Tuesday, February 23, 2010

ტომას ბერნჰარდი – ქუდი


წინასწარმეტყველება გამართლდა, ჩემმა ძმამ მართლაც ბრწყინვალე კარიერას გამოჰკრა ხელი. მისი მოხსენებები თუ გამოკვლევები ნუტაციის სფეროში წარმატებით იკითხებოდა არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში, არამედ ევროპაშიც. მე კი ამ დროს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანთათვის განკუთვნილ ინსტიტუტებში სირბილით გადავიღალე. დასვენება მჭირდებოდა. ვიცოდი ჩემს ძმას დაღუპული მეუღლისგან დარჩენილი, მიტოვებული სახლი ჰქონდა და ვთხოვე, თუ შეიძლება რამდენიმე ხნით ამ სახლში ვიცხოვრებ-მეთქი. უარი არ უთქვამს და მეც მადლიერი დავრჩი. ჩემი ძმის მეუღლე თვალით არასოდეს მინახავს, მაგრამ ახლა ამ ქალის გემოვნებითა და სიყვარულით გაწყობილი ოთახები ჩემთვის არეულ-დარეული ცხოვრებისაგან გაქცევამოწადინებულისთვის, ერთადერთი თავშესაფარი გახდა.
სახლი მდინარესთან სრულიად განმარტოებით იდგა. აქ გატარებულმა პირველმა ორმა კვირამ უკვე მაგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი და სუნთქვა შემეძლო. თქვენ წარმოიდგინეთ, უჩვეულოდ გამახალისებელ აკრობატიკასაც კი მივყავი ხელი... თქვენ, ჯანსაღებს ეგებ სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ავადმყოფი გონების პატრონისთვის, სწორედ რომ მისწრება იყო.
აქ, უნთერახში, ჩემი ძმის სახლში საშუალება მომეცა განვმარტოებულიყავი, გამეანალიზებინა უკვე ჩვეულებად ქცეული ყოფა და საკუთარი მიგნებებითა თუ წარმოსახვებით სათანადო დასკვნები გამომეტანა. თუმცა ერთი კია, აქ მეცნიერულ მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. აღარ შემეძლო განუწყვეტელი ქექვა ხაბულასის, დიპოლდის, ჰაიზენბერგის, ჰილფისა თუ ნიუტონის ნაშრომებში. ამათ გარეშე კი წარმოუდგენელი იყო მეტყევეობათმცოდნეობაში რაიმე წინსვლა. ჩემი სნებაშეყრილი გონება ვეღარ იტევდა ამდენ რამეს, უნარი აღარ შესწევდა ღრმად ჩასწვდომოდა მოვლენებსა თუ ფერთა ისტორიას და უმრავლესობიდან უმცირესობის გამორიცხვის მეთოდით რაიმე ღირებულს ჩაბღაუჭებოდა. ავადმყოფურმა გონებამ თვითკრიტიკისა და თვითდათრგუნვის აუტანელ ზღვრამდე მიმიყვანა. ვითომდა გამოსავალს ვეძებდი, არადა ამ გამოსავლის ძიებაში, თვით გამოსავალსაც კი ძირიძირობამდე ვუკირკიტებდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. გადამღალა ამ ცხოველურმა არსებობამ, მთლიანად მატერიამ. ვლამობდი, როგორმე მოვშორებოდი, გავთავისუფლებულიყავი გარე სამყაროსგან და იქამდეც კი მივედი, რომ სახლიდან ყველა მოსამსახურე დავითხოვე. ვუბრძანე, ჩემი ძმის ჩამოსვლამდე აღარ დაბრუნებულიყვნენ. თან იმისაც მეშინოდა, თავი არ გამომემჟღავნებინა, ჩემს სულიერ წონასწორობაში არ შეპარვოდათ ეჭვი. ერთი სიტყვით, ყველას კარგად გადავუხადე და გავისტუმრე. უკვე შემეძლო თავისუფლად მემოქმედა, თავშეკავება აღარ მმართებდა. ვიგრძენი, ამ ორ კვირაში ჩემმა ავადმყოფობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. სახლის წინა მხარეს ყველა ჟალუზი თუ დარაბა დავგმანე, ვინმეს რომ არ შემოეხედა. უკანა მხარეს კი ფანჯრების დაგმანვას აზრი არ ჰქონდა. ამ მხრიდან უღრანი ტყე ერტყა სახლს და ფანჯრებში კიდევ უფრო მეტი წყვდიადი შემოდიოდა, ვიდრე იმ დარაბებჩარაზულ ოთახებში. მხოლოდ საძინებელში დავტოვე სარკმელი ღიად, რომ არ დავმხრჩვალიყავი. თავი დავიმარტოხელე თუ არა, შევეცადე, დოქტორ მანუელის მოძღვრებას ჩავჯდომოდი, თუმცა წინასწარვე ხომ ნათელი იყო, ჩემი ძალისხმევა რომ ფიასკოთი დასრულდებოდა. გონება ამდენს ვერ გაუძლებდა. კატასტროფამდე, უკვე თითქმის შეშლილობამდე ვიყავი მისული. ძმას არაფერს ვატყობინებდი, პირიქით ვწერდი: თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეცნიერულ მუშაობაშიც წარმატებები მაქვს, ძალიან მომწონს შენი სახლი-მეთქი. სინამდვილეში კი, უნთერახში ყოველი მოახლოებული მწუხრის ჟამი შიშის ზარს მცემდა. მეშინოდა ბინდის, აუტანელი წყვდიადი რომ მოჰქონდა. საქმე თვით სიბნელეს კი არ ეხება, არამედ შეგრძნებებს, რასაც ღამის წყვდიადი აღმიძრავდა. წყვდიადი, როგორც გადაულახავი გამოცანა მე სულაც არ მაინტერესებდა. ამისი არც უნარი შემწევდა, არც სურვილი გამაჩნდა და სხვათა შორის - არც დრო. მე მხოლოდ ჩემი თავით, ჩემი ავადმყოფობით ვიყავი მოცული. არ შემეძლო, მშვიდად ვმჯდარიყავი სახლში და დავლოდებოდი შებინდებას, იმ მუქარით აღვსილ წყვდიადს, შებინდებას რომ სდევდა თან. ამიტომაც შებინდდებოდა თუ არა, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სახლიდან. სამი გზა მქონდა: ან პარშალენისკენ უნდა გავქცეულიყავი, ან ბურგაუსკენ, ან კიდევ მონდზეესკენ, თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის თავს ვარიდებდი. ძირითადად ბურგაუსკენ გავრბოდი (ოთხი წელია უკვე ამ ავადმყოფობით Cephalagie-თი ვიტანჯები), მაგრამ დღეს ჩვეულებას გადავუხვიე და ამ საზიზღარ პარშალენისკენ ავიღე გეზი. ეს მხარე სასაკლაოებით იყო სავსე, სულ ასამდე მოსახლე თუ იქნებოდა.
ძილი მომერია, მინდოდა დამეძინა, მაგრამ არა, რა დროს ძილია, ძილზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, აუცილებლად უნდა დავწერო რამე ამ დაუძლურებულ პარშალენელებზე და ბურგაუელებზე. ერთი სიტყვით, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, დღეს პარშალენისკენ გამოვიქეცი. აქ უნთერახში ჩემმა ავადმყოფობამ სიგიჟის ზღვარს მიაღწია. შიშები დამჩემდა, თავის მოკვლაც კი მინდოდა. საყვარელ ძმაზე აღარც ვფიქრობდი. ხან თავის ჩამოხრჩობა ვიფიქრე, ხან მდინარეში გადავარდები-მეთქი. ყინულის საფარველიც შეთხელებული იყო, საბედნიეროდ არც ცურვა ვიცოდი, უმალვე ჩავიძირებოდი. მაგრამ თვითმკვლელობაზე ფიქრი ერთია და განხორციელება მეორე. გამბედაობა არ მყოფნიდა. გაბედვა იქით იყოს და რატომღაც აკვიატებული მქონდა, რომ სიკვდილიც აუცილებლად გამიჯანჯლდებოდა და საშინლად გავწამდებოდი: ხეზეც კაი ხანს ვეკიდებოდი სულთმობრძავი, წყალშიც ან ჩავიძირებოდი, ან არა. ეს უსუსურობა და უძლურება სულ უფრო მაგიჟებდა. არა და თითქოს ხეებიც, მდინარეც მაცდურად მიხმობდნენო თავისკენ. მაგრამ მე გავრბოდი, უკანმოუხედავად, შეუჩერებლად გავრბოდი და ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ. არა, ხეების სურვილს ვერ დავემორჩილები. მე მეშინია მათი. მე ყველაფრის მეშინია. წარმოიდგინეთ, აუტანელი სიცივე იყო, მე კი უპალტოოდ, უჟილეტოდ, თხელი შარვლისა და პერანგის ამარა გავრბოდი. მაგრამ არ მციოდა, სულაც არ ვიყინებოდი, პირიქით, შიგნიდან ცეცხლი მეკიდა, სიცხისგან ვიწვოდი. გიჟივით მივქროდი პარშალენისკენ. უფრო სწორად სიგიჟეს გავურბოდი. რომ არ გავქცეულიყავი, მართლაც გავგიჟდებოდი. თუმცა, ვინ იცის, ეგებ გაგიჟება ჯობდა კიდეც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვით გაგიჟების პროცესიც გამიჭიანურდებოდა. სიგიჟე შიშს მგვრის, მაგრამ მაინც გაგიჟება მერჩივნა. აკი ერთმა პროფესორმა მიწინასწარმეტყველა კიდეც, უახლოეს მომავალში ჭკუიდან გადახვალო. მას მერე ორმა წელმა განვლო და ჯერ კიდევ არ შევშლილვარ. მაგრამ წარმოვიდგენ თუ არა წყვდიადს, სახლში ვეღარ ვჩერდები. თვალთაც მიბნელდება, ყურებიც მეხშობა. ვერც ვეღარაფერს ვხედავ და არც აღარაფერი მესმის... ვერ ვიტან ჩემს ოთახში შემოჭრილ ამ აუტანელ სიბნელეს, უკუნს. და რომ არ გავიქცე, მართლა შევიშლები. სახლიდან გამოსვლისას, ჩემს უკან ყველა კარს ვრაზავ, გასაღებების მთელ ასხმას ნაჩქარევად ვიდებ ჯიბეში და ქუჩაში გავრბივარ. სირბილისას წვეტიანი გასაღებები ხან თეძოში მერჭობა, ხან ბარძაყში. არც ისაა გამორიცხული, ყინულზე დამისხლტეს ფეხი, და დავეცე. მთელი მუცელი სულ დაიარავებული მაქვს. ბურგაუსკენ მიმავალი გზა 100-ჯერ მაინც მაქვს გადათელილი, მაგრამ მაინც ვეცემი. ჯერ მარტო გუშინწინ ოთხჯერ წავიქეცი, მთელ კვირაში კი თოთხმეტჯერ. შინ დაბრუნებისას, სარკეში რომ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, შევნიშნე, რომ ნიკაპზეც მქონდა ჭრილობა, თანაც ღრმა. სხვა ჩემს ადგილზე ალბათ ექიმს მიმართავდა, მაგრამ მე არც მიფიქრია. საერთოდ ექიმების მეშინია. არც სისხლით დალაქავებული დედისერთა შარვლისთვის მიმიხედავს. მერე რა, რომ სისხლიანია, ეს მე ვიცი მხოლოდ. მაინც სულ სიბნელეში დავდივარ და ვინ დამინახავს. გადაღლილობისგან ისე მტკიოდა თავი, სხვა აღარაფერი მახსოვდა. სარკიდან სისხლით დადღაბნილი კომიკური სახე მიმზერდა, შარვალიც დამხეოდა - გამეცინა. ტკივილმა სულ დამიმანჭა სახე. მაგრამ არა უჭირს, მაინც უკანასკნელი კვირაა. თუმცა მთავარი ეს როდია, საქმე იმაშია, რომ სულ სხვა რამ მინდა გითხრათ: პარშალენისკენ მიმავალ გზაზე ქუდი ვიპოვე. ახლაც, როცა ამ ყველაფერს ვწერ, თავზე მახურავს. დიახ, მე ქუდი ვიპოვე, ნაცრისფერი ჭუჭყისგან გაპოხილი და გახევებული ქუდი. კაი ხანია რაც თავზე მახურავს, უკვე ჩემი სუნიც კი უდის. შინ დაბრუნებისთანავე შევეცადე ქუდი სადმე საგულდაგულოდ დამემალა, ხან ჩემს ოთახში შევვარდი, ხან წინკარში, ადგილი რომ ვერ მოვუნახე, თავზე დავიკოსე. ვიფიქრე, ასე თვალში მაინც აღარ გამომეჩხირება-მეთქი. გადაგდება არ შემეძლო; სულ რამდენიმე საათია, რაც თავზე მახურავს ეს ქუდი და ერთადერთი ფიქრიღა მაქვს: თავზე ქუდი მახურავს. ვშიშობ ჩემი მდგომარეობა ქუდით, თუ უქუდოდ, განუწყვეტელი ფიქრით მოვიხსნა თუ არა, ესეც ალბათ ჩემი ავადმყოფური გონებიდან გამომდინარეობს. ავადმყოფობიდან, რომლის ახსნაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. თითქმის რვა ექიმთან ვიყავი, წარმოუდგენლად ძვირიც დამიჯდა, ზოგიერთთან მოხვედრაც კი პრობლემა იყო, მაგრამ ყველა ერთნაირი არამზადა გამოდგა.

© “არილი”

No comments: