Sunday, February 14, 2010

თამაზ ჩხენკელი - მწვანე ბივრიტი

ზაზა კვერცხიშვილი
მწვანედ მოციმციმე სპეკალი
თამაზ ჩხენკელი. "მწვანე ბივრიტი". რედაქტორი უჩა შერაზადაშვილი. ს.ს. "გამომცემლობა აჭარა", ბათუმი, 2002.


თამაზ ჩხენკელი 75 წლის გახდა. ლიტერატურის მუზეუმმა, - უფრო სწორად კი, პირადად იზა ორკონიკიძემ, - არისტოკრატულად გულუხვი საჩუქარი მიუძღვნა მას: რვაგვერდიანი საიუბილეო გაზეთი, რომელშიც რამდენიმე ნამდვილად სანიმუშო წერილია დაბეჭდილი.
"თავისუფლების 75 წელი", - ასეთია ერთი სტატიის სათაური. თუმცა, გამუდმებით რიცხვთა სიმბოლური მნიშვნელობის მჩხრეკელმა იუბილარმა, ალბათ, სხვებზე უკეთ უწყის ნებისმიერი თარიღის პირობითი შინაარსი. კაცისთვის, რომელმაც სიცოცხლე "კოსმიური მუსიკის სმენასა" და "ვარსკვლავიერი მტვრით სუნთქვაში" გალია ("ბჰაგავატგიტა", "ოდისეა", ბო ძიუ-ი, "გიტანჯალი", უიტმენი, ვაჟას სამყაროს მითოსური წიაღი, ქართული ასომთავრულის რიცხვულ-გრაფიკული სტრუქტურა...), ეს ჟამი, შესაძლოა, მარტოობის 75 ასწლეულიც იყოს და მარადისობასთან ზიარების 75 წამიც.
თავად იუბილარი ამ თარიღს ფუჭი ფაციფუცის გარეშე შეხვდა, სწორედ ისე, როგორც შეშვენის მწერალს: გამოაქვეყნა ორი კრებული, - ლექსებისა და სტატიებისა, - სადაც, სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით, მთელი განვლილი გზა აქვს შეჯამებული.
ლექსების გამო არაფერს ვიტყვი. თამაზ ჩხენკელის უდიდესი და ჯეროვანად დღემდე გაუაზრებელი გავლენა უახლესი ქართული ლირიკის ჩამოყალიბებაზე ამომწურავად არის ზემოთ ნახსენებ საიუბილეო გაზეთში გაანალიზებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთა სწორედ ლექსის უბადლო ვირტუოზმა და გამჭრიახმა ანალიტიკოსმა დავით წერედიანმა.
გვერდი გვერდზე მიდევს თ. ჩხენკელის წერილების ორი კრებული: 1970-იანი წლების მიწურულს გამოცემული "პოეზია - სიბრძნის დარგი" და ძირითადად შემდგომი ხანის ნაფიქრ-ნაწერით შედგენილი "მწვანე ბივრიტი". ასე ზედიზედ გადაკითხვისას თვალსაჩინოა განსხვავება ადრინდელსა და გვიანდელს შორის. ადრეულ სტატიებში არის ცალკეული ლექსისა თუ მთელი პოეტური სამყაროს გულმოდგინე, ღრმა ანალიზი, თემის ამოწურვის სურვილი. შემდგომში ჭარბობს რაღაც თვისება, რაც ნაწერს ძნელად ასახსნელ-განსასაზღვრავი ხიბლით ავსებს. იგრძნობა, რომ მწერალმა რაღაც მიჯნა გადალახა, რაღაც მოიპოვა... ოღონდ, ეს ნამდვილად არ არის ოსტატობის უფრო მაღალი დონე: წინარე პერიოდის სტატიები ლიტერატურული ოსტატობით არ ჩამოუვარდება და, შესაძლოა, ზოგჯერ აღემატება კიდეც, უფრო გვიანდელს. ესაა, ალბათ, მეტი თავისუფლება და სილაღე... დაძლეულია არა ხელოსნური, არამედ უფრო პიროვნული სრულქმნის ის საფეხური, რომლის შემდეგ ავტორი თავს აღარ იზღუდავს მხოლოდ იმაზე და იმგვარად წერით, რაც საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია (კულტურული პროცესების ამოცანებიდან და მათ წინაშე საკუთარი მოვალეობის გააზრებიდან გამომდინარე); როცა მწერალი ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე იწყებს წერას ისე და იმის შესახებ, როგორც სურს და რაც აინტერესებს. ინტელექტუალური თავისუფლების ამ სივრცეში შეღწევა კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჭეშმარიტი სულიერი სრულქმნილებისა და სრული უანგარობის გარეშე მისი კარის შეღების ცდა ცუდად მთავრდება - ადამიანი თავისუფლების სამყაროს ფალსიფიცირებულ ორეულში ხვდება: თავნებობისა და სულმდაბალი ამპარტავნების საპარპაშოში.
"მწვანე ბივრიტის" ბირთვს ქმნის მოგონებები ავტორისთვის ძვირფას ადამიანებზე: ერთი მხრივ, წინა თაობის მწერლებსა და მეცნიერებზე, რომლებსაც გულმხურვალედ უმადლის საკუთარი პიროვნების ამა თუ იმ წახნაგის ფორმირებას (შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, სიმონ ჩიქოვანი...) და, მეორე მხრივ, იმ მეგობრებსა და თანამოკალმეებზე, რომელთა განუმეორებელი ინდივიდუალობა ენერგიით და სიხარულით ავსებდა ყოფასა და ინტელექტუალურ ცხოვრებას (არჩილ სულაკაური, ოტია პაჭკორია, ზურაბ კაკაბაძე, სარგის ცაიშვილი, გურამ ასათიანი, ინოლა გურგულია...).
ავტორი აღწერს მათთან ურთიერთობის ხშირად გარეგნულად უმნიშვნელო ეპიზოდებს და ამ ფრაგმენტული, იმპრესიონისტული ჩანახატების შერწყმით როგორღაც ახერხებს გარდასული დროც გააცოცხლოს და უჩვეულოდ მეტყველი პორტრეტებიც შექმნას. ამასთან, მოგონებებში ძალდაუტანებლად ჩართული რამდენიმე ფრაზის მეშვეობით ზოგჯერ ლაკონურად, მაგრამ სრულად არის დახასიათებული "პერსონაჟის" კულტურული როლი (რად ღირს, თუნდაც, მსჯელობა მეცნიერული ობიექტურობისა და პოეტური შთაგონების მნიშვნელობაზე ისტორიკოსის ნაღვაწისათვის, პავლე ინგოროყვასადმი მიძღვნილ სტატიაში) ან კიდევ საოცარი სისავსითაა გადმოცემული მთელი მისი შემოქმედების ბუნება (მოვიყვან ამის ბრწყინვალე ნიმუშს: "გიორგი ლეონიძეს სიცოცხლე უყვარდა რაღაცნაირი "ფანატიკური სიხარბით", თუ შეიძლება ასე ითქვას, რელიგიური ექსტაზურობით და მის ლექსებში ეს ვიტალური ძალმოსილება ზოგჯერ მართლაც იმოსავდა მსოფლმხედველობრივ განზომილებას. მის მსოფლაღქმაში "სიცოცხლე" განიცდება როგორც სომატური სისავსე და დაუშრეტელი ხვავრიელობა: "ჩემს ლექსს თვითეულს ეწურება ცხრა ლიტრი ერბო", ან "კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები". ეს ხელშესახები პოხიერება გ. ლეონიძის ადრინდელ პოეზიაში ადამური პირველყოფილებით და ერთგვარი "გვაროვნული" არქაულობით ცნაურდება").
საიუბილეო გაზეთში ზურაბ კიკნაძემ კარგად დაახასიათა თ. ჩხენკელი როგორც გატაცებული მთხრობელი, - უბადლო ნარატორი, - და ხაზი გაუსვა მონათხრობის ზუსტად დათარიღების სიყვარულს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს მისი დაჟინებული და, პირადად ჩემთვის, ზოგჯერ გაუგებარი სწრაფვა შემთხვევითი ნაცნობების ("არც მტრად, არც მოყვრად რომ აღარსად შეხვდება") გვარების დახსომებისა და წლების შემდეგ მათი ერთგვარად თვითმიზნური გახმიანებისკენ, რაც აქა-იქ გაკრთება ხოლმე წიგნში... ვფიქრობ, ამ "უცნაურობას" შობს გამუდმებით ფილოსოფიურ-თეოლოგიური აბსტრაქციების უკიდეგანო ოკეანეზე მოხეტიალე გონების დაუძლეველი წყურვილი, მოიპოვოს რაღაც უაღრესად კონკრეტული, მეხსიერების ღუზით მოებღაუჭოს ზუსტი თარიღისა თუ სახელის ლოდს.
არსებითად, წიგნის ძირითადი ნაწილი შეიძლება დავახასიათოთ როგორც წარმატებული ძალისხმევა "გაჟონილი დროის" ხელახლა დაუფლებისა და, სახელებისა და სახეების მეშვეობით, მისი ესენციის აწმყოში ჩაწრეტისათვის...
და კიდევ: ზემოთ გულგრილად მოვიხსენიე მწერლური ოსტატობა, როგორც რაღაც მეორადი პიროვნულ სრულქმნილებასთან შედარებით, მაგრამ, თავისთავად იგულისხმება, - "ხელობის" უმაღლეს დონეზე ფლობაა საჭირო, რათა ძუნწი და ფრაგმენტული შტრიხებით ესოდენ ცოცხალი სურათები დაიხატოს, ან კიდევ - სხვისი მონათხრობის გადმოცემით "ქართული ცხოვრების" ერთი ნაღვლიანი თავისებურების ასეთი შთამბეჭდავი მეტაფორა შეიქმნას (აკაკი ბაქრაძისადმი მიძღვნილ სტატიაში): გრიგოლ რობაქიძის დის, ქალბატონ ლიდას ერთი სიზმარი "მაშინვე ჩავიწერე და დღემდე მახსოვს... ზამთარი იყო. გავიხედე გარეთ და ეზოში თოვლზე დავინახე გრიგოლის უზარმაზარი ნაფეხურები, შევშინდი იმხელა ნაფეხურები იყოო... ასეა ჩვენში: სიკვდილის შემდეგ დიდდება ნაფეხურები".

* * *
წიგნის მეორე ნაწილში დაბეჭდილია თ. ჩხენკელის რამდენიმე ინტერვიუ და სტატია, სადაც ავტორი ქართველი ერისა და ახალი ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ ფუნდამენტურ ამოცანებზე მსჯელობს. ზოგ მათგანს ("დედაქალაქი", "განვემზადოთ ახალი საუკუნისთვის") დაბეჭდვისთანავე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები - აღფრთოვანებულიცა და კრიტიკულიც. ოღონდ, აშკარა იყო, რომ წერილებმა მძაფრი ინტერესი გამოიწვია. ნააზრევის აქტუალურობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველაზე უეჭველი დადასტურებაც სწორედ ეს არის.
მცირე რეცენზიაში გაუმართლებლად მეჩვენება ზედაპირულად მაინც მიმოვიხილო წიგნის ამ პუბლიცისტური ნაწილის პრობლემატიკა: ეს, არსებითად, ისტორიული და პოლიტიკური საკითხების არაფრისმთქმელ ჩამონათვალად გადაიქცეოდა. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყოველთვის ბოლომდე და სრულად იქნას გაზიარებული ავტორის პოზიცია (ცალკეულ თვალსაზრისებთან მეც ბევრი მაქვს სადავო), მაგრამ, აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის მისი გათვალისწინება: აზროვნების სიღრმე და სიფართოვე ქმნის ისეთ დონეს, რომელიც თავისთავად სპობს ყველა სახის პროვინციული და ნიჰილისტური შეზღუდულობის უკუნეთს.

* * *
და მაინც: რა არის "მწვანე ბივრიტი"?
ესაა მარადფასეული კულტურული საგანძურის მეტაფორა, რომელიც ავტორმა "ქართლის ცხოვრებაში" მოიძია: ქართველთა სპილენძის კერპ არმაზს თვალებად ზურმუხტი და ბივრიტი ესხა. მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ ლოცვით შემუსრა არმაზი, ხელთ იპყრა მისი ბივრიტის თვალი და, ამ ბასრი ქვის მეშვეობით, ხეზე ჭეშმარიტი რწმენის სიმბოლო - ჯვარი გამოსახა. ამგვარად, "მწვანე ბივრიტი" განასახიერებს ყველაფერ იმას, რაც შეუმუსრავი და სამომავლოდაც გამოსადეგია წარსულში.
"ბივრიტი", რომელიც თამაზ ჩხენკელს ბედისწერამ აგდებინა ხელთ, - უფრო სწორად კი, თვითონვე მოიპოვა ასკეტის თავგანწირული შეუპოვრობითა და განძისმაძიებლის თავზეხელაღებული გაბედულებით, - უმშვენიერესი და მარადფასეული სპეკალია, უნივერსალური კულტურის საგანძურიდან ჩვენს კავშირებდაწყვეტილ, ყოვლის გამაუფასურებელ დროში იმედად და რწმენის წყაროდ მოტანილი: მისი სხივების განმაჭაბუკებელ მწვანე ციმციმში ხომ ახლაც ისეთივე მშვენიერებით ირეკლება კოსმოსი და მარადისობა, როგორც ოდესღაც ირეკლებოდა "ბრმა ჰომეროსის", "გიტას" შემოქმედისა და ვაჟა-ფშაველას ყოვლისმხილველ თვალებში.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: