ლაშა ბუღაძე
საშინაო დავალება: როსტომ-ხანი
1.
2. 11. 1937.
ეს ფოტო 1937 წლის 2 ნოემბერსაა გადაღებული. ცენტრში
ლავრენტი ბერია დგას. მისგან ხელმარჯვნივ უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი პეტრე დონდუა. მეორე რიგიდან პროფესორი ილია ზედგენიძე შემოგვცქერის. პროფესორს კისერი აქვს მოღერებული (შესაძლოა, ფეხისწვერებზეც იწეოდეს), რადგან წინ საკმაოდ მაღალი მამაკაცი (მათემატიკოსი იური ჯანელიძე?) უდგას. მეცნიერები ტერასულად დგანან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე. არავინ იღიმება - სერიოზული და მკაცრი სახეებით შემოგვყურებენ.
ბერიას მიხაკები უჭირავს.
ამ ფოტოგადაღებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ ლავრენტი ბერია მეცნიერთა ნაწილს ცენტრალურ კომიტეტში დაიბარებს. გამოიძახებენ მხოლოდ ისტორიკოსებს. მათ შორის, პროფესორ ილია ზედგენიძესაც.
ბერია იტყვის:
- ისტორია უნდა გადავწეროთ, ამხანაგებო.
მერე კი, რახან მცირე აღელვებას შეატყობს ისტორიკოსებს, არა საუფროსო, არა მბრძანებლური, არამედ მეგობრული, შინაურული ტონით გააგრძელებს საუბარს:
- მარტივად: ვინც უსამართლოდ მიჩქმალულია ისტორიაში, ზეით უნდა ამოვწიოთ და ერს ხელახლა გავაცნოთ. ვისთვისაც უსამართლოდ აქვთ ტალახი ნასროლი, უნდა განვბანოთ, გავასუფთაოდ და ნამდვილი, გაწმენდილი სახით წარვუდგინოთ ერს. ვისი კარგი საქმეც უსამართლოდ მიჩნეულა ცუდად, თავიდან უნდა შევაფასოთ და ერს კარგზე კარგი ვათქმევინოთ.
ბერია რომ გაჩუმდება, მოწვეულთა შორის ყველაზე აქტიური, პროფესორი მამია ხელაშვილი ალაპარაკდება:
- უნდა დავეთანხმო ამხანაგ ბერიას, - იტყვის იგი, - ჩვენი
სირცხვილია ესა, ისტორიკოსების... ამხანაგ ბერიას კი არ უნდა დაესწრო ჩვენთვის, არამედ ჩვენ, პირველებს უნდა ამოგვეღო ხმა! განა არ ვიცით, რამდენი ასეთი ლაფსუსია თუნდა ქართლის ცხოვრებაში?! მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი, ლავრენტი პავლოვიჩ, - თავს დახრის პროფესორი, - ყველა ჩემი კოლეგის სახელით ვუხდი მშობელ ერსა და დიად პარტიას ბოდიშს...
მართალია, არც მამია ხელაშვილს ეცოდინება ზუსტად, რაზე მოუხდის ლავრენტი ბერიას ბოდიშს და ვერც მისი მდუმარე და შეშინებული კოლეგები მიხვდებიან, ქართლის ცხოვრების რომელი "ლაფსუსები" იგულისხმა მოსაუბრემ, მაგრამ თავებს კი მაინც ააქანქარებენ უკმაყოფილოდ - აბა, აბა, როგორ მანამდე არ აღვიმაღლეთ ხმაო...
თუმცა, როგორც გაირკვევა, არც ბერია აღმოჩნდება ამ მხრივ უცოდველი. ამა თუ იმ ისტორიული პერსონაჟის მიმართ გამოტანილ არასამართლიან განაჩენებზე პირველს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ცოცხალ ისტორიას - იოსებ სტალინს გაუმახვილებია ყურადღება.
სტალინს უთქვამს:
"გაესაუბრეთ მოწინავე მეცნიერებს. სთხოვეთ, ჩაუკვირდნენ ზოგიერთი ჩვენი წინაპრის ცხოვრებას. გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგან ისტორია სცოდავს მათ შეფასებაში - ადამიანი იყო, პროგრესულად აზროვნებდა და მოხსენიებული კი აუგადაა".
ბელადის ციტირებისას ბერიას სხეული სტალინის სულით გაიმსჭვალება და მცირე ხნით - ამას აშკარად შეიგრძნობენ და დაინახავენ მეცნიერები - ღვიძლი ძმასავით დაემსგავსება სტალინს. ბერია მედიუმივით დაუთმობს სტალინის სიტყვებს თავის ტანს. ბელადის მოწიწებულ ციტირებას მოჰყვება და უნებლიედ მის იმიტირებასაც კი შეეცდება.
მეცნიერები, ისე, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დარცხვენილები ჩაქინდრავენ თავებს და ხმამაღლა ამოიოხრავენ.
ამასობაში, ბერია საქმეზე გადავა. მეცნიერებს თავად სტალინის მიერ გამორჩეულ ისტორიულ პირთა სიას წარუდგენს და საქმიანი კილოთი დასძენს:
- აბა, ამხანაგებო, მივუდგეთ ამ ხალხს ისე, როგორც სტალინი გვასწავლის, - გაიღიმებს იგი, - ზოგს მეორე ცხვირი მივუწებოთ, ზოგს მესამე ხელი, ზოგს კი დაკარგული თავი დავუბრუნოთ ადგილზე.
სტალინის სია კი ასეთი იქნება:
1. პირველი გიორგი (ეკლესიის ამშენებელი ქ. მცხეთაში)
2. მესამე გიორგი (მ. თამარის მამა)
3. ბაღვაში ლიპარიტი (დემოკრატი)
4. სააკაძე გიორგი (დიდი ქვეყნის სამსახურში)
5. ხანი-როსტომი (მშვიდობა)
6. არჩილი (პეტრე პირველი???)
7. მეორე ერეკლე (რუსეთი და საქართველო)
8. მეთორმეტე გიორგი (რუსეთთან შეერთება)
"გეგონება. დასახვრეტთა სიაა", - უნებურად გაეფიქრება პროფესორ ილია ზედგენიძეს და შეშინებული ახედავს ბერიას - ჩემი ფიქრები ხომ არ გამოიცნოო (ბერიაზე ამბობდნენ, აზრების კითხვაც შეუძლიაო).
ბერია ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტირებისკენ მოუწოდებს პროფესორებს. ხოლო შეხვედრას ამ სიტყვებით დაასრულებს:
- როცა ამ საკითხებს ჩაუჯდებით, მუდამ გახსოვდეთ, რომ მე და
ამხანაგი სტალინი ზეიდან დაგყურებთ.
სტალინის ისტორიულ პერსონაჟთა სია რვაკაციანია. ალბათ, ამიტომაც დაიბარა ბერიამ რვა მეცნიერი და არა, ვთქვათ, ათი, ან თხუთმეტი.
- როგორც ჩანს, ამხანაგ ბერიას სურვილია, რომ თითომ თითოზე ვიმუშავოთ, - დაასკვნის მეცნიერთა შორის უხუცესი, აკადემიკოსი ენვერ ჭელიძე.
მეცნიერები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში იკრიბებიან და პროფესორ მამია ხელაშვილის შლაპაში ჰყრიან ფურცლის ნაგლეჯებს, რომლებზედაც ისტორიულ პირთა სახელებია დაწერილი.
- მაშასადამე, ვისაც რა ამოუვა, იმაზე დაწერს, - იტყვის
ენვერ ჭელიძე და პირველი თავად ჩაყოფს ხელს შლაპაში.
- უი, უი, თავი მეტკინა, - გაიხუმრებს შლაპის მფლობელი მამია ხელაშვილი და სიცილით მოათვალიერებს კოლეგებს.
- სააკაძე გიორგი. - ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილს წაიკითხავს ბატონი ენვერი.
- ბაღვაში ლიპარიტი. - ამოუვა პროფესორ კონსტანტინე ორაგველიძეს, - ოო, - მოიქექავს კეფას, - რთულია... მაგრამ საინტერესოა, - დაამატებს იქვე და მამია ხელაშვილისკენ გაიხედავს. "რთულიაო, არ უნდა მეთქვა, - გაიფიქრებს შეცბუნებული, - სადმე არ წამოაყრანტალოს ამ შეჩვენებულმა!"
- ხანი-როსტომი. - გაშლის დაკუჭულ ფურცლის ნაგლეჯს პროფესორი ილია ზედგენიძე და შვებით ამოისუნთქავს ("ყველაზე მარტივი შემხვდა"), კოლეგებს თავის დაკვრით გამოემშვიდობება და კარისკენ წავა.
ჩვენც მას გავყვებით.
რატომ ამოისუნთქა შვებით პროფესორმა? რატომ არის "მარტივი" როსტომ-ხანი?
ამ შეკითხვებზე თავად სტალინის მინიშნება იძლევა პასუხს, რომელიც როსტომ-ხანის გასწვრივ არის მიწერილი: მშვიდობა.
ჭკვიან ისტორიკოსს არ უნდა გაუჭირდეს ბელადის სურვილის ამოცნობა. ქართველთა მაჰმადიანმა მეფემ კახეთს მშვიდობა მოუტანა და ამიტომაც გამოარჩია იგი ბელადმა სხვათაგან. ბელადი მიუნიშნებს ისტორიკოსს: მშვიდობის დამყარება და მერე ამ მშვიდობის შენარჩუნებაა ჭეშმარიტი გმირობა.
პროფესორს უხარია: "ვგონებ, სწორ გზაზე ვარ".
და მართლაც, რატომ უნდა სძულდეს ქართველს როსტომ-ხანი? რაკი მუსლიმანია? რაკი ქრისტეს რჯულზე არ გადმოვიდა და მის აღმზრდელ სპარსელებს კახეთი არ მოაოხრებინა?
როსტომ-ხანი პროგრესული მეფე გახლდათ. აი, ასე შეაფასებს როსტომს პროფესორი. ის პოლიტიკოსი იყო და არა რელიგიური ფანატიკოსი. ქრისტიანული კახეთის გამაჰმადიანება კი არ უცდია, არამედ მთელი თავისი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმშენებლობას მოახმარა.
პროფესორი დაწერს: როსტომ-ხანი ათეისტი იყო, მისი რელიგიურობა მხოლოდ თავისი ხალხის (სპარსელების?) ტრადიციების ერთგულებით იყო განპირობებული. როსტომ-ხანს - იმ ეპოქის მსოფლიო მმართველებისგან განსხვავებით - შეიძლება ითქვას, დიდად არც აღელვებდა რელიგიური საკითხი. ხალხთა რელიგიურობას ის მხოლოდ წინაპართა პატივისცემით ხსნიდა. როსტომ-ხანისთვის მიუღებელი იყო ქრისტიანული აღმსარებლობის გამო ვინმეს მოკვდინება. მას არასდროს დაუძალებია ქრისტიანი კახელებისთვის რჯულის შეცვლა. როსტომ-მეფის მთავარი საზრუნავი ხალხთა კეთილდღეობა და მშვიდობა იყო.
და აი, აქ კი პროფესორს მის თავს ზემოთ უხილავად მდგომი ბელადის ხმა შეაჩერებს: ჩემი თვისებები განაბნიე მასში! - ჩაესმება მას.
რასაკვირველია! სხვანაირად, აბა, როგორ!
რატომ თავიდანვე ვერ მიხვდა ამას? განა ყველა საამაყო გმირი და მეფე, ვისაც კი უარსებია, სტალინის თვისებებს არ უნდა ატარებდეს? განა სტალინში არ უნდა მოგროვდეს მათი ყველა სათნოება და დიდებულება?
მთავარი დავალება სწორედ ეს უნდა იყოს: საკაცობრიო ისტორია მხოლოდ სტალინით უნდა იყოს შევსებული. ოღონდ მხოლოდ ის ნაწილი ისტორიისა, რაც საამაყოა, რაც ბრწყინვალეა და რაც ამაღლებულია. მიზანი: მაკედონელზე წერდე და სტალინი ამოიცნო მასში. ბაგრატ-დავით-თამარზე ფიქრობდე და აქაც სტალინი გეცნოს. სააკაძეზე წაიკითხო და სტალინი ამოგეკითხოს. როსტომ-მეფის რაციონალიზმმა კი სტალინის სიბრძნე მოგაგონოს. სტალინი - როგორც უკიდეგანო ოკეანე იერთებს ზღვებსა და მდინარეებს - ისევე შეირთებს ამ გმირთა და ბრძენთა ნიშან-თვისებებს. ქართველი ისტორიკოსი ქართველ გმირთა ორგანოებს მიაძერწავს მის მონოლითურ პორტრეტს, უკრაინელი ისტორიკოსი უკრაინულს, რუსი რუსულს, სომეხი სომხურს, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანულს, ბელორუსი ბელურუსიულს, მოლდოველი მოლდოვურს, თურქმენი თურქმენულს, ყირგიზი ყირგიზულს, ყაზახი ყაზახურს, უზბეკი უზბეკურს, ტაჯიკი ტაჯიკურს... სტალინით უნდა განიმსჭვალოს საბჭოური ცივილიზაციის ისტორია. მომავალში კი ეგებ მთელი კაცობრიობისაც.
- როსტომ-ხანზე წერდე და სტალინი გამოგდიოდეს! -
გაიმეორებს პროფესორი ზედგენიძე და, კმაყოფილი თავისი მიგნებით, მემატიანეთა დავთრებში დაუწყებს ძებნას კახეთის მეფეს.
იქ კი ეწერება:
რომ როსტომი ირანის შაჰის კარზე აღზრდილა,
რომ დავით-ხანის ნაბუშარი იყო, დედა კი შინდისელი გლეხის ქალი ჰყოლია,
რომ ისპაჰანის მოურავის წოდება ჰქონდა
და რომ სამოცდაშვიდი წლის ასაკში გამომართულა ქართველების სამართავად.
არავისთვის დაუძალებია გამაჰმადიანება და ეკლესიებსაც კი აღადგენდა, მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა.
ზედგენიძე გაიფიქრებს: "პარალელები უნდა მოვძებნო სტალინთან".
წინადადება, "მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა", ბუნებრივია, მის ტექსტში არ შევა.
არც "როსტომ-ხანი" მოეწონება, ყველგან "როსტომ-მეფედ" მოიხსენიებს.
"როსტომ-მეფე ბრძენი და შორსმჭვრეტელი ხელმწიფე იყო, - ჩაწერს, - მისი სიდინჯე და გულკეთილობა მთელ კახეთს გადმოედო".
როსტომ-ხან-მეფის პიროვნული დახასიათებისას მხატვრულ ხერხებს მიმართავს და ისე აღწერს კახელების მაჰმადიან მეფეს, რომ სტალინი გამოუვა:
"როსტომი უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო. მემატიანეს ცნობით, მეფეს მეტადრე ჰყვარებია კახეთის ველების ცქერა! დადგებოდაო, თურმე, ასე, ყალიონით (!) ხელში და ცრემლიანი მზერით გაჰყურებდაო ალაზანს..."
თავისივე შეთხზულ ამბავს რომ მიაწერს მემატიანეს, ეს ოდნავადაც არ შეაწუხებს, პირიქით, მეტი დამაჯერებლობისათვის, ძველქართული ჩუქურთმით შეალამაზებს ნაამბობს: "და დგებოდიეს კახთ მეფეთ მეფეი როსტომ ალაზანისა ველსა ზედა და ცრემლითა თვისითა ალტობიებდეს მიწასა ამას მადლიანსა. ხელთ ეპყრობიეს მუნ ყალიონ მამა-პაპათა და იხარობიებდეს გული მისი ცქერითა ველთა ამად კახეთისაითა".
ამგვარ ლიტერატურულ სითამამეს არა მხოლოდ პროფესორი ზედგენიძე, არამედ სხვა მისი კოლეგა-მეცნიერებიც გამოიჩენდნენ. მეცნიერები შინაურულად "ისტორიის შელამაზებას" უწოდებდნენ ასეთ მხატვრულ გადახვევებს.
ზედგენიძის თავში ასეთნაირი ისტორიულ-ლიტერატურული ეპიზოდიც კი დაიბადება:
"როსტომ-მეფეს არაგვის ერისთავ დათუნას მცირე ამბოხის ამბავს ატყობინებენ.
- რაის ითხოვს? - ჰკითხულობს ვითომ როსტომი.
- მაჰმადიანთა და ქრისტიანთა წაკიდება სწადიან, მეფეო, -
ეუბნებიან, - ჰსურს, ქრისტიანნი გადაგიმტერონ.
- ვერ წააკიდებს, - პასუხობს მაცნეს ბრძენი მეფე, - რჯული აქუთ სხვაგვარ, თუარ სამშობლო ერთი აქუთ."
პროფესორს მოეწონება თავისივე შეთხზული სცენა. თუმცა ვიდრე ტექსტში შეიტანდეს, მანამდე კიდევ ერთხელ ჩაფიქრდება. კიდევ ერთხელ ჩაუკვირდება თავის თეორიას (რადგან აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება - მარტო წოდებას კი არა, სიცოცხლესაც დაჰკრგავ!): ხომ არ სცდება? ნამდვილად ენდომება სტალინს, რომ როსტომში იქნას ამოცნობილი? მეტისმეტი ხომ არ მოსდის პროფესორს?
"ენდომება! ენდომება! - თავს გაიმხნევებს პროფესორი, - მაშ, მშვიდობას რაღად მიაწერდა მისი სახელის გასწვრივ? ესე იგი, ესიმპათიურება ეს მუსლიმანი-კახელი! ასე არ არის?!"
და კმაყოფილი გაიფიქრებს:
"ეგ გორელი ტეტია მე ვერ მაჯობებს ჭკუაში. ეგონა, ვერ მივხვდებოდი, რა უნდა!"
ზედგენიძეს ყმაწვილურად აუთამაშდება გუგები. ჩაიღიმებს და დაწყებულ აბზაცს მიუბრუნდება. კალმის წვერს ფურცელს დააჭერს. ოფლიან ცხვირზე ჩამოსრიალებულ სათვალეს კი ძგიდეს მიაბჯენს.
ასოს გამოყვანასაც ვერ მოასწრებს - კარზე დაუბრახუნებენ.
პროფესორი შეხტება. არ ადგება. მოიცდის. ბრახუნი განმეორდება.
- ვინ არის? - დაიყვირებს დუმილისგან (და საუკუნო შიშისგან) ხმადამჯდარი.
პასუხად ისევ ბრახუნი შემოესმება.
პროფესორი წამოდგება. დერეფანში გავა და კარს გამოაღებს.
ზღურბლზე პირქუში სამხედრო იდგება - ტყავის მუნდირში. ხელში მაუზერით.
- ვინაა, ამხანაგო, ტეტია! - შეუბღვერს პროფესორს განრისხებული სამხედრო.
2.
27. 12. 1999.
მაია მასი თმას აღარ იღებავს. აღარც ივარცხნის. თმა რეზინით აქვს კეფაზე შეკრული. მხრებზე ქერტლის თხელი ფენა ადევს. შავ კაბაზე ლაქები ეტყობა.
აგრესიული არ არის - მკაცრია. ბავშვებს ეშინიათ მისი. მაგრამ არ სძულთ. მაია მასს თექვსმეტი წლის ბიჭი მოუკლეს შარშან. ისიც ამ სკოლის მოსწავლე. სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. დიდი კაცივით მოკლეს. ძალიან სერიოზულად.
მაია მასი ბავშვებს ეცოდებათ. თუმცა შვილი რომ ცოცხალი ჰყავდეს, ისეთი მკაცრია, აუცილებლად შეზიზღდებოდათ.
მაია მასი ისტორიის მასწავლებელია. მისი გაკვეთილები მოსაწყენი და დამთრგუნველია.
ეგონათ, რომ იმ სკოლაში, სადაც მისი შვილი სწავლობდა, ვეღარ შეძლებდა მუშაობას. მაგრამ პირიქით კი მოხდა: ამბობდა, მეროს (ბიჭს მერაბი ერქვა) კლასელებს რომ ვხედავ, უკეთ ვხდებიო.
მაია მასს მიწამდე დათრეული, ანაფორის მსგავსი შავი კაბა აცვია. უჯიბეებო ჟილეტი და ნაცრისფერი პერანგი. დაფის წინ, ხის მაგიდასთან ზის და გაქუცული ტყავის ჩანთიდან მეთერთმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს იღებს. მოსწავლეები მდუმარედ და შიშით შეჰყურებენ.
მაია მასი წიგნს მაგიდაზე დებს და წარბებშეჭმუხნული ფურცლავს. ყოვნდება.
- ჰმმ, - გამოსცემს პირმომუწული, - როსტომ-ხანი...
წინა მერხებთან მსხდომი გოგონები მაია მასს დაკვნეტილ და ჩაყვითლებულ ფრჩხილებზე უყურებენ.
- პარაგრაფი მეთვრამეტე, - ამბობს ხმამაღლა, - როსტომ-ხანი! სამოცდამეორე გვერდი.
მოსწავლეები თავთავიანთ სახელმძღვანელოებს შლიან. სამოცდამეორე გვერდს ეძებენ.
- სამოცდამეორე? - ისმის აქა-იქ.
- პარაგრაფი მეთვრამეტე! როსტომ-ხანი! - ხმა უმკაცრდება მაია მასს.
"ვინო?"
მაია მასს თავისი ისტორიის მასწავლებელი, ციალა ჩაჩანიძე ახსენდება, - როგორც კი როსტომ-ხანის სახელი ახსენა, მაშინვე მოხუცი მასწავლებლის ხმა ჩაესმა ყურში:
" - როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს!"
მეთვრამეტე პარაგრაფის ჩაკითხვამდე მაია მასი ციალა ჩაჩანიძის პათოსით იწყებს მეტყველებას. მაია მასიდან მისი ძველი მასწავლებლის ხმა ისმის. იგი ციალა ჩაჩანიძით იჟღინთება - როსტომ-ხანი ჯერ კიდევ ამ ქალმა შეაძულა. თავად დიდი ხნის წინ მკვდარი ციალა ჩაჩანიძე კი ძალიან უყვარს, რადგან საქართველოს ისტორია მას სწორედ ციალა მასწავლებელმა შეაყვარა. ნაწილობრივ ნამდვილი, ნაწილობრივ შეულამაზებელი, ნაწილობრივ თავისუფალი საბჭოური იდეოლოგიისაგან. როსტომ-ხანზე მას შემდეგ არ შეუცვლია აზრი. ამიტომაც ჩაესმა ხმა შორეული სამოცდათექვსმეტი წლის ოქტომბრიდან (მაშინ მაია მასი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ცასა და დედამიწას ლეონიდე ბრეჟნევი მართავდა, პიონერ გოგონებს კი თეთრი წინდები ეცვათ).
- როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს! - თქვა და ხმამაღლა ჩაიკითხა მეთვრამეტე პარაგრაფის მშრალი ტექსტი (ციალა ჩაჩანიძისეული და საბჭოური ვერსიის უსიცოცხლო კომბინაცია).
მაია მასი წაკითხულმა არ დააკმაყოფილა.
- როსტომ-ხანი ეშმაკი მეფე იყო, - ამოხედა ბავშვებს, - ვითომ არაფერს არ ერჩოდა ქრისტიანობას, სინამდვილეში, ვინც კი მღვდელი იყო, ყველა გარყვნა, მოქრთამა და გაათახსირა!
ისეთი სიტყვები თქვა, სკამზე ჯდომა აღარაფრით გამოდიოდა. უნდა წამომდგარიყო.
- ქართველები გაირყვნენ, - წამოდგა, - გადაჯიშდნენ როსტომ-ხანის მეფობისას!.. თუკი უწინ... ვთქვათ, თუნდაც დემეტრე თავდადებულის ეპოქაში - ან კიდევ უფრო აქეთ - სამი-ოთხი ათასი ბერი თვალისდაუხამხამებლად შეეწირებოდა სარწმუნოების დაცვას, ეხლა, როსტომ-ხანის მოჩვენებითი მშვიდობიანობის დროს, ერთ წესიერ სასულიერო პირსაც კი ვეღარ იპოვიდი, ყველა გადაეგვარებინა მაჰმადიან მეფეს... ერიც, ბავშვებო, და ბერიც! სპარსული ცხოვრების წესმა მთლიანად ჩაკლა ქართველებში წესიერების გრძნობა... გახშირდა მრავალცოლიანობა, მრუშობა...
მამათმავლობაცო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ მიხვდა, ამ სიტყვის წარმოთქმით კიდევ უფრო დააბნევდა და შეაშინებდა მისი ტირადისგან ისედაც საკმარისად დაზაფრულ ბავშვებს.
მოსწავლეებმა იცოდნენ: მაია მასს ცხოველ სიამოვნებას ჰგვრიდა ცუდი მეფეებისა და მოღალატეების ლანძღვა. ყველა ნაძირალა ქართველში - მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ქართველი მისი წინაპარი იყო თუ თანამედროვე - თავისი შვილის მკვლელს ხედავდა. მისი შვილის ნამდვილი მკვლელი რომ დაჭერილი ყოფილიყო, ალბათ, ბევრად უფრო ლმობიერი იქნებოდა სხვა უზნეო ქართველების მიმართ (მკვლელს - მოკლულის თანატოლს - გულმოდგინედ მალავდნენ რუსეთში).
მაია მასის იარაღი სიტყვებია. მას შეუძლია წყევლოს შვილის მკვლელი და ლანძღოს ყველა ცუდი ქართველი. ის ასეთად აქცია დახვრეტილი ბაბუების ხსოვნამ (ტყუპები იყვნენ - ორივეს 1937 წელს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი), ციალა ჩაჩანიძის რისკიანმა პატრიოტიზმმა, გადაგდებული პრეზიდენტის სიყვარულმა და ერთადერთი შვილის მკვლელობამ.
თვითონაც დიდი სიამოვნებით შეეწირებოდა რომელიმე მტარვალს. თავის მოკვლა კი არაფრით შეეძლო (და ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო სძულდა საკუთარი თავი), თორემ სხვისი ხელიდან (ოკუპანტის, სატანისტის, თუნდაც თავისი შვილის მკვლელის ხელიდან) უდრტვინველად, წმინდანივით მიიღებდა სიკვდილს.
ალბათ, რამდენი ნეტარი და წამებული შეემატებოდა ქართველ წმინდანთა ზეციურ არმიას, როსტომ-ხანს რომ არ ეეშმაკა და მოჩვენებითი ტოლერანტობა რომ არ გამოეჩინა ქართველი ქრისტიანების მიმართ!
- წარმოიდგინეთ, რამდენი სული დაღუპა ამ კაცმა! - ბრაზობს მაია მასი.
ალბათ, როგორ ველოდით რჯულისთვის წამებას, ძუძუების დაშანთვას, მტკვარში ჩახრჩობას, ნეხვით ავსებულ კასრში ჩატენვას, თაფლით გაწებილი სხეულის მზეზე ამოშრობას, კიდურების წაწყვეტას, თავების დაჭრას, ცეცხლში დაფერფვლას...
გმირებს გმირობა არ ჩაადენინა ამ უღმერთომ. უდრეკ მორწმუნეებს ქრისტეს ერთგულების საშუალება არ მისცა. გასაწმინდანებლად, გასაგმირებლად გამზადებული ასობით, ათასობით ქართველი უპრინციპო, გულგრილ და მორჩილ მონად აქცია!
- ასეთი საშინელი მმართველი არასდროს გვყოლია, - ასკვნის მაია მასი.
წინა მერხებთან მსხდომი ბავშვები (მეტწილად, გოგონები) რვეულებში ინიშნავენ: როსტომ-ხანი. გვ. 62. დანარჩენებს, მართალია, ეშინიათ მაია მასის, მაგრამ მაინც არაფერს იწერენ. საკუთარ თავებს (და, ალბათ, მაია მასსაც) სცდიან.
მაია მასი სახლში მიდის. აგზნებულია. როსტომ-ხანის ლანძღვამ აღაგზნო. ზოგჯერ, უგულოდ, უემოციოდ ატარებს ხოლმე გაკვეთილებს, მაგრამ საკმარსია რომელიმე ამორალურ ქართველს წააწყდეს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ მაშინვე ცოცხლდება...
მაია მასი ფიქრობს: "ეს დღეები როსტომ-ხანზე ჩავატარებ გაკვეთილებს." უნდა, რომ მორალზე, ზნეობაზე ესაუბროს ბავშვებს. მოძღვარივით დადგეს დაფის წინ და იქადაგოს.
მაია მასი სანთელს ანთებს მკვდარი ბიჭის დიდი შავთეთრი ფოტოს ქვეშ.
ოთახში ფოტოგამოფენაა მოწყობილი. საითაც გაიხედავ, ყველა მხრიდან ეს ბიჭი გიყურებს: ორი წლის... რვა წლის... ათი წლის... თერთმეტი წლის... თექვსმეტი წლის...
თაროებში უსწორ-მასწოროდ, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეტენილ წიგნებსაც მისი ფოტოები ფარავს. მაია მასი ფოტოებს კოცნის და გვერდით ალაგებს. დამტვერილ და სუნიან წიგნებს იღებს. ნაცრისფერი და მოყვითალო წიგნებია. ამბები როსტომ-ხანზე ამ წიგნებში უნდა მოიძიოს. უნდა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ციალა მასწავლებლისგან ნაანდერძევ პრინციპებში.
ი. ჯავახიშვილი:
მარტო ოთხი ტომი აქვს. ამ ოთხ ტომში ვერსად პოულობს როსტომ-ხანს.
ნ. ბერძენიშვილი:
მარტო ერთი აბზაცი ეძღვნება. ეცოტავება.
ი. ზედგენიძე:
"როსტომ-მეფე - მშვიდობის ბურჯი".
- მშვიდობის ბურჯი არა ჩემი ფეხები!
მაია მასი ილია ზედგენიძის ნარკვევს კითხულობს როსტომ-ხანის შესახებ. ეს როსტომ-ხანის აპოლოგიაა. სადღეგრძელოა.
მაია მასი ნარკვევის ავტორზე ბრაზობს. კვლავ ციალა მასწავლებლის პრინციპების ერთგული რჩება.
პროფესორი ილია ზედგენიძე 1937-ში დახვრიტეს (მისი ტყუპი ბაბუებივით).
"ეგეთ კრეტინობებს თუ წერდა, დახვრეტდნენ, აბა რას უზამდნენ!" - ფიქრობს.
3.
4. 10. 2084.
- კლინიკური გიჟია, ბატონო პრეზიდენტო, ნამდვილი
ავადმყოფია!
- ანუ? ჩამოაყალებეთ.
- გამეორებაც მიჭირს...
- რა კარგია! მოდი, ყველამ ერთად გამოვცადოთ ჩემი მოთმინება! ვერთობით?
- ცხოველებივით იქცევიან... ადამიანის ხორცს ჭამენ.
- ნუ ცმუკავთ, მე მიყურეთ!
- თქვენ თავს ითხოვენ, ბატონო პრეზიდენტო...
- ?
- ...ასე გვითხრეს.
- თავს... როგორ?
- პირდაპირი მნიშვნელობით. თავს... იმას, რაც კისერზე დგას... ან...
- ან - რა?
- არც მჯერა, ამას რომ ვიმეორებ... ან მამონი უნდა აღიაროთ.
- ვინა?
- მამონი. მათი ღვთაება თუ რაღაც ჯანდაბა!
- გვეთამაშებიან?
- ოფიციალურ მოთხოვნათა ჩამონათვალში აქვთ შეტანილი. თან, პირველ ნომრად!
- ვან-გოგი?
- ვან-გოგი არა, მამონი!
- გვაშაყირებენ...
- არა. შევატყობდით.
- და ვაღიარებ, კი ბატონო!.. თუკი გაეთრევიან, ვაღიარებ! ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის.
- ვეჭვობ, მხოლოდ ვერბალური აღიარება იკმარონ... პირობებში უწერიათ, რომ აღიარების შემდეგ ათასი ახალშობილი უნდა შეწიროთ მამონს.
- გვაშინებენ, ხალხო, რა მოგივიდათ! ვეღარ უნდა მიხვდეთ?! პანიკას თესავენ...
- ...თუ არა და მთელ მოსახლეობას ამოგიწყვიტავთო.
- ვინ თქვა?
- განცხადება სატელიტიდან გავრცელდა.
- რამდენი კონფესიაა ჩვენთან?
- ზუსტი ციფრი არ მახსოვს. გავიგებ. მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულები გაინტერესებთ?
- ყველა მე დამწყევლის... მეცინება.
- სამდღიანი ვადა გაქვთ.
- არა... მართლა მეცინება.
- ან უნდა შევაკვდეთ. ან...
- ან ათასი ახალშობილი შევწიროთ! ისიც ხომ არ გაგირკვევიათ, გოგონები ურჩევნიათ, თუ ბიჭები?!
- ჩვენ გენოციდის პირას ვართ, ბატონო პრეზიდენტო.
- უთხარით, რომ მამონს ვაღიარებ, ბავშვებს კი არ შევწირავ! ოცდამეერთე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს!
- გადაგვთელავენ.
- გადაეცით, რაც გითხარით! დრო უნდა მოვიგოთ... მანამდე ბომბდამშენებსაც მოგვაშველებენ.
- ქალაქში შემოსასვლელ მთავარ ტრასაზე დგანან. რაც კი ძროხა უნახავთ ახლო-მახლო, ყველა უმად უჭამიათ.
- უმად? დარწმუნებული ხართ?
- კოცონი მაინც ხომ უნდა დაენთოთ?! მზვერავები გვიდასტურებენ, რომ მსგავსი არაფერი უქნიათ...
- მზვერავებიც არ შეგვიჭამონ!
- ...
- ვაი, ვაი... როგორც ჩანს, აქ მარტო მე ვიქცევი არასერიოზულად! მოკლედ... რაც არი - არი. შეუთვალეთ ის, რაც გითხარით.
- მხოლოდ თეორიულ აღიარებას არ შეგვარჩენენ, ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ.
- ბარემ ბავშვებიც ხომ არ გამოგატანოთ? გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით.
8 ივნისი. 19. 45. ოკუპაციის მე-2-ე დღე
პეტრეს თავს ითხოვენ. ლ. კ.-მ მოიტანა ინფორმაცია. უფრო დიდი იდიოტიზმი: მაგათი ღვთაება უნდა აღიაროს. სატელიტზეც ტრიალებს უკვე მოთხოვნა. პეტრე იცინის. არ იჯერებს. ველოდებით დახმარებას ნახევარკუნძულიდან. 14 ქალაქი აქვთ აღებული. წრიულად დაფრინავენ - ბზიკებივით. აბსოლუტურად სხვანაირი მფრინავი ობ.-ი აქვთ - ბომბები, ძროხები, პლასტმასის კოტეჯები, გვამებიც კი (თავიანთი მკვდრები) ამ ობ.-ზე აქვთ შებმული და დაფრინავენ. ცენტრი ჯერჯერობით უარს ამბობს ბირთვულ პასუხზე. მიზანია გაურკვეველი. გაფანტულები არიან. ჯერაც უცნობია მათი დისლოკაციის ადგილების რაოდენობა. პასუხის შემთხვევაში ჩვენც მიზანში ვხვდებით. და არა მარტო ჩვენ: მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპია. პეტრემ სატელიტიდან გაავრცელა თავისი განცხადება. თქვა: ჩვენ გვებრძვის ცივილიზაციის მიღმიერი ტომი. ალბათ. გ.-მ დაუწერა. ჩვენები ჰაერში კიდიან უგაზოდ. არც მინდა წარმოვიდგინო, რა დღეში არიან. ჟანგბადს ვეღარ ვაწოდებთ. ამბობენ: ამათ ადამიანის ხორცის ჭამაც შეუძლიათ. სატელიტ-ფოკუსმა მათი მებრძოლები გადაიღო: ყავისფერი კანი, წვრილი თვალები და ნაჩვრეტები ყურების მაგივრად. პეტრე ამბობს: ვაღიარებ მამონს (მაგათი ღვთაებაა), და იცინის. ბოლომდე არ ჯერა. რომ ეს კრეტინიზმი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს მის ხალხს. ლ.კ. კი ჯიუტად იმეორებს, რომ პრეზიდენტის სიტყვიერ "მოქცევას" არ იკმარებენ. კიდევ ჰქონიათ რაღაც მოთხოვნები, რომლებსაც მეც კი არ მიმხელენ. ბავშვები ნიჟარებში შევაწვინე. პეტრე ამბობს, რომ ნელისთვის არ უნდა მეთქვა ნიჟარის კოდი. ვეჩხუბე: მეთქი, ნელის გაზრდილი ვარ, თავს შეაკლავს ჩვენ გამო. ბოდიში მომიხადა. ვსვამ სამსაათიან საძილეს. მეშინია დოზის მომატება.
9 ივნისი. 21. 00. ოკუპაციის მე-3-ე დღე
დილიდან დაჭრილებს ვნახულობ. პეტრემ მთხოვა. უნდა, რომ ხალხში ვტრიალებდე. მითხრა: "შენ ხომ მათი დედა ხარ". უმეტესობას ყურები აქვს წაჭრილი. დისპანსერის დირექტორმა მითხრა: ყურებს იმიტომ ათლიან, რომ თვითონ არა აქვთ - შურთ ჩვენი. უნდათ, რომ ჩვენც მაგათნაირ მუტანტებად ვიქცეთ. პეტრე საათში ერთხელ სატელიტიდან მიმართავს ხალხს. ამხნევებს. "ოფიციალურად", ჯერჯერობით, ისევ ქრისტიანია. ნახევარკუნძული მუშტებს იქნევს. ამათ ფეხებზე კიდიათ. 14 ქალაქი აქვთ დაკავებული. ხუთთა კავშირის განცხადება გავრცელდა შუაღამისას: არ გამოვრიცხავთ ბირთვულ პასუხსო. გაუგებარი განცხადებაა. ვერ ვხვდებით, უნდა გაგვიხარდეს, თუ პირიქით, უნდა გვეწყინოს? ნამდვილად არ მინდა სიკვდილი დანარჩენი სამყაროს გადასარჩენად! ბავშვებმა ნიჟარაში ისაუზმეს. ლ.კ.-მ თქვა, რომ, თუ რამეა, პირველებს მე, ნელის და ბავშვებს გაგვიყვანენ. პეტრეს - ცალკე. ჩვენებს რვა საათში დაელევათ ჟანგბადი. მიწაზე დაჯდომას ვერ ახერხებენ. სულ - 412 ცალი შეგვრჩა. გაგვინადგურეს: 1135 ცალი. ბავშვებს გადასხმებს უკეთებენ. ერთ საათში ნიჟარაში შევაწვენ. მინდა საქ. ისტორიის ფაილები გავხსნა და ძილის წინ წავუკითხო. საშინლად გამოვიყურები: გავხდი და თევზს დავემსგავსე. ძალიან დიდი ცხვირი მქონია. აი. ისევ პეტრეა სატელიტზე.
10 ივნისი. 21. 30. ოკუპაციის მე-4-ე დღე.
წავიკითხე დოქ. ჟ. ლალიაშვილის სოც. ანალიზი. ციტატა: "დამაფიქრებელი და ეგებ საიმედოც (მინდა, სწორად გამიგოს მკითხველმა) ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთია: ჩვენს ეპოქაში, მატერიალიზმის ზეობისას, 21-ე საუკუნის ბოლოს კვლავ დღის წესრიგში დადგა რწმენისათვის ბრძოლა. საერო კონსტიტუციის საფუძველზე არჩეული პრეზიდენტისგან რჯულის შეცვლას ითხოვენ! განა ეს საოცარი არ არის? ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ორასი-სამასი წლის წინათ, რომ ომის პირობების გაცხადებისას კვალაც გაისმებოდა თანამედროვე ცივილიზაციის მიერ ესოდენ მივიწყებული სიტყვა "ღმერთი"? ნეტავ, ნაკლებად ტრაგიკულ ვითარებაში შეეხსენებინათ ჩვენთვის მისი არსებობა. თანამედროვე პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, წარმოდგენა არა აქვთ (ანკი საიდან უნდა იცოდნენ!), როგორ, რა მეთოდით იცავდნენ თავს უწინ (ვგულისხმობ შუასაუკუნეებს) რჯულის წამგლეჯთაგან. ამ მხრივ, თავდაცვის არანაირი იმუნიტეტი არ გვაქვს გამომუშავებული. ყველას გვესმის: ეს კათარზისია. ოღონდ აბსურდული ელფერის მქონე. დამპყრობელთა ურდომ (უფრო სწორად, მათმა ანაქრონისტულმა მოთხოვნამ) სერიოზულად აღგვაქმევინა ჩვენივე რწმენა. არ გამკიცხოთ, მაგრამ იქნებ მადლობა გვეთქმის მათთვის ამის გამო?"
ტექსტი ნელის წავუკითხე. მითხრა, რომ ეთანხმება. მე კი ვუთხარი, რომ დოქტორი ჟ. ლალიაშვილი, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანამოქალაქე, პანიკამ გააგიჟა (არ მინდოდა მეთქვა - გამოაშტერა). პეტრეს ვერ დავუკავშირდი. ს.-მ მითხრა, რომ ლურჯ ზოლზეა. აქამდე არ შემხმიანებია. ჩვენები, ალბათ, უკვე იგუდებიან ჰაერში. ნახევარკუნძულელები უფრო გააქტიურდნენ. გამოაცხადეს, მდინარეებს შევყინავთო. იმედია, უკვე სხვანაირი თამაში დაიწყება. ბავშვებს ნიჟარაში შევუცურდი. საქ. ისტორიის ფაილი გავხსენით. ვიღაც ზედგენიძის ნარკვევი წავუკითხე მაჰმადიან მეფეზე. ამათგან განსხვავებით ძალიან კეთილი ყოფილა: არავისთვის დაუძალებია თავისი რელ.-ის აღიარება. საამაყოა. პირველი ცივილიზებული მეფე ჩვენ გვყოლია, ქართველებს! ხვალ ულტიმატუმის ბოლო დღეა. პეტრემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, უნდა აღიაროს მამონი. ასე უფრო მეტ დროს მოვიგებთ..."
2008. აგვისტო
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
2 comments:
ყველაფერი კარგი, მაგრამ 27 დეკემბერს ისტორიის გაკვეთილი არ გამიგია :)
ძველი იდეოლოგების საქმეები კარგად არის ნაჩვენები და დასაბუთებული, მაგრამ არის საშიშროება, რომ თავად მიგიჩნიონ არცთუ სასიკეთო ტენდენციების იდეოლოგად.
Post a Comment