Wednesday, July 28, 2010

ლაშა ბუღაძე - პოეტები და თალიბანი


ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ რადიოარხზე ახალგაზრდა პოეტებისადმი მიძღვნილ გადაცემას წავაწყდი და, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად (ან მოდი, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით) ესენი სულაც არ იყვნენ პოეტები, მაინც ბოლომდე მოვუსმინე მათ საუბარს.
სრულიად უწიგნურ და საკუთარ თავში დარწმუნებულ პოეტებს რა გამოლევს საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ეგოცენტრიზმთან და გაუნათლებლობასთან რომ გვქონოდა საქმე, კიდევ რა გვიჭირდა _ ჩვენ წინაშეა სოციალური პოეტის ახალი სახეობა: "პოეტი-თალიბი".
ცხადია, აქ არ ვსაუბრობ მართლაც ნიჭიერ, საინტერესო და "დახვეწილ" თანამედროვე ქართველ პოეტებზე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ამ მყვირალა ქოროსთან, თუმცა რა ქორო, ქორო კი არა, მთელი არმიაა! თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რამდენი ადამიანი წერს საქართველოში ერთნაირად ხმაურიან ლექსს! გეგონება, _ ყველას ერთი ავტორი ჰყავსო, _ წერენ და წერენ ერთსა და იმავე თემაზე, ერთნაირად ბრაზობენ და ერთნაირად ღაღადებენ.
ერთ-ერთ უნივერსიტეტშიც გახლდით ამას წინათ, კვლავაც "პოეტი-თალიბების" საღამოზე (მგონი, განგება დამცინის) და სწორედ იქ მივხვდი: ეს მელექსე ჯეელები (უმეტესად ბიძიობასა და ბავშვობას შორის გაჩხერილი ახალგაზრდა ბიჭ-კაცები), როგორც პოეტები, მხოლოდ ოთხად ოთხ თემას უტრიალებენ. ეს თემებია: ეკლიანი გზა და ღმერთთან დიალოგი (ნორჩი გალაკტიონის სტილში _ წყენაშერეული ისტერიულობით); პოეტი _ როგორც ჯვარზე გაკრული მესია; ღვინოში ჩატუმბული ცხოვრებისეული პრობლემები და, ცხადია, ქალები _ ქალი, როგორც სატანა, ქალი, როგორც ანგელოზი... ვინც კი იქ იყო (ან რადიოგადაცემაში კითხულობდა), ყველა ერთსა და იმავეს ჩიოდა ლექსად: რომ ჯვარს აცვამენ, რომ სატანა-ქალებს უარს ეტყვიან, და რომ უღიარებელ გენიოსებად აღიარებს შთამომავლობა (ესეც გალაკტიონისგან).
გაუნათლებელი პოეტი (ანუ პოეტის ეს სახეობა) სამი ქართველი პოეტის პროდუქტია. ესენი გახლავთ: გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და ლადო ასათიანი. თუკი რამეს კითხულობენ, მხოლოდ ამ პოეტების ლექსებს. ოღონდ, ცხადია, ამასაც უაღრესად ზედაპირულად. ეს ნაფტალინური მესიანიზმ-ეგოცენტრიზმი, მლაშე და "უკვერცხებო" პატრიოტიზმი, ქალთა "უარმყოფელობა" და ლოთობა სულ-სულ ამათგანაა. ოღონდ, თუკი გენიოსთა შემთხვევაში, დრამასთან გვქონდა საქმე (თუნდაც მათი ბიოგრაფიების გათვალისწინებით), აქ უკვე კარიკატურაც აღარაა. ესაა კარიკატურის კარიკატურა.
ღმერთო, თან რამდენს სვამენ! რადიოშიც სვამდნენ (ჭიქების ჭახუნის ხმა ისმოდა) და იმ საღამოზეც სვამდნენ, მე რომ ვიყავი. ხოლო რადიოწამყვანი გოგონა (ესეც პოეტი აღმოჩნდა ბოლოს _ ამანაც წაიკითხა ერთი ლექსი: "შენ რომ გეგონა, არ გიყვარვარო"... _ რაღაც ამის მაგვარი... თალიბი-პოეტი ქალები კიდევ ცალკე თემაა) ალაგ-ალაგ ლირიკულ სადღეგრძელოებსაც ამბობდა: "გოჩა (მგონი, გოჩა ერქვა მის ერთ-ერთ სტუმარს), ეს სიტყვები შენი ცრემლებია, შენი სულიდანაა გადმომდინარი, მე ასე მესმის, შენი ტკივილებია ეს"...
პოეტ-თალიბებს მსმენელ-თაყვანისმცემლებიც ბლომად ჰყავთ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულიად გულწრფელი თაყვანისმცემლები _ მსმენელ გოგონათა მრევლიანა.
არ დავმალავ, დიდი მოწონების მოწმე შევიქენი, დიდი ჭყივილების, ინტიმური და გაცხადებული ცრემლის... ანუ მათ ნამდვილად ვერ დავდებთ ბრალს ფარისევლობაში: მართლა მოსწონდათ. და ეს ბუნებრივიცაა: როცა დიდ პოეტად ითვლება, ვთქვათ, მუხრან მაჭავარიანი, სწორედ ასეთ პოეტურ-მსმენელურ მუშახელს იღებ.
და მაინც, შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს სუროგატი დიდი უსექსობის შედეგია. როცა ქართველი პოეტი თავის ლექსში "ეკლიან გზას" შეუდგება, ესე იგი, სექსი არა აქვს _ ქართველი პოეტი (და არა მხოლოდ პოეტი და არა მხოლოდ ქართველი) მაშინ ხდება მყვირალა და აგრესიული, როცა გოგოები მოსწონს, ესენი კი ზედ არ უყურებენ... VOGLIO UNDA DONNA! _ ხომ გახსოვთ, ის ხეზე შემხტარი კაცი "ამარკორდიდან" _ სინამდვილეში, სწორედ ეს ამოუკითხავი მუდარა ისმის ამ ლექსებიდანაც... მსმენელთა მუშახელი კი ვერაფერს ხვდება, მხოლოდ ტირის და ტაშს უკრავს. ამ დროს კი სულ სხვა რამეა საჭირო...

liberali.ge

1 comment:

Kate said...

აუჰ...
დავითრგუნე :((