Friday, July 30, 2010

გიორგი კეკელიძე - ლექსები



დედა და შვილები

ნა–გუს

დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვიყვარს შვილებსა,
მიტომაც წუთისოფელი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მ.ხელაშვილი


მძიმე დღე მქონდა დოლაბივით მობმული ფეხზე,
ღამის ტბებამდე ვითრიე
და ერთად ჩავეშვით

*
ღამის ფსკერი ჩემი თვალის თვალუწვდენ ფსკერს გავს –
მრუმეა და ოდნავ მღვირე...
თბილ მარჯნებად მებლანდება მკვდარი სიზმრები

*
და სხვა მზის ბადე ამომეგო,
განთიადია –
ღამის ფერდამფრთხალ ზედაპირზე ვტივტივებ.
ვტირი

*
ზის, ცოლის ჩრდილის უცნაური ჰამაკი არწევს..
რომელმან შევქმენ სახე მისი და ტანი მისი,
რომ ქმრად მყოლოდა და უდროოდ გვეცხოვრა ტყეში,
მან მიმატოვა და დის ჩრდილში ირჩია წოლა –
ახლა ზის,
ცოლის თმებზე თხელი ჰამაკი არწევს –
ხელ–ფეხი ენით მოვითალე,
მუცლით მივხოხავ – ხავსი მეხვევა
და ცრუ ფერად მედება ხავსი

*
ვაშლის ხე ვნახე,
მოვეხვიე – ხილი ვიხილე,
ხილი ვიხილე
და უცხო ხმით მოვუხმე შვილებს

(დედა – ღმერთი. აქ: ლილიტი
პირველი შვილი – ადამი
მეორე შვილი – ევა)


საქართველო

თანამოსასმენი – Massive Attack - Black Milk

1.
თქვენი სტომაქის ასავსებად სიტყვა არ მყოფნის: ღმერთი თქვენი მწყალობელი შაშვივით გალობდა და წამოვედი. აღარც მახსოვს, მართლა იყო თუ არა იყო რა. იყო ერთი უბედური მებადური და ქალი.

(ოთხისაქმე.გამოსვლა)

2.
მშვიდად ვიწექი, ცაზე ღრუბლის ნეკნებს ვითვლიდი, ცრუდ რომ შემიპყრეს და დილეგში გამომაწყვდიეს. მწყუროდა და წყალი მოწამლეს, მშიოდა და პური ძაღლებს უწილადეს. ჩემი კვართი დახიეს და ცოლებს წესთა დღისთვის დაუყვეს. მათ პირი შეკრეს. მე შიშის თასმით სუნთქვა შევიკარი და ლოცვები დავიგუბე. ხოლო სამსჯავროზე სხვა კაციც იდგა და ხალხმა მე მომიტევა. მშვიდად ვწევარ, ცაზე ღრუბლის ნეკნებს ვითვლი.

(დაბადება.ბარაბა)

3.
ჩემი კოჭი ფეხმძიმეა უცხო სულით, ხოლო კლდე შეკრთა – ბეწვის ხიდი დაახამხამა. დაფრთხა შავი აქლემი და გაჯიუტდა. ამოვიღე ბუმბული და მოვიხმე. მოფრინდა მშიერი ფასკუნჯი, შემისვა ზურგზე და გავფრინდით. დავკალი აქლემი და ხორცს ვაწვდიდი. ვერ გაძღა და ფრთა გაეყინა – მე სისხლი, შემეშინდა, მოვიჭერი სარცხვინელი და ვაჭამე.

(შვილი.შიში)

4.
ის ბოძთან ცეკვავდა და ყვავილების ქამარს უწნავდა – ჩემი სული ბოძში ეგონა. გამეცინა და მივასწავლე: ,,ცხრა ზაფხულს იქით, შემოდგომის პირზე თეთრი ირემი ქვას ძოვს, დანის პირზე დგას და ეშმაკს სიფრთხილე შეპირდა – ისე ჩქარია, გაფრენისას ჩრდილი წყდება. ირმის რქებში , აჯანყებულ ძარღვებივით რომ გამოჩრია, ჩემი სული გამოქსოვა მწვანე ობობამ" .
სუნი მცემდა და სუნმა გასცა – წავიდა ცოცხის უკან დამალული ვაჟი ირმის მოსაკლავად – ქალი მეხვევა და მიღიმის – ვწევარ წითელ წყალში, ათას თვალს ვატრიალებ, ვეხვევი და ვტირი.

(სხეული.ტკივილი)

5.
ვთქვათ – მთებს, ჩვენი მიწის ჩალურჯებულ მუხლებს მზე გუშინდელი სისხლივით აჩნდა
და დედამ არ მობანა ანუ საღამოა, რომელსაც ვერ წაშლი, თუნდაც ჩვენი თმები დავუნთოთ ნათლიას და ღამე შევთხოვოთ ან დილა შევთხოვოთ ან შუა დღე შევთხოვოთ და ხან, როცა მზერა უკან გამექცევა - გაუშვას – შევთხოვოთ. ნათლია მკაცრია, თხილის სალამურით და მწვანე წკეპლებით მოდენის გაქცეულს და კვლავაც საღამოს მკვდარ მინდვრებს აძოვებს.
მე ვზივარ სახლის წინ, ცოცხის ტარს ვაბოლებ, შენ კი მთელი წელი მილოკავ მუხლებს და
კოჭებს
და
ხერხემალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყოველ
დიდხუთშაბათს
(როცასადაცაა)
მჭედლები
მოდიან
და
ისევ
მამრთელებენ.

(მოსვლა.ამირანი)

6.
თბილი ოთახიდან მთვარის თოვლში ამოსვლა ნიშნავს ღამეს, დაობებულ საპურეს რომ გავს. ხოლო სიზმარში დღე ჩამესმის. ათასი ხმა და ნაბიჯი ათასი წლის ამბავს მაგონებს – მზემ დამწყევლა და ასე ვწევარ. დედაჩემი – ჩემი უებლიე ცოლი მივლის და გარს მივლის, ჩემი თვალის გასაღებს ეძებს. საღამოსხანს წავა და ვიღვიძებ.თბილი ოთახიდან მთვარის თოვლში ამოსვლა ნიშნავს ღამეს, დაობებულ საპურეს რომ გავს. სიჩუმეა. სხვების ნაკვალევს ვაკვირდები, სახლს ზურგზე ვიკიდებ და მივდივარ.

(გზა. დღისით მკვდარი)


აგვისტოს ძლისპირი

ნა–გუ–ს

თოვს – ნიშნავს ღამეც ღამეს თეთრად ათენებს
და ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,
ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,
სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.
ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,
იქ სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,
თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებს
და რომ ცერებეზე აიწია ნელ–ნელა მთები.
თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებს
და ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,
რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახული
და გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.

თოვს – ნიშნავს ახლა მძინავს
და სიზმრებს ვერ ვხედავ –
ისე თოვს.


***

დიდება ალაჰს, თეთრი ჩვრებით აქოლეს უცებ
ათაითასი ჩაიხანა – ქალაქის სურდო,
რადგან სისხლივით მზე ჩაექცა დაბრეცილ ქუჩებს
და კოჭლ დერვიშებს უფლის ჩრდილში მოლხენა სურდათ.
კედლებს ხავსივით მოდებული ძველი სახადი –
ახლო ბაზრების ოფლის სუნი და დაღლის გემო
როცა დაეტყოთ – ჩვევისამებრ გამომეცხადა
მკვდარი რადიო – მეტსახელად ვერდი–ეფრემი.
...თუ ძველ ფოტოზე დედა ნახო – დაგმარხოს შიშმა
თუ მამა ნახო – მოასწავებს უჟამო ავდარს,
თუ საათს ჟანგი შეეპარა, ეს ისევ ნიშნავს
რომ ჩვენს ოთახში დრო ნელ–ნელა გაჭაღარავდა.
...ვწევარ.. მუზების ბებერ გავას ვაზომებ ფანქარს,
ვაგინებ დალაქს და კბილებში თმების ნარჩენებს.
რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,
სხვა ღმერთი მალე მჭლე გაბრიელს გამოაჭენებს.
...ამ გაქუცული ძაღლის ავი წკუმუტინის მერე
წესად მაქვს თასში დავითბილო უბიწო ფეხი
(მას შემდეგ, რაც კი დედაჩემის უღრან ბოსტანში,
ისე დამბარეს, არც უკითხავთ იმ ფრთიან გლეხებს,
ძარღვები ვაშლის ფესვებივით გამიდგეს ტანში)
და ხე მიწიდან უკანასკნელ წვეთს რომ ამოწოვს
მივეგებები მჭლე გაბრიელს მქუხარე ტაშით
და ჩემი თმების უშნო გვირგვინს მივუშვერ მორცხვად.
... დედალ ორაგულს ისევ ხარბად მოვთალე გვერდი,
თხელ კბილებს ურჩი ფხის ბუდეებს ვუქსოვ მორჩილად,
მკვდარი სიზმარი ნიშნავს უცებ გახელილ დილას,
(მკვდარი რადიო – მეტსახელად ეფრემი–ვერდი)
ვეება ღამე სხვა დღის დიდი ძილისთვის მამშევს,
რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,
მე უცოდველი თევზიან ფეხს ვითბილავ თასში
და გაქუცული ძაღლის გავას ვაზომებ ფანქარს.

(პი–ეფენდის კვირაღამის სიზმარი №1 – პილატე)


***

მივხვდი სხვა ტანმა შემოაღო კარები თივის,
როცა ფანჯარამ თხელი ფარდა დაახამხამა,
გავწყვიტე ლოცვა დედის მუცელს მიბმულ ძაფივით,
გავტეხე შიშით შენახული მარხვა და ღამე...
დილით გაძარცვულს გამეღვიძა და აღარ ველი,
შინ უნებლიედ წამოცდენილ დღეებს იღბლიანს ,
რადგან მკვდარ ღრუბელს შევამჩნიე ზეცის ნაფლეთი –
მზესთან ბრძოლაში მორღვეული ზამთრის იღლია
და ვთქვი – დამდგარა ჟამი ჩემგან აქლემის ძერწვის,
დამფრთხალი ძილი შევირიგე და შევიბრუნე,
გაკრული სუნთქვა დაგიტოვეთ, როგორც ანდერძი –
ოდესმე უკან მობრუნების ნიშან–სალბუნად.
...იყო ზღვა უხვი, მაღალი და ტალღამრავალი,
გემთა და ნავთა მოსამართლე, წყალი მოწყალე
ქართა და მეხთა, გზა ლბილი და ძნელად სავალი,
სისხლით მემთვრალე მეზღვაურთა სამარე ხვალის.
როცა შევცურე, ტანზე უცებ მომესხა წვერი,
ბადედ ვიქეცი და სიმაძღრეს დამპირდა ბადე.
მშრალმა ძარღვებმა მკვდარი თევზის იგრძნეს სისველე,
მკვდარი თევზის ხმა მომეხვია და დავიბადე.
ვზი ქვეშე წყლისა, რვაფეხათა მაცვია კაბა
და სანამ მოღლილ ჩემს სხეულში მევე გავები,
დავწანი ბადე, ჩამოვუშვი ქვესკნელში კიბე
და ჩამოვედი, ,,რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“.

(პი–ეფენდი უჩვეულო ზმანებაში კლასგარეშე საკითხავს ეწაფება. აქა: გორგასალი, რუსთაველი, დანტე, დალი, იონა, იგრი–ბატონი და სხვა მისთანანი)

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: