Saturday, February 6, 2010

ნუგზარ ერგემლიძე, Back in the USSR

ვერა ნეფარიძე
ფრთხილად, ჯონ!
ნუგზარ ერგემლიძე, Back in the USSR. თბ. "საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია", 2002.


ამ წიგნის სათაურისა და გარეკანის გამო, შესაძლოა, თავიდან ჩემსავით შეცდეთ და იფიქროთ, რომ თქვენს ხელთაა ცნობილი მომღერლის ტკბილი მოგონებების კრებული. თავად სახელწოდება Back in the USSR და გარეკანზე "ბითლზების" სტილში გადაღებული "ორერას" ფოტოც დაგაიმედებთ, რომ წინ გელით ათასგვარი ისტორიები, თუ როგორ გაუსინჯეს გემო "აკრძალულ ხილს" ქართველმა მელომანებმა და ა.შ.. მაგრამ, დაიწყებთ თუ არა კითხვას, მიხვდებით, რომ წიგნი ნუგზარ ერგემლიძის ორიგინალური პროზაა, ე.წ. Fiction. აბა, სხვაგან სად წაგიკითხავთ იმ ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც ჯერ არც კომპარტიის პირველი მდივანი გამხდარა, არც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და არც საქართველოს პრეზიდენტი. ან თავად ჯონ ლენონზე, ჯერ კიდევ რომ არ მიუღწევია დიდების მწვერვალს...
მათ გარდა წიგნში კიდევ რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას შეხვდებით, ავტორისთვის ხომ ეს სხვადასხვა ეპოქების შესადარებელი ერთგვარი ხერხია. ალბათ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ წიგნის მთავარი ღირსებაც სწორედ ეს იყოს - ისტორიულ პიროვნებებთან ერთად დროში მოგზაურობა, მოტივი, რომლითაც არც ისეა განებივრებული თანამედროვე ქართული ლიტერატურა.
არ ვიცი, რამდენად შეიძლება ირაკლი ჩიქოვანსა და ნუგზარ კალმახელიძეს ჩვენი თანამედროვეები ვუწოდოთ. მათი სახით წიგნს ორი მოგზაური მთავარი გმირი ჰყავს. ისინი პარალელურად ცხოვრობენ 90-იანების, 70-იანებისა თუ 60-იანი წლების თბილისში. წიგნიც ძირითადად, ამ პერიოდის ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის საამაყო თუ სამარცხვინო მოვლენებსა და პიროვნებებს გვახსენებს; მოქმედებაც მათ ირგვლივ ხდება.
ნაწილობრივ, ცნობილი მოვლენების გამო, 1993 წელს ირაკლი ჩიქოვანის უფერულ ცხოვრებას (იმ დროისათვის ჩვეულებრივს) აბსოლუტურად შეცვლის ნუგზარ კალმახელიძესთან შეხვედრა. ეს ადამიანი გარკვეულწილად, ახალგაზრდა გმირის მასწავლებლადაც შეგვიძლია ვიგულოთ. "მოძღვარი" ჩიქოვანს ერთგვარ საიდუმლოს გაუმხელს, რისი წყალობითაც შემდეგში ირაკლი ჩიქოვანი საკუთარ წარსულში იმოგზაურებს და ამ გზით გადაწყვეტს, აარიდოს განსაცდელი სხვებს. საამისოდ ირაკლი ჩიქოვანი იგონებს სხვადასხვა მაქინაციებს, თუმცა ამ ხრიკებით იგი თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთი მეგობრის გადარჩენას შეძლებს. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლებოდა საქართველოს ისტორიაში, 1964 წელს რომ ვინმე კომკავშირელი შევარდნაძისთვის მისი მომავალი შეეტყობინებინათ? ნაწარმოების გმირისა და ამხანაგ შევარდნაძის რამდენიმე გულღია საუბრების მიუხედავად შეკითხვა წიგნის ბოლო ფურცლებამდე უპასუხოდ რჩება.
სხვადასხვა პერიოდის წარმოჩენის მცდელობისას ავტორს ცოტა ზედაპირულობაშიც შეიძლება შევედავოთ. 90-იანი წლების უფერულ თბილისს ირაკლი ჩიქოვანი მოკლედ ახასიათებს: "მეტრო ისევ არ მუშაობს. დენი არ არის! ენერგეტიკული კრიზისი ზაფხულშიც ახსენებდა თავს მოქალაქეებს. ტაქსი აღარ იყო თბილისში, ხოლო კერძო მანქანების მფლობელნი ისეთ თანხას ითხოვდნენ, უკიდურესი საჭიროებისათვის თუ შეიძლებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა".
70-იანების თბილისი გარკვეული გაგებით უფრო ლაღია. წიგნის პერსონაჟები ბათუმში "ატარებენ დროს"; აქ გაიელვებს იპოლიტე ხვიჩიას პერსონა, რომლის შვილიც ირაკლი ჩიქოვანის მეგობარია; ისევე, როგორც 90-იანი წლების ახალგაზრდებს, მათაც უყვართ პოეზია, რაც ძირითადად, პირად საუბრებში ფრაზების გარითმვით გამოიხატება, მაგრამ, მაშინდელ ახალგაზრდებში მეტია სიახლისადმი სწრაფვა. დასავლეთში "სუპერსტარის" ეპოქაა. თბილისელმა მელომანებმაც გაუსინჯეს გემო ამ ნეტარებას და ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ დატკბენ ამ მელოდიებისა თუ საბჭოეთში აკრძალული უცხოური ფილმების კადრებით. აი, სულ სხვაა 60-იანი წლები. აქ ავტორი ცდილობს ეპოქის სიდიადე უფრო გლობალურად აჩვენოს, რისთვისაც სწორ არჩევანს აკეთებს – მიდის ინგლისში, მუსიკალურ კაბადონზე ახლადგამოჩენილი "ბითლზების" სამშობლოში. თბილისში ამ დროს "ორერაა" ერთადერთი და უნიკალური. მახსოვს, ბავშვობაში მესმოდა ხოლმე, უცხოეთში "ორერას" მოუსმინეს და "ბითლების" დონის შეფასება მისცესო, - როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას თანამედროვე საქართველოშიც იზიარებენ...
რაც შეეხებათ პერსონაჟებს, წიგნში შეხვდებით: ნოდარ დუმბაძეს, "ორერას", მთელი თავისი შემადგენლობით; იპოლიტე ხვიჩიას; გაიელვებს მიშა ფოფხაძის (რომელსაც რადიო "თავისუფლების" მსმენელი ლუკა ბეთანელის სახელით უფრო იცნობს) სახელიც, რომელიც საბჭოთა კავშირიდან თავშესაფარს დასავლეთში აღმოაჩენს; ერთ პასაჟში თავად წიგნის ავტორის, ნუგზარ ერგემლიძის პერსონაც ჩნდება, ისმის მერაბ სეფაშვილის სახელიც – ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც წიგნის ავტორს შემოქმედებითი თუ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა;
ნაწარმოების ერთ-ერთი ნაკლი ალბათ ბანალური დიალოგებია. ასეთ დიალოგებში ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს "ჩვენი", ძირითადად კი, ქართველი მამაკაცების ხასიათი; როგორია ქართველი მოსკოვში – არხეინი, მფლანგველი, "ურა-პატრიოტი" და ა.შ. როგორ სვამს და ასმევს "ჩრდილოელებს" საკუთარი სამშობლოს სადღეგრძელოებს და როგორ აღაფრთოვანებთ მასპინძლებს მისი (ამ შემთხვევაში, ირაკლი ჩიქოვანის) სამშობლოსადმი ასეთი ერთგულება და სიყვარული.
არ ვიცი რატომ, ყველაზე სახალისოდ ბოლო გვერდები მომეჩვენა, სადაც ლიტერატურული ფანტაზიის წყალობით, წიგნის მთავარი გმირისა და "ორერას" ინგლისში მოგზაურობაა აღწერილი. როგორ გააოგნეს საბჭოთა ქართველმა მუსიკოსებმა თავად ჯონ ლენონი (ოღონდ, კიდევ კარგი რომ არა საკუთარი მუსიკალური შემოქმედებით), დროში მოგზაურობის შესაძლებლობებითა და მომავლის (მათ შორის, თავად ჯონ ლენონის) წინასწარმეტყველებით; ირაკლი ჩიქოვანი საუკუნის ვარსკვლავს 1980-ში თაყვანისმცემლის ხელით მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ შეატყობინებს. "იცით, რა? მომკლან, არ დავეძებ", - წაიკითხავთ წიგნის დასასრულს ლენონის ერთ-ერთ უკანასკნელ ფრაზას, რომელიც მან ქართველ მოგზაურს გაანდო. ცოტა სასაცილოა, თუმცა რა – ლიტერატურული ფანტაზიის საზღვრები ხომ დაუდგენელი, ხოლო ლიტერატორის "თავნებობა" – შეუზღუდავია?!
ავტორს, მისივე დებიუტანტობის გამო უდაოდ უნდა ვაპატიოთ თითო-ოროლა გაუმართავი წინადადება, მაგალითად ასეთი: "ჩიქოვანი მოძრაობაში ტელეფონის დარეკვით გამოწვეულმა საჭიროებამ მოიყვანა". ნუგზარ ერგემლიძის მხატვრული შედარებებიცა თუ მეტაფორებიც თავისებურია. ზოგადად კი, ავტორის ლიტერატურული ენა თანამედროვე, ადვილად გასაგებია და ამიტომაც, ამ წიგნის წაკითხვა ერთი ამოსუნთქვით შეიძლება და საბოლოო ჯამში, ალბათ მისასალმებელია, რომ მომღერალმა ახალ ამპლუაში გამოჩენა კიდევ ერთი ორიგინალური ხერხითაც სცადა.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: