განგების ძალას ხედავს. ამ კომპლექსს ბრალეულობის ქვეცნობიერი გრძნობა და დაგვიანებული სასჯელის მოლოდინი კვებავს, ადამიანი ბედისწერის მსხვერპლი ხდება, მაშინ როცა თავად ამაყობს კაპიტულაციით, თვლის, რომ მორჩილების ახალ სიღრმეებს ეზიარა.მაგრამ ის, რაც ზეაღსვლაა მორჩილისათვის, საზოგადოებისთვის სახიფათო დაღმართია. მომავალი სამყარო ახლანდელზე უფრო მჭიდრო იქნება, და ანომალიაც მასში ეპიდემიის პროპორციებს მიაღწევს. მის წინააღმდეგ პენიცილინი არ არსებობს; ერთადერთი წამალი, რომელზე შესაძლოა ხელი მიუწვდეს პოტენციურ მსხვერპლს, თვითნაკეთი, მთლიანად ინდივიდუალური, განძლების იდიოსინკრატული მანერაა. მწერლები კი, პირველ რიგში და მათი მრწამსის მიუხედავადაც, ინდივიდუალისტები არიან. ისინი ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, ძალზე განსხვავდებიან ნიჭითა და სტილისტური თავისებურებებით; ერთი სიტყვით, მწერალი, თავისთავად, ადამიანური არსებობის უზენაესი მეტაფორაა. ამიტომაც ყველაფერს, რასაც იგი თავისუფლების აღკვეთის ადგილების შესახებ მოგვითხრობს, უდიდესი ინტერესით უნდა ეცნობოდეს ყველა, ვინც თავისუფლად თვლის თავს.მასობრივ ცნობიერებაში საპყრობილე უცნობი სიდიდეა და ამდენად, სიკვდილს უტოლდება, რომელიც აჭარბებს მას როგორც იდუმალებით, ასევე თავისუფლების არარსებობითაც. ყოველ შემთხვევაში, ცალკე საკანი თავიდან მართლაც კუბოს შთაბეჭდილებას ტოვებს. საპყრობილეებზე საუბრისას მიღმური სამყაროს დამოწმება ნებისმიერ ენაში კლიშედ იქცა (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი საუბრები აკრძალული არაა), რადგანაც ჩვეულებრივი ადამიანური რეალობის თვალსაზრისით, საპყრობილე, მართლაც “სიცოცხლის შემდეგ ცხოვრებაა” და თანაც, ისეთივე დაწვრილებითი და მყარი, როგორც სიკვდილის საუფლოს ნებისმიერი საეკლესიო ვერსია.თუმცა, თავისუფლების ნაწილობრივი აღკვეთა, რასაც საპყრობილე წარმოეადგენს, აბსოლუტურზე უარესია, რადგანაც ეს უკანასკნელი აღკვეთის გაცნობნიერების უნარსაც გაცლით. საპყრობილეში კი, თქვენ არათუ უხორცო დემონების, არამედ თქვენნარივე, ზოგჯერ ზედმეტად ხელშესახები არსებების კლანჭებში ექცევით. სავსებით გასაგებია, რომ ჩვენს კულტურაში არსებული ქვესკნელის სახეების ძირითად ნაწილს საპყრობილის გამოცდილება უდევს საფუძვლად.რაც არ უნდა იყოს, ციხის ლიტერატურა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ჯოჯოხეთი ადამიანებმა შექმნეს და მას ადამიანებივე განაგებენ. მაგრამ ამაშია დაფარული გაძლების იმედიც, რადგანაც ადამიანები, ვინც ფულს სისასტიკის გამო იღებენ, ხშირ შემთხვევაში გულგრილნი, უმაქნისები და ზარმაცები არიან. ადამიანის მიერ შექმნილი არც ერთი სისტემა სრულყოფილი არაა და გამონაკლისი არც ჩაგვრის სისტემაა. იგი ცვდება, იბზარება, ბზარი კი მით უფრო შესამჩნევი და ფართო ხდება, რაც უფრო ხანგრძლივია ვადა. სხვა სიტყვებით, აზრი არა აქვს საპყრობილის ერთ მხარეს მრწამსის წრთობას, რადგან მალე შეიძლება კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეთ. უმრავლეს შემთხვევაში, საპყრობილის ატანა შესაძლებელია. თუმცა ახლადშესულისთვის იმედი მართლაც ყველაზე გამოუსადეგარი რამაა. აქ შაქრის ნატეხი უფრო მეტად ფასობს.

© ”ცხელი შოკოლადი”

No comments: