Sunday, February 21, 2010

ზაალ დგებუაძე - მოპარული და ფალსიფიცირებული იდეალები

"რომანტიკული (წაიკითხე: პატრიოტული - ზ.დ.) რევოლუციის გმირად მიმაჩნდა თავი და მსოფლიოში ყველაზე მურდალი და თვალთმაქცი წყობის (წაიკითხე: ხელისუფლების - ზ.დ.) ხელის ბიჭად ვიქეცი"
სლავომირ მროჟეკი


1988 წლის შემოდგომის ახალგაზრდული და 89 წლის აპრილის საყოველთაო ამბოხის დროს ჩვენ ისე მივუახლოვდით რეალობას, რომ თვით ყველაზე ამაღლებული და განყენებული (რეალობაზე მაღლა ან მის გარეთ მყოფი) ცნებებიც კი - პატრიოტიზმი, ძმობა, ერთობა, თავისუფლება, შესაძლოა აგრეთვე სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ტევადი და დარწმუნებული აზრით, - რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფა-ცხოვრებაში შემოიჭრა და რეალობად იქცა. თანაც, არა ცალკეულ ადამიანთა ინდივიდუალურ ფსიქიკურ რეალობად, არამედ, ასე ვთქვათ, საერთო სახალხო სინამდვილედ, ხალხის მამოძრავებელ და წარმმართველ ძალად. სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ იმ დღეებში თბილისში არ დაფიქსირებულა არც ერთი დიდი თუ მცირე კრიმინალური შემთხვევა. დასახელებული აბსტრაქტული იდეალები მაშინ უფრო ძლიერ ზემოქმედებასაც კი ახდენდა ხალხზე, ვიდრე სხვა დროს თუნდაც სავსებით კონკრეტული სიკვდილის შიში. გავიხსენოთ, რომ ორიოდე წლის შემდეგ, "თბილისის ომის" დროს, მარადიორები ტყვიებს არ უშინდებოდნენ და ბრძოლის ტერიტორიაზე დღე და ღამ დაუზარებლად ძარცვავდნენ სახლებს.
ახლა 89 წლის აპრილის ამბოხის გახსენება, რომლის მოწმე და მონაწილე ლამის მთელი თბილისი იყო, მაინცდამაინც არავის სიამოვნებს. და მიზეზი 9 აპრილის დარბევისას განცდილი შოკი როდია - შოკმა დიდი ხანია გაიარა. არა, მიზეზი დამარცხების მწარე გრძნობასა და იმ იდეალების გაუფასურებაშია, რომლებიც მაშინ გვამოძრავებდა.
რა მოხდა საყოველთაო სიყვარულისა და ერთობის იმ რამდენიმე დღის შემდეგ? როგორ გავლიეთ საუკუნის დასასრულამდე დარჩენილი წლები?
პირადად ჩემთვის ყველაფრის ერთგვარ შეჯამებად იქცა 2000 წლის დეკემბრის მიწურულს ნანახი "ფსიქო" (მეორე ათასწლეულის ბოლო გადაცემა), სადაც აჩვენეს ფრაგმენტები ბესო სოლომონაშვილის ფილმისა ქუჩის მუსიკოსებზე. მაშინ შევიტყვე, რომ უსინათლო მომღერალი ქალები, რომელთა ჟრუანტელისმომგვრელი ხმა - "ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!" - 9 აპრილის ჩეხვის დროს გაისმოდა როგორც პირდაპირ ისტორიიდან მოღწეული მოწოდება გმირობისა და გაუტეხლობისკენ და სიამაყითა და შემართებით გავსებდა (ეს დახასიათება ახლა შეიძლება მაღალფარდოვან სიყალბედ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინ ესეც რეალობა იყო), დიახ, სწორედ ეს ქალები ორი ათასწლეულის მიჯნაზე მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროს სადგურებში სწორედ ამავე სიმღერის მეშვეობით მათხოვრობენ, რათა შიმშილით არ ამოსძვრეთ სული და მათი ხმა ახლა, ალბათ, ყველა გრძნობას აღძრავს, - სიბრალულიდან დაწყებული და მრისხანებით დამთავრებული, - სიამაყისა და შემართების გარდა...
ამ კერძო ფაქტში არეკლილია მთელი ჩვენი 9 აპრილის შემდგომი ცხოვრება: გაღატაკებული, მოღორებული, ღირსებააყრილი ხალხის ბედი...
ამბოხი შეიძლება იყოს დაუკონკრეტებელ ზოგადჰუმანისტურ იდეალებზე დაფუძნებული, ან სრულიად უმიზნო და უპროგრამო (იხ. "არილის" ნომრები მიძღვნილი პარიზის 1968 წლის მოვლენებისა და "ბიტნიკებისადმი", 2001 წ. N10 და 2000 წ.N9). ასეთ შემთხვევებში დამარცხების სიმწარე გაცილებით ნაკლებია, რადგან თვით მეამბოხეთა მამოძრავებელი იდეალები ან მოტივები შეუბღალავი რჩება. მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე ვითარება იქმნება მაშინ, როცა მასების წარმმართავ "წმინდა" იდეალებს პოლიტიკის უბინძურესი საქმოსნები ეუფლებიან და მათ ხალხის მოღორების და გაყვლეფა-გატყავების საშუალებად იყენებენ.
სწორედ ეს დაემართა ჩვენში პატრიოტიზმს, რადგან 1988-89 წლების ამბოხი მთლიანად მისი ნიშნით იყო აღბეჭდილი, მისი ლოზუნგებით მიმდინარეობდა. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებიან (ალბათ, ცნება "სამშობლოსადმი" ქართული კლასიკური ლიტერატურიდან ლამის დედის რძესთან ერთად შეწოვილი პიეტეტის გამო), მაგრამ დღეს საქართველოში სიტყვა "პატრიოტიზმს" ყოველგვარი ხიბლი აქვს დაკარგული და, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ლამის "ჩამორჩენილობის", "გონებაშეზღუდულობის" ან, კიდევ უარესი, "ანგარებიანი უტვინო აფერისტობის" სინონიმად არის ქცეული.
ცხადია, ეს არც, ზოგადად, თვით იდეალების უვარგისობის ბრალია და არც, კერძოდ, საკუთრივ პატრიოტიზმის დრომოჭმულობისა. ყველაფრის გაუფასურებასა და ტოტალური ნიჰილიზმის დამკვიდრებაში ბრალი მიუძღვით ხელისუფლების სათავეში მოხვედრილ იმ უვარგის ადამიანებს (პოლიტიკოსებს, დილეტანტ გენერლებსა და სარდლებს, პროფესიონალ ბანდიტებს), რომლებმაც ილუზიონისტის (ან გაწაფული ჯიბის ქურდის) სიმარჯვით გამოგვაცალეს ხელიდან იდეალები და სანაცვლოდ მათი ფალსიფიცირებული და სრულიად უვარგისი დუბლიკატები შემოგვაჩეჩეს.
საერთოდ, ამ ადამიანებს მოუშორებლად თან სდევს ერთი მურდალი თვისება (ერთგვარი წყევლა, რომელიც, როცა ისინი ხელისუფლებას დაეუფლებიან ქვეყნისთვის შეჩვენებად იქცევა ხოლმე): შეხებისთანავე გახრწნან თვით ყველაზე მაღალი რეალური იდეალები, თავიანთი ნამდვილი მიზნების ილუზიურ შესანიღბ მასალად აქციონ ისინი, ხოლომათ ნაცვლად რეალობად დაამკვიდრონ უმდაბლესი მერკანტილური მისწრაფებები და მტაცებლური ინსტინქტები. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სავსებით რეალური ამოცანები აფხაზეთის ომის დაწყებით გადაექციათ მოსახლეობის გასაბრიყვებელ ფუყე ილუზიურ ლოზუნგებად, პატრიოტიზმით ან, უბრალოდ, კაცური სინდისით ამოძრავებული ბიჭები - ჯარისკაცები და მოხალისეები - გამოეყენებინათ "საზარბაზნე ხორცად", ხოლო რეალობად დაემკვიდრებინათ სულ სხვა რანგის მოვლენები: ხელისუფლების კიბეზე საფეხურების გადანაწილება და ფული, უკონტროლო იარაღი და ნარკოტიკები...
ამ ადამიანებმა, არა მხოლოდ აფხაზეთი, საქართველოც დაგვაკარგინეს. ამას მოწმობს მოსახლეობის სრული გულგრილობა ქვეყნის ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროსადმი, და ეს ისეთ უკიდურესად პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია! დღეს ნებისმიერ ახალ მოვლენაში, იქნება ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ხასიათისა, ხალხი, უწინარეს ყოვლისა, უმაღლეს ხელისუფალთა ანგარებიან ზრახვებს, მათ კრიმინალური ელფერის მქონე "ანცობას" ხედავს, რადგან, უბრალოდ, დაკარგული აქვს რწმენა, რომ ყველაფერ ამას მის რეალურ ცხოვრებასთან რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს.
წინა სტატიაში ("არილი", 2001 წ.N15) ვწერდი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებულ ურჩხულზე (უფრო კი, მის გახრწნილ გვამზე) - საბჭოთა იმპერიიდან მემკვიდრეობით მიღებულ სახელისუფლებო სისტემაზე. ოღონდ, დღეს ამ მონსტრუოზული წარმონაქმნის ბატონობას ვეღარავის დავაბრალებთ: სისტემის ერთგულ მსახურთა მოსვლა ხელისუფლების სათავეში ჩვენივე წყალობით - ჩვენი არჩევნის ან ჩვენი გულგრილობის გამო - ხდება. დღევანდელი ვითარების წაორმომქმნელი უმთავრესი მიზეზი ჩვენსავე მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ: კანონებისადმი უპატივცემულობასა და თანამდებობის პირთა წინაშე ქედმოდრეკაში, ყოველგვარ უზნეობასთან შეგუებასა და ქარიზმატული ლიდერების მოყირჭებულ ხიბლში.
ჩვენ ჯერ საკუთარი პიროვნული თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი ღირსების შეგნება უნდა მოვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი მოპარული იდეალების დაბრუნებაზე, რეალობის დაბრუნებაზე ან, არსებითად, საქართველოს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, როგორც სამშობლოს დაბრუნებაზე.

2001
© “არილი”

No comments: